Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ მოუწყვეს კვირიკაშვილს საჯაროდ გაროზგვის სეანსი?

რატომ მოუწყვეს კვირიკაშვილს საჯაროდ გაროზგვის სეანსი?

3707

სავარაუდოდ, კვირიკაშვილმა გააკეთა რაღაც ისეთი, რაც ივანიშვილის ღირებულებათა სისტემაში შეფასდა, როგორც მძიმე შეცდომა

13 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ; მისი ადგილი მამუკა ბახტაძემ დაიკავა. გასულ კვირას ყველა ცდილობდა, გაერკვია, რატომ მოხდა საკადრო ცვლილებები სწორედ ახლა და ამ ფორმით.

 კვირიკაშვილმა თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილზე ნახევარი წლით მეტი (სულ 2-ნახევარი წელი) დაჰყო. საინტერესოა, რომ სწორედ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი კომენტატორი მის გადადგომაზე ისე საუბრობდა, თითქოს ეს, გადაწყვეტილი თუ არა, დიდად სავარაუდო იყო. ზოგიერთი მათგანი ამ თემას პირველად ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეეხო, თუმცა უმრავლესობა _ გასული წლის ნოემბერში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარია, ხოლო ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა. სახელისუფლო პროპაგანდამ მათი დაჩქარებული “რასკრუტკა” დაიწყო და მალე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კვირიკაშვილს სწორედ ერთ-ერთი მათგანი შეცვლის, ფართოდ გავრცელდა.

2017 წლის დეკემბერში კვირიკაშვილის ძველმა მეგობარმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მისი სიძის ფირმას ერთ-ერთი ტენდერის დროს უსამართლოდ მოექცნენ და მთავრობის მუშაობა მწვავედ გააკრიტიკა. ეს, ერთი შეხედვით, ლოკალური ინციდენტი იყო, თუმცა მას საინტერესო ქვეტექსტი ჰქონდა _ გაჩეჩილაძე, სავარაუდოდ, არ დაუპირისპირდებოდა კვირიკაშვილს ამ ფორმით, თუ ეცოდინებოდა, რომ ამით ივანიშვილს აწყენინებდა.

წლის პირველ კვარტალში მსჯელობამ კვირიკაშვილის გადადგომაზე ლამის საყოველთაო ხასიათი მიიღო და 30 მარტს პრემიერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელს არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ”. მის გადადგომამდე თვე-ნახევარი რჩებოდა.

თუ რატომ გაიწელა პაუზა, სხვადასხვა ვერსია არსებობს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, საკადრო კარუსელი პოლიტიკაში მის დაბრუნებამდე დატრიალებულიყო. შემდეგ დაიწყო “ბასიანის” კლუბთან დაკავშირებული ხმაურიანი მოვლენები; შემდეგ (21-23 მაისს) კვირიკაშვილი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, იმ კვირის ბოლოს კი პირველი რესპუბლიკის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. პრემიერმინისტრის შეცვლა ასეთ მომენტში გარკვეულწილად უხერხული იყო. 31 მაისს დაიწყო 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის გამოძიების გამო გამოწვეული კრიზისი. მის პირველ დღეებში მთავარი პროკურორის შემდეგ პრემიერის გადადგომა ხელისუფლების ჩამოშლის შთაბეჭდილებას შექმნიდა და, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხული იყო. შემდეგ “ნაცმოძრაობა” პროცესებში ღიად ჩაერთო და ამის გამო მომიტინგეთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო, ხოლო 10-11 ივნისის აქციები ისეთი მცირერიცხოვანი იყო, რომ ორგანიზატორებს, ტაიმ-აუტის აღების გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩათ. 12 ივნისს გაიმართა “ქართული ოცნების” ლიდერების შეკრება, 13-ში კი კვირიკაშვილი გადადგა.

მედიის და სოციალური ქსელების პროსახელისუფლო სეგმენტში ბოლო პერიოდში ტრიალებდა სამი, მეტ-ნაკლებად კონსპიროლოგიური ვერსია იმ “შეთქმულებებზე”, რომლებშიც თითქოს მონაწილეობდა ყოფილი პრემიერი.

პირველი _ ანონიმური წყაროები ბრალს სდებდნენ, რომ აპრილის შუა რიცხვებში ის აქტიურად ცდილობდა, გაეღვივებინა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის “ბუნტი” ირაკლი კობახიძისა და მის გარშემო გაერთიანებული ჯგუფის წინააღმდეგ;

მეორე ბრალდება ეხებოდა მსხვილ ბანკირებთან ალიანსის შექმნის მცდელობას _ ისინი თითქოს შეშფოთებულნი იყვნენ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივით, რომელიც ბანკების მადის მოთოკვას ითვალისწინებდა; საუბრობდნენ იმაზეც, რომ ის ცდილობდა, ბახტაძისა და გახარიას წინააღმდეგ ტაქტიკურ ალიანსში ჩაერთო დიმიტრი ქუმსიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს შორის სერიოზული უთანხმოება უნდა არსებულიყო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გავლენის სფეროს აგრესიული გაფართოება დაიწყო.

ეს ორი ვერსია გამყარებულია მხოლოდ ვარაუდებით და არა ფაქტებით. რაც შეეხება მესამეს _ იმის თაობაზე, რომ კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი ცდილობდნენ, ეპოვათ შეხების წერტილები ოპოზიციასთან “ივნისის კრიზისის” დროს, აქ რამდენიმე გარემოება შეიძლება საეჭვოდ მოგვეჩვენოს. 31 მაისს კვირიკაშვილი მომიტინგეებთან მივიდა, მას ბოთლები ესროლეს და სიტყვა გააწყვეტინეს, იმავე დღეს აქციაზე მისი გადადგომაც მოითხოვეს. ამან, ერთი შეხედვით, გამორიცხა კავშირი პრემიერსა და აქციების ორგანიზატორებს შორის, მაგრამ მომდევნო დღეებში კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნა სადღაც დაიკარგა, ხოლო წინა პლანზე გამოვიდა გახარიასა და წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა პოსტი დატოვა, აქციების ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას პრემიერის გადადგომა არ მოუთხოვია. არადა, მაგალითად, 1 ივნისს სარალიძემ თქვა: “დაუყონებლივ გამოვიდეს კვირიკაშვილი და გააკეთოს განაცხადი გადადგომაზე”.

ალბათ, აჯობებს შემდგომი მსჯელობა ამ ვერსიებზე კონსპიროლოგებს დავუთმოთ და გადადგომის იმ მიზეზებზე გადავიდეთ, რომლებიც საკამათო არ არის.

ერთ-ერთი იმ საიმიჯო რესურსის ამოწურვაა, რომლის ხარჯვა კვირიკაშვილმა 2015 წლის ბოლოდან დაიწყო. თავდაპირველად, ღარიბაშვილის ფონზე, ის უფრო მშვიდი, გაწონასწორებული ხელმძღვანელის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შესაბამისი მეტყველების მანერითა და ქცევის სტილით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ საზოგადოებამ დაიწყო კვირიკაშვილის სისუსტეების აღმოჩენა _ გაუბედაობა, ცუდი საკადრო პოლიტიკა (მარტო ჯეჯელავას დანიშვნა რად ღირდა), არაადეკვატურად ნელი მოქმედება კრიზისების დროს (2017 წლის ხანძრები და ა.შ.) და დაგროვილ პრობლემებთან გამკლავების უუნარობა.

 საქართველო უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს და ნებისმიერი მთავრობა, ადრე თუ გვიან, მწვავე კრიტიკის ობიექტი ხდება. ეს კადრების სწრაფი როტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რადგან ის განახლების ილუზიას ქმნის. ამასთანავე, კვირიკაშვილის მთავრობის შემთხვევაში, შეცდომებისა და გადაცდომების ავგიას თავლა საკმაოდ სწრაფად აივსო და ფიგურანტს მის გასაწმენდად აუცილებელი უნარ-ჩვევები არ აღმოაჩნდა.

შეიძლება ითქვას, რომ კვირიკაშვილი არასოდეს აკონტროლებდა მინისტრთა კაბინეტს 100%-ით. დასაწყისში იქ არსებობდა ერთგვარი ავტონომიური ანკლავი, რომელსაც კახი კალაძე ხელმძღვანელობდა და ახალ პრემიერს მასზე ზემოქმედების ბერკეტები თითქმის არ ჰქონდა. სწორედ კვირიკაშვილის პრემიერობის წლებში აღმოცენდა და გაძლიერდა მეორე _ “ქუმსიშვილის ანკლავი” ეკონომიკურ ბლოკში, განსაკუთრებით სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, რომლის შემდეგ ეკონომიკის სუპერსამინისტრო შეიქმნა. სერგეენკო, წულუკიანი, სუბარი, შემდგომ კი გახარია და ბახტაძე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებულ ფიგურებად ითვლებოდნენ, კვირიკაშვილი მათ მუშაობას მხოლოდ კოორდინაციას თუ გაუწევდა. რეალურად ის იყო სუსტი პრემიერი პასუხისმგებლობის შეზღუდული ზონით.

კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, როგორც თავად ფიგურანტი, ისე “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები, ცდილობდნენ, სიტუაცია ისე წარმოეჩინათ, თითქოს გადადგომის მთავარი მიზეზი გახდა უთანხმოება ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. სახელისუფლო პროპაგანდა განსაკუთრებულ აქცენტს “იუნისეფის” მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაზე აკეთებდა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ შესაბამისი სტატისტიკა ხელმისაწვდომი ადრეც იყო და ხელისუფლების პირველ პირებს არ გაუგიათ არაფერი ისეთი, რაც, ასე ვთქვათ, “იუნისეფამდე” არ იცოდნენ. რაც შეეხება ჰიპოთეზურ წინააღმდეგობას კვირიკაშვილის “მემარჯვენე კურსსა” და ივანიშვილის “მემარცხენე მოთხოვნებს” შორის, რომელიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, არსებობის შემთხვევაში ის, სავარაუდოდ, გაცილებით ადრე გამოიკვეთებოდა და არა 2,5 წლის შემდეგ.

 ალბათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზაქარია ქუცნაშვილის რეპლიკას, რომელიც 12 ივნისის სხდომას ესწრებოდა: “ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია, არ მინახავს”. ამ ინფორმაციას კერძო საუბრებში ადასტურებენ სხვა წყაროებიც. სავარაუდოდ, კვირიკაშვილს უნდა გაეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც ივანიშვილის ღირებულებათა სისტემაში შეფასდა, როგორც მძიმე შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო გაროზგვის სეანსს, ალბათ, არ მოუწყობდა.

“ნაცმოძრაობა” ცდილობს, სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, რომ სწორედ მისმა ზეწოლამ “ქუჩიდან” აიძულა კვირიკაშვილი, გადამდგარიყო. 3,10 და 11 ივნისი მიტინგების მცირე მასშტაბის გათვალისწინებით (იმ დღეებში “ნაცმოძრაობა” აქციებს ღიად შეუერთდა) ეს ერთობ სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა გარკვეული კავშირი შეიძლება მართლაც არსებობდეს. პრობლემა არის ის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ აღიქვა და “გაატარა” არაერთი სიგნალი, რომლებიც ნათლად მიუთითებდა, რომ ამ მიმართულებიდან “ქართულ ოცნებას” კრიზისი უახლოვდება. ამაზე პასუხისმგებელია კვირიკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე ვთქვით, “სხვისი ეპარქიების” საქმეებში რეალურად ვერ ერეოდა. მთლიანობაში კი, დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების გამო დაწყებული კრიზისი იქცა დადასტურებად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ სისტემური რეფორმები, კეთილი ნებიდან თუ არა, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე უნდა გაატაროს. ამ მისიას კი ივანიშვილი კვირიკაშვილს ვერ დააკისრებდა, როგორც მისი შეცდომებიდან, ისე პოლიტიკური უნარების უკმარისობიდან გამომდინარე.

 დიმიტრი მონიავა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here