Home რუბრიკები საზოგადოება რამაზ გერლიანი: გამოსავალია “მწვანე ამნისტია” და მერე _ სწორი პოლიტიკა

რამაზ გერლიანი: გამოსავალია “მწვანე ამნისტია” და მერე _ სწორი პოლიტიკა

1973
რამაზ გერლიანი

26 ივლისიდან იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭალეჩხუმის, ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხეჯავახეთისა და სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონებში ერთდროულად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. სპეცოპერაციამ დიდი ხმაური გამოიწვია მესტიის რაიონში, მოსახელობა წინ აღუდგა სამართალდამცველებს და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ბრიგადა ჩავიდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა: “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხეტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხეტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. ბოლო პერიოდში გაიზარდა ხეტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა.

საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, რის გამოც ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია-მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა”.

ტყე რომ ნამდვილად იჭრება და ნადგურდება, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ზოგიერთ რაიონში ხეტყის ბიზნესი ერთადერთი შემოსავალია. სვანეთში თითქმის ყველა ოჯახს აქვს სახერხი და იქვე კუსტარულად ამუშავებენ ხის მასალას, რომელიც ბაზარზე გამოტანილზე გაცილებით იაფია…

რა გამოსავალი უნდა მოძებნოს ხელისუფლებამ, რათა ეს ბიზნესიც არ დაზარალდეს, მოსახეობას ლუკმაპურის შოვნის წყარო ჰქონდეს და ბუნებაც არ გაჩანაგდეს? _ ამ შეკითხვით მივმართეთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სვანეთის მკვიდრ რამაზ გერლიანს.

_ გამოსავალიმწვანე ამნისტიადა მერე სწორი პოლიტიკაა.

მსოფლიოს ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, აგრეთვე, საბაზრო ეკონომიკის წესებიდან და კანონზომიერებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭიროა, დამკვიდრდეს ტყეზე კერძო საკუთრების ინსტიტუტი.

ტყე უნდა გადაეცეს კერძო სექტორს საკუთრებაში _ მოსახლეობას დაუბრუნდეს 1921 წელს წართმეული მამაპაპისეული საგვარეულო ტყეები. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცევა. ტყეს გააკონტროლებს 2 სუბიექტი: კერძო მესაკუთრე და სახელმწიფო (დღეს ამას მხოლოდ სახელმწიფო ცდილობს უშედეგოდ), რაც მნიშვნელოვანად გააადვილებს ტყის დაცვისა და კონტროლის ღონიძიებების გატარებას. ამ ფუნდამენტური პრინციპის გაზიარება-გატარების შემდგომ საბაზრო ძალების გათვალისწინებითა და ინსტიტუციური ცვლილებებით შესაძლებელია მივაღწიოთ რაციონალურ შედეგს, როგორც ტყით სარგებლობის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით.

დღეს ყველა რეგიონში (ბორჯომი, ადიგენი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, კახეთი და ა.შ.), სადაც მიმდინარეობს ხის მერქნის დამუშავება, პრობლემაა უკანონო ჭრა და დამუშავება. ტყის რესურსი ჩანაგდება, იზრდება ჩრდილოვანი საწარმოო ბრუნვა, რაც კორუფციის მასტიმულირებელია. თითოეულ მუნიციპალიტეტში მუშაობს ასობით (ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს) მცირე და საშუალო ე.წ. ხის დამამუშავებელი სახერხი. არალეგალურად წარმოებული ნახევარფაბრიკატი (ფიცარი, განძელი, შპალი და ა.შ.) არის შედარებით დაბალი ღირებულების, რაც ლეგალურად წარმოებულ ხის მასალას უწევს კონკურენციას (ლეგალური მეწარმეები ხეტყის ფონდების მფლობელ და დამამუშავებელ ამ საბაზრო პროცეში, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთვებიან, ვინაიდან არალეგალურად წარმოებული მერქნის თვითღირებულება იაფია, აკლდება რა 1 კუბ. მეტრზე ფონდის ღირებულება და გადასახედები, პლუს სხვა ტიპის ვალდებულებები).

ლეგალური მსხვილი სახერხებიც ნაწილობრივ ჩრდილოვანი მეთოდებით მუშაობენ, რათა დააბალანსონ საწარმოო დანახარჯები და შემორჩნენ საბაზრო კონკურენციას _ არალეგალურად დამუშავებული ხეტყე ხშირად მათი გავლით ხვდება ბაზარზე.

გასაგები მიზეზების გამო, არალეგალურად ნაწარმოები მასალა იყიდება იაფად, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში ლეგალურად წარმოებული მასალაზე. იჩეხება მეტი ტყის ფართობი მარტივი ეკონომიკური მიზეზის გამო _ რაც უფრო დაბალია ფასი, მით მეტია მოთხოვნა…

პრობლემას ქმნის ხეტყის დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები, ვინაიდან ჩრდილოვანი წარმოების მერქნიდან გამოსავლიანობა არ აღემატება 35-50%-ს, ხოლო დანარჩენი რესურსი, ამ ტიპის წარმოებისთვის გამოუსადეგარი, ფაქტობრივად, “ნადგურდება”, ხშირად კვალის დაფარვის მიზნით; რადგან ეშინიათ მონიტორინგის, ნარჩენებს წვავენ, ზოგჯერ კი ყრიან მდინარეებსა და ხევებში.

საქართველოში ბოლო 27 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ტყით სარგებლობა-დამუშავება და არც ერთ რეგიონში არ არსებობს ხეტყის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მეტ-ნაკლებად უნარჩენოს გახდიდა წარმოებას.

გამოსავალი ის იქნება, რომ ხეტყის წარმოება ჩრდილოვანი სფეროდან გადავიდეს ლეგალურ სფეროში, რაც ვერ მოხერხდება მხოლოდ კონტროლით. ვინაიდან ე.წ. ფონდები შედარებით გამსხვილებული სახით იყიდება, ხელმიუწვდომელია მცირე ზომის ან საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც ხეტყის დამუშავებისა და მოპოვების ფართო სეგმენტს წარმოადგენს. მცირე ფონდების შეძენა შესაძლებელი უნდა იყოს.

უნდა გამარტივდეს გადახდის სისტემა, თუნდაც ე.წ. ფეი-ბოქსის აპარატიდან ან ინტერნეტით მარტივი ჩარიცხვით, ელექტრონული გადარიცხვა ინტერნეტქსელიდან კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის სასარგებლოდ, რაც შეამცირებს კორუფციას.

გამარტივდეს საჭრელად განკუთვნილი ხის დანომვრის პროცედურა და ჭრის მთავარ ცენზად დაწესდეს ხის გარშემოწერილობა. სიმაღლე, სტანდარტი (დიფერენცირებულად ტერიტორიების მიხედვით _ რეგიონი-რაიონი-კვარტალი). პარალერურად, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებასთან ერთად, გამკაცრდეს უკანონო ჭრაზე დაწესებული ადმინისტრაციული მექანიზმები. საჭიროა ჩრდილოვნი საწარმოების ლეგალიზაცია.

შედეგად მივიღებთ ლეგალურ ეკონომიკაში მოქცეულ სეგმენტს, ხოლო დასამუშავებელი (მრგვალი მორი) და დამუშავებული (ფიცარი) ხეტყის გასაყიდი ფასი მოიმატებს (სხვათაშორის, დანახარჯები მნიშვნელოვანად არ გაეზრდებათ, პირიქით, დაეზოგებათ უკანონო ჭრა-დამუშავების ირიბი თუ პირდაპირი “საფასური”), ვინაიდან წარმოება ხდება ლეგალური, მწარმოებლები ნაკლები ჭრით და წარმოებით იმავე ან მეტ შემოსავალს მიიღებენ ჯამში (არალეგალურად თუ ხის მჭრელი მოქალაქე 10 მ2 მორიდან იღებდა 600-900 ლარს, ხოლო დამამუშავებელი 5 მ2 ფიცრიდან _ 1200-1400 ლარს, ლეგალიზების შემდგომ _ 7 კუბით მიღებს 700-1000 ლარს და დამამუშავებელი 5 კუბით _ 1800-2200 ლარს პლუს ლეგალურად ნარჩენების რეალიზებით შემოსავალი, რომელსაც დღეს ყრიან მდინარეებში ან წვავენ და აზიანებენ გარემოს).

ზემოხსენებული პოლიტიკა გამოიწვევს ხეტყის მასალაზე მოთხოვნის შემცირებას (ფასის ზრდის გამო, ლეგალური მეტი ღირს), შედეგად მივიღებთ ნაკლებ მოჭრილ ხეს რაციონალურად გამოყენებულ მერქანს და ნაკლებად გაჩანაგებულ ტერიტორიებს.

საკითხავია, ეს პრობლემას ხომ არ შეუქმნის იმ დარგებს, რომლებიც იაფი ხეტყის მასალას გამოიყენებდნენ?

დაბალი ფასის პირობებში სამშენებლო ობიექტს ხშირად ფიცრით ღობავენ, ეს ყველას გვინახავს თუნდაც დედაქალაქში. იაფი ჯდება და იმიტომ. მაგრამ, თუ ფიცარი გაძვირდა და ალტერნატივაც ამ სახის შავ მასალაზე გაჩნდა დაპრესილი ნარჩენების ფურცლის სახით, მშვენივრად გამოიყენებს დაინტერესებული პირი ან კომპანია, ვინაიდან მნიშვნელობა არ აქვს, ობიექტი ფიცრით იქნება თუ სხვა რამით შემოღობილი, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ფასს.

ეს შეცვლის მაკროეკონომიკურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს? _ მოკლე პერიოდში უმნიშვნელოდ. ასევე არ შეიცვლება მშპ-ში ისედაც მცირე წილი ამ რესურსისა, ვინაიდან მშპ ფულად ფორმაში გამოიხატება. შემცირდება ექსპორტიც (ნახევრად დამუშავებული), თანხობრივად კლება ნაკლებად მოხდება; ხოლო გრძელვადიან პერიოდში ხეტყის რესურსების ექსპორტიდან შემოსული თანხა გაიზრდება, მათ შორის, ახალი პროდუქტების გაჩენის ხარჯზე.

სატყეო სეგმენტის ესპერტთა აზრით, საქართველოში ტყის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა, იჭრება ძალიან ბევრი ხე. ჭრა უნდა შემცირდეს, ჭრის შემცირების შედეგად გაჩენილი დეფიციტი უნდა შეივსოს ალტერნატივებით.

ბიზნესის ხელშეწყობა უნდა მოხდეს ხის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენების ათვისებით, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობით _ მოსაპირკეთებელი მასალა, ყუთების მასალა, დაპრესვის შედეგად მიღებული მასალები, ენერგოეფექტიანი საწვავი და ა.შ.

საუბარი ჩაიწერა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here