Home რუბრიკები საზოგადოება რამდენიმე შენიშვნა “მცირე მთავრობის” შესახებ

რამდენიმე შენიშვნა “მცირე მთავრობის” შესახებ

1027
ომარ მარგველაშვილი

მცირე მთავრობამუშაობას შეუდგა. “ოცნებისხელში უკვე მეოთხე მთავრობა. რას მოგვიტანს ახალი კაბინეტი, ამჯერად ბახტაძისეული? ოპტიმისტები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან პატივცემულ ბახტაძეს, ფინანსთა მინისტრობიდან შეამჩნიეს გონებამახვილური გადაწყვეტილებების მიღების უნარი, განსაკუთრებით მოსწონდათ საზოგადოებისთვისსაყვარელიბანკების მიმართ გამოთქმული შენიშვნები.

პესიმისტები კი მიიჩნევენ, რომ არაფერი შეიცვლება, რის ვაი-ვაგლახით ჩავათავებთ წლებს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. მერე კი ბახტაძის ჩანაცვლების დროც დადგება.

ხელისუფლება, სანამ ქვეყნის სათავეშია, ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავის პატივისცემისთვის, თანაც მოჭარბებულად.

მოდიან და მიდიან, უფრო სწორად, მოჰყავთ და მიჰყავთ _ არავინ იცის, რა დამსახურებისთვის, რა შეცდომებისთვის ან დანაშაულისთვის. ალბათ, გახსოვთ, ღარიბაშვილმა ცხელ-ცხელი სამომავლო გეგმების განდობის მეორე დღეს რომ შემოგვძახა ტელეეკრანებიდან _ ჩემი წასვლის დრო დადგა და კარგად იყავითო.

მამაცხონებული, თუ წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, წინა დღით სამომავლო პროგრამას რატომ გვახვევდა თავს?!

ღარიბაშვილის წასვლის მოტივი ჯერაც არავინ იცის, გარდა ივანიშვილისა. ღარიბაშვილი კვირიკაშვილით ჩანაცვლდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, გაწონასწორებული, დინჯი მოხელით, ბანკ “ქართუში” დაფრთიანებულით, ისე, როგორც მისი წინამორბედი.

“ოცნება” კვირიკაშვილის “გაწონასწორებულობას” რომ უსვამდა ხაზს, ამით ღარიბაშვილის გაუწონასწორობლობაზე მიანიშნებდა.

გავიდა ორ წელიწადზე ცოტა მეტი და “გაწონასწორებულმაც”, ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა, ტელეეკრანიდან გვაუწყა გადადგომის თაობაზე. არადა, მანამდე დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ არსად წამსვლელი არ იყო.

კვირიკაშვილი უმალ ჩაანაცვლეს ბახტაძით, რომელიც ერთობ უცნობი იყო საქართველოს საზოგადოებისთვის. თავის ვრცელ ტელეინტერვიუში ივანიშვილმა გვითხრა, რომ ბახტაძე კარგად გაუძღვება საქმეს და წარმატებული პრემიერმინისტრი იქნებაო.

მესამედ გვესმის მისგან ასეთი შეფასება.

რა დამსახურებისთვის შეირჩა ბახტაძე, არვინ იცის. იცის ივანიშვილმა, რომელიც გვეუბნება, რომ “შეძლებს”, მაგრამ ასე არ იყო წინა ორ შემთხვევაშიც?!

საზოგადოება ამ “სპექტაკლს” უყურებს და ტაშს უკრავს, ერთი პირის მიერ მონუსხული. არაფრად ვაგდებთ ამ გაუგებარ ექსპერიმენტებში გალეულ წლებს, გაუარესებულ ეკონომიკურ, გაუსაძლის სოციალურ ყოფას. ამ დროს პრემიერმინისტრობიდან გადამდგარი მოხელე მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, ცხადია, მატერიალურად უზრუნველყოფილი, ბიზნესში წილნაყარი. მაშინ, როდესაც დათრგუნული ქვეყანა და დაბეჩავებული ხალხი, სოციალური უსამართლობით გამოფიტული, სასოწარკვეთილია.

ის, რაც სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა, ვერაფრით ჯდება დემოკრატიის ჩარჩოებში. ის, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხდება _ მთავრობის მოყვანა-წაყვანა ხალხთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, უფრო მეტიც ინფორმირების უგულებელყოფა _ დემოკრატია არ არის.

კვირიკაშვილი წაიყვანეს, როგორც ამბობენ, მიზეზი ხალხის ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესებაა, ანუ სიღარიბე. ამ ამბავმა ისე შეძრა ერი და ბერი, თითქოს რაღაც ახალი გაიგესო. რა, განა ჩვენთვის უცნობია ის ამბავი, რომ ქვეყანა ღატაკია, უმუშევრობა მატულობს, იზრდება უცხოეთში წასვლის მსურველთა რაოდენობა, მოსახლეობა, განსაკუთრებით პენსიონერები, ლამის წელში გაწყდნენ, ბავშვები რომ შიმშილობენ?!

დაპირების მიხედვით, სამოთხეში უნდა ვცხოვრობდეთ. სამოთხეს ვინ ჩივის, სიღარიბეზე ერთი საფეხურით მაღლა რომ ვიყოთ, უდიდეს მიღწევად ჩავთვლიდით. დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას, რომელიც დანაპირებს ვერ ასრულებს, აღარ ირჩევენ, მაგრამ ხელისუფლებას, რომელიც აუარესებს ცხოვრებას, პასუხისგებაში აძლევენ.

მძიმე ვითარების გამოსწორება ბახტაძეს დაევალა და ისიც შეუდგა მოღვაწეობას ახალი წინადადებებით, რომელთა შორის “მცირე მთავრობის” თემა ზომაზე მეტად არის რეკლამირებული. რას ნიშნავს “მცირე მთავრობა”? ბახტაძემ რაც გვითხრა, ეს სიახლე, პირდაპირი გაგებით, სამინისტროების შემცირებაა _ მექანიკურად, თვალის ასახვევად.

სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი, ერთობ ვოლუნტარისტული მიდგომა უდავოდ ზედაპირულია. ამ პროცესში პატრონი არ გამოუჩნდა რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის, კულტურის, რომელიც განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეტენეს, ანუ ჰუმანიტარული დარგის ახალ მინისტრთა საბჭოში.

კულტურის სამინისტრო, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დარგებს კურირებდა, ისტორიას ჩაბარდა. გამოდის, რომ ხელისუფლებას აღარც ის დარგები აინტერესებს და აღარც კულტურა, რომელმაც მსოფლიოში გაიტანა საქართველოს სახელი. განათლების სამინისტროს შეკედლებული კულტურა კი არა, ცალკე სამინისტროდ არსებულიც ვერ მართავდა დარგს.

რა გაეწყობა, არც კულტურა უნდათ და არც განათლება. დარწმუნებული ვარ, 2 წლის შემდეგ შეკვეცილ სამინისტროებს კიდევ უფრო შეკვეცენ და დაგვრჩება პრემიერმინისტრი და თითოოროლა ვიცეპრემიერი.

გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის პერიოდი, როგორ გააუქმეს მშენებლობის სამინისტრო და მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც დეველოპერულ მაფიას ხელს უშლიდა. რა მივიღეთ? _ ძალადობა მშენებლობაში, უკონტროლობა, არაპროფესიონალიზმი, ერთმანეთს “მიწებებული” საცხოვრებელი კორპუსები, რომელთა ხარისხის, უფრო სწორად, უხარისხობის თაობაზე ბევრს წერდნენ და წერენ სპეციალისტები. დედაქალაქმა სახე დაკარგა და ერთ “საწილე რაიონს” დაემსგავსა.

დავემშვიდობეთ კულტურის სამინისტროს და მასთან ერთად _ კულტურას. ვინღა მიხედავთ კულტურის ძეგლებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, თეატრებს, ესტრადას, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომელთა გარეშეც საქართველო რა საქართველოა?! იქნებ სწორედ ეს უნდა დღევანდელ მედასავლეთე ხელისუფლებას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას?!

ისტორიის, ტრადიციის, ხელოვნების, სულიერებისა და კულტურის გარეშე დარჩენილი ქვეყანა რა ქვეყანაა?!

ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირება დიდად წაადგება გაუარესებული სოციალური პრობლემების მოგვარებას, ისევე, როგორც შავი ფერის ჯიპების თეთრით შეცვლა.

ხარჯების შემცირება მაშინ იქნებოდა ეფექტიანი, თუ დაზოგილს მიზნობრივად გამოიყენებდა ხელისუფლება და არ დახარჯავდა ძვირადღირებულ არაფრისმომცემ უცხოურ ვოიაჟებში, აქ ჩამოსული სტუმრებისთვის ზღაპრულ პურმარილებში; არ გაიზრდიდა ხელფასებს, დანამატებს და პრემიებს.

ხელისუფლებამ ფულის დაზოგვის მიზნით სამინისტროების რაოდენობა შეამცირა, მაგრამ სიტყვაც არ თქვა ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანაზე. არადა, იქ პარლამენტის არსებობა, პარლამენტართა და აპარატის მუშაკთა წინ და უკან სიარული, ავტომანქანების საწვავი და ბინების დაქირავება მილიონები უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს.

მომჭირნეობაზე ლაპარაკობენ და პეკინის ქუჩაზე ველომოყვარულთა ძვირადღირებული ტრასა გააკეთეს. ვისთვის და რისთვის?

ეს ქალაქის ყოფილ მერს თუ ეგონა, რომ ჰოლანდიასავით სახელმწიფო მოხელე ველოსიპედით მივიდოდა სამსახურში, მწარედ ცდებოდა, ვინაიდან საველოსიპედე ახალგაზრდობა (და ასეთია მთელი მთავრობა) ტროლეიბუსისხელა ჯიპებზე არის წამომჯდარი. ვინ გადასვამს მათ ველოსიპედზე?!

კალაძის, ქალაქის მერის, გასაგონად ვიტყვი: ხალხმა შავჯიპიანი მოხელე ავტომობილის ფერის გამო კი არ შეიძულა, _ ფასის გამო. შავსა და თეთრს ერთი და იგივე ფასი აქვს. კალაძე სხვა ქუჩებზეც გვპირდება ველოტრასის მოწყობას, რაც ფუქსავატურად ფულის განიავებას ნიშნავს, გარდა ამისა, მავნებელია იქ ველოსიპედით ნავარდი, მძიმე გამონაბოლქვის გამო. ნუთუ ძნელია იმის შეგნება, რომ “მთაგორიან” თბილისში ველოსიპედი სატრანსპორტო საშუალებად არ გამოდგება?!

მსგავს პროექტებში უჭკუოდ ფულის გადაყრა აპარტახებს ქვეყანას. გაიხსენეთ ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ხადურის, ხელგაშლილობა ან რამდენს ხარჯავს მერია უცხოური დეკორატიული მცენარეების შესაძენად და საახალწლოდ თბილისის მოსართავად. თავი შეიკავეთ მსგავსი უაზრო ხარჯებისგან და დანაზოგიც გაჩნდება.

“მცირე მთავრობა” არ შეხებია ისეთ საკითხს, როგორიცაა მარეგულირებელი კომისიების დაფინანსება. იქ გაცილებით მეტი საბიუჯეტო თანხა იხარჯება, ვიდრე სამინისტროებში. ჯერაც არავის დაუყენებია მარეგულირებელი კომისიების ყოფნა-არყოფნის საკითხი. იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ რა ეშველება იქ “დასაქმებულ” მაღალხელფასიან ნათესავ-მეგობრებს?

ჩემი აზრით, მარეგულირებელთა საქმე მინისტრთა კაბინეტის აპარატმა უნდა იტვირთოს.

ამას წინათ გავეცანი პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის წერილს საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე. ვეთანხმები მის მოსაზრებას უცხოეთში საელჩოების შეკვეცის თაობაზე, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს არავითარი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირი არ აქვს და არც ექნება.

სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ არის “მცირე მთავრობა” იმის გამთვალისწინებელი, რაც აქ დავწერე?

“მცირე მთავრობამ” მუშაობა დაიწყო. შეპირებებიც გაჩნდა _ ფართო და მრავალმხრივი. ვნახოთ, რას მოგვიტანს მორიგი ექსპერიმენტი.

დაბოლოს.

პრემიერმა და მცირე მთავრობამ მოღვაწეობა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციით დაიწყო. განა რომელიმე ჭკუათმყოფელი დაიჯერებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი მომავალი თაობის დამღუპველი გადაწყვეტილება “ზემდგომებთან” შეთანხმების გარეშე მიიღო?!

ომარ მარგველაშვილი,

საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here