Home რუბრიკები ისტორია რაში მდგომარეობს მამულის მსახურება, როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი თავის ქვეყანას?

რაში მდგომარეობს მამულის მსახურება, როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი თავის ქვეყანას?

2109
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე, საქართველოს ისტორიაში ერთერთი უდიდესი საქმიანი პატრიოტი, მზად იყო, ქვეყნისთვის თავიც კი გაეწირა და ეს უდიდეს ღირსების საქმედ მიაჩნდა. მას სამშობლოსათვის და მისი ინტერესებისათვის ომში გაატარა თავისი შეგნებული სიცოცხლე: “მოგეხსენებათ, რა არის ომი, _ წერდა იგი, _ განსაკუთრებით ომი სამშობლოს ინტერესების დასაცავად. მოგეხსენებათ, რომ ეს ომი ღირსეული, დიდებული საქმეა”.

ნიკო ნიკოლაძე ხშირად წერდა ახალგაზრდულ პრობლემებზე, მისი განათლებისა და ზნეობრივი აღზრდის საკითხებზე. ის პირდაპირ აკავშირებდა ერთმანეთთან ადამიანის მოქალაქედ ჩამოყალიბებასა და პატრიოტულ აღზრდას. თვლიდა, რომ პიროვნება მოქალაქედ დაბადებიდანვე უნდა აღიზარდოს, პატარაობიდანვე უნდა შეისისხლხორცოს სამშობლოს სიყვარული და მისი მსახურება, მისი ერთგულება და მისთვის თავდადება.

რაში მდგომარეობს მამულის მსახურება, როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი თავის ქვეყანას? ეს საკითხი დღესაც ძალზე მწვავე და სერიოზული პრობლემაა და წყევლაკრულვიანი საკითხავი.

ნიკო ნიკოლაძეს ცოდნა და განათლება მიაჩნდა უმთავრეს იარაღად, რომლითაც ქართველობას შეეძლო ნელ-ნელა დაეძლია ის დიდი ჩამორჩენა ევროპისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინდელ ვითარებაში. ქვეყანაში ჯერ არც ერთი სიკეთე, არც ერთი სასარგებლო საქმე არ გარიგებულა უხეირო და სუსტი კაცის ხელით, არც ერთი ამამაღლებელი აზრი არ დაბადებულა მის თავში. რაც კაცობრიობას სახეირო და სასარგებლო რამ ღირსებია თავის სიცოცხლეში, ეს ყველაფერი გაუკეთებია მისთვის მაღალი და პატიოსანი ხასიათის პირებს, რომელნიც თავიანთი აზრით, მოქმედებითა და ხასიათით ამშვენიერებენ, აუკეთესებენ და ასახელებენ კაცობრიობას. უწმინდური ხელით წმინდა რამ თავის დღეში არ გაკეთებულა”.

ნიკოლაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანში ზნეობრივი პიროვნების ჩამოყალიბებას: “დაანახეთ მოსწავლეებს აღზრდის პირველსავე წლებში მაღალი მოწოდება, რომელიც მას ცხოვრებაში ელის, გადაუშალეთ წმიდათაწმინდა ამოცანები მისი მომავალი მოღვაწეობისა, გამოიწვიეთ მასში უანგარო შრომის სურვილი, აჩვენეთ ამ ბრძოლის მთელი სიძნელე, რაც ცხოვრებაში ელის, და დაუმტკიცეთ, რომ ამ ბრძოლაში მხოლოდ მას შეუძლია გამარჯვება, ვინც ისწავლა საკუთარი ინსტიქტების დათრგუნვა და საკუთარი ბუნების ალაგმვა და თქვენ დაინახავთ მაშინ, რომ იმ ახალგაზრდების ნაცვლად, რომლებიც შეგნებულად ტკბებიან ყოველგვარი სიამოვნებით, თქვენ აღზრდით მტკიცე ნებისყოფის ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ თავის დაჭერა და ემახსოვრებათ, რომ კეთილსინდისიერი ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, რაც გაცილებით უფრო წმინდაა, ვიდრე პირადი სიამოვნება და ნეტარება. ეს ის ნეტარებაა, რასაც ადამიანს ანიჭებს საზოგადოების, სამშობლოსა და სახელმწიფოსათვის თავდაუზოგავი შრომა. მანამდე, სანამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, უფლება არა გვაქვს ჩვენი დანაშაული სხვას გადავაბრალოთ”.

მისი აზრით, “ლათინური ენის მასწავლებელსა და გიმნაზიის დირექტორსა, რკინიგზის ინჟინრებსაც… ერთნაირად ქონდეთ გამჯდარი ძვალსა და რბილში საერთო საზოგადოებრივი საქმის _ სამშობლოს სიკეთის აუცილებელი ერთგულება და მისთვის თავდადებული სამსახური. საჭიროა ცოდნა, საჭიროა მისი გამოყენების უნარიც, მაგრამ ნუთუ ასევე საჭირო არ არის სული, რომელიც მხოლოდ ერთი ქმნის დიდ ერებს? რომელი საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების რომელი სისტემა აძლევს ახალგაზრდობას ამ სულს?” (ეს დღესაც ერთ-ერთი ძალზე აქტუალური საკითხია).

ერთერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ნიკოლაძე უყენებდა განათლების სისტემას, იყო სკოლისა და პედაგოგის დეპოლიტიზაცია, რაც დღესაც არ გვაწყენდა.

როგორც სულიერ მოძღვარს და ექიმს, ასევე პედაგოგსაც არ უნდა ამოძრავებდეს სხვა არაფერი, გარდა უშუალოდ თავისი უპირველესი მიზნისა _ ასწავლოს ბავშვებს, გაანათლოს ისინი ისე, რომ მათგან დამოუკიდებელი ადამიანები ჩამოყალიბდნენ, რომელთაც მომავალში შეეძლებათ იცხოვრონ და იაზროვნონ საკუთარი გონებით. ბავშვებთან ურთიერთობაში სხვა მიზნებისაკენ სწრაფვა, ცდა იმისა, რომ სკოლა გადააქციო დაშტამპული ადამიანების ფაბრიკაციის საშუალებად, ცალმხრივად გამსჭვალო ისინი გარკვეული იდეებით, თუნდაც უშესანიშნავესით, ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად სრულად მოსპო და გაანადგურო სკოლა”.

ამავე ლოგიკით უდგება ნიკო ნიკოლაძე იმ პრობლემასაც, რომ სკოლა არ უნდა იქცეს სხვადასხვა ექსპერიმენტების და გარეგანი ეფექტების საცდელ პოლიგონად. ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის ბრწყინვალე თხზულებამამულის სიყვარული და მსახურება”, ასევე სტატიასალამი”. მათში გადმოცემულია ნიკოლაძის პატრიოტული მრწამსი და შეხედულებანი.

ნიკო ნიკოლაძე სამშობლოსადმი, მშობლიური ქვეყნისადმი სიყვარულს ადამიანის ბუნებრივ აუცილებელ მოვალეობად თვლიდა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს, ცხოველზე დაბლა დგას. რაში მდგომარეობს მამულის მსახურება, როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი თავის ქვეყანას?

რომელი გონიერი კაცი დაიწყებს ქადილს, რომ დედაჩემს პატივს ვსცემო, კარგად ვასმევ და კარგად ვაჭმევო, მის ხეირიანად რჩენას ვცდილობო, მისი კეთილდღეობისთვის ვშრომობო? ხომ არავინ? ხეირიან და გონიერ საზოგადოებაში სწორედ ამნაირათვე საუკადრისო იქნებოდა ქადილი, რომ მამულს ვემსახურებიო. თქვენ წამოიდგინეთ, რა სიცილს და ხარხარს დააყრიან საფრანგეთში ან ინგლისში იმისთანა კაცს, რომელიც იმის თქმას გაბედავდა _ ჩემი მამული მიყვარს და ჩემი სამშობლოს სიკეთისათვის ვშრომობო!.. ეს საყოველთაო მოვალეობაა, ისეთი, რომელიც ყოველ ხეირიან კაცს, ვინც ხეპრე, ქურდი ან უსულო არ არის, უნდა ჰქონდეს, და იმაზე უმეტესი სიტუტუცე რაღა იქნება, კაცი პირდაპირ ამტკიცებდეს, არც ხეპრე, არც ქურდი, არც უსულო ვარო”.

ნიკო ნიკოლაძე მომხრე იყო მამულისადმი საქმიანი სიყვარულისა, მას სწამდა, რომ ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობა ჩვენმა ახალგაზრდობის თავდადებულმა შრომამ უნდა გააუმჯობესოს… ამისათვის საჭიროა სრული ეროვნული თანხმობა, შესაბამისად, ნიკოლაძისთვის მიუღებელია სიტყვიერი და სუფრული პატრიოტიზმი, გულზე მჯიღის ცემა და ქადილი, მყვირალა ფრაზები. “თუ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი მამული, _ წერს ის, _ ჩვენ ის უნდა გავაძლიეროთ, როგორც მატერიალურის მხრით _ სამართლიანად ეკონომიურის განწყობილების დაფუძნებით, ისე ზნეობით _ მისი გონებისა და ცოდნის გაუმჯობესებით. ის იმედი უნდა ჩავუნერგოთ მას, რომელიც ჩვენ თვითონ გვაქვს, იმ მომავლისკენ უნდა მოუბრუნოთ პირი, რომელიც ჩვენ გვწამს, იმ გზაზე უნდა დავაყენოთ, რომელმაც ყველა სხვა ხალხი გააძლიერა და გააბედნიერა”. ვინც მარტო წარსულს შესცქერის, ის სამარეს ითხრისო.

სრულიად გულწრფელია მისი სიტყვები, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ მიუძღვნა თავის თანამემამულეებსა და ქვეყანას: “მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიციამე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდამე დამივლია მთელი ევროპა, და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა. არც საფრანგეთის ამაღელვებელ და აღმტაცებელ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას არასოდეს, არც ერთი წამის განმავლობაში არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ, თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედსიმის მაგიერ, რომ იქაურს ცხოვრებას მივებარე და სხვებივით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ყოფილიყო, შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა”.

სამშობლოს ინტერესების გათვალისწინებას ის პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფებისგანაც ითხოვდა, მოუწოდებდა მათ გონიერებისა და ზომიერებისკენ, უტოპიურ, აუხდენელ ოცნებათა უარყოფისკენ: “ვისაც ქართველობის შველა უნდა, მან თავისი პოლიტიკური გეგმა უნდა შეამსუბუქოს, ეგებ რაც შეიძლება უფრო მეტ ხალხს ერთი და იგივე ნამდვილი პრაქტიკული მიზანი აღუნიშნოს, მისთვის გასაგები და საჭირო. მარტო ეს შეგვძენს მტერ-მოყვრის ყურადღებას და მორიდებას. ჯერ ამას უნდა ვეძებდეთ, და არა მიუწვდომელ კოშკიდგან მზეთუნახავის მოტაცებას, რომლისთვისაც თოკის კიბეც კი არ გვაბადია”.

ნიკო ნიკოლაძეს არასოდეს შეუცვლია თავისი მრწამსი _ მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ, მუხლჩაუხრელად შრომობდა ქვეყნისთვის სხვადასხვა სფეროში. მას მართლაც შეეძლო ეთქვა: “ყოველთვის იგივე ვყოფილვარ, რაც დღესა ვარ: ერთგული, ანგარიშიანი მწყემსი ქართველობის სიკეთისა, შეურიგებელი მტერი ყოველი მიმართულებისა, რომელიც საქართველოს ქონებას სხვის, უცხოეთის მიზანს თუ საქმეს სწირავს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here