18 მაისს ევროკომისიამ ოფიციალურად აამოქმედა პროცესი ევროკავშირის ტერიტორიაზე ირანის მიმართ დაწესებული აშშ–ის სანქციების ბლოკირების შესახებ. ეს ზომები მიმართულია ინტერესების დასაცავად იმ ევროპული კომპანიებისა, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ ირანის ატომური გარიგებიდან აშშ–ის გასვლის შემდეგ. 2015 წლის 14 ივნისს ირანმა და 6 სახელმწიფომ _ აშშ–მა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა და გერმანიამ _ ხელი მოაწერა მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას, რომელიც ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას (“გაყინვას”) ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ეს გარიგება შედგა 13-წლიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ.
რა უსწრებდა ბირთვულ გარიგებას
* 2003 წლის აგვისტოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებმა ირანში აღმოაჩინეს გამდიდრებული ურანის კვალი და განაცხადეს, რომ ქარხნების სიმძლავრე აღემატება მშვიდობიანი მიზნებისთვის საჭირო სიმძლავრეს. იმავე წელს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დაიწყეს მოლაპარაკებები ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე;
* 2003 წლის 18 დეკემბერს ირანმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების დამატებით ოქმს, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემოწმების გაფართოების შესაძლებლობას აძლევდა;
* 2005 წლის ივნისში ბირთვული პროგრამის გაგრძელების პასუხად აშშ-მა პირველი სანქციები დაუწესა ირანის ბანკებს, კომპანიებსა და ატომურ მრეწველობასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებს;
* 2006 წლის დეკემბერში ურანის გამდიდრებაზე უარის თქმის გამო ირანს სანქციები დაუწესა გაეროს უშიშროების საბჭომ. იმავე წელს მოლაპარაკებების მწარმოებელ სამ სახელმწიფოს _ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას _ შეუერთდნენ აშშ, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი;
* 2010 წელს ატომური პროგრამის გაგრძელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ირანს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა.
2010 წელს ექვსმა სახელმწიფომ ირანთან მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გამართა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2013 წლის დეკემბერში ჟენევაში ხელმოწერილი ნახევარწლიანი ერთობლივი გეგმა, რომლის მიხედვით ირანმა დაიკისრა ვალდებულება, რომ შეწყვეტდა ურანის 5%-ზე მეტად გამდიდრებას და შეაჩერებდა ახალი ბირთვული ცენტრების მშენებლობას. სანაცვლოდ ირანს გაუუქმებდნენ სანქციებს ნავთობის ექსპორტზე.
ეს გეგმა უნდა ყოფილიყო პირველი ნაბიჯი ბირთვული პროგრამის შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმებების დადებისკენ, მაგრამ ხელმოწერის ვადამ არაერთხელ გადაიწია. მოლაპარაკებები დასრულდა 2015 წლის ივლისში. იმავე წლის 18 ოქტომბერს ერთობლივი მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა ძალაში შევიდა, 2016 წლის 16 იანვარს კი დაიწყო მისი პრაქტიკული რეალიზაცია.
შეთანხმების ძირითადი დებულებები
თეირანი გარანტიას იძლეოდა, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი ექნებოდა, ამასთანავე, ვალდებული იყო:
* 15 წლის განმავლობაში ჰქონოდა დაბალგამდიდრებული ურანი არაუმეტეს 300 კგ-სა;
* არ ეწარმოებინა მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი და საიარაღო პლუტონიუმი;
* შეემცირებინა ბირთვული ცენტრიფუგების რაოდენობა 19 ათასიდან 6,1 ათასამდე;
* შეეცვალა პროფილი ფორდოს გამამდიდრებელი ქარხნისთვის;
* არაქის რეაქტორი გამოეყენებინა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის;
* დაეშვა თავის ბირთვულ ობიექტებზე IAEA-ს ინსპექტორები.
სანაცვლოდ, ექვსეული სახელმწიფოებისა დათანხმდა, გაეუქმებინა ყველა სანქცია, რომლებიც დაწესებული იყო ირანის ბირთვული პროგრამის გამო, მათ შორის, ვაჭრობის სფეროსთან, ტექნოლოგიებთან, ფინანსებსა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციები. გარიგების დარღვევის შემთხვევაში 65 დღის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ კვლავ ამოქმედდებოდა სანქციები.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნა
IAEA-მ, რომელიც აკონტროლებდა გარიგების პირობების დაცვას, არაერთხელ დაადასტურა, რომ ირანი ასრულებს ერთობლივი მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს. IAEA-ს დირექტორის, იუკიია ამანოს განცხადებით, ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტოდ მკაცრი კონტროლი: შემოწმებების რაოდენობამ წელიწადში 3 ათას ადამიან-დღეს მიაღწია, შემოწმებულია 2,6 ათასზე მეტი ბირთვული დანადგარის მუშაობა. ირანის ბირთვულ ობიექტებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან ყოველდღიურად ასიათასობით გამოსახულებას იღებენ.
აშშ–ის პოზიცია _ 12 მოთხოვნა ირანის მიმართ
ირანთან ბირთვული შეთანხმების დადება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ მიღწევად ითვლებოდა. დონალდ ტრამპი კი წინასაარჩევნო პერიოდშივე გამოდიოდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ და მას “საშინელ გარიგებას” უწოდებდა. ტრამპმა რამდენჯერმე გაახანგრძლივა ამერიკული სანქციების “გაყინვის” ვადა (ერთობლივი მოქმედების ყოვლისმომცველ გეგმაზე ხელის მოწერისას აშშ-მა სრულიად კი არ გააუქმა სანქციები, არამედ მხოლოდ შეაჩერა მისი მოქმედება), ის იმედოვნებდა, რომ მათში დამატებით შეზღუდვებს შეიტანდა. თუმცა 8 მაისს დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ გამოდის ბირთვული გარიგებიდან, რადგან ის “დაფუძნებულია ტყუილზე”.
გადაწყვეტილების მიღებისას ტრამპი ხელმძღვანელობდა ისრაელის მონაცემებით, რომელმაც 30 აპრილს გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რომ ირანს აქვს ბირთვული იარაღის დამზადების საიდუმლო პროგრამა, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანის საიდუმლო პროგრამის შესახებ შეიტყო ისრაელის დაზვერვის მიერ ჩატარებული “გრანდიოზული ოპერაციის” შემდეგ, როდესაც შეძლეს ირანისთვის მოეპარათ “ნახევარი ტონა” მასალები, 55 ათასი დოკუმენტი და ინფორმაციის 183 კომპაქტური დისკო.
21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები ახალ ბირთვულ გარიგებაზე ირანთან, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი შეცვლის თავის პოლიტიკას, მანამდე კი პომპეო ირანს დაემუქრა “ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციებით”, რომელიც “ირანის რეჟიმის უპრეცედენტო ფინანსურ წნეხში მოაქცევს”.
პომპეომ ჩამოთვალა ირანის მიმართ 12 მოთხოვნა ახალი ბირთვული გარიგების მოსამზადებლად. ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პუნქტების (IAEA-ს ექსპერტებისთვის ბირთვული პროგრამის სრულად გაცნობა, ნებისმიერ ბირთვულ ობიექტზე თავისუფლად შესვლა, ურანისა და პლუტონიუმის გამდიდრების შეწყვეტა, იმ ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ ატომური ქობინების გადატანა) გარდა, წამოყენებულია ბევრი პოლიტიკური მოთხოვნაც: აშშ მოითხოვს ირანისგან, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული ამერიკელი და მისი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქე; შეწყვიტოს “ჰეზბოლას”, “ჰამასის”, იემენელი ამბოხებულების, “თალიბანის” მხარდაჭერა, არ შეიფაროს “ალ ქაიდას” საველე მეთაურები, პატივი სცეს ერაყის სუვერენიტეტს, სირიიდან გამოიყვანოს თავისი სამხედრო ქვედანაყოფები, აგრეთვე, შეწყვიტოს მუქარა და სახიფათო ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების _ ისრაელის, საუდის არაბეთისა და გაერთიანებული არაბული საამიროების _ მიმართ.
ირანის პოზიცია _ 7 მოთხოვნა
მაისის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ნეთანიაჰუ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს დადებული შეთანხმების გადახედვას და ახალ დათმობებზე წასვლას. მან მოუწოდა აშშ-ს, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ან დაიკისროს პასუხისმგებლობა გარიგებაზე უარის თქმის გამო შესაძლო შედეგებზე.
გარიგებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს შეთანხმებიდან გასვლას და განაგრძობს თანამშრომლობას 5 ქვეყანასთან. 23 მაისს კი ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ დაასახელა 7 პირობა, რომელთა შესრულების შემდეგ ირანი დაიცავს ბირთვულ გარიგებას. ესენია: ევროპის ბანკების მხრიდან გარანტიების უზრუნველყოფა, რომ გაგრძელდება ირანთან სავაჭრო თანამშრომლობა, აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნების გარანტიები ირანის ნავთობის გაყიდვის თაობაზე. ამასთანავე, თეირანი ევროპისგან ითხოვს, მოლაპარაკებისას არ შეეხონ ირანის სარაკეტო პროგრამას და მის აქტივობას რეგიონში. ჰამენეის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა აგრეთვე უნდა აჩვენონ, რომ შეიძლება მათი ნდობა ირანის ბირთულ შეთანხმებაზე მუშაობისას.
შეთანხმების სხვა მონაწილეთა პოზიცია
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალი დასდო აშშ-ს “ვიწროანგარებიანი და კონიუნქტურული ინტერესების” დაცვაში, გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ბირთვული გარიგების სხვა მონაწილეებთან და გააღრმავოს ურთიერთობა ირანთან. ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ირანთან ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.
ევროპელმა ლიდერებმაც დაუჭირეს მხარი გარიგების შენარჩუნებას, თუმცა განაცხადეს, რომ მზად არიან მასში ცვლილებების შესატანად, კერძოდ, განიხილავენ, ბირთვულ გარიგებაში შეიტანონ 2025 წლამდე ირანის გაკონტროლების საკითხი, კონტროლი დაწესდეს მის ბალისტიკურ პროგრამაზე, აგრეთვე, ირანის გავლენის შესუსტების საკითხი ახლო აღმოსავლეთზე.
მოსალოდნელი შედეგები
საკითხი იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა დანარჩენი მონაწილეები ირანის ბირთვული გარიგების შენარჩუნებას, ჯერჯერობით ღიაა. ექსპერტთა პროგნოზების მიხედვით:
* ბირთვული გარიგების ჩაშლა მნიშვნელოვნად დააზიანებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და გამოიწვევს თეირანსა და დასავლეთს შორის კონფლიქტის ესკალაციას, გაართულებს ურთიერთობას აშშ–სა და ევროპას შორის, აგრეთვე გაამწვავებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.
* ამას გარდა, ბირთვული შეთანხმებიდან აშშ–ის გამოსვლა გამოიწვევს სერიოზულ ეკონომიკურ დანაკარგებს. აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ თეირანის მიმართ ადრე დაწესებული და შეჩერებული სანქციები 90-180 დღის განმავლობაში აღდგება.
* სხვა ქვეყნებმაც უნდა შეაჩერონ საქმიანი ურთიერთობა ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც დაუწესდებათ ე.წ. მეორადი სანქციები.
პირველ ეტაპზე აღდგება სანქცია ირანისთვის ამერიკული ვალუტის მისყიდვის შესახებ, აიკრძალება გრაფიტის, ოქროს, სხვა ძვირფასი ლითონების, ალუმინის, ფოლადის, ქვანახშირის მიყიდვა ამ ქვეყნისთვის. შეიზღუდება ავტომობილების ექსპორტი. აიკრძალება ირანული ხალიჩებისა და საკვები პროდუქტების იმპორტი აშშ-ში. მეორე ეტაპი დასრულდება 4 ნოემბერს. ეს სანქციები შეეხება ირანის პორტებსა და გემთმშენებელ საწარმოებს, აგრეთვე, ენერგეტიკულ სექტორს. აიკრძალება ირანიდან ნავთობის ექსპორტი. დასავლეთის საფინანსო ორგანიზაციებმა უნდა შეწყვიტონ ირანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა და სხვ.
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებით, არის ამერიკული “ბოინგი” და ევროპული “აირბუსი” (20-დან 30 მილიარდამდე. კონტრაქტით გათვალისწინებული იყო ირანისთვის თვითმფრინავების მიყიდვა), ფრანგული თოტალ-ი (2-მლრდიანი კონტაქტის მიხედვით, უნდა დაემუშავებინათ ბუნებრივი აირის საბადო სამხრეთ ფარსში) და “რენო” (780 მლნ), გერმანული “სიმენსი” (3 მლრდ). ევროპული ბიზნესი უფრო მეტად იზარალებს, ვიდრე ამერიკული. ირანის საქონელბრუნვა ევროპასთან 100-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-თან. რუსეთსა და ირანს შორის კი საქონელბრუნვამ 2017 წელს 1,7 მლრდ-ს მიაღწია.
სანამ ვიმსჯელებთ იმაზე, რატომ მოიქცა ვაშინგტონი ასე, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წლის ეს ბირთვული გარიგება მიჩნეული იყო საერთაშორისო დიპლომატიის უდიდეს გამარჯვებად. ირანს უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე, სანაცვლოდ კი ეტაპობრივად მოუხსნიდნენ სანქციებს. გაცვლა, აშშ-ის აზრით, უთანასწოროა, რადგან რაღაცის გაკეთება ან არგაკეთება ეკისრება ირანს, აშშ-ს მხოლოდ სანქციები უნდა მოეხსნა, სხვა სახელმწიფოებს კი უნდა ეშუამავლათ და დაკვირვებოდნენ, პროცესები გეგმის მიხედვით წარიმართებოდა თუ არა. ამ მოლაპარაკებების შედეგად ირანმა დათმო წლების განმავლობაში დაგროვებული გამდიდრებული ურანის მარაგი. და უცებ ისრაელმა განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ატომური იარაღის შექმნას, მაშასადამე, არღვევს შეთანხმებას.
ამ სკანდალური განცხადების მიუხედავად, მტკიცებულებები არავის წარმოუდგენია “სკრიპალების საქმისა” და “სირიაში ქიმიური იარაღის არსებობაზე” განცხადებების მსგავსად, უბრალოდ, ამბობენ, რომ ეს მტკიცებულებები არსებობს. სწორედ თელ-ავივის ამ განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა ვაშინგტონმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. სიტუაცია უცნაურია:
აშშ-მა, დასავლური სამყაროს მთავარმა მოთამაშემ და ირანის მთავარმა ოპონენტმა, ცალმხრივად დატოვა ბირთვული შეთანხმება. თეირანმა კი განაცხადა, რომ არ დატოვებს შეთანხმებას, რადგან ყოვლისმომცველი გეგმის შესრულება “საერთო პასუხისმგებლობაა და ყველა მხარის ვალდებულებაა”.
რუსეთმა, ჩინეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დაგმეს ვაშინგტონის მოქმედება, მაგრამ ირანის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, ისევე, როგორც სანქციების გაუქმების, ჰაერში გამოეკიდა. ახლა ვაშინგტონი სანქციების განახლებას აპირებს და დაიწყება პრესინგი იმ კომპანიებისა და ქვეყნების წინაამდეგ, რომლებიც ვაჭრობენ ირანთან. მიცემა გარანტიისა, რომ ლონდონში, პარიზსა თუ ბერლინში “უცებ” არ შეიცვალიან პოზიციას ისრაელისა და აშშ-ის “მტკიცებულებების” გავლენით, არავის შეუძლია.
ირანმა კი, რომელმაც თავისი გამდიდრებული ურანი დათმო, უსაფრთხოების გარანტია დაკარგა და ძნელი სავარაუდოა, რას მოიმოქმედებს მომავალში.
თუ ირანი განაცხადებს, რომ აშშ-ის გარეშე გარიგება არასრულფასოვანია და ამიტომ უარს ამბობს მის შესრულებაზე, ეს შეიძლება ვაშინგტონისთვის საბაბი გახდეს ირანის მიმართ აგრესიის დაწყებისა. ამიტომ თეირანი სწორად მოიქცა, როდესაც განაცხადა, რომ არ იტყვის უარს გარიგების შესრულებაზე, მაგრამ ეს გარიგება აშშ-ის უარმა არასრულფასოვნად აქცია. ირანს აღარც ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლია და აღარც უსაფრთხოების გარანტიები აქვს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკაც, რომელმაც სანქციების მოხსნის სანაცვლოდ გაანადგურა თავისი ერთადერთი ატომური პოლიგონი და ახლა უსაფრთხოების გარანტიის გარეშე დარჩა.
ეს ხდება იმ ფონზე, რომ ტრამპმა გააუქმა 12 ივნისს სინგაპურში დანიშნული შეხვედრა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, რომელთანაც ანალოგიურ საკითხზე უნდა ემსჯელა _ ტრამპს სურს, ჩრდილოეთ კორეამაც, ისევე როგორც ირანმა, უარი თქვას ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე, სანაცვლოდ აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულიდან უნდა გაიტანოს თავისი ბირთვული იარაღი და ამით უზრუნველყოს ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოება.
და მაინც, რატომ მოიქცა ტრამპი ასე? რატომ დატოვა შეთანხმება, რატომ თქვა უარი კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე და რატომ უბიძგებს ამ ქვეყნებს არასტაბილურობისკენ?
იმიტომ, რომ აშშ–ს არ სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა კორეის ნახევარკუნძულზე და ახლოაღმოსავლეთში. მას სურს, დაძაბული ვითარება იყოს ჩინეთისა და რუსეთის საზღვრებთან. სწორედ ამიტომ ქმნის ისეთ ფონს მოლაპარაკებებისთვის, რომ ირანმაც და კორეამაც უარი თქვან მათთვის შეთავაზებულ პირობებზე. შემდეგ კი მსოფლიოს მასმედია ამ ქვეყნებს დაადანაშაულებს მოლაპარაკებების ჩაშლაში. შედეგად მოიმატებს დაძაბულობა და კვლავ დღის წესრიგში დადგება აშშ–ის ყოფნის აუცილებლობის საკითხი კორეის ნახევარკუნძულსა და მსოფლოს სხვა ადგილებში.
აშშ თანმიმდევრულად ახორციელებს თავის პოლიტიკას, რომლის მიზანია არასტაბილური ვითარების შექმნა რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან. სსრკ-ის დანგრევის შემდეგ იყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, უკრაინა და სხვ. შემდეგ _ ე.წ. არაბული გაზაფხულები, ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთი, ერაყი, სირია; ახლა ისევ ირანი. მსოფლიო ჟანდარმი კვლავ თავის სტიქიაშია.
უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ
P.S. აშშ–მა შეცვალა გადაწყვეტილება _ ამჟამად ამერიკელების დელეგაცია უკვე ფხენიანშია და დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას ამზადებს.