Home რუბრიკები საზოგადოება რაღაც ვერ არის რიგზე ოლიმპიზმის ტაძარში

რაღაც ვერ არის რიგზე ოლიმპიზმის ტაძარში

1203
ოლიმპიადა

ოლიმპიური თამაშები _ საუკეთესო სარბიელი პოლიტიკოსებისთვის და არა სპორტსმენებისთვის

სპორტი _ ეს ხომ ომია, ოღონდ სროლის გარეშე”!

ჯორჯ ორუელი

9 თებერვალს კორეის რესპუბლიკის ქალაქ ფიონჩანგში გაიხსნა ზამთრის 23- ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 92 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის, 4 ქართველი _ მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა), იასონ აბრამაშვილი (სამთოსათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური (სამთოსათხილამურო სპორტი) და გიორგი სოღოიანი (ციგა). ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ყველა ქვეყნის დელეგაცია, რუსეთის გარდა, თავისი დროშით წარდგა

დენიზა ჰერმანი
დენიზა ჰერმანი

ორი თვის წინათ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მოღვაწეობა და რუსი სპორტსმენებისთვის, რამდენიმეს გარდა, აეკრძალა ფიონჩანგში ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშით გამოსვლა. ამ გადაწყვეტილებას იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ეწინააღმდეგებოდა სამუელ შმიდის კომისიის დასკვნას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დაკავშირებული არ არის დოპინგის გამოყენების მაქინაციებთან, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაითვალისწინა საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ბრალდება, რომ რუსეთში სახელმწიფო სისტემაა შექმნილი სპორტსმენების დოპინგით დასახმარებლად (შემდეგ ეს ფრაზა ამოიღეს WADA-ს ხელმძღვანელის, რიჩარდ მაკლარენის, მოხსენებიდან), რომელიც ეყრდნობოდა 2014 წლის სოჭისა და 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადებზე რუსეთის სპორტსმენების დოპინგ-სინჯების ანალიზს. შედეგად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმ რუს სპორტსმენებსაც აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, რომლებიც ეჭვმიტანილი არ იყვნენ დოპინგის გამოყენებაში.

2018 წლის 1 თებერვალს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (ჩAშ) გააუქმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება 2014 წლის ოლიმპიადაზე 28 რუსი სპორტსმენის შედეგების ანულირების, აგრეთვე, მათი სამუდამო დისკვალიფიკაციის შესახებ და რუს სპორტსმენებს დაუბრუნა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. ამრიგად, 2014 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე _ ნორვეგია, მესამეზე _ კანადა, მეოთხეზე _ რუსეთი, მეხუთეზე _ ნიდერლანდები, მეექვსეზე _ გერმანია.

კლაუდია ფეხშტაინი
კლაუდია ფეხშტაინი

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნება დართო 11 რუს სპორტსმენს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არ იყვნენ დოპინგის გამოყენებაში, მაგრამ მოგვიანებით, ოლიმპიადის გახსნის დღეს, შეცვალა გადაწყვეტილება და საასპარეზოდ დაუშვა მხოლოდ სპეციალურად მიწვეული 168 რუსი სპორტსმენი (47-ს უარი უთხრა), რომლებიც თავიანთი ქვეყნის დროშით ვერ იასპარეზებენ.

ამ გადაწყვეტილებას, ქვეყნის დროშის გარეშე ასპარეზობას, საერთო არაფერი აქვს არც სპორტთან და არც კანონიერების პრინციპებთან. როგორც ჩანს, რაღაც არ არის რიგზე ოლიმპიზმის ტაძარში. ოლიმპიური თამაშები ყოველთვის იყო საუკეთესო სარბიელი პოლიტიკისთვის, ვიდრე სპორტისთვის.

* პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა საბერძნეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 776 წელს და გაგრძელდა 393 წლამდე, სანამ იმპერატორმა თეოდოსი I-მა არ აკრძალა, რადგან რომის იმპერიაში ფეხს იკიდებდა ქრისტიანობა.

* ოლიმპიადების ჩატარება განახლდა XIX საუკუნეში ფრანგი ბარონის _ პიერ დე კუბერტენის ძალისხმევით, მაგრამ იმხანადაც არ იყო ოლიმპიადები თავისუფალი პოლიტიკისგან. კუბერტნმა ძლივს დაითანხმა საფრანგეთი და გერმანია 1896 წელს I ოლიმპიურ თამაშებში (თანამედროვე) მონაწილეობაზე და ერთმანეთთან ასპარეზობაზე, რადგან საფრანგეთ-პრუსიის ომი ახალი დამთავრებული იყო.

კაროლინა კოსტნერი
კაროლინა კოსტნერი

* 1908 წლის ლონდონში გამართულ ოლიმპიადაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამერიკელი სპორტსმენები და ოლიმპიადის ორგანიზატორები.

* 1920, 1924 და 1948 წლების ოლიმპიადებზე კი გერმანია საერთოდ არ მიიწვიეს.

* ბერლინში ოლიმპიადა 1936 წელს ჩატარდა და ნაცისტური რეჟიმი შეეცადა, ხაზი გაესვა არიული რასის უპირატესობისთვის, მაგრამ უშედეგოდ _ აფროამერიკელმა მხტომელმა ჯესი ოუენსმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

* არც ბოიკოტია უცხო ხილი ოლიმპიადებისთვის: ერაყმა, ლიბანმა და ეგვიპტემ ბოიკოტი გამოუცხადეს 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადას, რათა მიეპყროთ მსოფლიოს ყურადღება სუეცის კრიზისისკენ.

* 1976 წელს მონრეალის ოლიმპიადაზე არ წავიდა აფრიკის 28 ქვეყანა, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ იმით, რომ ახალი ზელანდიის მორაგბეებმა აპარტეიდის პერიოდში ითამაშეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

* 1980 წელს 62-მა ქვეყანამ უარი განაცხადა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ავღანეთში სსრკ-ის შეჭრის გამო.

* მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტის საპასუხოდ, 1984 წელს სოციალისტური ბანაკის 14 ქვეყანა არ ჩავიდა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე.

* 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებში ორმა აფროამერიკელმა სპორტსმენმა _ ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა, რომლებიც 200 მ დისტანციაზე სირბილში ასპარეზობდნენ და ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, დაჯილდოების ცერემონიაზე, როდესაც აჟღერდა აშშ-ის ჰიმნი, მუშტები თავს ზემოთ აღმართეს _ ეს შავკანიანთა უფლებების მოძრაობის სიმბოლოა. ამის შემდეგ ისინი ოლიმპიური სოფლიდან გააძევეს.

* 1972 წელს მიუნხენში პალესტინელი ტერორისტები თავს დაესხნენ ისრაელელ სპორტსმენებს, მათგან 11 მოკლეს.

ამ ფაქტებიდანაც ჩანს, რომ ოლიმპიური მოძრაობა არც ისეთი თეთრი და სუფთაა, როგორიც გვინდა იყოს ოლიმპიზმის ტაძარი. ის თითქმის ისეა აგებული, როგორც ტოტალიტარული სექტა, რომელსაც გლობალისტები იარაღად იყენებენ და არღვევენ ადამიანის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ სპორტულ შეჯიბრებაში.

ქვეყნები, რომელთა სპორტსმენებიც ოლიმპიურ თამაშებს ჩამოაშორეს დოპინგის გამო

* 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე ორი ბულგარელი ძალოსნის დოპინგ-სინჯები დადებითი აღმოჩნდა ფუროსემიდზე. მათ ჩამოართვეს ოქროს მედლები. ბულგარეთის დელეგაციამ კი ძალოსანთა მთელი გუნდი მოხსნა ოლიმპიადიდან.

* 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე კვლავ ბულგარეთი აღმოჩნდა სკანდალის ეპიცენტრში _ ძალოსნებს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს. შედეგად ბულგარელი ძალოსნების გუნდი დისკვალიფიცირებულ იქნა.

* 2016 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა რუსეთის მძლეოსანთა გუნდს დოპინგის მოხმარების გამო.

სპორტსმენები, რომლებიც ამხილეს დოპინგის გამოყენებაში, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მაინც მისცა ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბევრ რუს სპორტსმენს აუკრძალა ფენჩჰანგის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, მაგრამ სხვა ქვეყნების რამდენიმე სპორტსმენს, რომლებიც მხილებულნი იყვნენ დოპინგის მიღებაში, ასპარეზობის ნება დართო:

1.2016 წელს ნორვეგიელი მოთხილამურე მარტინ იონსრუდ სუნდბიუს სისხლში აკრძალული პრეპარატის სალბუტამოლის კვალი აღმოუჩინეს, მაგრამ მხოლოდ 2 თვით ჩამოაშორეს სპორტს;

2.გერმანელი ბიატლონისტი ქალი დენიზა ჰერმანი დისკვალიფიცირებული იყო 2007 წელს დოპინგის გამოყენების გამო, მაგრამ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მისცეს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;

3.იტალიელი მოციგურავე კაროლინა კოსტნერი 16 თვით იყო დისკვალიფიცირებული 2015 წლის იანვრიდან. როგორც გაირკვა, ის თავის მეგობარ მამაკაცს, 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულს სპორტულ სიარულში _ ალექს შვაცერს, დოპინგის მიღებაში უწყობდა ხელს;

4.კანადელი სამთო-მოთხილამურე კრისტოფერ დელ ბოსკო 17 წლის იყო, როდესაც მარიხუანის გამოყენების გამო 2 წლით აუკრძალეს ასპარეზობა. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო სკი-კროსში;

5.ოლიმპიური თამაშების 5-გზის ჩემპიონი ციგურაობაში _ კლაუდია ფეხშტაინი (გერმანია) 2011 წელს ამხილეს დოპინგის გამოყენებაში და იძულებული შეიქნა, 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მოეხადა;

6.შვეიცარიელი სპორტსმენი (ფრისტაილი) სანა ლუდი 2016 წელს დაბრუნდა დიდ სპორტში ერთწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, რომელიც ანტიდოპინგური წესების სამჯერ დარღვევის გამო დაიმსახურა. მას შემდეგ სპორტსმენ ქალს, რომელმაც მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუპოვებია.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here