გასული წლის მიწურულს დავწერეთ, რომ “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე საქართველოს უარი ჩვენს ქვეყანაზე კარგად არ აისახებოდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს, მთიან ყარაბაღში მიმდინარე სისხლისმღვრელი საომარი მოქმედებების დასრულების ერთი თვის თავზე, რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები. რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ერთობლივი პლატფორმის შექმნას მხარს უჭერს რუსეთიც, რომელსაც საქართველოს გარდა ყველა ამ ქვეყანასთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა. არადა, სწორედ “3+3” ფორმატში ერთ მაგიდასთან დასხდომით შესაძლებელი იყო იმ ყინულის გალღობა, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოსა და რუსეთს შორის უძრავად დევს. ამის მიუხედავად, ქართულმა მხარემ ფორმატში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადა და პირველი შეხვედრა მხოლოდ ხუთ ქვეყანას შორის ჩატარდა.
“3+3 ფორმატში ჩართვა საქართველოს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას არ ავალდებულებს. შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს. მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლები შესაძლებლობა მაქვს, საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის “3+3” ფორმატის უპირატესობა ავუხსნა. ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს “3+3” ფორმატში ჩართვის სარგებელი მათთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით. ჩემი აზრით, სწორედ საქართველოს ინტერესებშია, რომ “3+3” ფორმატს წინაპირობების გარეშე შეუერთდეს. ამჟამად ამიერკავკასიის საკითხებზე ჩვენს ქართველ კოლეგებთან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ვურთიერთობთ, სადაც განიხილება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგები და არაოფიციალური ორმხრივი არხის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა მოსკოვსა და თბილისს შორის საკმაოდ დიდი ხნის წინათ, მაგრამ “3+3” ფორმატში დაწყებული პროცესები, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში განიხილება მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
დავიწყოთ იმით, რომ სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია 2004 წლიდან. მას ორიოდე წლის წინათ პენსიაზე გასვლა სურდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა არ გაუშვა, მე და ქვეყანას სჭირდებიო. შესაბამისად, გამორიცხულია, ლავროვი განცხადებას ისე აკეთებდეს, რომ არ იცოდეს პუტინის განწყობა და თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე. პირდაპირი მინიშნება, რომ “სწორედ საქართველოს ინტერესებშია, “3+3” ფორმატს წინაპირობების გარეშე შეუერთდეს” მრავლისმთქმელია. როგორც მოგახსენეთ, გასული წლის 10 დეკემბერს გაიმართა “3+3” ფორმატში მონაწილე მხარეების პირველი შეხვედრა, რომელზეც საქართველო არ იყო წარმოდგენილი და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ შეხვედრაზე ითქვა ისეთი რამ, რამაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აიძულა, განეცხადებინა, რომ ფორმატში მონაწილეობა საქართველოს ინტერესებშია. რა ძნელი მისახვედრია, რომ რუსეთი არც ამ და არც სხვა ფორმატში თავს არ დაიჩაგრავს, ასევე მოიქცევა თურქეთიც და აუცილებლად ჩაიბამს აზერბაიჯანს; ირანი, ბირთვული სახელმწიფო, ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და რჩება სომხეთი, რომელიც აუცილებლად შეეცდება, ამ ფორმატიდან სარგებელი ნახოს და ნახავს კიდეც, იქნება ეს ეკონომიკური მიმართულება თუ სამშვიდობო ფორმატი; და საქართველო, ქვეყანა, რომლის მიმართ ინტერესი ზემოთ ჩამოთვლილ 5 სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით აქვს. ჰოდა, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინტერესებს საკუთარ თავზე მარტივად მოირგებენ და საქართველოს ინტერესების დამცველი, უბრალოდ, არავინ იქნება. ახლო წარსული გავიხსენოთ: როცა აღნიშნულ ფორმატზე დაიწყო საუბარი, დასავლელმა პარტნიორებმა მაშინვე თქვეს: საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან რუსეთი დამპყრობელია და, სანამ წართმეულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს, მანამდე საუბარს აზრი არ აქვსო. უფრო მეტიც, მაშინ ისიც ითქვა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა სამშობლოს ღალატი იქნებაო და ჩვენს ხელისუფლებასაც მეტი რა უნდოდა, ხომ არ ათქმევინებდა ევროპასა და ამერიკას, ქვეყანას უღალატესო?! და ამ საკითხს დაუსვეს წერტილი.
საყოველთაო ფინანსური კრიზისის ფონზე კარგ დღეში არც ერთი ქვეყანა არ არის. შესაბამისად, დღეს ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინ, როცა ამ ეკონომიკურ ურთიერთობებზე შენი ყველა მეზობელი ერთმანეთში საუბრობს, თანხმდება, შენ კი გვერდიდან აკვირდები მოვლენებს და წლის ბოლოს ამბობ, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მაქვსო, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. როგორ შეიძლება, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გქონდეს რეგიონში და შენი ქვეყნის მოსახლეობა რეგიონის სხვა ქვეყნების მოსახლეობაზე გაცილებით ცუდად ცხოვრობდეს?! ახლა არ მითხრათ, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში იმაზე მეტად უჭირთ, ვიდრე ჩვენო. ეგ კი არა და, თურქეთში, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა, ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ ინფლაციაც შეაჩერა, ეკონომიკაც დაძრა და ტურისტული სეზონიც ისე ამოქოქა, ლამის ძველ ნიშნულს მიუახლოვდა. და ეს ყველაფერი იმაზე მკაცრი შეზღუდვების ფონზე, ვიდრე ჩვენთან არის. “3+3” ფორმატში შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება და, დიდი ალბათობით, მას სახელსაც გადაარქმევენ, რადგან საქართველო მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი “3+3” არაფრის მომცემი იქნება. ფორმატში მონაწილე დანარჩენი ხუთი სახელმწიფოს ლიდერებს კარგად ესმით, რომ მთავარი არსებული სიტუაციაა და არა ის, რა წერია ფურცელზე. მერე, როცა შეთანხმება მოხდება, როცა მეზობლების ეკონომიკური ზრდა მართლაც მაღალი იქნება, გვიანი იქნება თითზე კბენა. მშიერი და ამაყი სახელმწიფოს პოზიცია გვიკავია და ისიც კი არ ვიცით, სად მივდივართ (თუ საერთოდ მივდივართ სადმე). ერთი ხელის თითები ნამდვილად არ გვეყოფა იმ შეთავაზებების ჩამოსათვლელად, რომლებიც რუსულმა მხარემ გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებას. იყო ეს პირდაპირი დიალოგი ხელისუფლების უმაღლესი პირების მონაწილეობით თუ ქვედა რგოლისა და რანგის სახელმწიფო მოხელეების შეხვედრის ორგანიზება. აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრის მომცემი რომ არის, ლავროვმა ამ ერთი განცხადებით დაამტკიცა _ მან ხმამაღლა თქვა ის, რის თქმასაც ქართული მხარე ერიდება. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ რაიმე ძირეული ცვლილება ან შედეგი ამ ფორმატის არც ერთ შეხვედრას არ მოუტანია და ეს ორი პენსიონერის მუსაიფს უფრო ჰგავს, სწორედ პენსიონერების, რადგან კარასინი პენსიაზე ოფიციალურად გაუშვეს და ერთადერთი, რაც დაუტოვეს, აბაშიძესთან შეხვედრაა. სხვა დიპლომატი რუსეთის ფედერაციამ ამ საქმისთვის აღარ მოაცდინა, კარასინსაც, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რა უნდა ილაპარაკოს, რათა შეხვედრა შეხვედრისთვის ჩატარდეს და არიან ასე სიამტკბილობაში. ერთი დოკუმენტი მაინც გვანახეთ, რომელიც ამ შეხვედრების შემდეგ იქნა მიღებული და რომელმაც ყინული დაძრა, ორ სახელმწიფოს შორის წარმოქმნილ კედელს ერთი აგური ჩამოუგდო. არ არსებობს, ვერ გვანახებთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხალხის მოსატყუებლად არის მოგონილი და ლავროვმაც დაადასტურა, _ ასე ურთიერთობას აზრი არ აქვს, პირდაპირ ვისაუბროთო. ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? დასავლელმა პარტნიორებმა ზუსტად იციან, რომ ამ შეხვედრიდან მათ რეალურ ამბავს არავინ გამოუტანს და ამიტომ არ უშვებენ საქართველოს. ისე რომ მოხდეს, ქართულმა მხარემ რუსეთის წინადადებები თუ არა, დანარჩენი ქვეყნების მოსაზრებები გაითვალისწინოს, ეკონომიკურ მატარებელში ჩაებას და ამოისუნთქოს, ხომ დასრულდება საუბარი სამხედრო ბაზებსა და ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე? ამის შედეგად, დამთავრდება რეგიონით ვაჭრობა და დასავლეთს რუსული მხარისთვის ვეღარ და აღარ ექნება სავაჭრო ბაზებით, მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრების შიშით და კიდევ ბევრი სხვა რამით. დღეს კი ხდება ის, რომ ჩვენი ქვეყნის გარდა ყველა რაღაცას ცდილობს, ყველა, გნებავთ, “ჩალიჩობს” მსოფლიოში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გადარჩეს და გამოძვრეს, დიდ სახელმწიფოს ჩამოეკიდოს, რაღაც იაფად იყიდოს, ძვირად გაყიდოს და საერთო ძალისხმევით ისე მოახერხოს, მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს მსოფლიო კრიზისი. როგორ გგონიათ, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებს გვერდიგვერდ ჯდომა ეხალისებათ? მაგრამ ეს სჭირდება ქვეყნის ინტერესებს და ჩვენც ამას ვამბობთ: ყველაზე მაღლა სხვისი კი არა, საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ.
ბესო ბარბაქაძე