Home რუბრიკები საზოგადოება რამ გამოიწვია კრიზისი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში

რამ გამოიწვია კრიზისი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში

“კოაბიტაციამ დაღუპა ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან კარგად არიან, ხალხში კი დაპირისპირებაა”

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის, განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, რომლებიც ვერ ირჩევენ თავმჯდომარეს, თუ კრიზისი გაგრძელდება და ვერ გამოინახება გამოსავალი, არჩევნები ხელახლა გაიმართება. კრიზისი კი საკმაოდ ბევრ რაიონშია და თვითმმართველობის არჩევნებიც უკვე ორჯერ ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში. საკრებულო, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ასრულებენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში საკრებულოები თავიანთ ფუნქციებს, არის თუა არა იქ არჩეული ხალხი მოსახლეობისთვის მისაღები და სანდო, _ ამ და ქვეყანაში კრიზისის გამომწვევ სხვა მიზეზებზე ფოთის მკვიდრი, გაზეთისნიკოლაძის გზითრედაქტორი ზურაბ აბრალავა და წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯის სკოლის მასწავლებელი ვალერი ძაძამია გვესაუბრებიან.

აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება და წალენჯიხა ისევ ისეა

ვალერი ძაძამია, სოფელ ობუჯის სკოლის მასწავლებელი:

_ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოჩვენებითია და გამონაკლისი არც წალენჯიხის რაიონია. გამოკვეთილი გეგმა არც ერთ პარტიას არ აქვს. ჩვენს რაიონში, წალენჯიხაში, ორჯერ ჩაიშალა საკრებულოს სხდომა, ალბათ, შემდეგი სხდომაც ჩაიშლება… წალენჯიხაში ნაცებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ეს გამარჯვება ტყუილზე იყო დაფუძნებული, მათ ამომრჩეველი დაპირებებით გააბრიყვეს. ადგილობრივი მოსახლეობა დააჯერეს, რომ მიშა ჩამოვიდა და ყველაფერი კარგად იქნებაო. ეიფორიაში ამყოფეს ხალხი და ამან გამარჯვება მოუტანა მათ. ნაცებისგან განსხვავებით, რომლებიც წალენჯიხაში კარდაკარ დადიოდნენ თვეების განმავლობაში, “ოცნებას” არაფერი გაუკეთებია, რადგან ეგონათ, ხელის გაუნძრევლადაც მოიგებდნენ არჩევნებს. სულ ცოტა, 100-ჯერ მაინც არიან თითო ოჯახში ნაცები მისულები, “ოცნება” _ არც ერთხელ.

“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ წალენჯიხელებს, რომ წალენჯიხის “დუბაიზაცია” მოხდებოდა, რომ უზარმაზარი ინვესტიციები ჩამოვა ჩვენს რაიონში მათი დამსახურებით, მათი გავლენებით. ამ ტყუილს აყოლილმა ხალხმაც ხმა მათ მისცა.

_ წალენჯიხა პარალიზებულია საკრებულოში შექმნილი აურზაურის გამო, ეს მოსახლეობაზე როგორ აისახება?

_ წალენჯიხის საკრებულოში ისეთი ხალხია შეკრებილი, გინდ დალაგებული სიტუაცია იყოს, მაინც ვერ მიხვალ ვერავისთან. ვერც ოპოზიციას ენდობი და ვერც ხელისუფლების წარმომადგენელს. საქმის მკეთებელი ადამიანი არ არის არც ერთი, ყველა სკამისთვის, თანამდებობისა და ხელფასისთვის იბრძოდა. მოსახლეობისთვის არავის უკითხავს, ვინ უნდა არჩეულიყო. ისე, სიმართლე გითხრათ, წალენჯიხის მოსახლეობა ცოტა შეშინებულიც არის, ეშინიათ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, ჰგონიათ, რომ სამსახურს დაკარგავენ, თუ ხმას ამოიღებენ, ეს ტრაგედიაა. ვინც ოპოზიციის მომხრეა, არაფრის ეშინია და მთელი რაიონი გადაფარეს აგიტაცია-პროპაგანდით. სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ აქციები რომ დაწყო, წალენჯიხელები წინ მიუძღოდნენ პროტესტანტებს, მიიტაცეს ზვიად გამსახურდიას სიტყვები, რომლებიც წალენჯიხაში ჩამოსვლისას თქვა: “წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა!” და ამ სიტყვებიანი ტრანსპარანტებით დადიოდნენ მიტინგებზე. “ნაცმოძრაობაც” და “ოცნებაც” არაფრის გამკეთებლები არ არიან. ახლა ამბობენ, შესაძლოა, ხელახალი არჩევნები დაინიშნოსო, მაგრამ წალენჯიხა ვერ გაუძლებს კიდევ ერთ არჩევნებს. სამწუხაროა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე არავინ ფიქრობს, არავის ადარდებს სოციალური პრობლემები, ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ საკრებულოში შესული ადამიანები. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთ ნავში სხედან. წალენჯიხა არც ერთი რაიონისგან განსხვავებული არ არის; რაც ხდება ქვეყანაში, ის ხდება აქაც, ოღონდ ამ ინვესტიციების თემამ გადარია აქაურები. ჭყონიამ ფულს ჩავდებო, ხაზარაძემ ფულს ჩავდებო, კიდევ ვიღაცები მიდიან და ამბობენ, აღმშენებლობის ბუმი იქნებაო, ეს ტყუილია და ეს ყველაფერიოცნებისუნიათობამ, უმოქმედობამ განაპირობა. არ მუშაობენ, არაფერს არ აკეთებენ

_ სახელისუფლო პარტიამ წალენჯიხა შეგნებულად ხომ არდაუთმო” “ნაცმოძრაობას”?

_ არსებობს ასეთი მოსაზრებაც… მაგრამ მაინც მგონია, დაპირებებმა მიაღებინა ხალხს გადაწყვეტილება. კურორტი სქური გვაქვს ჩვენ. იქ გზა არ არის, რამდენიმე წელიწადია; გზა, რომელიც, სულ რაღაც, შვიდკილომეტრიანია, ვერავინ ვერ დააგო. “მხედრიონის” თარეშის შემდეგ გზა არ არის და წალენჯიხის “დუბაიზაციას” გვპირდებიან… სამწუხაროდ, მოსახლეობას ამ დაპირებების სჯერა, ერთი ამბავია ჩვენს რაიონში, მაგრამ როგორც მიჩანჩალებდა ბოლოში წალენჯიხა, ისევ ისეა. ტერენტი გრანელის სიტყვები მახსენდება: “აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება და წალენჯიხა ისევ ისეა”… კოაბიტაციამ დაღუპა ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან კარგად არიან, ხალხში კი დაპირისპირებაა. ჩვენს ხელისუფლებას რომ ვუყურებ, იგავი “კუ და მორიელი მახსენდება”. კუ მიხვდა თავის შეცდომას და გამოასწორა, მაგრამ “ოცნება” _ ვერა… პერსპექტივაც არ ჩანს…

საქართველო პოლიტიკურ თეატრად იქცა

ზურაბ აბრალავა, გაზეთისნიკოლაძის გზითრედაქტორი:

_ გაინტერესებთ, რა ხდება საკრებულოებში?! მოდი ვილაპარაკოთ, რა ხდება, საზოგადოდ, ქვეყანაში და იქიდან გამომდინარე დავასკვნათ, რატომ არის არეულობა საკრებულოებშიც, გამგეობებშიც, ქვეყანაშიც და ხალხშიც… საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სადავეები დღემდე უცხოელების ხელშია, ფსევდოდემოკრატიაც კარგ საშუალებად იქცა საკუთარი მიზნების მისაღწევად _ რევოლუციების, დაუმორჩილებლობის, ხელისუფლების ცვლილების, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ასე იქნება, სანამ უცხოელები ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს ფლობენ _ სამთავრობოს თუ არასამთავრობოს, პრეზიდენტის თუ პარლამენტის, სახალხო დამცველისა და ა.შ. ამას ემატება პარტიათა სიმრავლე და დაბნეული ამომრჩეველი… არავითარი დიალოგი პრობლემის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად, ხალხის გაჭირვებით მანიპულირება და რევოლუციური აღტყინებისთვის გამოყენება კვლავ ძალაშია. ოცნებისკოაბიტაციამნაცმოძრაობასთანდამანგრეველი შედეგი გამოიღო ყველა პარამეტრით და ესაა ნეოფაშისტური რეჟიმის პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივა, რომელსაც მხარს უჭერენ დასავლური პარტიები. თუ ეს არის ევროპული ორიენტაცია, რაც ასევე შედის აშშ-ის ინტერესებში, უნდა ვთქვათ, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას და იმ ყბადაღებულ დემოკრატიას, რომელიც ვერა და ვერ შედგა და რაშიც ბრალი მიუძღვის ორ დაპირისპირებულ ძალას _ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას”, რომლებიც ერთმანეთისთვის მაშველ რგოლებად იქცნენ, ხოლო დემოკრატიის მთავარი წყარო _ ხალხი, თანდათან ტოვებს ქვეყანას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი მონაწილეობს ამ კამპანიაში, მეორე ნახევარი კი ცვლილებების მოლოდინშია. ნაციონალები ამას კარგად ხედავენ და ცდილობენ, ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილმაც ჩათვალა, რომ რევოლუციური სიტუაცია მომწიფდა, რომელსაც, უპირველესად, ხალხის უკმაყოფილება განაპირობებს, და საქართველოში ჩამოსვლით ამ მიზნისთვის უნდა მიეღწია. ყველას დაავიწყდა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი, რაშიც უდიდესი როლი შეასრულეს კრიმინალების მიერ დაფინანსებულმა ე.წ. დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა, რომლებიდანაც დილიდან საღამომდე მოდის მესიჯები: “მიშა და საქართველო ერთია”, “მიშა და ხალხის თავისუფლება იდენტურია”, “მიშაა ერთადერთი მხსნელი” და ა.შ. დღეს ლამის მთელი პოლიტიკური ელიტა წუხს იმ კაცის ჯანმრთელობაზე, რომლის კისერზე ათასობით დაღუპული ადამიანის სიცოცხლე, ქვეყნიდან გაქცეული და დანგრეული ოჯახებია. ამან ერთგვარად განაპირობა ოპოზიციის ლუსტრაცია, რომ სკამისთვის ეშმაკსაც კი შეეკვრებიან. “ვარდების რევოლუცია” შიმშილით რევოლუციამ ჩაანაცვლა. ერთბაშად გამოჩნდნენ მივიწყებული ნაციონალები… მთელი ქვეყანა თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა მიშამ, რომელიც ხელისუფლებას უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებს. არადა, მისგან ტანჯული ხალხი დღემდე გამწარებულია. მოსახლეობის ნაწილი კი ამ დიქტატორის დაბრუნებაზე ოცნებობს. არ მთავრდება ჩვენს ქვეყანაში ბელადომანია და ყვარყვარიზმი. საქართველოში ახალი ეროვნული ძალების მოსვლას მხარს არ დაუჭერენ გარე ძალები, რომლებიც აკონტროლებენ ქვეყანას და ამაგრებენ ნეოლიბერალურ ძალებს, რაც, თავის მხრივ, არყევს ქრისტიანობის საფუძველს, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა. დღეს ეშმაკის ტყვეობაში ჩავარდნილები ანგრევენ რწმენას, ზნეობას, მოაქვთ სტრესი, ფსიქოზი, უიმედობა, მიაქვთ სიმშვიდე და თანადგომა, ურთიერთობები ადამიანებს შორის ნელდება, ვინ დაუბრუნებს მათ განწყობას, ხალისს… საქართველო პოლიტიკურ თეატრად იქცა. დამნაშავესა და პროვოკატორს ადარებენ ზნეობრივ გმირს _ ცოტნე დადიანს, რომელიც თაფლს კი არ მიირთმევდა, გაავებული მონღოლის ხმლისთვის ჰქონდა კისერი მიშვერილი. არადა, კარგად გვახსოვს გორში თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე მფორთხავი მიშა. ფსევდოლიბერალები, ნეოფაშისტები იბრძვიან ხელისუფლებისათვის და, ვინც შეეწინააღმდეგება მათ იდეებს, რუსეთის აგენტებად ნათლავენ. ქრისტიანობა და სამშობლოს სიყვარული აგენტობაა გლობალისტებისა და კოსმოპოლიტებისათვის. 30 წლის განმავლობაში ვერ მივედით ნამდვილ დემოკრატიამდე, 30-წლიანმა პოლიტიკურმა თამაშებმა საშინაო და გარეშე მტრების მონაწილეობით ქვეყანა დააზიანა. დასავლეთი მხარს უჭერს ნეოფაშისტური ძალების აღზევებას, რაც დიდი გამოწვევაა ქართველი ხალხისათვის. 30-წლიანმა ფსევდოდემოკრატიამ, ევროპულმა ორიენტაციამ შედეგი ვერ გამოიღო. გაუსაძლისი ყოფა დიდხანს ვერ გაგრძელდება, ცოტა დრო დარჩა ნამდვილ რევოლუციამდე, რომელიც ყველაფერს წალეკავს და იმედია, საქმე აქამდე არ მივა, ქართველობა ისევ გაერთიანდება ღვთისა და სამშობლოს გარშემო. ჩვენ გავიარეთ ნაცისტური ჯოჯოხეთი, “ოცნებამაც” ამოწურა ნდობის რესურსი, დადგა დრო ახალი ეროვნული ძალისა, რომელიც ერს გააერთიანებს რეალური დემოკრატიისა და თავისუფლების, ქრისტიანული რწმენის დასამკვიდრებლად და ქვეყნის ეკონომიკურად განსავითარებლად. აი, ეს არის ის, რისი თქმაც მინდოდა და რაც ქმნის ქვეყანაში დღეს არსებულ კრიზისებს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here