Home რუბრიკები საზოგადოება რამდენი ბიჭი და გოგო ცხოვრობს საქართველოში?

რამდენი ბიჭი და გოგო ცხოვრობს საქართველოში?

ბავშვები

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 0-4-დან 10-14 წლამდე ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. ბოლო პერიოდში საქართველოში გოგონებთან შედარებით 35 900-ით მეტი ბიჭი დაიბადა. სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, გენდერის სპეციალისტების შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია, _ იუწყება ვებგვერდი batumelebi.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში), სქესთა შორის ასეთი განსხვავების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა კვლევისას გამოყენებული სამსაფეხურიანი სქემის საშუალებით გამოიყოფა რამდენიმე წინაპირობა, რომელიც ხსნის სქესთა შორის დისბალანსის მიზეზებს. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება 1991 წლის შემდგომ პერიოდში აღინიშნა და ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის _ ლელა ბაქრაძის აზრით, სქესთა სელექციას გარკვეული ტრადიციები და გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს, რომელიც ჯერ კიდევ ძლიერია ქართველ საზოგადოებაში.

“ეს არის ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა, რომელიც იწვევს გენდერული ნიშნით სქესის სელექციას. ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რომ ბიჭი გააჩინონ და სწორედ ეს არის პრობლემა. აქ არის მიზეზი გასარკვევი, თუ რატომ ანიჭებენ ვაჟს უპირატესობას და რატომ არ ვაფასებთ გოგონას ისევე, როგორც ვაჟს? რა კულტურული საფუძვლები უდევს ამას და ა.შ.”, _ ამბობს ლელა ბაქრაძე.

ლელა ბაქრაძის აზრით, თუკი დღეს აჩენენ მესამე შვილს, უფრო იმიტომ, რომ გააჩინონ ბიჭი და არა გოგო. “ამ ყველაფერმა დაღი დაასვა სქესთა შორის თანაფარდობას. საქართველოში 2010 წლისთვის 25 ათასი გოგონა უნდა დაბადებულიყო, რომელიც არ დაიბადა”. ბუნებრივი მატების პირობებში, სქესთა თანაფარდობა უნდა იყოს 100 გოგო 107 ბიჭზე ან 100_106-ზე. საქართველოს შემთხვევაში, ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვალა და 100-113-ზე ავიდა. სქესთა სელექციას ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამაც, როცა ადამიანებს ჩასახვამდეც კი შეუძლიათ სქესის განსაზღვრა.

1 COMMENT

  1. ეს არის განუვითარებელი ქვეყნების ერთერთი ნიშანი. მათ შორის უფრო ეკონომიკურად განუვითარებლის.

    ბიჭი ითვლება ხანშიშესული და მოხუცი მშობლების შედარებით უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტად იმიტომ, რომ ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით ბიჭი რჩება სახლში (ან ავტომატურად ვალდებულია იზრუნოს მშობლებზე), ვიდრე გოგო. ეს კი ძალიან მნიძვნელოვანია ხალხისთვის, ვისაც 180 ლარი აქვს პენსია და მხოლოდ პენსიაზე დამოკიდებულს, გარანტირებული შიმშილი ან შიმშილით სიკვდილი ელის.

    ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიბერეში სამოგზაუროდ დაფრინავენ ახალგაზრდობაში დაგროვილი ფულით და რომელიმე შვილის იმედად არ არიან სიბერეში, მსგავსი პრობლემები ნაკლებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here