Home რუბრიკები ეკონომიკა რამდენს უნდა ჭამდეს შრომისუნარიანი მამაკაცი დღის განმავლობაში?

რამდენს უნდა ჭამდეს შრომისუნარიანი მამაკაცი დღის განმავლობაში?

რატომ უნდა ჭამოს ქართველმა ამერიკელზე 19-ჯერ ნაკლები?

3082
რამდენს უნდა ჭამდეს შრომისუნარიანი მამაკაცი დღის განმავლობაში?

დაახლოებით 4-5 წლის წინათ ვესწრებოდი შეკრებას, რომელზეც ბაღის ბავშვების კვების რაციონს განიხილავდნენ. ზუსტად ციფრები არ მახსოვს, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ დედაქალაქის ბაღებში თითო ბავშვზე თანხა უფრო მეტი გამოიყო, ვიდრე რეგიონების ბაღის აღსაზრდელებზე. როცა კითხვა არავინ დასვა, ავდექი და ვიკითხე: ვინ დაადგინა, რომ ბაღში თბილისელი ბავშვი უფრო მეტს ჭამს, ვიდრე, მაგალითად, საგარეჯოელი, ზუგდიდელი, ზესტაფონელი? პასუხი არავინ გამცა, უფრო სწორად, ვიღაცამ მომაძახა: ნეტა შენოდა ეგ იყო. არავის გაუპროტესტებია და ასე დაადგინეს თანხობრივად უფრო მეტი ულუფა თბილისელ ბავშვებზე. როგორც ჩანს, ეს ქართული ნოუჰაუა და ბავშვების შემდეგ ეს მიდგომა დიდებზეცდატესტეს”.

თქვენი აზრით, რამდენს უნდა ჭამდეს შრომისუნარიანი მამაკაცი დღის განმავლობაში? მოდი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს მოგაწვდით. მაშ ასე, შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღეში უნდა მიიღოს: 250 გრ ხორბლის პური, 70 გრ ხორბლის ფქვილი, 40 გრ სიმინდის ფქვილი, 20 გრ ლობიო, 10 გრ ბრინჯი, 10 გრ წიწიბურა ან მანანის ბურღული, 15 გრ მაკარონი, 40 გრ ხბოს ხორცი, 10 გრ ღორის ხორცი, 20 გრ შინაური ფრინველის ხორცი, 40 გრ თევზი, 10 გრ ძეხვეული, 150 გრ რძე, 25 გრ მაწონი, 15 გრ ხაჭო, 20 გრ ყველი, 5 გრ ნადუღი, 0,5 ცალი (ანუ ნახევარი) კვერცხი, 12 გრ კარაქი ან ერბო, 7 გრ მარგარინი, 10 გრ მცენარეული ზეთი, 50-50 გრ თესლოვანი, კურკოვანი და სუბტროპიკული ხილი, 50 გრ საზამთრო, ნესვი ან გოგრა, 15 გრ კაკალი, თხილი ან მზესუმზირა, 50 გრ პომიდორი, 25 გრ ხახვი, 7 გრ ნიორი, 10 გრ ბადრიჯანი, 40 გრ კომბოსტო, 15 გრ ჭარხალი, 15 გრ სტაფილო, 150 გრ კარტოფილი, 50 გრ შაქარი, 5 გრ მურაბა ან ჯემი, 5 გრ საკონდიტრო ნაწარმი, 20 გრ სამამულო ღვინო, 2 გრ ჩაი, მარილი… მარილი გემოვნებით, ბატონებო, რადგან მარილის გრაფაში ნული წერია.

უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, გეტყვით, რომ სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე, რომელიც გაანგარიშებულია ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებისა და შინამეურნეობების (ოჯახის) შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევიდან მიღებულ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

აღნიშნული კოეფიციენტი შეადგენს 0.865-ს. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის მოცემულ თვეში. საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0,7-ზე (საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით). მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის.

მოკლედ, ეს ყველაფერი ციფრებში შემდეგნაირად არის ასახული: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.10 ლარი უნდა ეყოს ყველაფერში _ ჭამაში, სმასა და გადასახადებში. აბა, რა უფლება გვაქვს, სპეციალისტებსა და ექსპერტებს არ დავუჯეროთ, მაგრამ ხომ იცით, ჟურნალისტებმა როგორი ჩაძიება იციან და ამ თემას ბოლომდე გავყევით. შესადარებლად ამერიკის შეერთებული შტატები ავიღეთ. ეს ქვეყანა იმიტომ შევარჩიეთ, რომ ყველაფრის კეთება ამერიკული სტანდარტებით გვსურს, მათ ვბაძავთ, მათ მითითებებს უსიტყვოდ ვასრულებთ. ამერიკაში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად თვეში 2 625 დოლარია დადგენილი. დღევანდელი კურსით რომ ვიანგარიშოთ, დაახლოებით 7 061.25 ლარი გამოდის _ ზუსტად 6 700 ლარით მეტი, ვიდრე საქართველოში. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკაში პროდუქტებზე სხვა ფასია, გადასახადებიც, შესაძლოა, უფრო მაღალი, მაგრამ ხომ ისედაც ცხადია, რომ, რასაც საქართველოში იყიდი 361 ლარად, იმავეს ამერიკაში 7061 ლარი, ანუ 19-ჯერ მეტი არ დასჭირდება. მაშ, რა გამოდის? ამერიკელი მოქალაქე საქართველოს მოქალაქეზე მეტს ჭამს? სიმსუქნის პრობლემა კი აქვთ ამერიკელებს, ისინი მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანი მოსახლეობის სიაში შედიან, მაგრამ არც ისეთი ჭარბი წონა უნდა ჰქონდეთ, რომ ქართველებზე 19-ჯერ მეტს მიირთმევდნენ. სიმართლე ის არის, რომ მათ აქვთ რეალობასთან ახლოს მისული საარსებო მინიმუმი, ანუ იქ რეალურად ითვლიან იმას, რაც სჭირდება კონკრეტულ ადამიანს და არ ანგარიშობენ მილიგრამებში. რა უბედურებაა დღეში 7 გრ ნიორი და 5 გრ ნადუღი?! ან რომელმა ჭკვიანმა თქვა, რომ საარსებო მინიმუმის მქონენი ხბოს ხორცით იკვებებიან, თანაც ყოველდღიურად? თუ ვერ ხვდებით, ბატონებო, ჩვენ გეტყვით _ ეს დაანგარიშებაც, ჩამოთვლილი პროდუქტებიცა და ფასებიც მოსახლეობის დაცინვაა. ჰო, დაცინვა და მეტი არაფერი! თქვენ დასცინით ადამიანებს, თანაც ოფიციალურად, ქაღალდზე დატანითა და შესაბამისი ცხრილების შედგენით.

შესაძლოა, ვიღაც შემოგვედაოს: რაც შეუძლია სახელმწიფოს, ეს არისო, მაგრამ არა, ბატონებო. ნუ დაარქმევთ ამას საარსებო მინიმუმს, დაარქვით “შეძლებისდაგვარად” და უფრო გასაგები და მარტივი იქნება. აკი თქვა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა: ხალხს რომ უჭირს, “ქართული ოცნების” ბრალი არ არის, რადგან ჩემი გუნდი პრაქტიკულად მაქსიმუმს აკეთებს, მეტის კეთება შეუძლებელიაო. ჰოდა, თქვით თქვენც: ეს საარსებო მინიმუმი კი არ არის, ის მაქსიმუმია, რომლის მოცემაც შეგვიძლიაო, და მოვეკიდებით გაგებით. ან, დიდი ამბით რომ გვიწერთ, ეს ყველაფერი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის არის გათვლილიო, არ გინახავთ 65 წელს, ანუ საპენსიო ასაკს გადაცილებული შრომისუნარიანი მამაკაცი? ის მამაკაცი, რომელსაც პენსია 200 ლარი აქვს, ანუ იმდენი, რომ შრომისუნარიანობიდან ნელ-ნელა უნდა გადაკვალიფიცირდეს შრომისუუნარობაზე, რადგან შესაბამისად ვერ გამოიკვებება.

ხშირად გვესმის: თქვენ თუ იცით გამოსავალი, გვითხარითო. ჯერ ერთი, არც ერთი მთავრობა არ უსმენს ხალხს და ეს არის ქართული აქსიომა. მერე იცით, როგორ არის, ბატონებო? ფეხბურთელი მომენტს რომ ვერ გამოიყენებს და გულშემატკივარი სტვენას რომ იწყებს, ხომ გინახავთ? ისიც ხომ გინახავთ, იმ ფეხბურთელს ნამატჩევს რომ უთქვამს, უკეთესად თუ შეგიძლიათ, თქვენ ითამაშეთო? ფეხბურთელს იმიტომ ჰქვია ფეხბურთელი, მაყურებელს კიდევ _ მაყურებელი, რომ ერთი მოედანზე იყოს, მეორე _ ტრიბუნაზე, ანუ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და, თუ არ შეგიძლიათ, იმას კი ნუ გვეუბნებით: მოდი, აბა, შენ გააკეთეო, _ ვინც იცის, ის მიუშვით. ახლა იკითხავთ: ვინ იცისო? მცოდნე ბევრია, ძალიან ბევრი. გიორგი ქობულიას დარი მცოდნე კი არა, ეკონომიკის მინისტრობა რომ შეტენეთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), არა, ნამდვილ პროფესიონალებზე ვამბობთ და, რაც მთავარია, ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ნამუსი აქვთ და სიმართლეს მაინც ეტყვის ხალხს, არ დასცინებს და არ შეეცდება დარწმუნჯებას, რომ იმ თანხით უნდა იარსებოს, რომელი თანხითაც არსებობა რეალურად შეუძლებელია.

ის თუ იცით, ხალხს არჩევნების მოსვლა რომ უხარია? დაპირებების გარდა, ამომრჩევლის მოსყიდვა მიდის და ხმას ყიდის ამომრჩეველი, ანუ ყიდის იმას, რაც აქვს და რაც ხელისუფლებას თუ ოპოზიციას სჭირდება. ჭკუაც ისწავლეს და ერთ ხმას ორივე მხარეს ყიდიან, შემდეგ კი არჩევანს ან აკეთებენ, ან არ აკეთებენსაბოლოო ჯამში, გამარჯვებული იმავე ხალხისგან ასმაგად იღებს დანახარჯს, მაგრამ ამომრჩეველს ეს ნაკლებად ანაღვლებს, იმიტომ, რომ ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან, იმ ერთი თუ ორი კვირის სარჩოსთვის, რომელიც ამოასუნთქებს. ხანდახან მართლა გვგონია, რომ ხელისუფლებაში მყოფნი ვერ ხვდებიან, რა დღეშია მოსახლეობა და აწ უკვე გათავისუფლებული ქობულიასავით ფიქრობენ, რომ ადამიანები კარგად ცხოვრობენ, უბრალოდ, ამის აღქმა უჭირთ. დილით ფრანგი მზარეულის (არიან ასეთები თბილისში) გამომცხვარ თბილ კრუასანს რომ წაუსვამთ კარაქს (და ეჭვი გვაქვს, დღიურ ნორმაზე დადგენლი 12 გრამზე მეტს), მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენთ, რომ იმავე წუთს თქვენს კორპუსთან ახლოს მდგარ ნაგვის ურნაში ვიღაც იქექება, რათა წინა დღით გადაგდებული პურის ნატეხი იპოვოს. რატომ მაინცდამაინც თქვენს კორპუსთან? იმიტომ, რომ პრესტიჟულ უბნებში ცხოვრობთ და იქ ურნებში ქექვა უფრო მომგებიანია, უფრო მეტი საკვები იყრება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ რატომ არ ჩანს ეს რეალობა თქვენი ავტომობილების ან სახლების ფანჯრებიდან, თუ არ გინდათ, რომ დაინახოთ? თუ ხედავთ და სულაც არ გადარდებთ?

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    მოდით ჩვენ შევადაროთ, რამდენს უნდა ჭამდეს უმუშევარი ადამიანი და დღევანდელი, “მომუშავე” ჩინოვნიკი პოლიტიკოსი. უმუშევარი ადამიანი, უდიდეს გონებრივ ენერგიას ხარჯავს კვების პროდუქტების მოპოვებაზე. ჩინოვნიკი კი სამსახურში, ფუქსავატურად გატარებულ დროში, ენერგიას ინაზღაურებს, რაც აშკარად სახეზეა და ეტყობა ქვეყანას, რისთვისაც ისინი ასე ჩასქელებულები და გასიებულები არიან. ხოლო ხელები, ფეხები, თავი და ტანი, ერთნაირი რაოდენობით აქვთ, მხოლოდ ტვინში და კუჭებშია განსხვავება. ამაშია ენერგიის ხარჯვაში, მათ შორის ძირითადი განსხვავება. დანარჩენი, თუ ვინ რამდენს უნდა ჭამდეს, თქვენთვის მომინდია მეგობრებო. მეტი სიზუსტისათვის, ეს ყველაფერი შეგიძლიათ ელექტრონულ სასწორზე იანგარიშოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here