Home რუბრიკები საზოგადოება რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

რატომ ართმევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას

740
ხალხი და ხელისუფლება

პატივცემულო მკითხველო, კითხვა დავსვი და, ჩემი უნარიდან გამომდინარე, ვეცდები ამ კითხვის გარშემო ვიტრიალო და შეძლებისდაგვარად პასუხიც გავცე. თქვენი ნებართვით, არჩევნებსა და საარჩევნო კანონმდებლობას შევეხები. რამდენი დრო და სახსრები დახარჯეს იმისათვის, რომ გადაეწყვიტათ, რომელი სისტემით ჩაგვეტარებინა არჩევნები.

გაზეთებში სტატია სტატიაზე რომ იბეჭდებოდა, მაჟორიტარი დეპუტატი კორუფციაშია ჩაფლული, ხალხისთვის არაფერს აკეთებს და ქვეყანას არ არგიაო, ჩემი აზრით, პრობლემა ეს არ არის. დავიწყოთ იქიდან, საერთოდ, ვინ არის დეპუტატი, რას წარმოადგენს და რისთვის ინიშნება იგი. კანონის თანახმად, ის უნდა იყოს ხალხის მიერ თავის წიაღში გამოვლენილი და არჩეული პირი, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს ამომრჩევლის ჭირვარამი და მოთხოვნები, რომელთა გადასაწყვეტადაც მივავლენთ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ. ე.ი., ჩვენ ვაძლევთ მას დავალებას და ვუხდით ხელფასს. მაშასადამე, ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავისი ამომრჩევლის, დამსაქმებლის წინაშე. სინამდვილეში ხდება სულ სხვაგვარად. როცა ჩვენ მივდივართ საარჩევნო უბანზე, ვის ვაძლევთ ხმას, ვის ვირჩევთ? ხალხში გამოვლენილი პიროვნება, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველია? პარტია, რომელიც გვთავაზობს დეპუტატის კანდიდატურას, თვითონ უნდა იყოს ხალხსა და ქვეყანაზე მზრუნველი და არა უცხოელთა დირექტივების შემსრულებელი. გამოდის, პარტია გვთავაზობს, ჩვენ ვირჩევთ, ჩვენ მიერ არჩეულს პარტია აძლევს დავალებას, ვიწრო პირადული ინტერესების გადასაწყვეტად იყენებს, ჩვენ კი მას და ამ პარტიას ხელფასს ვუხდით. ხალხის ინტერესები კი მივიწყებას ეძლევა მომავალ არჩევნებამდე.

ვახტანგ ხმალაძე რომ გვიმტკიცებს, კონსტიტუციაში ეს წერია და ის არაო, თუ მასში არაა ჩაწერილი ხალხის უფლებები, ასეთი კონსტიტუცია ხალხს რისთვის სჭირდება?! ე.ი., ეს კონსტიტუცია უნდა გადაიწეროს ხალხის სასარგებლოდ და მერე იქნება მართებული კონსტიტუციაზე დაყრდნობილი ხმალაძის არგუმენტები. მისი სწავლულობაც მაშინ გამოგვადგება, ახლა კი არაფერში გვარგია.

აფორიზმი სპარსი პოეტის, საადი შირაზელის, იგავიდან:

ცოდნა ვერაფერს ვერ შესძენს

ვინმე ქედმაღალ აწინედელს,

ქვაზე ტიტა არ ამოვა,

თუნდაც დღე და ღამ აწვიმდეს”.

მაჟორიტარული სისტემა კი არ არის ცუდი, მიდგომაა უკუღმართი. ჩემი აზრით, უნდა იყოს ასე: მთავრობამ არჩევნების წინ უნდა დანიშნოს ვადა, ამ ვადაში ჩატარდეს თვითმმართველობის კრებები მუნიციპალიტეტებში (ოღონდ ნამდვილი თვითმართველობა უნდა არსებობდეს), რომლებზეც უნდა გამოვლინდეს დეპუტატობის ღირსეული კანდიდატი; რომელი პარტიის წევრი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს (გარდანაციონალური მოძრაობისმსგავსი პარტიებისა), მთავარია, ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველი იყოს. შემდეგ თუ ეს არჩეული დეპუტატი ხალხის დავალებას სათანადოდ არ ან ვერ შეასრულებს, იმავე ამომრჩეველმა უნდა გაიწვიოს უკან.

და კიდევ: დეპუტატს უნდა დაენიშნოს, ვიმეორებ, დაენიშნოს ღირსეული ხელფასი, რომელსაც ამომრჩეველი თავისი გადასახადებიდან გადაუხდის და არანაირი დანამატები. რაც შეეხება პრემიას, ესეც ამომრჩევლის პრეროგატივა უნდა იყოს. თუ დეპუტატმა კარგად იმუშავა და ამომრჩეველი კმაყოფილია, წლის ბოლოს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს პრემიის საჭიროება და რაოდენობა, წელიწადში ერთხელ. პროპორციული სისტემით იქნება, ისე, როგორც დავწერე: პარტია შემოგვთავაზებს, ჩვენ ავირჩევთ; პარტია დავალებას მისცემს და გამოიყენებს მას თავის მხარდამჭერად და ჩვენ უნდა შევინახოთ. სხვათა შორის, ის პარტიაც ხომ იმავე ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ჩვენ გადასახადებით ვავსებთ. ეს _ მოკლედ საარჩევნო სისტემაზე.

ახლა ორიოდე სიტყვა პარტიებსა და მათ პროგრამებზე.

როგორ, რომელი პარამეტრებით უნდა ფასდებოდეს პარტია? მისი პროგრამით და შემდეგში მისი აღსრულებით, ხომ? ბოლო პერიოდში ყველაფერი პირადულზე გადავიდა. უმრავლესობა იმას კი არ უყურებს, რა პროგრამა წარმოადგინა პარტიამ, არამედ ვის ვინ მოსწონს. იმ პროგრამებს, რომლებიც გაზეთებში გამოქვეყნდა ან ტელევიზიით მოვისმინე, ყველას ერთი დაავადება სჭირს. ეს არის ეკონომიკური ბაზის უქონლობა ან არ გათვალისწინება. ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე ან პირიქით არ არსებობს. განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ასევე სხვა დარგების რეფორმა და აღორძინება ხომ მოითხოვს ფულად სახსრებს, თანაც დღევანდელი ბიუჯეტი ნორმალური პენსიისა და ხელფასების სამყოფი არ არის და მისი იმედით შეიძლება განვითარებაზე ფიქრი? ასეთი ბიუჯეტის იმედზე ვერ ვიქნებით. ე.ი., ჯერ ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ და მერე დავსახოთ აღორძინების გზები. ბიუჯეტი რომ გავზარდოთ და გავამყაროთ, ამისთვის ეკონომიკა უნდა ავამუშაოთ და გავაძლიეროთ.

სახელოვან, დამსახურებულ ეკონომისტებს ბოდიში უნდა მოვუხადო, რომ მე ერთი სოფლელი გლეხი კაცი ამ პოსტულატებს შევეხე და მათი სათქმელი ვთქვი, მაგრამ ეს ისე აშკარაა, რომ მაპატიებენ. ჩემი ცხოვრებიდან ერთი მაგალითი უნდა მოგიყვანოთ. გასულ ზაფხულს თბილისში ვიმყოფებოდი ძველი თაობის ღირსეული ქალბატონის დაკრძალვაზე. ეკლესიის ეზოში ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრისას ერთი პიროვნება გავიცანი, რომელიც აღმოჩნდა ეკონომისტების ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი (გვარ-სახელს შეგნებულად არ ვასახელებ). წინა დღეებში მისი ერთი სტატია წავიკითხე, რომელმაც ძალიან აღმაშფოთა. ეს გამახსენდა და ამ პიროვნებას დავუსვი კითხვა: _ ცნობილი ეკონომისტი, ექსპერტი (გვარი დავუსახელე) თავის სტატიაში წერს, რომ რამდენიმე ღონისძიებით სახელმწიფოს ბიუჯეტი 1 მილიარდი დოლარით გაიზრდება და კონცეფციაპროგრამა ერთი ოპერაციით 12 მილიარდ აშშ დოლარს მოუტანს სახელმწიფოს, საბოლოო ჯამში კი, ტრილიონი აშშ დოლარის მოზიდვას შეძლებს და ამაზე რატომ არ მსჯელობთმეთქი? ამ კაცმა პასუხის ღირსიც არ გამხადა, ისე გაეცალა იმ ჯგუფს. აი აქ ვხედავ მიკერძოებულობას და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთიანობის განცდის არქონას, არაობიექტურ ანალიზს. კიდევ ერთი აქსიომა, რომელიც მომისმენია ჩემ მიერ დიდად პატივცემული ადამიანისგან _ პაატა გიორგაძისგან, არის ის რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გადაულახავს ეკონომიკური კრიზისი და არ მიუღწევია განვითარებისთვის ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენების გარეშე”.

აი ეს არის ამ თემის დასაწყისი, რომელზეც მინდა, გესაუბროთ და აშკარად დავინახოთ სხვაობა დღევანდელსა და ამ პროექტით შემოთავაზებულ ხვალინდელს შორის.

პატივცემულო მკითხველო! მესმის, რა ძნელია ციფრებით აპელირება და მათი აღქმა, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, მოიკრიბოთ მოთმინება, წერილი წაიკითხოთ ბოლომდე და ამ ყველაფერს გაუკეთეთ სათანადო ანალიზი.

წყალი

* საქართველოს მიწისქვეშა სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსების (მოძიებული) მთლიანი მარაგი არის 573 3/წმში.

* საექსპლუატაციოდ დასაშვები მარაგები _ 301 მ3/წმ-ში. 26 მლრდ ლიტრი დღე-ღამეში.

* მსოფლიო მოსახლეობის მოთხოვნა: 2-2,5 1 სულზე = 7,4 მლრდ ადამიანი X 2,5 = 18,5 მლრდ ლიტრს დღეღამეში.

* გამოუყენებელი ჭარბი ბუნებრივი წყლის რესურსი:

301 მ3/წმ-ში უდრის 26 მლრდ ლიტრს დღე-ღამეში _ 18,5 უდრის 7,5 მლრდ ლიტრს დღე-ღამეში.

პერსპექტივა: სულ მცირე, 40-50 მლნ ლარის კაპიტალდაბანდების მოცულობის ჰიდროგეოლოგიური საძიებო სამუშაოების ჩატარებით შესაძლებელია, გავასამმაგოთ მარაგები, ე.ი.

გვაქვს 573 მ3/წმ-ში და გვექნება 1630 მ3/წმ-ში;

გვაქვს 301 მ3/წმ-ში და გვექნება 580 მ3/წმ-ში.

თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 10 მლნმდე მოიმატებს, დღეღამეში დაგვჭირდება 9,9 მლრდ ლიტრი. დაგვრჩება ჭარბი რაოდენობა: 186 3/წმში _16 მლრდ ლიტრი დღეღამეში, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ყოველდღიური ფიზიოლოგიური ნორმის უზრუნველყოფის გარანტიაა.

სახელმწიფოს, საექსპლუატაციოდ დასაშვები მარაგების მხოლოდ 0,75 %-ის, ანუ 2,5 მ3/წმ-ში გამოყენებით და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარიანობის გათვალისწინებით, შეუძლია, ყოველწლიურად აწარმოოს და გაიტანოს საზღვარგარეთ სარეალიზაციოდ 50 მლრდ ლიტრი წყალი, რომელიც მსოფლიოს მოთხოვნას 4 დღით დააკმაყოფილებს. ამ რაოდენობის წყლის რეალიზაციით მინიმალურ მსოფლიო საბითუმო ფასებში 24-30 ცენტად ჩვენი ქვეყანა მიიღებს 12-15 მლრდ აშშ დოლარს”.

ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებითა და დარგობრივ ეკონომიკურ პროექტებში რეინვესტირებული თანხების უკუგება ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებში აისახება მე-6 წლიდან და სახელმწიფოს ბიუჯეტი მე-10 წელს მოიმატებს 51 მლრდ აშშ დოლარით”. არსებობს ჭარბი სასმელი წყლის კაპიტალიზაციის 3 მოდელი:

1.პესიმისტური მოდელი: მარაგის საბაზრო ღირებულების 25%-ის კაპიტალიზაცია 569 მლრდ 400 მლნ აშშ დოლარის მოზიდვის საშუალებას იძლევა;

2.რეალისტური მოდელი: მარაგის 50%-ის კაპიტალიზაცია 1 ტრლნ 139 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვის საშუალებას იძლევა;

3.ოპტიმისტური მოდელი: მარაგის 75%-ის კაპიტალიზაცია _ 1 ტრლნ 708 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვის საშუალებას. კაპიტალიზაციის 99%-მდე მიყვანის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 330 ტრლნ 600 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვა.

მეცნიერებმა გამოკვლევებით დაადგინეს, რომ ამ წყლის რაოდენობა უშრეტ, მუდმივად განახლებად მდგომარეობაშია, თანაც გაეროს სპეციალისტების დასკვნითაც აშკარაა, რომ ამ რაოდენობის მიწისქვეშა მტკნარი (დაბალმინერალიზებული) წყალი ასეთი ხარისხით მსოფლიოში არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს.

“საქართველოს მიწისქვეშა დაბალმინერალიზებული სასმელი წყლის, როგორც ადამიანისთვის სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის, პრიორიტეტულობას საქართველოს ეკონომიკაში განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:

ბუნებრივობა, სტაბილურობა, განახლებადობა, სიიაფე, არასეზონურობა, მაღალი ხარისხი და კონკურენტუნარიანობა, ასევე ყოველდღიური მზარდი მოთხოვნა მსოფლიოს ბაზარზე და დაბანდებული კაპიტალის უკუგების ხანმოკლე პერიოდი”.

ამ ეტაპზე შეგვიძლია, აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა:

საქართველო გახდება ბუნებრივი სასმელი წყლის მწარმოებელი ინდუსტრიის ერთერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში. საქართველოს მასშტაბით დაიბურღება და აშენდება სასმელი წყლის მწარმოებელდამფასოებელი 190 ქარხანა, დასაქმდება ჩვენი ქვეყნის დაახლოებით 400 ათასი მოქალაქე და მათი საშუალო ხელფასი იქნება 4500 დოლარი.

ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის ამუშავების შემდეგ საქართველოს თითოეული მოსახლე ეტაპობრივად გახდება ამ ინდუსტრიის აქციონერი და მიიღებს უსასყიდლოდ 1 აქციას, რომლის მატერიალური ღირებულება 455.000 აშშ დოლარი იქნება. აგრეთვე, საქართველოში დაბადებული (ძირძველი ოჯახიდან) თითოეული ბავშვი ეტაპობრივად მიიღებს 1 აქციას, რომლის მატერიალური ღირებულებაც 120.000 აშშ დოლარი იქნება.

“შეიქმნება ნავთობისა და გაზის მფლობელი ქვეყნების მსგავსი სისტემა, მხოლოდ ერთი განსხვავებით, მათი რესურსი ილევა, ჩვენი კი უშრეტია და მუდმივად განახლდება.

მშენებლობის დასრულებიდან (18 თვე) მე-9 წელს საქართველოს თითოეული ძირძველი მოქალაქე, აქციის მფლობელი, მიიღებს ყოველწლიურ შემოსავალს დივიდენდების სახით, რომლის მოცულობა მომდევნო X-XI წელს მიაღწევს, სულ ცოტა, 4550-დან 6825 დოლარამდე, 1 აქციის ღირებულებიდან 1-1,5%-ის გაანგარიშებით.

11 წლის შემდეგ მეორე 10-წლიან პერიოდში დივიდენდების ყოველწლიურად 1-1,5%-ით ზრდის პირობებში, ანუ 10-15%-ის გაანგარიშებით შემოსავლების სახით თითოეული აქციონერი მიიღებს, სულ ცოტა, 45 000 დოლარიდან 68 250 აშშ დოლარამდე ყოველწლიურად.

დივიდენდები შემდეგში მზარდია”.

საქართველოს სწრაფი სოციალურეკონომიკური განვითარების კონცეფცია: “წყალი ეროვნული სიმდიდრედა პროგრამა: “რეალობად ქცეული ქართული ეკონომიკური სასწაული”.

ეს არის სათაურები იმ ნაშრომებისა, რომლებიდანაც ზემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოვადგინე და რომელიც შექმნეს ქართველმა მეცნიერებმა პაატა გიორგაძის ხელმძღვანელობით.

დადგა დრო, მეცნიერულად შეჯერებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე ეკონომიკურ პროცესში ჩავრთოთ კაპიტალიზაციის ტექნოლოგიების, მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმების ინოვაციები, რომელიც ეროვნული ეკონომიკის სწრაფი განვითარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებელი წინაპირობაა”.

განსხვავდება თუ არა ეს განცხადება იმისგან, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გამოაცხადა ტელევიზიით იმის თაობაზე, რომ სხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს მოელაპარაკებიან ჩვენი მოქალაქეების მათ ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმების მიზნით? ეს ორი განცხადება ხომ აბსოლუტურად საპირისპიროა და რომელი სჯობია ჩვენთვის, თქვენ განსაჯეთ.

* მყიდველობითი უუნარობა. მისი ამაღლება.

* საშუალო ფენის არარსებობა. მისი შექმნა.

* ტყეების მოვლაპატრონობისთვის განსაკუთრებული კანონებისა და სტრუქტურების ჩამოყალიბება.

* შიდა ვალების ეტაპობრივი გადახდა, სესხების აღების (დავალიანების) გარეშე.

* ხალხის მიერ დაკარგული ანაბრების ეტაპობრივი დაბრუნება.

* ერთიანობის განცდის აღდგენა.

* დარგობრივი განვითარება (სულ 17 დარგი).

* გადამამუშავებელი საწარმოების გახსნა, რაც ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნასა და შიდა ბაზრის საკუთარი პროდუქციით დაკმაყოფილებას.

* კატასტროფული მიგრაციული და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება.

* ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა მეზობელთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობით.

ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა გადაჭრა ეკონომიკური ბაზის შექმნით არის გათვალისწინებული წინარე მოყვანილ კონცეფცია-პროგრამაში.

პატივცემულო მკითხველო, ასეთი ჩამონათვალი საქართველოს პრობლემებისა და მათი სრული გადაჭრის გზები არც ერთი პარტიის პროგრამაში არ მინახავს და არც ერთ მთავრობას არ შემოუთავაზებია ჩვენთვის. მაგალითად, რატომ არ შემოგვთავაზეს ბორჯომის, როგორც წიაღისეული რესურსის, ასათვისებლად სააქციო საზოგადოების შექმნა და ამით ეს სიმდიდრე არ აქციეს სახალხო საკუთრებად, როგორც მოყვანილ კონცეფცია-პროგრამაშია? ახლა ბორჯომის რესურსით ვინ მდიდრდება?

და კიდევ _ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წლიურად მოიპოვება და იწარმოება 53 ოქრო, არადა, ეროვნულ ბანკს არც ერთი კგ ოქრო არ აქვს საცავებში ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. დოლარზე ოპერაციებით ხომ იმ ქვეყანას ამდიდრებენ, რომელიც ამ დოლარს ჭრის. სად მიდის ეს ოქრო? ან სად მიდის ანტრაციტი?

წელს კიდევ ერთი, უფრო ზუსტად, მორიგი უგუნურება ჩაიდინა ეკონომიკის სამინისტრომ, როცა წყლის ჭაბურღილების გაყიდვის თაობაზე გამოაცხადა. ქალბატონო ეკონომიკის მინისტრო (ამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის მინისტრი უფრო ხართ), ნუთუ ვერ ხედავთ სხვაობას გაყიდული ჭაბურღილების წლიურ გადასახადსა და შემოთავაზებული კონცეფციაპროგრამის წლიურ შესაძლო შემოსავლებს შორის? თქვენი ნებართვით, ერთ მარტივ ანგარიშს წარმოგიდგენთ. თქვენ ერთი ჭაბურღილის ლიცენზია მიჰყიდეთ “კოკა-კოლას” მეპატრონეს 300 ათას ლარად. სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ათას ლარზე მეტს რომ არ შეიტანს ის ვაჟბატონი წელიწადში, ხომ ცხადია (თუ საპირისპიროს დამიმტკიცებთ, შემდეგში გავითვალისწინებ)? ე.ი., ის 190 ჭაბურღილი, რომლებიც გათვალისწინებულია შემოთავაზებულ კონცეფციაპროგრამაში ყველა რომ გაყიდოთ, სახელმწიფო მიიღებს 300.000X190 = 57 მლნ ლარს, დოლარსაც კი არა. არადა, კონცეფციაპროგრამის თანახმად, მხოლოდ ერთი ოპერაციით, საექსპლოატაციოდ დასაშვები მარაგების 0,75%-ის გაყიდვით ჩვენი ქვეყანა მიიღებს 12 მლრდ დოლარს. ამის მიზეზად მიმაჩნია სამი შესაძლო რამ: უცოდინარობა, უგუნურება ან ვიღაცის დიქტატი. პირველს თვითონვე გამოვრიცხავ, რადგან მიმაჩნია, რომ მინისტრმა ამდენი მაინც უნდა იცოდეს. დანარჩენი თქვენ ახსენით, რატომ ართმევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას, მაშინ, როცა ეს რესურსი, კინსტიტუციის თანახმად, ხალხის საკუთრებაა.

ჩვენ, ხალხს, არ გვჭირდება დახმარება უმნიშვნელო “პადაჩკების” სახით, ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილები სამშობლოში და არა საზღვარგარეთ, მყარი და საკმარისი ხელფასები, სიბერეში კი _ მყარი და საკმარისი პენსიები. ჩვენს ქვეყანას ამის წინაპირობად აქვს, როგორც ბუნებრივი რესურსი, ასევე ინტელექტუალური და მეცნიერული შესაძლებლობები. მადლობა ღმერთს!

ახლა დადგა დრო, დავსვათ საკრალური კითხვა:

მაღალჩინოსანმა, როგორც მოისურვებს, ისე გაყიდოს ხალხის სიმდიდრე კერძო პირებზე თუ დავეპატრონოთ იმას, რაც გვეკუთვნის, და ვიცხოვროთ ღირსეულად, წელში გამართულად?

არდალიონ ხააძე, “საქართველო და მსოფლიოსმუდმივი მკითხველი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here