თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციაზე ჯორჯ სოროსისა და მისი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ტერორისტებად აღიარების შესახებ აშშ–ის მთავრობის მიერ მის განსახილველად საჭირო 100 ათასზე მეტი ხელმოწერა 10 დღეში შეგროვდა. მილიარდერსა და “ხალხებზე მზრუნველ ფილანტროპს” ამერიკელები აშშ–ის კონსტიტუციური წყობილებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში ადანაშაულებენ. საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ აშშ–ის ადმინისტრაცია ვალდებულია, განიხილოს პეტიცია.
სოროსი ბევრს სძულს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას, მაგალითად, აშშ-ის, სადაც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს; სძულთ უნგრეთსა და ისრაელშიც, რომლებიც სოროსისთვის მშობლიური ქვეყნებია. მეორე მხრივ, ჯორჯ სოროსი საკმაოდ ბევრ ადამიანს დაეხმარა მსოფლიოში _ ფულს აბანდებდა მეცნიერების განვითარებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლაში.
ჯორჯ სოროსი 1980-იან წლებში, უოლ-სტრიტის გაფურჩქვნის პერიოდში, თავმდაბალ მულტიმილიონერად ითვლებოდა. იმხანად ის პარტნიორ ჯიმ როჯერთან ერთად მართავდა ჰეჯფონდ (საინვესტიციო ფონდი) Quantum-ს, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი არ იყო.
სოროსმა სახელი გაითქვა 1990-იან წლებში, როცა უკვე 60 წელზე მეტის იყო. 1992 წელს მან რთული თამაში წამოიწყო ბრიტანული გირვანქა სტერლინგის წინააღმდეგ, როცა დაინახა, რომ გაერთიანებული სამეფოს ვალუტა მეტისმეტად იყო შეფასებული ამერიკული დოლარისა და გერმანული მარკის მიმართ, რადგან ბრიტანეთში ინფლაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე გერმანიაში, ისევე, როგორც რეფინანსირება. სოროსმა ბრიტანული ვალუტის დევალვაციის იმედით დაიწყო ინვესტიციების ჩადება (სულ 10 მლრდ-ის); მას სხვებმაც მიჰბაძეს, შედეგად გირვანქა სტერლინგი წნეხში მოექცა. ინგლისის ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებდნენ თავის დასაცავად, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაძლეს და დაიწყო დევალვაცია. ბრიტანეთმა დაკარგა დაახლოებით 3,4 მლრდ გირვანქა სტერლინგი, სოროსის შესახებ კი მსოფლიომ შეიტყო: ის იყო “ადამიანი, რომელმაც ინგლისის ბანკი გააკოტრა”.
სოროსი ამით არ დაკმაყოფილდა. მილიარდერის შემდეგი “მიღწევა” იყო აზიის ფინანსური კრიზისი, რომელმაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია საფონდო ბირჟის ჩამოშლა მსოფლიოში, რუსეთის დეფოლტი და ინტერნეტბიზნესის კრახი აშშ-ში. ყველაფერი კი 1997 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ტაილანდური ვალუტა ბატის კურსის დასაცემად სოროსმა გაიღო თავისი ფინანსური რესურსის მეხუთედი _ მილიარდზე მეტი დოლარი. ტაილანდის ბანკის შესაძლებლობები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ინგლისის ბანკისა და ბატი მალე დაეცა. დაიწყო ჯაჭვური რეაქცია აღმოსავლეთ აზიაში კორეიდან ინდონეზიამდე, ამასთანავე, სოროსის ხელშეწყობით გაუფასურდა მალაიზიური რინგიტიც. სწორედ მაშინ გაისმა პირველი ბრალდება სოროსის, როგორც არა მხოლოდ საინვესტიციო აფთრის, რომელიც სხვების უბედურების ხარჯზე მდიდრდებოდა, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების შესახებ. სოროსის წინააღმდეგ გაილაშქრეს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, მალაიზიის პრემიერმინისტრმა მაჰათჰირ მოჰამადმა (ცნობილი რეფორმატორი, რომელმაც ქვეყანაში ეკონომიკური ბუმი უზრუნველყო). მან განაცხადა, რომ სოროსმა ბატისა და რინგიტის კურსი კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დასცა დაესაჯა ასეანის (სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოების ასოციაცია) ქვეყნები იმისთვის, რომ თავიანთ რიგებში მიიღეს მიანმა, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
ნობელის პრემიის ლაურეატი წინააღმდეგია
მილიარდერს შეუტია ეკონომიკური მეცნიერების გურუმ, ნობელის პრემიის მომავალმა ლაურეატმა (2008 წელს) პოლ კრუგმანმა, რომელმაც შემოიღო ტერმინი “სოროსები”. ამ ტერმინით ის აღნიშნავდა სპეკულანტებს, რომლებიც ეწეოდნენ ბაზრების მანიპულაციას, იწვევდნენ კრიზისებს მსოფლიოში და ქვეყნების ეკონომიკებს უფსკრულისკენ მიაქანებდნენ. თვითონ სოროსს კი კრუგმანი კიდევ ერთ ბრალდებას უყენებდა: კავშირების გამოყენებას ინსაიდერული ინფორმაციის (კომპანიის სამსახურებრივი, არასაჯარო ინფორმაცია) უსინდისოდ მოპოვების მიზნით.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო დიდი საფრთხობელა ხდებოდა სოროსი მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის. 1980-იანი წლებიდან მილიონერმა დაიწყო ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამ არასამთავრობოების ნაწილი პოლიტიკურად ნეიტრალური იყო, მაგრამ მეორე, უფრო დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, რაც მათი ოპონენტების გაღიზიანებას იწვევდა.
ბირჟიდან პოლიტიკაში
სოროსის შემდგომი სკანდალები დაკავშირებულია პოლიტიკასთან. 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სოროსმა დიდძალი ფული დადო ფსონზე, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება დიდ ზარალს განაცდევინებდა ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებს, მაგრამ თვითონ განიცადა უზარმაზარი ზარალი (მილიარდის ოდენობით). როგორც ჩანს, სოროსს ალღომ უმტყუნა. ის ვერ იტანდა დონალდ ტრამპსა და მის მომხრეებს, მათაც შესაბამისად უპასუხეს გაანადგურეს თავიანთი მხარდამჭერი გამოცემების ფურცლებზე. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჭეშმარიტება, რომ ბიზნესში ემოციების ადგილი არ არის.
უკვე მიმდინარე წელს სოროსი დაადანაშაულეს დაფინანსებაში ანარქისტებისა, რომლებმაც კალიფორნიის უნივერსიტეტში ტრამპის მომხრეების გამოსვლა ჩაშალეს, მანამდე კი სოროსს წაუყენეს პრეტენზიები ტრამპის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციების დაფინანსებაში.
სახელმწიფოების მტერი
აშშ შეუერთდა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც სოროსს ომი გამოუცხადეს ანტიეროვნული მოღვაწეობის გამო. ასეთი სახელმწიფოები კი ცოტა არ არის. სიაში პირველია სოროსის სამშობლო უნგრეთი, სადაც პერსონა ნონ გრატაა და მასზე ძებნაა გამოცხადებული; მიზეზი მილიარდერის აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც მიმართულია უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის დამხობისკენ. ორბანი სოროსს 2015 წელს დაუპირისპირდა ევროპაში იმიგრაციულ პროცესებზე თვალსაზრისის გამო ორბანი მიგრანტების გააფთრებული მოწინააღმდეგეა.
უნგრეთის მთავრობამ მილიარდერი ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მეშვეობით ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. სოროსის ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ამ ორგანიზაციების შესაძლებლობებს, გავლენა იქონიონ პოლიტიკაზე.
სოროსს აკრიტიკებს ისრაელიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას ძველი ანგარიშები აქვს მილიარდერთან. ეს, უწინარესად, არის სოროსის მხარდაჭერა ნეოლიბერალური ორგანიზაციებისადმი, რომლებიც, ისრაელის ოფიციოზის აზრით, თანაუგრძნობენ პალესტინელებს და ამით საფრთხეს უქმნიან ისრაელის სახელმწიფოებრიობას.
ისრაელში კარგად ახსოვთ 1990-იან წლებში სოროსის რეპლიკა: “მე არა მხოლოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ებრაელებს ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფო, არამედ, უბრალოდ, არ მსურს, რომ მისი ნაწილი ვიყო”. ამასთანავე, სოროსს არაერთხელ განუცხადებია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ანტისემიტიზმი გამოწვეულია თვით ისრაელის პოლიტიკით.
სოროსისადმი გლობალურ სიძულვილზე საუბრისას შეუძლებელია, არ გავიხსენოთ რუსეთი, სადაც მილიარდერის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებად გამოაცხადეს. ეს მოხდა 2015 წელს.
არაერთხელ გაულანძღავთ სოროსი ე.წ. ფერადი რევოლუციების მხარდაჭერისთვის. 2016 წელს ჰაკერებმა გატეხეს სოროსის ფონდის სერვერი და პორტალ DCLears.com-ზე გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფინანსური მაგნატი დაკავშირებული იყო ე.წ. ფერად რევოლუციებთან და სახელმწიფო გადატრიალებებთან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში (ევრომაიდანი), იუგოსლავიასა და საქართველოში, თუმცა სოროსი უარყოფს მონაწილეობას საქართველოში ხელისუფლების შეცვლაში 2003 წელს.
ამასთანავე, ჰაკერებმა გამოაქვეყნეს სია სოროსის მიერ დაფინანსებული იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ეწევიან აშშ-ისთვის მიუღებელი პარტიების დისკრედიტაციასა და მათ წინააღმდეგ საინფორმაციო ომი აქვთ გაჩაღებული. ეს სია, ცნობილი ევროპის პოლიტიკური წრეებისთვის, 21-გვერდიანია.
“ვიკილიქსის” მტკიცებით კი, ჯორჯ სოროსის ფონდი და USAID-ი (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში.
ამ ყველაფრის შედეგად ჯორჯ სოროსი, XX საუკუნის ერთ–ერთი წარმატებული მოთამაშე საფონდო ბაზრებზე და ღია საზოგადოების მომხრე, ბევრმა შეიძულა, მათ შორის, გავლენიანმა კონსერვატორმა პოლიტიკოსებმაც. მემარცხენეებისთვის კი სოროსი კლასიკური მაგალითია კორუფციაში ჩაფლული უპრინციპო კაპიტალისტისა, რომელსაც თითის დაქნევით შეუძლია ხალხები გააღატაკოს და აქ ფილანთროპია სოროსს ვერაფერში დაეხმარება. ის ამერიკელი ანარქისტები, რომლებიც სოროსის ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულნი, ერთ–ერთ აქციაზე ტყუილუბრალოდ არ გაჰყვიროდნენ: “სოროს, სოროს, სად არის ჩვენი ფული?”
მომზადებულია უცხოეთის მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული
მასალების მიხედვით
კართაგენი უნდა დაეცეს /კ.შანელი/