Home რუბრიკები საზოგადოება რას ფიქრობენ მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატებზე

რას ფიქრობენ მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატებზე

1042
რას ფიქრობენ მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატებზე

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს 2018 წელს პირდაპირი წესით უკანასკნელად აირჩევს. ახალი კონსტიტუციით, 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მმართველობითი სისტემისთვის, როგორც აქამდე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა მმართველობის ახალ ეტაპზე გადავა.

ამის მიუხედავად, პრეზიდენტობის კანდიდატები საინტერესო დაპირებებით გამოდიან. მაგალითად, დავით უსუფაშვილის საარჩევნო დევიზია _ “მეტი შეგვიძლია”; დავით ბაქრაძის _ “საიმედო ხვალინდელი დღე”; გრიგოლ ვაშაძის _ “ჩვენ შევცვლით”. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდთან ერთად ძლივს შეარჩია სლოგანი _ “ერთად საქართველოსთვის”, თუმცა მანამდე ამბობდა, რომ ქაჯების დასათხოვნად მოდის, იმიტომ, რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი _ ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოუვიდა.

პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე 2013 წელს განაცხადა: “ასეთ თანამდებობას ჩვეულებრივ სინეკურას უწოდებენ: ადამიანი ზის ხალხის კისერზე, იყენებს ყველა პრივილეგიას, სარგებლობს საყოველთაო პატივისცემით, ხოლო საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს არავინ სთხოვს. საქართველოში ასეთ თანამდებობაზე პრეტენდენტი ბევრია და მათგან ნაწილმა უკვე წარადგინა თავისი თავი, მაგრამ, თუ ამ თანამდებობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობით დავტვირთავთ და დავადგენთ, რომ ერთორ წელიწადში პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები, მაშინ ამ პოსტის დაკავების მსურველთა რიცხვი მკვეთრად შემცირდება. მე ვთვლი, რომ ქართველ ერს არ გააჩნია სურვილი და ფუფუნება, რომ ძვირად ღირებული უსაქმური მაღალჩინოსანი შეინახოს. ეს მაღალი რანგის პოსტი აუცილებლად კონკრეტული ამოცანების, მიზნების მისაღწევად უნდა იქნას გამოყენებული.

პრეზიდენტის ფუნქციები ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა.

საჭიროა გარღვევა, ამ სამუშაოს ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა. საჭიროა მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე პირი, რომელიც გავა პირდაპირ მოლაპარაკებაზე უმაღლესი ხელმძღვანელობის რგოლებთან და დაძრავს საქმეს მკვდარი წერტილიდან… ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან_ ანუ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არაფრით უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების აღქმაში ომთან და სისხლთან ასოცირდებიან. სასურველია, რომ იგი მათთვის პოზიტიურად ცნობილი იყოს, თუმცა, შესაძლოა, ის იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი უნდა იყოს, მაგრამ ქართველი, რომელიც სარგებლობს, როგორც ქართველი საზოგადოების, ისე აფხაზებისა და ოსების ნდობით”.

თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატებზე, პრეზიდენტის ინსტიტუტსა და პოსტზე _ ამ საკითხებზე საზოგადოების იმ ნაწილს დავუსვით შეკითხვები, რომელსაც მთავრობა და ხელისუფლება არასდროს არაფერს ეკითხება, ანუ უბრალო მოკვდავთ.

საქართველოს პრეზიდენტი ვინც უნდა იყოს და რა უფლებებიც უნდა ჰქონდეს, მაინც ვერაფერს გააკეთებს, რადგან საქართველო ამერიკის კოლონიაა

გია გოგიტიძე, ბათუმის მკვიდრი:

_ თვალყურს ვადევნებ პრეზიდენტობის კანდიდატების სარეკლამო რგოლებსაც და სლოგანებსაც, მაგრამ მათი ყოველი სიტყვა ტყუილია და, ეს რომ ასეა, ამაში წლების გამოცდილებამ დამარწმუნა. გარდა ამისა, მათ არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლიათ, არაფრის გამკეთებლები არ არიან. მარგველაშვილის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რაც ჩვენი თვალით დავინახეთ, იყო ის, რომ გასუქდა, დამშვენდა, კარგი ჭამა, სვა, იმოგზაურა საზღვარგარეთ, არ დაიკლო არაფერი და ახლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატებიც ამისთვის იკლავენ თავს.

წარმოდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმე, მაგალითად, ვაშაძე და ბაქრაძე სამარცხვინოები არიან და მათ ადგილას თავმოყვარე ადამიანი საზოგადოებაში არც გამოჩნდებოდა. არ აქვთ უფლება, ხალხის წინაშე წარდგნენ და ისაუბრონ, მით უმეტეს არ აქვთ უფლება, მოსახლეობას რამეს დაჰპირდნენ. წამლავენ საზოგადოებას და ეგ არის.

_ მათ ძალიან საინტერესო სლოგანები აქვთ, სახარბიელო დაპირებებითროგორი შთაბეჭდილება გრჩებათ, იციან, რისი უფლება აქვთ და რისი არა?

_ ძალიან კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ ასე სურთ ლაპარაკი. მოდი, პირდაპირ ვთქვათ: საქართველოს პრეზიდენტი ვინც უნდა იყოს და რა უფლებებიც უნდა ჰქონდეს, მაინც ვერაფერს გააკეთებს, რადგან საქართველო დასავლეთის, ამერიკის კოლონიაა.

უუფლებო იქნება პრეზიდენტი თუ უფლებამოსილი, რასაც იქიდან ეტყვიან, მაინც იმას გააკეთებს, იქიდან ჩამოწოდებული პასით თამაშობენ, უდღეურები არიან,

დაანგრიეს ეს ქვეყანა, გაანადგურეს. ერთი ეკლესია შემოგვრჩა წმინდა და ახლა იმის განადგურებას ცდილობენ, რადგან, ალბათ, დასავლეთში გადაწყვიტეს ასე.

აიღეთ სააკაშვილი, ყველანაირი უფლება ჰქონდა და რას აკეთებდა? დასავლეთის მითითებებით მოქმედებდა და დაგვღუპა. ახლა მოუკვდა მაკეინი, “ჩამოსაჯდომს” ეძებს სადმე და ისევ საქართველოს მოადგა.

_ როგორი იქნება ახალი პრეზიდენტი: ისევ ჯიბრში ჩაუდგება მთავრობასა და პარლამენტს თუ ჩადგება ქვეყნის სამსახურში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მარგველაშვილისა და მთავრობისა თუ პარლამენტის დავაკამათმა კარგი არაფერი მოიტანა

_ პრეზიდენტობის კანდიდატებს რომ ვუყურებ, შესაძლოა, მარგველაშვილზე უარესებიც აღმოჩნდნენ. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ასე ხელაღებით ვერ გაბედავს დავა-კამათს და იმ რაოდენობით ვეტოების დადებას, რამდენსაც მარგველაშვილი ადებდა, თანაც მგონია, რომ მარგველაშვილზე გონიერიც არის. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე მათგანი პრეზიდენტი გახდეს. ისე, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს არაფრის უფლება არ აქვს, საჭიროდ არ მიმაჩნია მისი პირდაპირი წესით არჩევა. პრეზიდენტს, რომელიც ხალხისთვის ვერაფერს აკეთებს, ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს, მის არჩევაზე ფულს არ უნდა ვხარჯავდეთ. ფულს არ უნდა ვხარჯავდეთ პრეზიდენტის სასახლის შენახვაზე. საუბარს რომ ვიწყებ, დროდადრო სიბრაზე მძალავს: ვინ გამოზარდა ეს ადამიანები, ვინ არიან, საიდან მოვიდნენრა ჭირი გვჭირს ამისთანა?

წარმოდგენილი კანდიდატებიდან ყველა ერთი ყალიბითაა ჩამოსხმული. მთავრობასაც რომ ურჩევნია, იმ რეჟიმში ჰყავდეს პრეზიდენტი, როგორშიც მარგველაშვილი ჰყავდა?!

დეგრადაციის გზას ვადგავართ, ადამიანს ვერ ნახავ, რამე ჭკვიანური თქვას. განადგურებულია ქვეყანა, მოსახლეობის ნახევარი ქვეყნიდან არის წასული, ნახევარი ავადაა, დარჩენილი საღად მოაზროვნე ნაწილი კი ან თავს არიდებს ამ გაუგებრობაში ჩართვას, ან, უბრალოდ, არ აკარებენ არაფერს. აი, ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა, რომელსაც დღეს წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატები ვერაფერს უშველიან, იმიტომ კი არა, რომ უუფლებონი არიან, არა, სურვილი არ აქვთ, რაიმე გააკეთონ.

როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას პენსიის გაზრდას ჰპირდება, რა, ეს არ არის ხალხის მოტყუება?”

გუგა სამხარაძე, თბილისის მკვიდრი:

_ თუ ადევნებთ თვალყურს წინასაარჩევნო მარათონს და რა აზრის ხართ საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირებებზე?

_ პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატთა შორის, სამწუხაროდ, ვერავის დავუჭერ მხარს და, აქედან გამომდინარე, არც ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს არ აქვთ გააზრებული, რა უფლებამოსილების მქონეა პრეზიდენტი საპარლამენტო სახელმწიფოში… როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას პენსიის გაზრდას ჰპირდება, რა, ეს არ არის ხალხის მოტყუება? ხალხის გაუთვითცნობიერებლობაზე თამაშობენ, თორემ

არავითარი სიმპათია არ მაქვს გრიგოლ ვაშაძის მიმართ, მაგრამ არასდროს ვიტყვი, რომ იგი უწიგნურია. გამორიცხულია, არ იცოდეს პრეზიდენტის როლი თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე. მიუხედავად ამისა, იძლევა ისეთ დაპირებებს, რომლებიც პრეზიდენტის კომპეტენციას სცილდება… სამწუხაროდ, ხალხი ტაშით ეგებება მას… რას უკრავენ ტაშს, იმას, რომ ვაშაძე ამბობს, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კანონს დავარღვევ და ჩემს უფლებებს გადავამეტებო? ან როგორ დაარღვევს, სად აქვს პრეზიდენტს საამისო ბერკეტები?

გარდა ამისა, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი, ვინაიდან მისი რეალური ფუნქციები შეზღუდულია, უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტით. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მის არსებობას რეალური გამართლება. ამის დასტურად მოვიშველიებ ისრაელის მაგალითს. ისრაელი საპარლამენტო სახელმწიფოა და პრეზიდენტის უფლებამოსილება უფრო მეტად არის შეზღუდული, ვიდრე სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებში. კერძოდ, პრეზიდენტი ფორმალურადაც კი არ არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი (მთავარსარდალი პრემიერმინისტრია). მიუხედავად ამისა, როდესაც ისრაელის პრეზიდენტი იყო შიმონ პერესი, ისრაელთან დაკავშირებულ არც ერთ მაღალი დონის შეხვედრას არ ჩაუვლია ისე, რომ იქ პერესი არ მიეწვიათ და მისთვის აზრი არ ეკითხათ. იმიტომ, რომ პერესი იყო უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი, მას მსოფლიოში უწოდებდნენ “დიპლომატიის პატრიარქს” და მისი ავტორიტეტი იყო შეუვალი.

_ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის რომელი მიგაჩნიათ ასეთ ავტორიტეტად?

_ არც ერთი. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება. პრეზიდენტად კი იყოს პიროვნება, რომელსაც უმწვავესი პრობლემების გადაწყვეტის რეალური უნარი შესწევს. უმთავრეს და უმწვავეს პრობლემად კი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება მიმაჩნია. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება დანაშაულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ჩვენ, როცა იქნება, მოგვიწევს რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ვართ ახლა და, რაც უფრო გავაჭიანურებთ დროს, მით მძიმე იქნება ჩვენი მდგომარეობა იმ მაგიდასთან.

საქართველოს პრეზიდენტს ამგვარი პრობლემების გადაწყვეტის უფლებამოსილება არ აქვს, ამიტომაც არასერიოზულად აღვიქვამ მომავალ არჩევნებს და განზე ვდგავარ ამ პროცესისგან. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, პოზიციით.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here