ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეტიც, ტურიზმის შედეგად შემოსული თანხების უდიდესი წილი მოსახლეობაზე გადანაწილდება ხოლმე, ეს კი კონკრეტული ოჯახების კეთილდღეობას უწყობს ხელს. რაც მთავარია, საქართველოში მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სეზონია. ტურისტებისთვის საქართველო ყოველთვის მიმზიდველი ქვეყანაა, მაგრამ საინტერესოა, სრულად ვიყენებთ თუ არა ტურისტულ პოტენციალს და შეიძლება თუ არა, უფრო განვავითაროთ სხვადასხვა მიმართულება? გაგიკვირდებათ და, ის, რაც ყველაზე დიდ „ფულს წერს“, ჩვენთან განვითარებული საერთოდ არ არის.
საუბარია სათევზაო ტურიზმზე, რომელსაც, მაგალითად, საფრანგეთი პირველ ადგილზე აყენებს და შემოსავალიც ეიფელის შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ სათევზაო ტურიზმიდან მოდის. მეთევზეთა უმრავლესობას ველურ ბუნებაში, მთის მდინარეებში კალმახზე თევზაობა ხიბლავს. თითო დღე 500-დან 600 დოლარამდე ღირს და, როცა ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენელს ვკითხეთ, ხელები გაასავსავა: რას ამბობ, წითელ წიგნში შეტანილ კალმახზე თევზაობა როგორ შეიძლება?! პირიქით, ვცდილობთ, ეს თევზი მოვაშენოთ და მთის მდინარეებში ყოველწლიურად ათასობით ლიფსიტას ვუშვებთო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა სახელმწიფო ზრუნავს გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე – ველურ ბუნებაში ყოველწლიურ არა მხოლოდ თევზებს უშვებენ, არამედ გნოლს, კაკაბს, ხოხობს, მაგრამ…
დავიწყოთ იმით, რომ სათევზაო ტურიზმი მთელ მსოფლიოში ერთი პრინციპით მუშაობს – მეთევზე დაჭერილ თევზთან სურათს იღებს და შემდეგ ველურ ბუნებაში აბრუნებს. ასეა ყველგან, ასე უნდა იყოს საქართველოშიც და არავის ექნება პრეტენზია, დაჭერილი თევზი არ გაუშვას. სამწუხაროა, რომ ეს სამინისტროში არ იციან და თუ იციან, ამ მიმართულებაზე არ მუშაობენ. შედეგად, ველურ ბუნებაში გაშვებული ლიფსიტები გაზრდის შემდეგ ბრაკონიერების ნადავლი ხდება და ვაი, რომ ამ პრობლემას არ და ვერ ეშველა. ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვათ, რომ ერთი შეხედვით მიუვალ ადგილებში, სადაც ავტომობილით ასვლა შეუძლებელია, ბრაკონიერები ფეხით მიდიან, დენის აპარატი მიაქვთ და ათეულობით კილოგრამ კალმახს ანადგურებენ. გარდა იმისა, რომ გარემოს დამცველები უფრო უნდა გააქტიურდნენ და გამკაცრდნენ, აუცილებელია ბაზარზე გამოტანილი თევზის კონტროლი, შესაბამისი საბუთების მოთხოვნა, საიდან არის თევზი, როგორ არის დაჭერილი. რა თქმა უნდა, წითელკოპლებიან კალმახს ბაზარზე არავინ გაიტანს, ის ჩუმად იყიდება, მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ მუცელს ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი არ გადააყოლოს?!
ცალკე თემაა გარეული ფრინველები, რომლებსაც ასევე ათასობით უშვებენ ველურ ბუნებაში და ამისთვის სამინისტროს ისევ მადლობა ეკუთვნის, მაგრამ არავის გაუჩნდა კითხვა, რატომ არ მრავლდება იმ ოდენობით გნოლი, კაკაბი თუ ხოხობი, რაც მოლოდინია და წესით, იმდენი უნდა იყოს, მათთვის თვალის მოკვრას მაინც უნდა ვახერხებდეთ. ხომ მარტივი ლოგიკაა, რომ რაღაც ან ვიღაც ამ ფრინველებს უმოწყალოდ ანადგურებს? პასუხი აქაც მარტივია – გნოლიც, კაკაბიც და ხოხობიც არ არიან ისეთი ფრინველები, ბეღურებივით ტოტიდან ტოტზე გადაფრინდნენ და თავი დაიცვან. ისინი, ძირითადად, მიწაზე მოძრაობენ, იქ ეძებენ საკვებს და ტურების მსხვერპლნი ხდებიან. შესაძლოა, ვიღაცას გაეღიმოს, მაგრამ ტურა უდიდეს პრობლემად იქცა არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს მავნებელი ცხოველი ჩვენთან ისე გამრავლდა, რომ ევროპაშიც კი გადავიდა და არაერთი ევროპული ქვეყნის თავისტკივილი გახდა. მიგრაცია კი მარტივი მიზეზით დაიწყო – აქ საკმარისი საკვები აღარ არის და სოფლების მცხოვრებლებისგანაც სულ უფრო ხშირად ისმის: ტურები ისე გათავხედდნენ, უკვე ეზოებში დადიანო. სინამდვილეში ეს, გათავხედება კი არა, შიმშილია.
„ოფიციალური მონაცემებით, ბუნებიდან 50 ათასი ტურა რომ ამოვიღოთ, ეკოსისტემა ცოტათი მაინც ამოისუნთქებს. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რისი განადგურებაც კი შეიძლება, და მოსაზრება, რომ მღრღნელებს ებრძვიან, ტყუილია. მღრღნელებს თავისუფლად უმკლავდებიან მელიები, მაგრამ ტურებმა მელიების გადაგვარებაც დაიწყეს და მათი განდევნაც. თუ ასე გაგრძელდება, ტყეში, ყვავისა და კაჭკაჭის გარდა, ფრინველი აღარ დარჩება“, – გვითხრა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ის მიზეზებიც განმარტა, რომელთა გამოც სამინისტრო ტურების ბუნებიდან ამოღებაზე თავს იკავებს.
თურმე მთავარი პრობლემა ფინანსებია. ჯერ ერთი, უნდა შეიქმნას მონადირეთა ჯგუფები, რომლებიც ტურებზე ინადირებენ. მათ უნდა გადაუხადონ შესაბამისი თანხა (საუბარია ერთი ტურის მოკვლის შემთხვევაში 80-დან 100 ლარამდე გადასახადზე), შემდეგ მოკლული ნადირი უნდა დაიმარხოს სპეციალურად გათხრილ სამარხში, რომელიც დამუშავებული იქნება და რომელსაც გარკვეული პერიოდი მაინც დასჭირდება ყარაულობა. ჰოდა, ეს ყველაფერი უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული, საუბარი მილიონებზეა და ამიტომ თავს არავინ იწუხებს. პრობლემა კი ყოველდღიურად მწვავდება და ტურების მხრიდან ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევებიც გახშირდა. რა თქმა უნდა, ზრდასრულ ადამიანს ერთი და ორი ტურა ვერაფერს უზამს, მაგრამ არასრულწლოვანი შეიძლება სერიოზულად დააზიანონ. რაც მთავარია, ნაკბენი კი არა, ნაკაწრიც კი იმას ნიშნავს, რომ ცოფზე უნდა აიცრათ, რაც არც ზრდასრულებშია სასურველი და არასრულწლოვნებში ხომ, საერთოდ, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ის, რომ უცხოელი ტურისტები ზამთარ-ზაფხულ ჩამოდიან, არ ნიშნავს, რომ ტურიზმიდან მაქსიმუმის მიღებას ვახერხებთ. მეტიც, იმის ნახევარსაც კი ვერ ვიღებთ, რაც შეგვიძლია. თევზაობაზე უკვე ვთქვით და, ამას წინათ რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა მოითხოვეს, ეგებ ისეთ ადგილზე გაგვიშვათ, სადაც ელემენტარული კომუნიკაცია არ არის და იქ 3-4 დღე დავრჩებით, ველურ ბუნებაში ვიქნებითო. გამოცდილი ადამიანის გვერდით ასეთი ტურების მოწყობაც შეიძლება და ეს 3-4 დღე 3-4 ათასი დოლარი ჯდება. ასე იხდიან სხვაგან და ასე გადაიხდიან ჩვენთანაც, მაგრამ… უფრო მარტივი ის არის, ერთი ჭიქა ყავა 20 ლარად გავყიდოთ და ტურისტები პირდაღებული დავტოვოთ: შვეიცარიულ ალპებზე ძვირი რატომ ღირს საჭმელ-სასმელი საქართველოშიო?!
სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში არსებულ პრობლემებზე არაერთხელ დავწერეთ, რომ ეს სფერო მისახედია, იქ დახარჯული თანხები ჯეროვნად არის გასანაწილებელი და შედეგი აუცილებლად მოვა. ყველაზე მარტივი – ნატურალური რძის რამდენი წერტია ტურისტულ ზონებში? – არც ერთი, ანუ არსად არის აპარატი, რომელთანაც მიხვალ, ჩააგდებ ორ თუ სამ ლარს და ერთ ლიტრ ნატურალურ რძეს მიიღებ. იცით, რამდენი ასეთი აპარატი დგას, მაგალითად, შვეიცარიის ალპებში? – ოთხასამდე; საქართველოში – არც ერთი. ეს იმიტომ, რომ აპარატი 7 ათასი ევრო ღირს და მისი ყიდვა დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ის რომ იყიდო, დიდი მეურნეობა უნდა გქონდეს, ფული რომ გემეტებოდეს და თან იმის იმედად უნდა იყო, რომ რძეს 50 ტურისტი თუ ადგილობრივი მაინც იყიდის ყოველდღიურად. თუ კარგი იქნება, თუ ხარისხიანი იქნება, თუ მართლა მისაღები ფასი იქნება, აუცილებლად იყიდიან, რადგან ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოშია და რძე კიდევ ისეთი პროდუქტია, ძალიან ბევრს უყვარს. აბა, ის არის საქმე, მაღაზიებში ერთი ლიტრი რძე, სულ ცოტა, 5 ლარი რომ ღირს და დიდი კომპანიები (რძის პროდუქტების ბაზარზე მოთამაშე მთავარ სუბიექტებზე გვაქვს საუბარი) ფერმერებისგან ერთ ლიტრს, საუკეთესო შემთხვევაში, 1,80 ლარად იბარებენ?! და ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს? სწორია – არავინ და ამიტომ ყველა თავნებობს და თავხედობს.
დღე-დღეზე გაზაფხული შემოაღებს კარს და ბუნებაც გაიღვიძებს. ყველას თავისი საქმე და სადარდებელი ექნება, მაგრამ სახელმწიფოს დახმარების იმედი ყველას არ უნდა ჰქონდეს. უამრავი პროგრამა, რომლებიც თითქოს ხორციელდება, რიგითი მოკვდავებისთვის არ არის, რადგან, სახელმწიფო თანადაფინანსებით რომ შემოვიდეს, სამი იმდენი ქონება ბანკში უნდა ჩადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია პროგრამით ისარგებლო. აგერ, სათბურების დაფინანსება დაიწყო, სახელმწიფო 50%-ს იხდის და მინიმალური 50 ათასით უნდა დაიწყო. 50 ათასად აგებული სათბური კი არ არის მომგებიანი, 150 ათასი მაინც გინდა და ამ თანხის ასაღებად ნახევარი მილიონის ქონების ჩადება მოგიწევთ, რამდენს აქვს ამის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, სურვილი, თავად განსაჯეთ.
ბესო ბარბაქაძე