Home რუბრიკები საზოგადოება “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”…

“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”…

დედა ენის ბაღი

ეს ჭეშმარიტებაშვილებთანბრძოლისას დიდ პოეტს, გრიგოლ ორბელიანს, დასცდა და ამ აზრის ქვეტექსტი, ეტყობა, არც გახუნდება. რა ენა წახდესო და, ჩვენს თვალწინ, კარგა ხანია, დაიწყო ჩვენი მშობლიური ენის წახდენა თავისივე ღვიძლი შვილების მოწადინებითა თუ მცდელობით.

დიდმა ნიკო მარმა ბრძანა: “ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რა გინდა რა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს. ისე მდიდარია ქართული ენა, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა”.

ამ “მსოფლიო ენას”, ვფიქრობ, ისე ვანდალურად ვექცევით, ისე დაუფიქრებლად თავს ვახვევთ უცხო სიტყვებსა თუ გამოთქმებს, გონიერი ადამიანი თუ დაფიქრდება, სიგიჟემდეც მივა. ჩემ მიერ მოხმობილი სიტყვები თუ გამოთქმები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ნააზრევიდანაა, რაც უფრო საშიშ მოვლენად მიმაჩნია…

თვალსა და ხელს შუა იკარგება სიტყვები _ კარგია, მშვენიერია, ლამაზია, დიდებულია, მრავლისმთქმელია, სწორუპოვარია, განუმეორებელია და ა.შ. მათ ნაცვლად ისმის: მაგარია, ძაან მაგარია, უმაგრესია, მაგარი გოგო ხარ, მაგარი ბიჭი ხარ, ძაან მაგრობაა. ამ სიტყვას, რატომღაც, სიამოვნებით იყენებს დიდი თუ პატარა, განსწავლული თუ განუსწავლელი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ბავშვებს ხომ, კარგა ხანია, პირზე აკერიათ. აი, ცნობილი ჟურნალისტის ნააზრევი: მოდაშია ეკლესიაზე თავდასხმები და ყველაზე მაგარი პროდვინუტი ისაა, ვინც “ფბ”-ზე ან მედიაში ღიად ლანძღავს პატრიარქსა და ეკლესიას… საოცრებათა ქვეყანა ვართ რა… პოლიტიკურ რანგში აიყვანეს უკვე ადამიანების რწმენა და რა ვიცი… ძალიან მაგრობაა ეს ნეტავ?” ეს ჟურნალისტი, რომელსაც მეთქი-სა და თქო-ს ფუნქციები ვერ გაურჩევია, იმასაც ბრძანებდა, მოსამართლე დაკავდეს თაროზე შემოდებული საქმეებითო. დაკავდეს კი, მოგეხსენებათ, რუსულის კალკია… უცხო სიტყვებითა და კალკირებული მეტყველებით თავს ნუ მოვიწონებთ, იგი ჩვენი ლექსიკის სიღარიბეზე მეტყველებს.

ბოლო ორი ათეული წელია, უხვად შემოდის ჩვენში ინგლისური ლექსიკა. ვის ესაჭიროება ეს? ჩამორჩენილობა რომ არ დაგვწამონ? იქნებ, ჩამორჩენილობა სწორედ ის არის, შენი რომ ვერ გაგითავისებია და სხვისას ეპოტინები? ნამდვილის ნაცვლად ხშირად იყენებენ სიტყვა ავთენტურს”. უკვე მოგახსენეთ რატომ _ ყველას დაანახვო, _ ეს სიტყვა შენც იცი… აი, ეს არის ჩამორჩენილობა!

მსახიობი ქალბატონი ბრძანებს: “მიუხედავად ჩემი დაკავებულობისა, ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავ”. ქალბატონო მსახიობო, თქვენც გმართებთ სწორად და ქართულად ბრძანოთ: მოუცლელობის მიუხედავად და არა დაკავებულობის მიუხედავად, მით უფრო, რომ ამ დაკავებულობას სხვადასხვა მნიშვნელობითაც იყენებს მავანი.

თვალსაჩინო თანამდებობის პირი ბრძანებს: “გასულ წელს იყო წარმატებები” და ამ აზრს ლოგიკურად უნდა მოსდევდეს “წარუმატებლობანი”, მაგრამ ამის ნაცვლად ამბობს გამოწვევებიო. ეს სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა აზრით გამოიყენება. ვინ, რატომ მოიგონა ეს სიტყვა, ვინ იცის?! ეტყობა, რაღაც სიტყვა თარგმნეს ინგლისურიდან და ეს გაუგებარი სიტყვა მიიღეს. გამოწვევა შეიძლება დუელში, აგრეთვე, _ წვევამდელების გაწვევა არმიაში.

ქართული ენა ლამის წალეკოს ინგლისურმა სიტყვებმა: ტენდერი, თინეიჯერი, მენეჯერი, მენეჯმენტი, კასტინგი, ინგრედიენტები, ბეგრაუნდი, პროვაიდერი, პრომოუშენი, კრეატიული, ბრენდი, ბენდი, სმაილი, დისტრიბუტორი, ტრენინგი, ლაივი, ამბადასორიალი, თოქშოუ, შოუ, პრაიმტაიმი, ნაითშოუ, ფიფლმეტრი, ბორდი საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტმა გვამცნო, _ ექვსი ბორდელი ვიყავითო. რა მშვენიერი წინადადებაა, არა? ერთი ცნობილი ჟურნალისტი გვიმტკიცებდა, მითვალთვალებენო და ტელეეკრანიდან ამ მოთვალთვალეებს მიმართა, _ რა გინდათ ჩემგან, დაკავდით სხვა საქმით, მე თავი დამანებეთო. მრცხვენია, რომ ჟურნალისტებს ეს დაკავდით ისე აქვთ ჩაჭედილი გონებაში, რომ ამ კალკირებულ სიტყვას ვერ იშორებენ.

აი, “ქართული სიტყვები თუ გამოთქმები”, რომლებსაც უკვე დაპყრობილი აქვს სივრცე: ამ ბიზნესით ცნობადობა გაიზრდება”, “ფაქტობრივად სახეზეა”, ამფაქტობრივისგადამკიდენი ვკარგავთ მშვენიერ, ტევად სიტყვას _ არსებითად. “ნარკოტიკის ამოღება”, “იყო თანხვედრაში”, “აღმოჩენა გააკეთა”, “ესენი არიან კლინიკები”, “საჩუქარი გაუკეთა”, სიძვირე-სიიაფის ნაცვლად ისმის “მაღალი ფასები, დაბალი ფასები”, “პოლიტიკით დაკავდა”, “პოლიტიკაში წავიდა”, თითქოს პოლიტიკა ქალაქი ან ქვეყანა იყოს და იქ მიდიოდეს ადამიანი. არასწორი ნაბიჯი გააკეთა”, “ეს კანონი შესაბამისობაში არ მოდის”… “მე თავის დროზე გავაჟღერე”, ჩემი ცოდვა იმას, ვინც ეს “გაჟღერება” ყველაფერს მიუსადაგა, გაჟღერება ხომ მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოებისა შეიძლება? “ბუნებაში არ არსებობს” ამბობს ზოგიერთი. რა იცი, რა არსებობს და რა არ არსებობს ბუნებაში? _ სწორედ უცნაურია! ნაცვლად მშვენიერი სიტყვისა “მიმაჩნია”, სისტემატურად ისმის “მე ვთვლი”, ესეც “ია სჩიტაიუს” კალკია. ითვლიან ბატებს, ძროხებსა და ა.შ. “თბილისიდან ვიდრე ქუთაისამდე” რა შუაშია აქ ზედმეტი “ვიდრე”? “უძლიერესის სტატუსს ატარებს”, “ეზოს დასუფთავებას აწარმოებდა”, თავისუფლებაზე უშვებენ”, “ახალი თაობის ყავა”, ყავა გასულიერებულია და თაობაც ჰყოლია, ასევეა “ახალი თაობის მობილურები”, “მოგზაურობაში გაემგზავრა”, “პოლიტიზირებული”, “მექანიზირებული”, “ნასვამ მდგომარეობაში”, “არაკანონიერ ქმედებებს ჩადიან”, ძალიან ხშირად ისმის: “ვაუ” და უამრავი ამდაგვარი უმსგავსობა…

ხშირად ისმის, აგრეთვე, სამარცხვინო გამოთქმები: “კარგი ბავშვებია”, “დიდებული ადამიანებია”, “ეს ის ადამიანებია”, “ეს არიან”, ამ ე.წ. წინადადებებით ადამიანები, არც მეტი, არც ნაკლები, უსულო საგნებად არიან გადაქცეულნი.

ძალზე მიღებულია ამა თუ იმ ადამიანის დახასიათებისას მათი გაზვიადებული წარმოჩენა: ლეგენდარულია, გრანდიოზულია, ფანტასტი(კ)ურია… უსასრულოდ შეიძლება ამ უმსგავსობებზე საუბარი.

ტელეეკრანები სავსეა ინგლისური წარწერებით. რას ნიშნავს ვებნიუსი”, “პალიტრანიუსი?” ნუთუ ჩვენმა მსოფლიო მნიშვნელობის ენამ შესატყვისი ვერ მოუნახა მათ? თუ ნაბრძანები არ გაქვთ, რატომ, რატომ ამცრობთ მშობლიურ ენას და, თუ ნაბრძანები გაქვთ, როგორ შეიძლება ასეთი უგუნური ბრძანების აღსრულება?! რატომ ძალადობთ მშობლიურ ენაზე? ათი საქართველოს მოქალაქე”… რა ბედნიერებაა, ათი საქართველო ყოფილა ქვეყნად!

სკოლიდან მოირბენდა ხოლმე ჩემი პირველკლასელი შვილიშვილი და, რომ გავეხარებინე, მეუბნებოდა, მასწავლებელმა “სმაილი” დამიწერაო. “სმაილი” ღიმილი ყოფილა, რა თქმა უნდა, ინგლისურად. ხედავთ? ბავშვების ინგლისურით მოწამვლას პირველი კლასიდანვე იწყებენ… ვაი, ჩვენს უბედურებას…

ჟურნალისტი ეკითხება ბავშვს: ვინ გინდა გამოხვიდე? ამ კითხვის ლოგიკური პასუხი იქნებოდა: მინდა გამოვიდე ვაჟა-ფშაველა, მაკედონელი, ჩაპლინი, ნაპოლეონი და ა.შ. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ბავშვმა სწორად და სხარტად უპასუხა, _ რა მინდა გამოვიდე და ექიმიო. ჟურნალისტების ასეთი მიუტევებელი შეცდომები იშვიათობა როდია.

ასე ჩიქორთულად მოსაუბრეთ მიმართავდა დიდი პოეტი: ილაპარაკეთ, გევედრებით, ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ”.

პრემიერმა რამდენჯერმე გაგვახარა, როცა გვამცნო: ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. ეტყობა, სტრატეგიული პარტნიორობისას, პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთის ენას გახელებული სწავლობენ; ჩანს, ამერიკაც ქართულის სწავლაშია ჩართული-მეთქი. ეს აზრი რომ გავუმხილე, სიცილით დიდხანს იყო ჩაბჟირებული ჩემი მეგობარი, _ მეტი საქმე არა აქვთ ამერიკელებს, ჩვენი ენა ისწავლონო! მაშ, რა გამოდის, სტრატეგიული პარტნიორობა იგივე ბატონყმობაა? ხვალ რომ ჩინეთმა დაგვიპყროს, ჩინური ენა როგორ და რანაირად უნდა ისწავლო? თუმცა, ქართველები ისეთი ნიჭიერები ვართ, ადვილად ვსწავლობთ ბატონის ენას. ვაი, ჩვენს გაძლებას!

მუხლებისა და ბარძაყების გამოფენა

ცალკე საუბრის თემაა ის სიშიშვლე და ურცხვობა, რომელიც ასე ხშირად ჩანს ტელეეკრანზე. ქალები აჩვენებენ მუხლებს, ბარძაყებს და ა.შ. ეტყობა, ესეც ნაბრძანებია ოკეანის გაღმიდან… ზის ქალი სტუდიაში და მთელი გულმოდგინებით აჩენს ყველაფერს, რაც სწორედ რომ დასაფარია. ჩანს, ყველაფერი მართლა პირწმინდად უნდა აითვისო “სტრატეგიული პარტნიორისა”. ლამაზისა და მშვენიერის ნაცვლად ქალთა ბაგეებიდან მხოლოდ და მხოლოდ ისმის _ “სექსუალურია!”. არანაირი სირცხვილი და მოკრძალება _ რა, ჩამორჩენილები ხომ არ არიან?!..

ამ დამშეულ ქვეყანაში სირცხვილია და უხერხული ნაირნაირი კერძების მზადება სტუდიებში. ამას უყურებს საცოდავი, მშიერი მოსახლეობა და ვფიქრობ, უნდა აიკრძალოს ადამიანების თუნდაც ამგვარი დამცირება.

საინტერესოა, რას არქმევენ ქართველები თავიანთ შვილებს ან რას ირქმევენ ისინი თვითონ: ნანკა, ნანიკო, ნანუკა, ლიკა, რუსა, რუსკა, თეკო, ეკო, თეკუნა, ეკუნა, ეთო, ეთიკო, ქეთა, ქეთუსია, ქეთათო, ნუკა, ვახო, გიკა, გუკა, გოკა, ოთო, თაზო, ზუკა, ვიკა, იკა, ბუკა, ვაკო, ვატო, შაკო, დიმა, აჩიკო… ნოდარი რომ გქვია და თავს ნოდიკოდ გვამცნობ, ან ვახტანგი გქვია და ვახოდ გვეცნობი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. მარინა-ირინა ხომ, დიდი ხანია, დამკვიდრდა ჩვენში.

წარმოვიდგინოთ დავით აღმაშენებელი დათიკო ან დათო აღმაშენებლად, თამარ მეფე _ თამრიკო მეფედ, დემეტრე თავდადებული _ დიტო-მიტო თავდადებულად, ქეთევან წამებული _ ქეთუსია წამებულად, გიორგი ბრწყინვალე _ გოგა ბრწყინვალედ, _ როდემდე ამდენი სისულელე და იწილო-ბიწილო?

ისევ დიდი პოეტი მახსენდება თავისი ჯერ ვითვლებით ქართველებად, თუ არ გაგვაესკიმოსეთ-ი. ვაი, რომ ჩვენივე “დიდი ქართველების” ფრიადი მცდელობით აღარა გვაკლია “გაესკიმოსებას”.

საქართველოს მოსახლეობის მესამედი საარსებო საშუალების მოსაპოვებლად სხვა ქვეყნებშია გაკრეფილი, ვინც აქ დავრჩით, ისინიც ასე ვიქცევით _ არაქართულად, ურცხვად და ასე საძაგლად ვმეტყველებთ, მეტი რაღაა საჭირო ერის გადაშენებისთვის? ვაი, რომ ეს პროცესი დღითიდღე თვალსაჩინო ხდება, ხელისუფლება კი ტკბება თავისი ხელის უფლებით და არის თავისთვის, ხალხიც… თავისთვის!

ბელა შალვაშვილი

3 COMMENTS

  1. ადამიანის უფლებაა, ის თუ რას დაარქმევს საკუთარ შვილს. თქვენ თუ არ მოგწონთ ეს სახელები, მაშინ თქვენ შვილს დაარქვით თქვენთვის მოსაწონი სახელები, როგორიცაა ჯემალი, ბაჭუკი, არჩილი, აგათონიკე, ბესიკი, ნოდარი, თანანა, გურანდუხტი და ათასი უბედურება! და საერთოდ თვითონ ბელა გქვიათ და კიდევ სხვაზე საუბრობთ!

  2. სახელებზე უკვე ზედმეტი იყო მართლა შეურაცხყოფას აყენებთ უმიზეზოდ ხალხს )

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here