გთავაზობთ Business Insider–ში გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
ვიეტნამი, გრენადაში შეჭრა, აფეთქებები ლიბანში 1983 წელს, ერაყის მეორე ომი, ლიბიაში შეჭრა 2011 წელს, ამჟამად სირია… ეს ყველაფერი ამერიკის მარცხის მაგალითებია, რომელთა მიზეზებია: პირველი _ პრეზიდენტების სტრატეგიული რაციონალური აზროვნებისა და განსჯის უუნარობა; მეორე _ საკმარისი ცოდნის უქონლობა და იმ სიტუაციაში გარკვევის უუნარობა, რომლებშიც სამხედრო ძალა უნდა იქნას გამოყენებული.
50 წლის წინათ ჯონ კენედი და ლინდონ ჯონსონი ვიეტნამის ხაფანგში აღმოჩნდნენ რაციონალური სტრატეგიული შეფასების უქონლობის გამო. საბჭოთა კავშირი არცთუ სტაბილური იყო, ჩრდილოეთ ვიეტნამი კი მსოფლიო კომუნისტური გადატრიალების მოწინავე ხაზზე არ იმყოფებოდა, მაგრამ ვაშინგტონს 10 წელიწადი და 58 ათასი ამერიკელის გაწირვა დასჭირდა თავისი ჯარების ამ ქვეყნიდან გამოსაყვანად. ამ გამანადგურებელი ომიდან რაიმე სასარგებლო დასკვნა გამოიტანეს აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტებმა? _ სამწუხაროდ, არა.
შემდგომი მარცხის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ბოლო ოთხ პრეზიდენტს, ტრამპის ჩათვლით, არ გააჩნდა საკმარისი გამოცდილება ან სტრატეგიული აზროვნების უნარი სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში. ბილ კლინტონს სხვებზე მეტად გაუმართლა: აშშ-ის პრეზიდენტად იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991 წელს სადამ ჰუსეინის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რამაც ხელი შეუწყო ამერიკის სამხედრო ავტორიტეტის აღდგენას. ამასთანავე, ეკონომიკა უკვე აღმავლობის გზაზე იდგა, მაგრამ კლინტონმა ვერ შეძლო, გამკლავებოდა “ალ ქაიდასა” და უსამა ბენ ლადენს, მან ყურადღება არ მიაქცია რუანდის ჰუმანიტარულ კატასტროფას და მხოლოდ 78 დღის შემდეგ შეძლო კოსოვოს ტრაგედიის შეჩერება.
ჯორჯ ბუშს ეგონა, რომ მისი “გათავისუფლების პოლიტიკა” და დემოკრატიის დამყარება გააუმჯობესებდა გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს ახლო აღმოსავლეთში, შედეგი 2003 წელს ერაყში შეჭრა და ამ ქვეყნის ოკუპაცია იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ამერიკის უდიდესი სტრატეგიული კატასტროფა სამოქალაქო ომის შემდგომ ისტორიაში.
ბარაკ ობამას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ეწარმოებინა “კარგი ომი” ავღანეთში და ამის პარალელურად გამოეყვანა ჯარები ერაყში “ცუდი ომიდან”. მოთხოვნამ, რომ ბაშარ ასადს დაეტოვებინა სირიის პრეზიდენტის თანამდებობა, გაამძაფრა ეს კრიზისი. ინტერვენციამ ლიბიაში 2011 წელს ბენღაზის ხალხის გადასარჩენად ქვეყანაში ქაოსი დაამკვიდრა. “სტრატეგიულმა შებრუნებამ აზიისკენ” დააფრთხო ამერიკის მოკავშირეები და გააბრაზა ჩინეთი, დადებითი შედეგი კი არ მოჰყოლია.
ტრამპის ადმინისტრაციას დღემდე არ შეუმუშავებია გონიერი სტრატეგია იმ კონფლიქტებისა და კრიზისების მოსაგვარებლად, რომლებიც ობამამ დაუტოვა; მათ შორის ისეთებისაც, როგორიც არის “აღმდგარი რუსეთი” და “ამომავალი ჩინეთი”.
რატომ არ შესწევთ უნარი პრეზიდენტებსა და მინისტრებს, იაზროვნონ რაციონალურად და სტრატეგიულად? _ აი, შეკითხვა, რომელმაც უნდა დააფიქროს ამერიკელები. 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ცოტა ამერიკელმა თუ იცოდა, რას წარმოადგენდნენ სუნიტები და შიიტები. სამწუხაროა, რომ არც ამერიკის ხელმძღვანელობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღრმად და საფუძვლიანად იყვნენ გარკვეული ისლამური სამყაროს ამგვარ ნიუანსებში, რომელთა ცოდნისა და ანალიზის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქაურ ვითარებაში გარკვევა და ძალის გამოყენების “სტრატეგიის” გამოყენება.
თუ ამ შეცდომებს გაითვალისწინებენ, ხომ კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვების შანსი არ დარჩებათ. უფრო სარწმუნოა, რომ გაიმეორებენ იმ შეცდომებს, რომლებიც თავის დროზე ვიეტნამში, ერაყსა და ლიბიაში დაუშვეს.
და დამარცხდნენ.