საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები უწყვეტად მიმდინარეობს. კომისიის წევრებს დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ და იმას, რაც აქამდეც ვიცოდით, უკვე იმ ადამიანებისგან ვისმენთ, რომლებსაც ეს ისტორიები პირადად გადახდათ თავს და რეჟიმის მსახვრალი ხელი უშუალოდ შეეხოთ. საუბარი არ არის მხოლოდ ქონების ჩამორთმევასა და„გაკულაკებაზე“, რეჟიმი სიცოცხლეს ასალმებდა ყველას, ვინც არ მოსწონდა, ან კლავდა, უბრალოდ, გასართობად და მერე ამ ყველაფერს ისე „აპრავებდა“, მოქალაქეებს სიბრალულის განცდა რომ არ გასჩენოდათ. ასე აქციეს ბუტა რობაქიძე „ყაჩაღად“, როინ შავაძე – „სამშობლოს მოღალატედ“, სანდრო გირგვლიანი – „სვანური გარჩევების მსხვერპლად“. ასე ხოცავდნენ მომავალ თაობას, აღარაფერს ვამბობთ 2008 წლის მოვლენებზე, როცა სამაჩაბლოში ქართველი ჯარისკაცები რუსეთის არმიას შეაწყვიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა „ურჩიეს“. ახლა კი იგივე დასავლეთი ამბობს, ჩვენ პირიქით ვეუბნებოდითო, მაგრამ რეალობა მწარეა.
ერთი შეხედვით, კარგია, ერმა და ბერმა სიმართლე პირველწყაროსგან იცოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ამ ამბების გახსენება დაზარალებულთათვის ხომ უმძიმესია და რიგითი ადამიანებისთვისაც მძიმე მოსასმენი გახლავთ, როგორ იმეტებდნენ ახალგაზრდებს. პრინციპში, რაღა დაზარალებული, რობაქიძე, გირგვლიანი და შავაძე, ისევ როგორც ასეულობით სხვა, ცოცხალი აღარ არიან და თავიანთ ოჯახებს ვერასოდეს დაუბრუნდებიან. „ნაცმოძრაობის“ იმჟამინდელ ლიდერებს, რომლებსაც ხელი სისხლში აქვთ გასვრილი, აზრადაც არ მოსვლიათ, ბოდიში მოეხადათ, სინანული გამოეხატათ; პირიქით, ამბობენ, ეს სისტემური შეცდომა იყოო და მერე რა, რომ იმ სისტემის რგოლები თვითონ იყვნენ, ამ რგოლებისგან აწყობილი ჯაჭვი კი მიხეილ სააკაშვილს ეპყრა ხელთ.
გავიგეთ, რომ ეს ადამიანები დამნაშავენი არიან, მეტიც, დავრწმუნდით, რომ ისინი მართლაც სისხლიანი ჯალათები იყვნენ და მერე რა? აი, ეს მერე გვაინტერესებს ყველას. რას ემსახურება კომისიის სხდომები? გული მოვიფხანოთ და უი, უი ვიძახოთ თუ დამნაშავეებს დასჯიან? ნაცები მხიარულად ამბობენ, ხანდაზმულობის ვადები გასულია და ამ კომისიას არაფრის შეცვლა არ შეუძლიაო. ჰო, ახლა ვიღაც უნდა მივიდეს ყველა გარდაცვლილის მშობელთან, ცოლთან, და-ძმასთან და უთხრას, რომ თქვენი შვილის, მეუღლის, ძმის მკვლელებს ხანდაზმულობის გამო ვერ ვიჭერთო. გარედან ისე ჩანს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სხვანაირი მიდგომა აქვს დამნაშავეებთან და ეს მიდგომა ძალიან ბევრს არ მოსწონს. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ.
ახლახან მომხდარით დავიწყოთ: უსახსრობის თუ სხვა მიზეზთა გამო „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა პრაქტიკულად შეწყვიტა. როგორ გგონიათ, სად წავიდნენ ის „ჟურნალისტები“, რომლებიც წლების განმავლობაში მოსახლეობას დეზინფორმაციას აწვდიდნენ, ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და ლამის მუშტი-კრივს უმართავდნენ დეპუტატებს? ორი მათგანი უვკე დასაქმდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, ორიც მოწყობას „იმედში“ ცდილობს და რატომღაც გვჯერა, რომ მათ დასაქმების პრობლემა არ ექნებათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ერთამხად ხომ ამტკიცებდა, ესენი. ჟურნალისტები კი არა, პარტიული აქტივისტები არიან, ზონდერები, რომლებსაც ფულს „ნაცმოძრაობა“ უხდისო, ახლა რა მოხდა? ახლა აღარ არიან პარტიული აქტივისტები თუ მათი პროფესიონალიზმია ისეთი, რომ მზად ვართ, ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ და გუშინდელი დღე დავივიწყოთ? უფრო მეტს გეტყვით… არ გვჯეროდა, გულწრფელად არ გვჯეროდა ეს ამბავი, მაგრამ…
გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დავით ჭაკუას, მოადგილე და მარჯვენა ხელი იყო. მკურნალიძე პირადად დადიოდა ციხეებში პატიმრების საცემად და ასეულობით პატიმარი ადებდა მას ხელს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის მთავარ ჯალათს. ის ციხეშიც ჩასვეს, 3 წელი და 4 თვე მიუსაჯეს(!), მაგრამ მთავარი ბრალდება, 21 წლის ელდარ ქობალიას წამება, ვერ დაუმტკიცეს, რადგან ქობალია წამებიდან 2 საათში გარდაიცვალა და მკურნალიძეს ხელი ვეღარ დაადო. ნაცების ექსპერტიზამ კი გარდაცვალების მიზეზები (და არა მიზეზი) ისე გაურკვევლად ჩაწერა, რომ ვერავინ დაამტკიცა, სიკვდილი წამების შედეგი იყო თუ სხვა რამის. არადა, 21 წლის ჯანღონით სავსე ბიჭი რამდენიმესაათიანი ცემის შემდეგ რომ კვდება, ამის დამტკიცებას მაინცდამაინც ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება? ეს ყველაფერი არ არის. მკურნალიძეზე არა ერთი და ორი საჩივარი შევიდა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიღებაზე უარი განაცხადა. მერე გაირკვა, რომ მკურნალიძის ცოლი მარიამ ცქიფურიშვილი იყო… თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი, ანუ მუშაობდა თანამდებობაზე, რომელიც პასუხისმგებელია წერილების მიღებასა და დაშვებაზე. ამ დროს „ოცნება“ უკვე ხელისუფლებაში იყო და, წესით, ჯალათები უნდა ედევნა… როცა ამბავი გასკდა და მარიამ ცქიფურიშვილის ვინაობაც გაირკვა, ხმაურის ასაცილებლად ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და… უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს. ვინმემ რომ თქვას, არ ვიცოდიო, ახლა ხომ იცით, ახლაც იქ მუშაობს და, როგორ გგონიათ, ვის საქმეს აკეთებს? ამ კომისიაზე მკურნალიძის გვარი არაერთხელ ახსენეს და არავის უხსენებია ისიც, რომ ნაცების ერთ-ერთი ჯალათი ახლა წარმატებული დეველოპერია, ბიზნესი აქვს, ადრე ნაძარცვი ფულით კორპუსებს აშენებს, მილიონებს შოულობს, ცოლი თანამდებობაზე ჰყავს და, ალბათ, გულიანად იცინის, როცა მასზე ცუდს ისმენს. იცინის კი არა, ამ ხელისუფლებას დასცინის, სავარაუდოდ, რადგან ზუსტად იცის, ნაციონალების ზეობის პერიოდში, მის ცოლსაც დაიჭერდნენ, მასაც და, თუ ცემით სიკვდილს გადაურჩებოდა, შშმ პირი მაინც გახდებოდა და მზის სინათლეს კარგა ხანს ვერ იხილავდა; არც ნაძარცვ მილიონებს შეარჩენდა ვინმე.
როგორ გგონიათ, ამ კომისიის სხდომებს არ უსმენენ და არ უთარგმნიან ევროპული ქვეყნების ელჩებს ან ამერიკის ელჩს? რომელიმე მათგანს წამოსცდა, უი, ეს რა მომხდარა, რა დღეში ყოფილხართო? არა, რადგან მათ ზუსტად იცოდნენ, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ეს ისტორიები ჩვენზე კარგად იციან, იციან დეტალები და სწორედ იმიტომ სურთ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება, რომ კვლავ დათესონ შიში, რომ კვლავ მონად ჰყავდეთ ხელისუფლება, ხელისუფლებას კი – ხალხი. სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ ევროპაში უშიშრად ცხოვრობს დათა ახალაია. ის თავისუფლად გადაადგილდება, რამდენიმეჯერ დააკავეს, მაგრამ გაუშვეს, არ გადმოგვცეს. უნგრეთში ხშირად ნახულობენ ალექსანდრე მუხაძეს (იგივე „ქილერას“), რომელიც ასევე მშვიდად ცხოვრობს. ზურაბ ადეიშვილი უკრაინელ მაღალჩინოსნებს ხან ბუნდესტაგში დაჰყვება შეხვედრებზე, ხანაც – საფრანგეთში და პასუხს არც მას სთხოვენ. ანუ, სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ იმჩნევს და იმჩნევს მხოლოდ იმას, რაც ხელს აძლევს.
ვერ გეტყვით, როდემდე შეიძლება, წაუყრუოს დასავლეთმა იმას, რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება, მაგრამ, თუ ხელისუფლება ამბობს, რომ დასავლეთის იმ აზრს, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა, არ ითვალისწინებს, არ გაითვალისწინოს ბოლომდე და ყველა დამნაშავე, რომლებიც დასასჯელია, დასაჯოს; არ შეუქმნას სასათბურე პირობები იმ ადამიანებს, რომლებიც კლავდნენ, აწამებდნენ და, რაც მთავარია, „კრიშად“ არ დაუნიშნოს ოჯახის წევრები. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი წლების განმავლობაში სამართალს ითხოვდა და ითხოვს, მაგრამ ეს სამართალი დღემდე ვერ მიიღო იმ დოზით, როგორითაც სჯეროდა და როგორითაც საჭირო იყო. შესაბამისად, ყველა იმედი (ალბათ, საბოლოო იმედიც) სწორედ ამ კომისიაზეა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვისმენთ, რაც აქამდეც ვიცოდით. არავინ ამბობს, რომ კონკრეტულ ოჯახებს დაუბრუნდებათ წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონება; არავინ ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც სწორედ ამ წართმეული ქონებით აიწყვეს ბიზნესი, ქონებას ჩამოართმევენ და მფლობელს დაუბრუნებენ. სხვათა შორის, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა 2013 წელს მოითხოვა ქონების დაბრუნება, რომელიც დათა ახალაიამ და გიორგი დგებუაძემ („მასტერა“) „აახიეს“, პროკურატურაში უთხრეს, ეს შეუძლებელია, რადგან ის ქონება უკვე ორჯერ გაიყიდა და მას ახალი, კეთილსინდისიერი მფლობელი ჰყავსო. არადა, ქონება ღამის 3 საათზე გლდანის ციხეში ნოტარიუსის თანდასწრებით „აჩუქა“ დგებუაძეს ამ კაცმა და ეს კითხვებს არ იწვევს? ის ქონება თუ გაყიდულია, ხომ აქვს „მასტერას“ თბილისში ორი ბინა, გაუყიდონ და ის მისცენ დაზარალებულს. თურმე ესეც არ შეიძლება, რადგან დაზარალებული ბევრია და ორ ბინას ყველაზე ვერ გადაანაწილებენ. რა ვიცი, სამართალი აღდგებაო და…
ლევან გაბაშვილი