Home რუბრიკები პოლიტიკა რას უქადის საქართველოს ყარსის შეთანხმების ვადის ამოწურვა?

რას უქადის საქართველოს ყარსის შეთანხმების ვადის ამოწურვა?

სსრკის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ. მათგან ზოგიერთი მყისვე შეეჯახა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, რაც საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვრების თვითნებურად გადაკეთების ბოლშევიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო.

პროლეტარული ინტერნაციონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, საბჭოთა ხელისუფლება არ ითვალისწინებდა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების თავისებურებებს. საბჭოთა ქვეყანაში ყველა ხალხი და ეთნიკური ჯგუფი თანასწორად ითვლებოდა, ყველა საერთო ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ერთნაირი უფლებებით სარგებლობდა, ამიტომ რაღაც დისკრიმინაციაზე ან ეროვნული ნიშნით ჩაგვრაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელი იყო.

მაგრამ, თუ საბჭოთა პერიოდში ეროვნებათაშორისი ურთიერთობის გამწვავებას სწრაფად და გაბედულად ანეიტრალებდნენ ყველანაირი მეთოდით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეს შენელებული მოქმედების ნაღმები მთელი სიმძლავრით ამოქმედდა.

ამის ნათელი ილუსტრაციაა საქართველო. ანტისაბჭოთა დისიდენტები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლისთვის პოლიტიკურ ბრძოლას, ნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ. პირველ ეტაპზე არაფორმალი ლიდერები შემდეგ ახალგაზრდა სახელმწიფოს ახალი ხელმძღვანელები გახდნენ. ამ ვითარებაში პარადოქსი იყო ის, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკის ლიდერები, რომლებიც თავს დემოკრატიის მიმდევრებად წარმოაჩენდნენ, მზად იყვნენ, თავიანთ ქვეყანაში აპარტეიდისდროინდელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მსგავსი ქვეყანა აეშენებინათ. პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა პერიოდში არსებული ავტონომიები კანონით გააუქმა და მისმა მომხრეებმა, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის იდეა. დღეს, როგორც ცნობილია, ცალკე არსებობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ის, რომ მათი არსებობა რამდენმა სახელმწიფომ აღიარა ან არ აღიარა, ვერაფერს ცვლის.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია

ამჟამად საგანგაშო ვითარებაა აჭარაში _ კიდევ ერთ ყოფილ საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკაში. თუ ქართველები, აფხაზები და ოსები სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები არიან, აჭარლები ისეთივე ეთნიკური ქართველები არიან, როგორიც იმერლები, კახელები და ქართლელები. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თურქებმა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ბატონობის შედეგად აჭარლები აიძულეს, მიეღოთ ისლამი.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ასლან აბაშიძე მაქსიმალურად ცდილობდა თბილისისგან დისტანცირებას. ის ყურადღებას არ აქცევდა სეპარატიზმის ბრალდებას და შეძლო თავისი რეგიონისთვის აეცილებინა სამოქალაქო ომი და პოლიტიკური ვნებათაღელვა, რომლებიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მძვინვარებდა. ამ ადამიანის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ არ დაუშვა, აჭარაში თურქულ კაპიტალს ფეხი მყარად მოეკიდებინა და ცდილობდა, მაქსიმალურად შეეზღუდა თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა.

“ვარდების რევოლუციის” სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ აჭარაში ვითარება შეიცვალა.

მას შემდეგ თურქეთის ეკონომიკური გავლენა გონივრულ საზღვრებს გასცდა. თურქები არა მხოლოდ ბეჭდავენ გეოგრაფიულ რუკებს, რომლებზეც აჭარა გამოსახულია თურქეთის ტერიტორიად, არამედ ისინი, უკვე კარგა ხანია, აჭარაში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. თურქეთის მოქალაქეები აჭარაში არ ექვემდებარებიან სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ აჭარაში უამრავი სასტუმრო, რესტორანი, კაფე და გასართობი დაწესებულება მეზობელი თურქეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.

თურქეთის კანონმდებლობით მის ტერიტორიაზე აკრძალულია კაზინოს მუშაობა, მაგრამ იმ თურქი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ, ნერვები აზარტით აიშალონ, პრობლემა არ არსებობს. თურქული სათამაშო ბიზნესი აყვავდა და აჭარაში კაზინოების გვერდით ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით აღიმართა შენობები, რომლებშიც გოგონების მთელი არმია მზად არის, მოემსახუროს მდიდარ ტურისტებს. ეს ყველაფერი არ არის. აჭარაში კაზინოებზე, ბორდელებსა და სასტუმროებზე არანაკლებ სწრაფი ტემპით შენდება მეჩეთები. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისლამისტებზე დიდ იმედს ტყუილუბრალოდ არ ამყარებს.

აჭარაში ცხოვრობს და საქმიანობს თურქეთის უამრავი მოქალაქე, რომლებსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბატონობის ხანაში მიენიჭათ არა მხოლოდ შეღავათები, არამედ მოქალაქეობაც _ საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით ეროვნული ინტერესების პირდაპირ ღალატით აჭარაში “მეხუთე კოლონა” შეიქმნა. დღეს აჭარაში ორმაგი მოქალაქეობა აქვს მოსახლეობის 15 პროცენტს. როგორ მოიქცევა ეს ხალხი სრულიად შესაძლო სამომავლო რეფერენდუმებისა და პლებისციტებისას, რთული მისახვედრი არ არის.

მიხეილ სააკაშვილი და ასლან აბაშიძე

რამდენიმე დღის წინათ 100 წელი შესრულდა ყარსის საზავო შეთანხმების დადებიდან, რომლის მიხედვით აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. დღეს თურქეთის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი ერდოღანი აღარც მალავენ ოსმალეთის იმპერიის აღდგენის, “დიდი თურანის” შექმნის გეგმებს. მათი აზრით, დიდი თურანი გადაჭიმული უნდა იყოს ხმელთაშუაზღვიდან წყნარ ოკეანემდე.

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ნებისმიერი საბაბით თუ უსაბაბოდ მზად არიან, ბღავილი ატეხონ თითქოსდა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაზე, ერდოღანის ოცნებაზე, რომელიც სულ უფრო ცხადი ხდება, სამარისებურ სიჩუმეს ინარჩუნებენ.

ბათუმი

თურქეთის გარდა ყარსის შეთანხმებების გარანტორი უკვე რუსეთია. ის რუსეთი, რომლისგანაც ქართველი პოლიტიკანები, უკვე 30 წელია, მტრის ხატებას ქმნიან. და რა მოხდება ხვალ, თუ თურქები მოისურვებენ, ოფიციალურად მიიერთონ აჭარა? რას დაუპირისპირებს თანამედროვე საქართველო თურქეთის ამ სურვილს? 100 წლის წინათ სტალინმა აჭარა, ფაქტობრივად, სომხეთის სურმალინის მაზრაში გაცვალა არარატის მთასთან ერთად. იმხანად მას ზურგს უმაგრებდა რუსეთის სიძლიერე, რომელსაც თურქები ითვალისწინებდნენ. გამოექომაგება დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი ან ნატო საქართველოს? როგორ მოიქცევიან ისინი, ნათლად აჩვენა 2008 წლის აგვისტომ და მათთან საქართველოს ურთიერთობის 30-წლიანმა გამოცდილებამ. ქართული სახელმწიფოს საკუთარი ძალებით თავდაცვაზე კი ლაპარაკი, უბრალოდ, არასერიოზულია. ხვდებიან კი რუსოფობიით გაგიჟებული ქართველი პოლიტიკანები, რომ ამით ისინი მშობლიურ ქვეყანას უღობავენ გადარჩენის ერთადერთ გზას? თუმცა ამ ე.წ. მოღვაწეებისთვის გაუგებარია სიტყვათა შეთანხმება “მშობლიური ქვეყანა”, სამაგიეროდ მათ მშვენივრად ესმით სიტყვათა შეთანხმება “30 ვერცხლი”.

dalma.news.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here