Home რუბრიკები პოლიტიკა რა გამოსდის ბელარუსს და არ გამოგვდის ჩვენ

რა გამოსდის ბელარუსს და არ გამოგვდის ჩვენ

ლუკაშენკო

ბელარუსს უჭირს ბალანსირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით როდესაც მხარეები საომარ რიტორიკასა და ურთიერთბრალდებებში ასე შორს წავიდნენ” _ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეის ეს რეპლიკა გასულ კვირას უცხოური მედიის არაერთ პუბლიკაციაში მოხვდა და ამ ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე სასაუბროდ კარგი საბაბია.

ოცი წელიწადია, გვესმის, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ ბელარუსი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სახელმწიფოდ არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ყოფილ სოციალისტურ ბანაკში. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან მთავარი, ალბათ, მძლავრი ეკონომიკური ბაზისია. ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკიდან გამომდინარე, ქვეყანას “ველური პრივატიზაციის” პერიოდი არ გაუვლია, დღესაც კი საწარმოების დაახლოებით 50% სახელმწიფოს საკუთრებაშია, მათ შორის _ უკლებრივ ყველა ინდუსტრიული გიგანტი. რაც შეეხება კერძო სექტორს, სახელმწიფო მას “დაუძინებელ კონტროლიორად” ევლინება, ამგვარად, მთელი ეკონომიკა მკაცრი რეგულირების პირობებშია.

ამ მოდელის წარმატება ორმა დამატებითმა გარემოებამ განაპირობა:

პირველია განსაკუთრებული ურთიერთობა რუსეთთან, რომლის გამო ბელარუსი ენერგომატარებლებს ძალიან იაფად ყიდულობდა (ახლა ვითარება შეიცვალა, თუმცა გარკვეული პრეფერენციები მაინც ძალაშია). ამასთანავე, მოქმედებდა ფსიქოლოგიური ფაქტორიც _ ეკონომიკურმა თუ პოლიტიკურმა რყევებმა სსრკ-ის დაშლის პერიოდში ძალიან შეაშინა ბელორუსები და მათი მთავარი შეკვეთა ხელისუფლების მიმართ სიტუაციის სტაბილიზაცია გახდა. 90-იანებში მათ უნდოდათ, რომ ყველაფერი დარჩენილიყო ისე, როგორც ადრე იყო, ხოლო სსრკ-ის აღდგენა უფრო პრიორიტეტულ ამოცანად მიაჩნდათ, ვიდრე ახალი სახელმწიფოს შექმნა და ამას მრავალრიცხოვანი სოციოლოგიური მონაცემები ადასტურებს. ამ ფსიქოლოგიური ფაქტორის გარეშე “ბელარუსული სოციალიზმის” მოდელი, ალბათ, ვერ იმუშავებდა.

აქ შეგვიძლია საინტერესო პარალელი გავავლოთ: როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდია ეწინააღმდეგებოდა ნაჩქარევ ტოტალურ პრივატიზაციას და ოპონენტები ამის გამოც უპირისპირდებოდნენ. “მაქსიმალურად ვეცდებით, თანაბარი სასტარტო პირობები შევუქმნათ ყველას, რათა პრივატიზაციის შედეგებით ისარგებლონ ნამდვილად სამეურნეო და მეწარმეობის უნარის მქონე პირებმა. პრივატიზაცია ჩვენ გვესმის, როგორც საქონლისა და მომსახურების გადაცემის სტრატეგია, რომელიც ორგანიზებულია სახელმწიფო საწარმოებში, კერძო კომპანიების ხელში მთავრობის ხარჯების შემცირებისა და იმ უპირატესობის გამოყენების მიზნით, რომელსაც იძლევა საბაზრო სისტემა”, _ განაცხადა გამსახურდიამ 1991 წლის 7 ივნისს უზენაეს საბჭოში. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ჰქონდა თუ არა საქართველოს ალტერნატიული ვარიანტი და შეეძლო თუ არა დაეცვა მრეწველობა გაძარცვისა და განადგურებისგან, ისე, როგორც ეს ბელარუსში მოხდა? მართალია, ზვიად გამსახურდიას არ ეყო რესურსი იმისთვის, რომ სახელმწიფოზე კონტროლი შეენარჩუნებინა, ხოლო ურთიერთობა ენერგომატარებლების მომწოდებელ რუსეთთან დამოუკიდებლობის ნებისმიერ ეტაპზე გაცილებით უარესი გვქონდა, ვიდრე ბელარუსს, თუმცა აქ საინტერესოა სხვა რამ _ ბელარუსებისგან განსხვავებით, ჩვენ გაცილებით მეტს ვფიქრობდით ძველი სისტემის დანგრევაზე, ვიდრე დაგროვილი სიმდიდრის შენარჩუნებაზე.

პარალელების გავლების დროს შეიძლება შევნიშნოთ, რომ საქართველოში ყველა რეჟიმის შეცვლის ერთერთი მთავარი წინაპირობა ელიტის წიაღში აღმოცენებული უკმაყოფილება გახდა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით გამოვლინდა დესტრუქციულ პროცესებში მმართველი პარტიის შიგნით. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ ბელარუსში.

ლუკაშენკოს ხელისუფლება გამოკვეთილად პერსონალისტურ ხასიათს ატარებს. ბელარუსში არ არსებობს სახელისუფლო პარტია ტრადიციული პოსტსაბჭოთა გაგებით. პარლამენტის 110 დეპუტატიდან 94 უპარტიოა, ხოლო დანარჩენი 16-დან ოპოზიციონერი მხოლოდ ორია. ეს საკმაოდ უცნაური სიტუაციაა, მაშინ, როდესაც სისტემა ფორმალურად მრავალპარტიულია. როგორც ჩანს, ლუკაშენკომ გააანალიზა პოსტაბჭოთა გამოცდილება და მივიდა დასკვნამდე, რომ ავტორიტარულ და ჰიბრიდულ სისტემებში სახელისუფლო პარტიებს სარგებელზე მეტი პრობლემა მოაქვთ.

ლუკაშენკოს ხელისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ის ელიტის მუდმივ ფრაგმენტაციას ახდენს და სახელმწიფო მოხელეებს არ აძლევს შესაძლებლობას, ჩამოაყალიბონ კლანები ან უცხო ქვეყნების ინტერესებთან დაკავშირებული ჯგუფები და ამას როტაციებით, საკადრო წმენდითა და კონკრეტული უწყებების საქმეებში ხშირი ჩარევით აღწევს. ამასთანავე, ლუკაშენკო თითქმის არასოდეს აწინაურებს ქარიზმატულ პირებს და ამით გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილს ჰგავს.

ამ გარემოებას საინტერესო პარადოქსამდე მივყავართ – სისტემა, ერთი მხრივ, ძალზე სტაბილურია, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა მისი რგოლი მიბმულია ერთ პიროვნებაზე, ხოლო ჰორიზონტალური კავშირები მათ შორის საკმაოდ სუსტია, სტრატეგიულ პერსპექტივაში ის შეიძლება ფრიად არასტაბილური გამოდგეს; განსაკუთრებით წლების შემდეგ, როდესაც დღის წესრიგში ლუკაშენკოს შემცვლელის საკითხი დადგება. დღეს პრეზიდენტი 62 წლისაა და ამ თემაზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა ზოგი კომენტატორი მიანიშნებს ალექსანდრე ლუკაშენკოს უფროსი ვაჟის, ვიქტორის, განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, მთელი ძალოვანი ბლოკის მუშაობას აკონტროლებს. მაგრამ, ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლური დინასტიური ტრადიციები ბელარუსისთვის დამახასიათებელი არაა. ასე რომ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

ასაკს კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება _ ლუკაშენკოს “სათადარიგოთა სკამი” საკმაოდ მოკლეა. ძველ, საბჭოთა ჩინოვნიკებს, რომლებთან ერთად ლუკაშენკო ქვეყნის მართვას იწყებდა, ასაკი ემატებათ და არცთუ იშვიათად ახალი დროის გამოწვევებს ვეღარ უპასუხებენ; ახალგაზრდები კი გაცილებით ამბიციურები არიან და ხშირ შემთხვევაში _ გამოკვეთილად პრორუსულები ან პროდასავლურები, რაც ლუკაშენკოს არ მოსწონს. ეს პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობია ეკონომიკურ ბლოკში _ ახალგაზრდები სულ უფრო თამამად მიუთითებენ იმაზე, რომ სახელმწიფო მსხვილი საწარმოების პრივატიზებაზე უნდა წავიდეს (“მაზ”-ი, “ბელაზ”-ი და ა.შ.), ამასთანავე, გადახედოს ჭარბი სოციალური ვალდებულებების პოლიტიკას, თუმცა ლუკაშენკო ამას ეწინააღმდეგება, რაც, თავის მხრივ, ართულებს მის ურთიერთობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და საერთოდ დასავლეთთან. ლუკაშენკო შიშობს, რომ ტოტალური პრივატიზაცია ბელარუსს, ისევე, როგორც მეზობელ უკრაინას, ოლიგარქების სამფლობელოდ გადააქცევს, რომლებმაც შეიძლება სიტუაცია არიონ როგორც ელიტის შიგნით, ისე მთლიანად ქვეყანაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომბელარუსული სოციალიზმისგადარჩენა შესაძლებელია და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ ცდილობს, ტაქტიკური ეკონომიკური კონიუნქტურა გამოიყენოს _ “სანქციების ომირუსეთსა და დასავლეთს შორის, ევრაზიული ინტეგრაცია და გარკვეული დაახლოება ევროკავშირთან, რომელმაც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულების ეტაპობრივი შერბილება გამოიწვია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციის ლიდერებს შეუძლიათ ამომრჩეველთა დაახოლოებით 20%-ის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, მაგრამ დაქსაქსულობა ამ ხმების კონსოლიდაციის შესაძლებლობას არ აძლევს. ოპოზიციის ნაწილი ბანალურად მართულია, ხოლო მაიდნის პოტენციურ ორგანიზატორებს, უკრაინისგან განსხვავებით, საკმარისი გავლენა არ აქვთ. ამასთანავე, მუშაობს ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ _ ბელარუსებს ძალიან ეშინიათ ქაოსისა და უკონტროლო რყევების.

თქმული არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა არაფერს აპროტესტებს. ბოლო დროს ბელარუსში მოხდა გამოსვლები საწვავის გაძვირების და ე.წ. ტუნეიადცების გადასახადის შემოღების წინააღმდეგ და ორივე შემთხვევაში ხელისუფლებამ საკმაოდ სწრაფად დაიხია უკან. ფორმულურად დემოკრატიულ საქართველოში კი მოსახლეობა სოციალურ-ეკონომიკური უსამართლობის გასაპროტესტებლად, ფაქტობრივად, არ გამოდის, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მიიჩნევს, რომ ძარცვა-გლეჯაზე გადასული პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის ალიანსთან ვერაფერს გახდება.

ლუკაშენკოს ხელისუფლება ცდილობს “ახალი ცივი ომის” პირობებში მიიღოს მაქსიმალური ბონუსები, როგორც აღმოსავლეთისგან, ისე დასავლეთისგან, რათა ეკონომიკური პრობლემები შეარბილოს და გაატაროს რეფორმები, რომლებიც “ბელარუსულ სოციალიზმს” შეცვლილ სიტუაციას მიუსადაგებს. ეს საკმაოდ რთულია მაშინ, როდესაც უცხოელ პარტნიორებს სურთ, რომ მან მკაფიოდ დააფიქსიროს, ვის მხარეზეა და სწორედ ამაზე მიანიშნა ვლადიმერ მაკეიმ თავის რეზონანსულ რეპლიკაში.

მიუხედავად იმისა, როგორ ვაფასებთ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკას, აშკარაა, რომ მან მოახერხა, შეენარჩუნებინა იმ ეკონომიკური მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც დამოუკიდებელ ბელარუსს სოციალისტური წარსულისგან ერგო. მთელი ამ წლების განმავლობაში ბელარუსებს საწარმოები, მარტივად რომ ვთქვათ, “ჯართში არ ჩაუბარებიათ” და არც მონურ პირობებში უმუშავიათ. მათი შვილები შიმშილისგან გარდაცვალების საფთხის წინაშე არ დამდგარან. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებულია, მინსკსა და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში წესრიგი, სიმშვიდე და სანიმუშო სისუფთავეა. ვერც ერთი უცხოელი დიპლომატი ლუკაშენკოსთან დიდაქტიკური ტონით საუბარს ვერ ბედავს და არ ეუბნება, რა და როგორ გააკეთოს. ეს კი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტის არსებობაზე მიუთითებს. ცხადია, მთელი მოცულობით, ბელარუსული გამოცდილების გაზიარებას ვერც ერთი პოსტაბჭოთა ქვეყანა ვერ შეძლებს, იმ განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე, რომელშიც ეს რესპუბლიკა არის, თუმცა ცალკეულ დეტალებზე დაკვირვება ნამდვილად ღირს, თუნდაც იმისთვის, რომ წარსულისა და აწმყოს შეცდომები უკეთ გავაანალიზოთ.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. ჭკვიანი ბელორუსი ხალხი. მათ სხვა პოსტ.საბჭოთა ქვეყნების ცუდი და კარგი გაანალიზეს და ქვეყანა კი არ დააქციეს ჩვენმსგავსად-პირიქით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here