გაზეთმა The Washington Post–მა გააანალიზა, რატომ არ დაუჭირა მხარი ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, რომელსაც ხელმძღვანელობს ანგელა მერკელი, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ჰომოსექსუალისტების ქორწინების ლეგალიზებას, მაგრამ ბუნდესტაგში კანონპროექტისთვის კენჭისყრის წინ კანცლერმა თანაპარტიელებს მოუწოდა, ეხელმძღვანელათ არა პარტიული პოლიტიკის, არამედ საკუთარი თვალსაზრისის მიხედვით. მერკელს არ უთქვამს, რომ თვითონ მხარს არ დაუჭერდა კანონპროექტს, ამიტომ მისი გადაწყვეტილება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა გერმანელებს მაინცდამაინც არ გაჰკვირვებიათ.
როგორც აღნიშნა ამერიკელმა ისტორიკოსმა რობერტ ბიჩიმ, ავტორმა წიგნისა გერმანიაში სექსუალურ უმცირესობებზე, მერკელი ორ ცეცხლს შუაა მოქცეული: ერთი მხრივ, უწევს, იყოს დასავლური ლიბერალიზმის სახე, მეორე მხრივ კი წარმოადგენდეს ქვეყანასა და პარტიას, რომელიც კონსერვატიულ ფასეულობებს ანიჭებს უპირატესობას.
ბუნდესტაგის არჩევნების წინ, რომელიც სექტემბერში უნდა გაიმართოს, ამ კანონის მიღებით მერკელმა, რომელსაც თვითონ მხარი არ დაუჭირა, უმრავლესობის გული მოიგო, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან გააბრაზა თავისი პარტიის წარმომადგენლები, როცა იმოქმედა პრინციპით: “შეეცადე, რაც შეიძლება ნაკლები მტერი შეიძინო”. ექსპერტთა აზრით, სწორედ ეს იყო ანგელა მერკელის პოლიტიკის არსი კანცლერის პოსტზე: ემოქმედა საკუთარი თავისა და პარტიის წინააღმდეგ, თუ ამას მოითხოვდა ვითარება. ყველა სხვა პარტია, რომლებთანაც ქრისტიანელ-დემოკრატიულ კავშირს კოალიციის შექმნა მოუწევს შემოდგომაზე, მხარს ერთსულოვნად უჭერს ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინების ლეგალიზებას.
თვით მერკელი, რომელიც პროტესტანტი მღვდლის ოჯახიდანაა, დიდი ხნის განმავლობაში მისდევდა თავისი პარტიის ძირითად ხაზს. “ქორწინება ეს არის, როდესაც ქალი და მამაკაცი ცხოვრობენ ერთად”, _ არაერთხელ უთქვამს მას და 30 ივნისს ბუნდესტაგში ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების კანონპროექტის დამტკიცების შემდეგაც ეს სიტყვები გაიმეორა.