8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თბილისში იუსტიციის სახლთან ლგბტ დროშებითა და ტრანსპარანტებით “შეიარაღებულმა” რამდენიმე ათეულმა უჩვეულო გარეგნობის მოქალაქემ გამართა აქცია–პერფორმანსი “მე ვარ ქალი _ აღიარე”. ლიბერალური მედიის მიერ ტრანსგენდერებად წოდებულმა მამაკაცებმა, რომლებიც თავს ქალად ასაღებენ და ქუჩაშიც ქალის ტანსაცმლით დადიან, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნები წაუყენეს.
აქციის ორგანიზატორების განმარტებით, პრობლემა არის ის, რომ “ტრანსგენდერი ქალების” (მამაკაცი, რომელიც თავს ქალად ასაღებს) სქესი არ შეესაბამება მათსავე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ჩანაწერს. შესაბამისად, აქციის მთავარი მოთხოვნა აღნიშნულ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის დაუყოვნებლივ შეცვლასა და კონკრეტული მოქალაქის მიერ მისთვის სასურველი სქესის მითითების შესაძლებლობას ეხებოდა. მათი თქმით, აქცია ერთჯერადი არ არის და, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გამოსვლები გაგრძელდება.
ცნობისთვის: ტრანსგენდერებითვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებაზე იუსტიციის სამინისტროში პირველი განცხადება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაფორმების პერიოდში გაკეთდა. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ დასავლეთის წინაშე ნაკისრ საკანონმდებლო ვალდებულებებს შორის ერთ–ერთი ეს იყო და მისი შეუსრულებლობა მმართველ გუნდს ძვირად დაუჯდება.
კულუარული ინფორმაციით, ევროკავშირის ერთ-ერთი მკაცრი დირექტივა ასევე ეხება უახლოეს მომავალში ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო ქორწინების დაკანონებას. ამ პროცესის პარალელურად კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი გამოხატვის თავისუფლება ყველგან _ ქუჩაში თუ ნებისმიერ სხვა საჯარო სივრცეში.
ძნელი მისახვედრი, ალბათ, არ არის, რომ ამ მხრივ “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე დიდი ტესტი და გამოწვევა წელს 17 მაისი იქნება, “ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე”. მეტიც, სანდო წყაროს ინფორმაციით, დასავლეთის იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი ხელისუფლება უკვე ემზადება და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ დღეს “სექსუალურ უმცირესობებს” მათთვის სასურველ დროსა და ადგილას გარკვეული “ღონისძიების” ჩატარების საშუალება მიეცეთ…
რა ფორმით და საშუალებებით განახორციელებს ხელისუფლება დასავლეთიდან ნაკარნახევ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია, და რა შეიძლება მოხდეს წლევანდელ 17 მაისს, “საქართველო და მსოფლიოს” წმ. მარკუს ესესელის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგი (დავითაშვილი) ესაუბრება.
_ მამაო, 8 მარტს იუსტიციის სახლთან ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ტრანსგენდერებისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნით აქცია გამართა. მათი თქმით, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში ტრანსგენდერებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დოკუმენტში სქესი მათი “გენდერული იდენტობის” შესაბამისად განისაზღვროს. ევროკავშირის დირექტივების ტყვეობაში მყოფი ხელისუფლება, ალბათ, ამ ცვლილებასაც ისე განახორციელებს, როგორც თავის დროზე “ანტიდისკრიმინაციული კანონი” მიიღო. თუ ეს მოხდება, რა რეალობას მივიღებთ?
_ უწინარესად, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი _ ეს არის ღვთის ცნების წინააღმდეგ სიარული, რაც ძალიან მძიმე ცოდვაა და, როცა ერი ამას იღებს, ის უკვე ერის ცოდვად იქცევა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საზოგადოება დადუმებულია და ეს ძალიან მიკვირს. არ ვიცი, რატომ, არ მინდა, დავიჯერო, რომ ხალხი უკვე შეეგუა ყველაფერს. რაც შეეხება შეკითხვას, რას მივიღებთ? _ პასუხი ძალიან მარტივია, მივიღებთ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცებს, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის აღმნიშვნელ გრაფაში ეწერებათ ქალი…
სხვათა შორის, თქვენს გაზეთთან მე ადრეც ვისაუბრე საზოგადოების გულგრილობაზე და მაშინ ვთქვი, რომ ეს, დიდი ხანია, დამკვიდრდა საქართველოში, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ გულგრილობით დღეს ქრისტე გაიცემა.
_ გადაგვარებასაც ხომ უნდა ჰქონდეს თავის მიზეზი? “ლიბერალურმა” დასავლურმა პროპაგანდამ, რომლითაც გაჯერებულია მედიის დიდი ნაწილი, მიზანს მიაღწია და საზოგადოების ცნობიერება მნიშვნელოვნად შეცვალა?
_ პროპაგანდას, რა თქმა უნდა, დიდი ძალა აქვს და, მოგვწონს თუ არა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. როდესაც ბავშვი, ახალგაზრდა, მოზარდი მედიით ლამის 24 საათის განმავლობაში ისმენს, რომ თურმე მამათმავლობა ნორმაა, რომ კაცი, რომელიც ქალის ტანსაცმელს იცვამს და საკანონმდებლო დონეზე ითხოვს მის აღიარებას ქალად, თურმე თავისი უფლებებისთვის იბრძვის, ეს, ცხადია, დიდ გავლენას ახდენს ცნობიერებაზე. თუმცა საღად მოაზროვნე, შინაგანად ძლიერი ადამიანი, რა თქმა უნდა, შავსა და თეთრს არჩევს და, რა პროპაგანდამაც უნდა იმუშაოს, მას აზრს ვერ შეაცვლევინებს. უბედურება არის ის, რომ ყველას არ აქვს ამხელა შინაგანი ძალა, ყველა ვერ უძლებს ამ პროპაგანდისტულ ტერორს და ვერც კი ხვდება, ისე ექცევა მისი გავლენის ქვეშ. სამწუხაროდ, დღეს ხალხი უკვე მიაჩვიეს ისეთ რაღაცებს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ამიტომ ბევრ რამეზე რეაგირება საერთოდ არ ხდება.
_ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის პარალელურად, დასავლეთი სულ უფრო მკაცრად მოითხოვს საქართველოს პოლიტელიტისგან, რომ უმცირესობების უფლებები განსაკუთრებით წამოწიოს და მმართველი გუნდიც არ აყოვნებს. გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ხელისუფლება 17 მაისს ყველა ღონეს იხმარს, მათ შორის, შესაძლოა, არც ძალის გამოყენებაზეც დაიხიოს უკან, სექსუალურ უმცირესობების “გამოხატვის უფლების” დასაცავად. რა მოჰყვება მსგავს მცდელობებს და რას ეტყვით თქვენ, როგორც სასულიერო პირი, ხელისუფლებას?
_ მე მახსოვს ძველი პრემიერმინისტრის, თუ არ ვცდები, ღარიბაშვილი იყო მაშინ, განცხადება 17 მაისზე. როცა მას ჰკითხეს, რატომ არ გამოიყენა ძალა პოლიციამ, უპასუხა: როგორ შეიძლება, პოლიცია დაუპირისპირდეს ასობით სასულიერო პირსა და ათიათასობით მოქალაქესო. მე ახლაც ასე მგონია, თუ ჩვენ ვიქნებით მობილიზებული და დავდგებით მშვიდობიანად, ვერანაირი გარყვნილებისა და ამორალურობის ზეიმი ვერ ჩატარდება. გარდა ამისა, 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე და ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ ტრადიციული ქრისტიანული ოჯახის სიწმინდეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ვეტყოდი, რომ არ დაავიწყდეთ, ვისი ნდობითა და მხარდაჭერით მოვიდნენ სათავეში. კი ბატონო, ისიც მესმის, რომ გარკვეული გარეძალებისგან წნეხში არიან, მაგრამ ხალხია მაინც მათი დასაყრდენი. აი, აქედან თუ შეხედავენ ყველაფერს და სხვა მიდგომა არც შეიძლება არსებობდეს, მაშინ უნდა მიხვდნენ: რაც უნდა დასავლეთს _ ევროპასა და ამერიკას, ის კი არ არის მთავარი, არამედ მთავარი ხალხის აზრია; ხალხს კი არ უნდა, ეს ამორალურობა დაკანონდეს; ხალხს არ უნდა, უზნეობა ნორმად იქცეს და ადამიანმა დაკარგოს ადამიანის სახე.
შიშს რაც შეეხება: გარე ძალების თუ ეშინიათ, ისიც უნდა იცოდნენ, რომ არც საზოგადოების აზრის უგულებელყოფა დაუჯდებათ იაფი. დასავლეთის შეშფოთება და მოწონება თუ აღმოჩნდება საკმარისი მათი პოლიტიკური დღეგრძელობისთვის, მალე ნახავენ…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
რა დროს ლგბტ ა , რატომ ხდება წახალისება მათი, რატომ ეწევიან პროპაგანდას, ეს სპეციალურად ხდება. ცოლ ქმარი ოჯახი ქუჩაში არ დარბის პროპაგანდისთვის, მაგ ავადმყოფებმა რატომ უნდა გამართონ დემონსტრაციები. რატომ უნდა ვაჩვენოთ ბავშვებს და ინტერესსი ჩავაგდოთ ისინი?. რატომ გახდა საჭირო მათი ქუჩაში გამოსვლა და მერე მათი დაცვა. ეყარონ სადაც არიან და იცხოვრონ ამ პროპაგანდის გარეშე. ვინ უვარდებათ სახლებში?ხალხს ნუ ახვევენ თავის უზნეო ცხოვრებას.