Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ვერ ჭამა სამართალმა პური?

რატომ ვერ ჭამა სამართალმა პური?

ივანიშვილი, სააკაშვილი, ჯაფარიძე

თითქმის ყოველკვირა, “ჩვეულებრივდანაშაულთან ერთად, საქართველოში ხდება ერთი ან რამდენიმე რეზონანსული შემთხვევა, რომელიც შეახსენებს საზოგადოებას, რომ ის უსაფრთხო გარემოში არ ცხოვრობს, მეტიც: უბიძგებს, დაასკვნას, რომ სიტუაცია უარესდება. გასულ კვირას განსაკუთრებული ყურადღება ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობამ მიიპყრო, აგრეთვე, კახეთში მომხდარმა ფაქტმა, შვილმა 91 წლის დედა ნაჯახით რომ მოკლა. ხშირად დეტონატორის როლს საზოგადოებრივი აზრისთვის მეუღლეების კონფლიქტის შედეგად მომხდარი ტრაგედია ასრულებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სახელმწიფოში რაღაც უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა, როგორც წესი, ვერ ვაყალიბებთ, რას მოვითხოვთ კონკრეტულად.

პარადოქსულია, მაგრამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საკმაოდ კარგ, ხშირად კი შესანიშნავ პოზიციებს იკავებს. ამავე დროს, მოსახლეობა აშკარად უკმაყოფილოა, ქვეყანაში დანაშაულის ზრდასა და ქაოსზე საუბრობს. სტატისტიკა კი უარესდება _ 2017 წელს დანაშაული 2016 წელთან შედარებით 5,4%-ით გაიზარდა (37 944 და 35 997 შესაბამისად). შსს მონაცემებით, 2016-ში გაიხსნა რეგისტრირებული დანაშაულის 57,4%, ხოლო 2017-ში _ 53,4%. დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ 11,9%-ით გაიზარდა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ _ 14,8%-ით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ 23,2%-ით და .. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში მაჩვენებლები ასე შეიცვალა, მორიგი საკადრო კარუსელის დროს მადლობა გადაუხადეს, პრემიერმინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დანიშნეს. მან საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ ცენტრს უნდა უხელმძღვანელოს.

“ქართული ოცნების” გულშემატკივრები ხშირად ამბობენ, რომ ახალ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც ზოგი მათგანი მომავალ პრემიერმინისტრად თვლის, მუშაობა უნდა ვაცალოთ და არ გავაკრიტიკოთ, თუმცა ამ მორატორიუმის გონივრული ვადები, ალბათ, უკვე ამოიწურა. არის მონაცემები, რომლებიც 2017 და 2018 წლის იანვრის შედარების შესაძლებლობას გვაძლევს. დანაშაული გაიზარდა 22,98%-ით (4410 და 3586 შემთხვევა შესაბამისად), ხოლო გახსნის მაჩვენებელი 38,48%-დან 29,52%-მდე შემცირდა. სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 39,62%-ით გაიზარდა (222 და 159 შემთხვევა), გახსნის პროცენტი 9,43-დან 5,41-მდე შემცირდა. იმატა ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა. ეს იანვრისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებლებია მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა.

საქართველოში ყველა დანაშაული როდი რეგისტრირდება. მაგალითად, ღამით მანქანებიდან ნაწილების მოხსნა ლამის ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა, მაგრამ მძღოლების დიდი ნაწილი პოლიციას არ მიმართავს; თუნდაც ავიღოთ ჯიბის ქურდობისა და სხვაშედარებით მსუბუქიდანაშაულის შემთხვევები. ამასთანავე, საზოგადოება ტრადიციულად ნაკლებ ყურადღებას აქცევს ციფრებს და მით უმეტეს დათვლის ან კვლევების ჩატარების მეთოდოლოგიას და, ძირითადად, საკუთარი დაკვირვებითა და შეგრძნებებით ხელმძღვანელობს. მოქალაქეების უმრავლესობა მიუთითებს იმაზე, რომ კრიმინოგენული ფონი გაუარესდა, ხოლო ფსიქოლოგიური დამძიმდა.

არის ერთი გარემოება, რომელიც ამ მიმართულებით მთავრობის კრიტიკას აფერხებს _ დანაშაულის ზრდაზე საუბარი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთერთი საყვარელი თემაა. თავის მონოლოგებში ისინი სიტუაციას ისე წარმოაჩენენ, თითქოს სააკაშვილის დროს დანაშაული საერთოდ არ ხდებოდა, ხოლო შსს გესტაპოს ფუნქციებს არ ითავსებდა. ბუნებრივია, ყველას როდი სურს, რომ ხელისუფლება მათთან უნისონში გააკრიტიკოს და ნაცების (ან ნეონაცების) გვერდით თუნდაც ამ ფორმით გამოიხატოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს გაღიზიანება ქრება, პირიქით _ ის გროვდება და შეიძლება მოულოდნელად ამოხეთქოს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ბევრს ერთადერთ შესაძლებელ ტაქტიკად პოლიციური ტერორის გაძლიერება მიაჩნია. ნაწილი უკვე თანახმაა, მას დაუჭიროს მხარი, ნაწილი კი _ ორჭოფობს. ალბათ, ეს გზა საზოგადოებასა და ქვეყანას ისევ კრიზისამდე მიიყვანს, როგორც სააკაშვილის მმართველობის წლებში მოხდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ალტერნატიულ მეთოდებზე ძალიან იშვიათად და ჩუმად ესაუბრება. დისკუსია შსს-ს რეფორმასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.

საერთოდ, სხვა ღარიბ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა არც ისე ცუდია, მაგრამ ის თანდათან უარესდება. ამასთანავე, სულ უფრო ხშირია ისეთი დანაშაული, რომლის დროს უაზრო სისასტიკე ვლინდება _ მრავლობითი ჭრილობებით, მსხვერპლის სასტიკი ცემით ან წამებით და ..

საინტერესოა, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2015 წელთან შედარებით პატიმრების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ევროპაში პატიმრების რაოდენობით (256,3) 100 ათას მოსახლეზე.

კამათი ამ თემაზე, როგორც წესი, ზოგადი დასკვნით სრულდება, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: სანამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, დიდად არაფერი შეიცვლება და ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ უმნიშვნელოდ დაწიოს დანაშაულის დონე მკაცრი, ხანდახან კი სასტიკი მეთოდების გამოყენებით. ამ დროს, როგორც წესი, გვავიწყდება სხვა ფაქტორები _ კანონის უზენაესობა და საზოგადოების შეუწყნარებლობა დანაშაულის მიმართ.

როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ვიღაცას მილიონების მოპარვა შერჩა, ხოლო მკვლელი ციხიდან მალევე გამოვიდა, ის არ მოითხოვს ქათმის ან ჯართის ქურდის მკაცრ დასჯას; მეტიც: საკუთარ (და მით უმეტეს ნათესავის) დანაშაულს გამართლებას გაცილებით იოლად მოუძებნის. სისტემა, რომელშიც ადამიანის პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულზე მისი სოციალური სტატუსის მიხედვით იცვლება, არსებითად ფეოდალურია.

ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ საზოგადოება ამას შეეგუა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ძალიან ძვირი დაუჯდა, და მისი მკვლელების (თუ მათი მფარველების) დასჯის მოთხოვნა, რომელმაც უამრავი ადამიანი გააერთიანა. მართალია, თავიდან პროტესტი არც ისე მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ თანდათან გაფართოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა, სისტემურ დანაშაულში ჩართული მაღალჩინოსნები რეალურად არ დასჯილან. ხელისუფლებამ არ შექმნა პრეცედენტი, რომელიც მომავალში შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენონ. თუ, მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომელსაც (ალბათ, უფრო სიმბოლურად) 3 წელი მიუსაჯეს, ამ საქმეში დამნაშავე სხვა არავინ იყო?

საზოგადოებამ ძალიან მძიმედ აღიქვა 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობა. თუ გადავხედავთ ამ საქმესთან დაკავშირებულ ბოლო დროინდელ პუბლიკაციებს და კომენტარებს სოციალურ ქსელებში, ვნახავთ, რომ უმრავლესობას ერთი თემა აერთიანებს _ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით შეიძლება პასუხი არ აგონ, კავშირებმა და ფულმა შეიძლება მდგომარეობა არსებითად შეცვალოს. ეს მოლოდინი შეიძლება უსაფუძვლო გამოდგეს, მაგრამ მისი გაჩენა სავსებით ლოგიკურია, რადგან მსგავსი რამ არაერთგზის მომხდარა.

როდესაც ელიტა, რომელიც ქვეყანას უსამართლობაში აცხოვრებს, რიგითი მოქალაქეებისგან პატრიოტიზმისა და დისციპლინის გამოვლენას ან თუნდაც სამართალდამცველებთან თანამშრომლობას მოითხოვს, სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. ზოგიერთი კომენტატორი წერს, რომ ქართველებს რაღაც მენტალური პრობლემები აქვთ, რომელთა გამო დანაშაულთან ბრძოლის საქმეში სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ, მაგრამ პრობლემა, სავარაუდოდ, ისაა, რომ მათ არ სურთ თანამშრომლობა არა სახელმწიფოსთან ზოგადად, არამედ უსამართლო, ძირგამომპალ სახელმწიფოსთან. სიცილიელების უმრავლესობა არ თანამშრომლობდა მუსოლინის ფაშისტურ დიქტატურასთან, რომელიც მაფიას ებრძოდა, და არც კორუმპირებულ ხელისუფლებებთან ომის შემდეგ, მაგრამ, როგორც კი დაინახეს, რომ სახელმწიფო გაჯანსაღდა და საქმეში ობიექტური მოსამართლეები, უშიშარი პოლიციელები და პროკურორები ჩაერთნენ, მაფიისგან დისტანცირება და სახელმწიფოს მხარში დგომა დაიწყეს. სიცილიაში მაფიის სოციალურმა და ფსიქოლოგიურმა (რაც, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია) ბაზამ შემცირება დაიწყო. შესაცვლელი კვლავინდებურად ბევრია, თუმცა ამ პროცესის ტემპი იზრდება.

ყველა პარალელი, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა ორგანიზებული (ისევე, როგორც წვრილმან) დანაშაულის მიმართ სააკაშვილი ცდილობდა, მოქცეულიყო, როგორც მუსოლინი, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება _ როგორც ომის შემდგომი იტალიის კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული, მნიშვნელოვანწილად მაფიასთან შერწყმული მთავრობები. ცხადია, ეს იმ პერიოდის ყველა იტალიელ პოლიტიკოსს როდი ეხება, იქ მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ნამდვილად შესაშური გამონათებებიც იყო. საზოგადოებამ იცის, რომ ორივე მიდგომა მანკიერია, მაგრამ ვერ პოულობს გზას, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, როგორც ეს იტალიის შემთხვევაში მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გახდება საზოგადოება შეუწყნარებელი დანაშაული მიმართ (წვრილმანი ქურდობა იქნება თუ ბიუჯეტიდან მილიონების დატაცება) და შეხედავს მას, როგორც ერთგვარ ატავიზმს. ალბათ, მხოლოდ მაშინ მოხდება პრინციპული ცვლილებები არა მხოლოდ შსს სტატისტიკაში, არამედ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. 1992 წლიდან დღემდე საქართველოს ბანდიტები მართავენ, ეს იმიტომ რომ მსოფლიოში არავითარი დემოკრატია არაა…გვაბოლებენ ადამიანებს!!! მსოფლიოს ერთი ქვეყანა სადაც დემოკრატიაა ეს არის ამერიკა. ხოლო ამერიკის საგარეო პოლიტიკა…. ეს უკვე დემონოკრატიააა ანუ 21-ე საუკუნის მონათმფლობელობა……ნუ გვაბოლებთ ოცნებავ!!! ჩვენ ვიცით ვინ ხართ თქვენ…..ყოველშემთხვევაში მართლმადიდებელი ქრისტიანები არ ხართ…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here