Home სხვადასხვა დაიჯესტი ჟურნალი TIME და ლიბერალური ფასეულობები

ჟურნალი TIME და ლიბერალური ფასეულობები

1171
pussi riot-ი ტაძარში

1920-2020 წლების პერიოდის შერჩეულ და ამოკრეფილ მასალაშიწლის ქალი”, რომელიც ჟურნალმა Time გამოაქვეყნა, რუსეთი წარმოდგენილია პანკჯგუფ Pussy Riotით. ეს არჩევანი საკმაოდ ნიშანდობლივია: ზემოაღნიშნულ პერიოდში, ჟურნალ Time აზრით, რუსეთში არ არიან უფრო ღირსეული კანდიდატები, რომლებიც მოხვდებოდნენ 100 გამოჩენილი ქალის სიაში.

შეგახსენებთ, რით გაითქვა ამ ჯგუფმა სახელი: 2012 წელს ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც მაცხოვრის სახელობის ტაძრის საკურთხეველში ცეკვავენ და ასრულებენ სიმღერას, რომელიც პარაკლისზე დამცინავი პაროდიით უკიდურეს მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს მიმართ.

ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები დააპატიმრეს და ორი წლით აღუკვეთეს თავისუფლება ხულიგნობის გამო. ამან გამოიწვია მათ დასაცავად წამოწყებული კამპანია, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები (ანგელა მერკელის დონის), პოპულარული არტისტები (პოლ მაკარტნის დონის) და ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციები (Amnesty International-ის დონის). ისინი მოითხოვდნენ გათავისუფლებას რეჟიმის მსხვერპლი პატიმრებისა, რომლებმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოპულარობა მოიხვეჭეს და ურთიერთობა ჰქონდათ ჰილარი კლინტონსა და მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის უმაღლესი ფენების წარმომადგენლებთან.

ამიტომ თავისი საქმით დაკავებული უბრალო დასავლელი ობივატელისთვის Pussy Riotის არჩევა, გარკვეულწილად, გასაგებია _ მან ბევრი არაფერი იცის რუსეთზე და დაინტერესებულიც არ არის, მხოლოდ ყური მოუკრავს, რომ იქ არის საშინელი ტირანი Putin, რომელსაც გაბედული ქალები დაუპირისპირდნენ.ამ საკითხზე თავის დროზე გაშმაგებული კამპანია მიმდინარეობდა, ამიტომ ეს მის მეხსიერებაში ჩაიბეჭდებოდა. სხვა რუსი ქალის შესახებ კი მან შეიძლება არც იცოდეს. ის არ არის რუსეთისა და ქალების წარმატებების სპეციალისტი _ თავისი საქმე აქვს.

მაგრამ ჩვენ სხვა რამეს უნდა ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებას პროფესიონალურად აწვდიან ინფორმაციას მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. მათ მეტი დრო უნდა დახარჯონ და გაარკვიონ, როგორები იყვნენ რუსი ქალები ბოლო 100 წელიწადში. მაგალითად, პირველი ქალი, ვინც კოსმოსში იფრინა _ ვალენტინა ტერეშკოვა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთში მასზე არ ლაპარაკობდნენ. კოსმოსური თემატიკის ინგლისურენოვანი ვებგვერდები ტერეშკოვას გაფრენის წლისთავს ყოველთვის აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ მისი გმირობის დიდ მნიშვნელობას კაცობრიობისთვის, განსაკუთრებით _ ქალებისთვის.

და მართლაც, კოსმოსში გაფრენა დიდი გმირობაა, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო (კოსმოსური ხომალდები არც იმხანად იყო უსაფრთხო ტრანსპორტი და არც ახლაა) ბარიერების გადალახვის მზადყოფნას, ხანგრძლივ და შეუპოვარ მომზადებას, ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების დაძაბვას, გაფრენის მკაცრი დისკომფორტის გადატანას და სხვ.

ტაძარში ცეკვა ნამდვილად არ არის უფრო ღირსეული და მნიშვნელოვანი გმირობა, ვიდრე კოსმოსში ქალის პირველი გაფრენა.

თუმცა, თუ Time-ს რაღაც მიზეზის გამო არ სურს კოსმოსის თემას მიმართოს, შეიძლება იმ ქალების გახსენება, რომლებმაც თავი ხელოვნებაში გამოიჩინეს _ ასეთები არიან მაგალითად, ბალერინა მაია პლისეცკაია ან კომპოზიტორი სოფია გუბაიდულინა.

ტაძარში შესრულებული ცეკვის ესთეტიკური დონე ნამდვილად არ იქნებოდა პლისეცკაიას გამოსვლის დონეზე მაღალი, ხოლო ჯგუფის რეპერტუარიდან სიმღერა “მოკალი სექსისტი, ჩამოირეცხე მისი სისხლი”, მუსიკალური თვალსაზრისით, ვერ დაჩრდილავს იმას, რაც შექმნა გუბაიდულინამ ან სხვა ქალმა კომპოზიტორმა.

ძნელია ამ პატივსაცემი გამოცემის უმეცრებაში დადანაშაულება, მაგრამ რადგან სახელდობრ, ამ პანკ-კოლექტივის არჩევა რუსების ქალთა ნაწილის წარმოსადგენად ფასეულობების გარკვეულ სისტემას ასახავს, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა სისტემაა ეს.

ჩვენ, ალბათ, გვეტყვიან, რომ ეს ფასეულობა არის თავისუფლება _ ადამიანებს შეუძლიათ, ისეთი პერფორმანსები მოაწყონ, როგორიც უნდათ, იმისგან დამოუკიდებლად, როგორ შეურაცხმყოფლად აღიქვამს მას ეკლესია ან სახელმწიფო, ან ვინც უნდა იყოს. თავისუფლება _ ეს არის შეურაცხყოფის თავისუფლებაც. ამაზე დგას და იდგება ცივილიზებული მსოფლიო. ამის დასაჯერებლად ჯერ კიდევ 2012 წელს იყო საჭირო გულუბრყვილობა გარკვეული ხარისხით, მას შემდეგ კი ამ ხარისხმა ძალიან მოიმატა.

მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება სულაც არ მიიჩნევს დაუშვებლად თაყვანსაცემი ადგილებისა და სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის დევნას.

ჩარლზ გილმორი
ჩარლზ გილმორი

მაგალითად, 2011 წელს ლონდონში სტუდენტური გამოსვლებისას ახალგაზრდა სახელად ჩარლზ გილმორი (ჯგუფPink Floyd-ის გიტარისტის, დევიდ გილმორის ვაჟი) ჩაეჭიდა კენოტაფზე (დაღუპული ბრიტანელი მეომრების ხსოვნის პატივსაცემად აღმართული მემორიალი) ჩამოკიდებულ დროშას და მოურიდებლად დაიწყო აქეთ-იქით ქანაობა. ამის გამო მას 16 თვით აღუკვეთეს თავისუფლება. ციხიდან კი ის ბოდიშებით გამოვიდა, ბოდიშებით “ათასობით ადამიანის საშინელი შეურაცხყოფისთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის გაწირეს თავი”.

არავის _ არც გილმორის თანამემამულე პოლ მაკარტნის, არც Amnesty International-ს, არც გამოხატვის თავისუფლებისთვის სხვა მებრძოლებს _ არ უფიქრია მისი გამოსარჩლება.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება უპატივცემულობის გამოჩენა დაღუპული ბრიტანელი მეომრების მიმართ. აი, 1812 წლის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ ტაძარში კი შეიძლება და საჭიროცაა პერფორმანსების მოწყობა.

ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სიმბოლოების შეურაცხყოფისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდა _ თანაც რამდენჯერმე.

2019 წელს აიოვას შტატში ადოლფო მარტინესმა სკანდალი ატეხა ბარში და მისი მფლობელი ტრანსგენდერი რომ გაენაწყენებინა, შენობაზე ჩამოკიდებული ლგბტ დროშას ცეცხლი წაუკიდა. ამ წვრილმანი ხულიგნობისთვის მარტინესს 15 წლით (!) პატიმრობა მიუსაჯეს. 15 წელი დროშის დაწვისთვის _ და არც პოლ მაკარტნის, არც Amnesty International-ს, არც ლიბერალურ ელიტას კრინტი არ დაუძრავს.

რა არის ასეთი უცნაური საქციელის მიზეზი? ისინი რამდენიმეა, მაგრამ ძირითადი ზედაპირზე დევს. შევეცადოთ, პარალელები გავავლოთ, მაგრამ ბრიტანეთის შემთხვევა არ გამოდგება (დროშის დაწვისთვის რუსეთში 15 წლით არ სვამენ ციხეში). აი, ჩარლი გილმორის შემთხვევა კი საკმაოდ ახლოა.

წარმოიდგინეთ, რუსეთში გაიშალოს მძლავრი კამპანია მშფოთვარე სტუდენტის დასაცავად: “თავისუფლება! თავისუფლება ჩარლი გილმორს, რომელიც იტანჯება ბრიტანული იმპერიალიზმის ჯურღმულებში!” სინამდვილეში, კენოტაფი იმპერიალიზმისა და აგრესიის სამარცხვინო ძეგლია, რომლის დახმარებითაც მმართველი რეჟიმი ახალგაზრდებს მილიტარიზმის სულისკვეთებით ზრდის. როგორც პოეტმა თქვა, “დიდი ამბავი, მათ ბრიტანეთი გადაარჩინესუკეთესი ხომ არ იქნებოდა, არ გადაერჩინათ?” საერთოდ, რა სამხედრო ძეგლები შეიძლება იყოს XXI საუკუნეში? სჯობს, ბრიტანეთის არმიის მხეცობებსა და დანაშაულებზე ვისაუბროთ! რა შუასაუკუნეობრივი უკუნეთია, ყმაწვილის ჩასმა ციხეში იმისთვის, რომ არ სურს ითამაშოს მილიტარისტული თამაში? სირცხვილი, სირცხვილი სისხლისმსმელ ბრიტანელ რეტროგრადებს!

ჟურნალი TIME და ლიბერალური ფასეულობები

რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ბრიტანეთში და, საერთოდ, დასავლეთში? რა თქმა უნდა, აღშფოთდებოდნენ. “მოსკოვი ცდილობს დასავლური ფასეულობების დანგრევას!” _ აყვირდებოდნენ ბრიტანული (და, საერთოდ, დასავლური) გაზეთები. თუმცა ისინი, ამის გარეშეც ყვირიან, კამპანია მშფოთვარე ახალგაზრდობის უფლებაზე, იხტუნაოს კენოტაფზე, გამოჩნდებოდა ბრიტანელი საზოგადოების ერთ-ერთი სამაგრის დანგრევის მცდელობად, საზოგადოებისა, რომელიც მადლიერია და პატივს სცემს მათ, ვინც სამშობლოსთვის გაწირა თავი. ამ მხრივ, რუსები და ბრიტანელები ერთმანეთს ჰგვანან _ დაღუპულთა ხსოვნა ეროვნული ცნობიერების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ბრიტანეთის ლანდშაფტი სავსეა სამხედრო ძეგლებით, თვით ინგლისური ეკლესიების ვიტრაჟებზეც კი გამოსახავენ ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს. ძეგლების მიმართ უპატივცემულობის გამომჟღავნება ნიშნავს საზოგადოების ცნობიერებაში ჩანერგვას იმისა, რომ ბრიტანეთისთვის ბრძოლა არ ღირს, ხოლო ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ, იყვნენ სულელები, დამნაშავეებიც კი, და, საერთოდ, ეს ქვეყანა სულაც არ იმსახურებს ერთგულებას. გასაგებია, რომ ამას ინგლისელები არ მოითმენენ _ არც ემოციების და არც ფხიზელი გათვლების დონეზე. გილმორის შემთხვევაშიც არ მოითმინეს.

გილმორის საქციელის მხარდამჭერ ჰიპოთეზურ კამპანიას კი აღიქვამდნენ როგორც ერთი სახელმწიფოს (მოცემულ შემთხვევაში _ რუსეთის) მცდელობას, მოარყიოს მეორე სახელმწიფოს (ბრიტანეთის) შემაკავშირებელი სამაგრები _ დიახ, ბრიტანეთს აქვს სამაგრები, მათ ბრიტანელები პოლიციითა და სასამართლოთი იცავენ.

როცა დასავლურ (კერძოდ, ბრიტანულ) სამაგრებზე თავდასხმა აღმაშფოთებელი დანაშაულია, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს, რუსულზე პირიქით არის _ ეს არის გმირობა, რომელიც ხოტბას იმსახურებს წლების შემდეგაც. ეს მარტივი ასახსნელია.

ეს დაპირისპირების ჩვეულებრივი ლოგიკაა _ ჩვენი სამაგრები ძალიან კარგია, ისინი უნდა დავიცვათ, მათ შორის იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნით, რომლებიც მათ ხელყოფენ. მათი სამაგრები კი სულელურია, ცუდი და ის, ვინც მათ მორყევას ცდილობს, გმირია, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. როგორც ინტერნეტში გავრცელებულ ნახატშია, რომელზეც ერთ მხარეს არისჩვენი დიადი რწმენა” (ამ შემთხვევაშიჩვენი დასავლური ფასეულობები”, მეორე მხარეს _ “მათი საზიზღარი ცრურწმენები”.

თუ ჩვენ დავიწყებთ Time-ს რედაქციის ან უნიკალური პანკ-კოლექტივის დანარჩენი მოყვარულების დამუნათებას, რომ ორმაგ სტანდარტს მიმართავენ, ისინი, უბრალოდ, ვერ გაგვიგებენ, მათ თვალში ლიბერალური დასავლეთი უმაღლესი ცივილიზაციაა უმაღლესი ფასეულობებით, დანარჩენები კი უბედური ველურები არიან, რომლებისთვისაც სასარგებლო იქნება, თუ უარს იტყვიან თავიანთ საზიზღარ ცრურწმენებზე და დასავლეთს მიბაძავენ. თუკი ველურებიდან (ამ შემთხვევაში ქალი ველურებიდან) ვინმე მიხვდება, რომ მათი ტრადიციული რწმენა და ქვეყნის ისტორია მხოლოდ ზიზღს იმსახურებს _ მათ გულმხურვალედ უნდა დავუჭიროთ მხარი. ისინი ხომ მოუსვენარი ველურებისთვის ლიბერალური ადამიანის ტვირთს ეზიდებიან.

ამის გამო წყენა და აღშფოთება უაზრობაა. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი ასე ხედავენ სამყაროს. მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, სხვაგვარად ვხედავდეთ სამყაროს _ და პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების რწმენასა და ჩვენი დაღუპულების ხსოვნას. ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. ასე იქცევა ყველა ხალხი.

vz.ruზე გამოქვეყნებული სერგეი ხუდიევის მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here