Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ იმარჯვებს მაკრონი?

რატომ იმარჯვებს მაკრონი?

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამწინ!” (8 მაისიდან მასწინ, რესპუბლიკა!” ეწოდება) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და, მოკავშირედემოკრატიულ მოძრაობასთანერთად, 577 სადეპუტატო მანდატიდან 350 მიიღო. ამ შედეგმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ სიტუაცია ფრანგულ პოლიტიკაში ძირეულად შეიცვალა.

საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთს მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციები ცვლიდნენ. სისტემა ათწლეულების განმავლობაში ორპოლუსიანი იყო, დღეს კი საუბარია მინიმუმ ოთხ ძირითად ძალაზე – რესპუბლიკელებთან და სოციალისტებთან ერთად, ავანსცენას იკავებენ ლე პენის “ეროვნული ფრონტი” და მაკრონის პარტია, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ საერთოდ არ არსებობდა. მართალია, ჟან-ლუკ მელანშონის “დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა” ვერ აჩვენა საპარლამენტო არჩევნებში ისეთივე დამაჯერებელი შედეგი, როგორც მისმა ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ძალად რჩება. ლიდერი პარტიების კრიზისის ფონზე გავლენა შეიძლება სხვა “მცირე პარტიებმაც” გაზარდონ. ყველასთვის აშკარაა, რომ ორპოლუსიანი სისტემა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ექსპერტებს უჭირთ იმის განსაზღვრა, რა მიმართულებით მიექანება ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი.

ძველი პარტიებისგან გადაღლის ტენდენცია გავრცელებულია მსოფლიოში. ამომრჩეველი ხედავს, რომ პოლიტიკური გაერთიანებები დეიდეოლოგიზაციას განიცდიან და ოდესღაც დაპირისპირებულ ძალებს შორის ზღვარი მნიშვნელოვანწილად იშლებაამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ რესპუბლიკელები და სოციალისტები საფრანგეთში, რესპუბლიკელები და დემოკრატები შეერთებულ შტატებში და .. ამავე დროს, სწორედძველი პარტიებიაღიქმებიან გაუმაძღარი და თვალთმაქცი ბიუროკრატიის სამჭედლოდ. ამომრჩეველი ალტერნატივას ითხოვს და მაკრონის წარმატების საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოთხოვნას კარგად გააზრებული პასუხი გასცა.

მაკრონის პარტია ხაზგასმით ცენტრისტულია და თავისუფლად იყენებს როგორც მემარცხენეების, ისე მემარჯვენეების საუკეთესო იდეებსა და ლოზუნგებს. საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა, იმ ოლქებში, რომლებშიც “მაკრონისტები” მემარჯვენეებს უპირისპირდებოდნენ, არა მხოლოდ ცენტრისტები, არამედ მემარცხენეების უმრავლესობა ხმას მათ აძლევდა. ანალოგიური რამ ხდებოდა მაშინაც, როდესაც მთავარი, მეორე ტურში გასული ოპონენტი სოციალისტი იყო. მეტიც, ზოგ შემთხვევაში “მაკრონისტი” კანდიდატების სასარგებლოდ ხმას აძლევდნენ მათი ოპონენტების თანაპარტიელებიც კი, თუ ის სხვა ფრაქციას ეკუთვნოდა.

საქმე ისაა, რომ ყოფილმა მინისტრმა და როტშილდების საინვესტიციო ბანკირმა, ემანუელ მაკრონმა, მომგებიანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პრემიერმინისტრის პოსტი ქალაქ ჰავრის მერს, ედუარდ ფილლიპს, შესთავაზა. საპრეზიდენტო არჩევნებში ის მხარს ალენ ჟიუპეს უჭერდა და მის კამპანიას ხელმძღვანელობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის რესპუბლიკელების შიდაპარტიულ პრაიმერში ფრანსუა ფიიონთან დამარცხდა, სხვა კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი თქვა. როდესაც მაკრონმა პრემიერმინისტრობა შესთავაზა, მან საუბარი იმაზე დაიწყო, რომ რესპუბლიკელები შეურიგებელ ოპოზიციაში არ უნდა გადავიდნენ, არამედ საზოგადოების გახლეჩის დასაძლევად პრეზიდენტს მხარში ამოუდგნენ. ამ იდეების გასაძლიერებლად მაკრონმა კიდევ ორი პორტფელი (ეკონომიკის მინისტრისა, ასევე, სახელმწიფო პოლიტიკისა და ბიუჯეტის მინისტრის) ორ რესპუბლიკელ კანდიდატს შესთავაზა. ამავე დროს, მთავრობაში სოციალისტური პარტიის ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები შეიყვანა. ხაზგასმით ზეპარტიული კაბინეტის ფორმირებამ ამომრჩევლები დააბნია. ისინი, ვინც მიიჩნევდა, რომ მათი პარტია ახალ პრეზიდენტს ხისტად უნდა დაუპირისპირდეს, უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ჰარისისგამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელთა მხარდამჭერების 88% მთავრობაში მათი პარტიის წარმომადგენლების შესვლას მოწონებით შეხვდა. ამის შემდეგ მაკრონმა კიდევ ერთი ძლიერი სვლა გააკეთა: მან არ დააყენა კანდიდატები 51 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც კენჭს იყრიდნენ მისი პოტენციური მოკავშირეები, როგორც სოციალისტური პარტიიდან, ისე მემარჯვენეთა ბანაკიდან. ამორმაგმა დარტყმამსერიოზული შედეგი გამოიღო და ორივე წამყვანი პარტიის შიგნით დესტრუქციული პროცესების პროვოცირება მოახდინა.

რესპუბლიკელების ლიდერები სამ ჯგუფად დაიყვნენ. ჟიუპემ, ფილიპმა და მათმა თანამოაზრეებმა ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ამავე დროს, ჩამოყალიბდა “შეურიგებელი” და “კონსტრუქციული” ოპონირების მოსურნეთა ჯგუფები. შიდაპარტიულმა დისკუსიამ, რომელიც დრო და დრო მწვავე კონფლიქტს ემსგავსებოდა, ნამდვილად არ შეუწყო ხელი რესპუბლიკელთა ამომრჩევლების კონსოლიდაციას 11-18 ივნისის არჩევნების წინ.

სოციალისტური პარტია ღრმა კრიზისშია. ყოფილი პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი ღიად აცხადებს, რომ მას და მის თანაპარტიელებს “აღარაფერი აერთიანებს” და პარტიას “აღსასრული დაუდგა”. რაც შეეხება “ეროვნულ ფრონტს”, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მან პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა, მის წიაღში ორი ფრაქცია ჩამოყალიბდა _ რადიკალური და ზომიერი. პირველს მარინ ლე პენის მოადგილე ფლორიან ფილიპო ხელმძღვანელობს, რომელიც ევროკავშირიდან გასვლას, ევროზე უარის თქმას და რადიკალური იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებას ემხრობა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ფილიპომ შეიძლება “ეროვნულ ფრონტში” განხეთქილების პროვოცირებაც კი სცადოს.

კიდევ ერთი ძლიერი სვლა, რომელიც მაკრონმა გააკეთა, სამოქალაქო აქტივისტების რეკრუტირებაა. მისი პარტიის დეპუტატობის 400-ზე მეტი კანდიდატიდან მხოლოდ 50 პროფესიონალი პოლიტიკოსია, რომელთაც არჩევით ორგანოებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ამომრჩევლეთა გადაღლა “ძველი სახეებისგან”, შესაბამისი რიტორიკისგან და პოლიტიკისგან. ეს ფაქტორი ხელს უწყობს ამომრჩეველთა აქტიურობის შემცირებასაც _ 2002 წელს არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 64,41%-მა მიიღო, 2007 წელს – 60,44%-მა, 2012 წელს _ 57,22%-მა, წელს კი _ მხოლოდ 48,71%-მა (მეორე ტურში 42,64%-მა). ეს ყველა დროის ანტირეკორდია. მარინ ლე პენმა მას კატასტროფა უწოდა, შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა კი განაცხადა, რომ ესსხვა არაფერია, თუ არა მეხუთე რესპუბლიკის მოქალაქეთა ნდობის კრიზისი ხელისუფლების მიმართ”.

ოპონენტების დასუსტების ფონზე მაკრონმა მიიღო ის სასტარტო პირობები, რომლებიც ადრე მხოლოდ შარლ დე გოლს თუ ჰქონდა ხელისუფლებაში დაბრუნების და მეხუთე რესპუბლიკის დაარსების პერიოდში. თუმცა გარკვეული პრობლემები მას უკვე შეექმნა.

მაკრონის პარტიის გენერალურ მდივან რიშარ ფერანს, რომელიც მთავრობის შემადგენლობაში შევიდა, ქონების არენდასთან დაკავშირებულ მაქინაციებში ადანაშაულებენ. ამასთანავე, პრესაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ დეპუტატობის პერიოდში მან თანაშემწის პოზიციაზე საკუთარი ვაჟიშვილი დაასაქმა. შემდეგ “მონდმა” გამოაქვეყნა მასალა, რომ ფერანი კერძო კომპანიის ხელმძღვანელობას პოლიტიკურ კარიერას უთავსებდა, აგრეთვე, არასწორად შეავსო ქონებრივი დეკლარაცია. 1 ივნისს პროკურატურამ ამ ფაქტების შესწავლა დაიწყო.

მაკრონმა ამ საქმისგან დისტანცირება ამჯობინა, თუმცა ფერანის მიმართ ნდობა გამოხატა. ამის შემდეგ გაზეთებში გაჩნდა პუბლიკაციების სერია მაკრონის პარტიის 7 კანდიდატის გადაცდომების შესახებ. ხელისუფლებამ ამ შეტევას ახალი კანონპროექტის პრეზენტაციით უპასუხა, რომელიც “პოლიტიკური ცხოვრების მორალიზაციას” და ინტერესთა კონფლიქტის მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. ის იუსტიციის მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ წარმოადგინა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბაირუ თავად გაეხვია სკანდალში, როდესაც “რადიო ფრანსის” საგამოძიებო განყოფილების უფროსთან დარეკა, ჟურნალისტებს მუშაობის “მომაბეზრებელი მეთოდები” დაუწუნა და განაცხადა, რომ ამას შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვეს. მოგვიანებით ბაირუმ თქვა, რომ დარეკა რედაქციაში “არა როგორც მინისტრმა, არამედ, როგორც მოქალაქემ”. იყო კიდევ ორი, ჟურნალისტებთან დაკავშირებული სკანდალი: “ლიბერასიონის” ერთ-ერთი პუბლიკაციის შემდეგ, შრომის მინისტრმა მიურიელ პერიკომ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, ხოლო “რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე” და მასმედიის 15 საშუალების ჟურნალისტებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მალიში მაკრონის გამგზავრების წინ თანმხლები ჟურნალისტები საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩია. თითოეული ეპიზოდი, ერთი შეხედვით, კატასტროფული არაა, თუმცა მთლიანობაში ცუდ საინფორმაციო ფონს ქმნის და ახალი ხელისუფლების მედიასთან დაპირისპირებას აღრმავებს. ამან მაკრონს ისეთივე პრობლემები შეიძლება მიუტანოს, როგორიც დონალდ ტრამპს.

მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა მოღვაწეობა ელისეს სასახლეში მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დაბალი ნდობის რეიტინგით დაიწყო (45% “ელაბე”-ს მონაცემებით), მას ჯერ კიდევ აქვს საკმაო რესურსი იმისთვის, რომ სისტემური რეფორმები გაატაროს, რაც მის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. დღეს საფრანგეთი სამი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას. ესენია: პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი და ეროვნული იდენტობის კრიზისი. შრომის კოდექსის რეფორმა და ლტოლვილების მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავება ახალი პრეზიდენტისა და მთავრობისთვის ტესტის როლს შეასრულებს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მეტნაკლებად წარმატებით ჩააბარებენ, პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაცია აშკარად გაუჭირდებათ. ძველი სისტემის ნანგრევებზე ახალი პარტიებისა და ალიანსების გაჩენა, მოულოდნელი კომბინაციების გათამაშება, სავარაუდოდ, კიდევ საკმაო ხანს გაგრძელდება. ფრანგული პოლიტიკის შემდგომი დესტაბილიზაცია, დიდი ალბათობით, გაგრძელდება და ამ მხრივ მაკრონისა და მისი პარტიის გამარჯვება დიდად არაფერს ცვლის.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here