Home რუბრიკები საზოგადოება რას ნიშნავს მამულის მსახურება მაშინ, როცა “ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ”?

რას ნიშნავს მამულის მსახურება მაშინ, როცა “ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ”?

243

სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით, ოქტავიანე ავგუსტუსის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა გავახსენო მათ, ვინაც სხვათა დამუნათებით, აქციებით, ცილისწამებითა თუ არაფრის მომცემი ყაყანით საკუთარი თავის ქვეყნის გულშემატკივრად წარმოჩენას ცდილობს: “არ ღირს დაიწყო ბრძოლა ან ომი, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ გამარჯვების შემთხვევაში იმაზე მეტს მოიგებ, ვიდრე შეიძლება დაკარგო დამარცხების შემთხვევაში. ის, ვინც მცირე მოგების გამო დიდ რისკზე მიდის, ჰგავს მეთევზეს, რომელიც ოქროს ნემსკავით თევზაობს: დაკარგავ ნემსკავს და ვერანაირი თევზი ვერ აგინაზღაურებს მის საფასურს”.

რა სარგებელი მოუტანა “ნაცმოძრაობამ” ქვეყანასა და ხალხს თავისი აქციებით? არც არაფერი _ არც სამუშაო ადგილები შექმნილა, არც ეკონომიკა აყვავებულა, არც სოციალური ყოფა გაუმჯობესებულა… მაგრამ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ნაცაქტივისტებმა უდავოდ დიდი წვლილი შეიტანეს.

სამაგიეროდ ხელისუფლებას აქვს მიზეზი, თქვას, რომ ხელს რომ არ უშლიდნენ, ეკონომიკასაც ააყვავებდნენ და ხალხსაც ამოასუნთქებდნენ. ასე რომ, პოზიციაც და ოპოზიციაც ერთმანეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. ხომ გაგიგონიათ, ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო, ანუ მერე ხალხო და ჯამაათნოო.

როგორც ჩანს, მამულის მსახურება მათ ასე ესმით, ამიტომაცაა, რომ ხალხის ნდობაც დაკარგეს და მით უმეტეს პატივისცემაც. სამაგიეროდ უსიტყვო მორჩილებითა და ლაქიაობით ორივემ “სტრატეგიულ მეგობრებს” ნამდვილად ასიამოვნა. ჯერ კიდევ დიდი ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს”.

ამ სიტყვების ავტორსა და მთელს მის თაობას, რომელმაც გარკვეული კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მამულის მსახურება თავიანთ უპირველეს მოვალეობად მიაჩნდათ. მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა”, _ წერს ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია მშობელ ქვეყანას საქმით და მხოლოდ საქმით და არა საპროტესტო აქციებითა და სხვათა ჯიბრში დგომით, თუმცა უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა არც მაშინ იყო უცხო ხილი. გავიხსენოთ თუნდაც ილიასა და ნიკოლაძის უთანხმოება საადგილმამულო ბანკის თაობაზე, რომელსაც საქმისთვის არ უვნია და მათი დავა-კამათი პიროვნულ შეურაცხყოფაში არ გადაზრდილა. რატომ? იმიტომ, რომ ერთსაც და მეორესაც მიაჩნდათ, ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება, გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის (ნიკო ნიკოლაძე).

როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუაგონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში”.

იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც ამ ბოლო ხანს საქართველოში ხდება და კაცმა არ იცის, როდის ვეღირსებით მშვიდ ცხოვრებას, ცხადია, კარგად ვერ წარმოგვაჩენს კაცობრიობის თვალში. ეს ის შემთხვევაა, როცა მოყვარეს გული უკვდება, მტერი კი ხარობს. კარგი იქნებოდა, აქაც სახელოვანი წინაპრების ნააზრევი რჩევად მიგვეღო და შესაბამისად მოვქცეულიყავით:

“მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს”.

რაკი ამჯერად ნიკო ნიკოლაძის შეხედულებებზე გავამახვილეთ ყურადღება, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, როგორი იყო მისი და მისი თანამებრძოლების დამოკიდებულება “ევროპული წესის” მიმართ:

ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედააზრი ის არის, რომმე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს”.

დღეს ევროპული წესის ხსენებაზე უპირველესად ის “ლიბერალური ფასეულობები” წამოტივტივდება გონებაში, რომლებსაც ის ევროპა, რომელზეც ზემომოყვანილ სიტყვებს ამბობს ნიკო ნიკოლაძე, უკუაგდებდა, არ მიიღებდა და არ გაიზიარებდა. დღეს კი ბებერი ევროპაყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციოლიბერალების წყალობითსპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომსდა ჩვენს ჩათრევასაც ცდილობს. სამწუხაროდ, სწორედ საქართველომ და მისმა მსგავსმა ქვეყნებმა მიაჩვიეს დასავლეთი, მისი სურვილის შესაბამისად შეიცვალოს სახელმწიფოს მეთაურები, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო კურსი, სტრატეგია და განვითარება, კანონმდებლობა და, საერთოდ, ყველაფერი. დროა, თავი დავაღწიოთ ამ მარწუხებს, მაგრამ როგორ? აი როგორ:

გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკური საქმეებსაგვარებს. როდის გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სიბრძნეს გაითავისებს და სახელოვანი წინაპრების საქმეს ღირსეულად გააგრძელებს? როდის გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ, რაც მას სჭირდება, თვითონ უნდა შექმნას, მაგრამ, თუ საამისოდ ჭკუა-გონება არ ეყოფა, იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ სხვისგან ის გადმოიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება?

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here