Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინმა აშშ გააფრთხილა: ჩვენ უპასუხოდ აღარაფერს დავტოვებთ!

პუტინმა აშშ გააფრთხილა: ჩვენ უპასუხოდ აღარაფერს დავტოვებთ!

1885
ვლადიმერ პუტინი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის მართვის სადავეები, როგორც ჩანს, ხელთ უპყრია არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც დღეს, პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომიდან 6 თვის შემდეგ, იმპიჩმენტით ემუქრებიან, არამედ კონგრესის წევრებს, რომლებიც გააფთრებით ეწინააღმდეგებიან ურთიერთობის ოდნავ მაინც დათბობას და სანქციას სანქციაზე უწესებენ რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟანკლოდ იუნკერმა განაცხადა, ევროკავშირის ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორ ანჯელა სტენტის აზრით კი, ამ სანქციებს თვით აშშისთვის ექნება სავალალო შედეგები. ამას ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები აშშის მიმართ კონტრაქციების დაწესებაზე:

“ამერიკულმა მხარემ უკანონო შეზღუდვების დაწესებით, სხვა ქვეყნებზე ზემოქმედებით, მათ შორის, თავის მოკავშირეებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის შენარჩუნებითა და განვითარებით, გადადგა არაფრით პროვოცირებული ნაბიჯი ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაუარესებლად.

ჩვენ საკმაო ხანს ველოდებოდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, გვქონდა იმედი, რომ ვითარება შეიცვლებოდა, მაგრამ, ჩანს, ეს უახლოეს ხანში არ მოხდება. ამჟამად არ ვლაპარაკობ პოლიტიკური ხასიათის მიზეზებზე თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ საჭიროა, მე ასე მივიჩნიე, ვუჩვენოთ, რომ ჩვენ უპასუხოდ უკვე არაფერს დავტოვებთ!

რაც შეეხება სხვა შესაძლო ზომებს ან იმას, ბევრია ეს თუ ცოტა, დიპლომატიური უწყების მუშაობის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ საგრძნობია. იმიტომ, რომ ათასზე მეტი დიპლომატიდან და ტექნიკური მუშაკიდან, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ რუსეთში, 755-მა უნდა შეწყვიტოს მოღვაწეობა რუსეთის ფედერაციაში.

საქმე ის არის, საჭიროა თუ არა კიდევ სხვა რამის გაკეთება და ჩვენ რა შეგვიძლია. ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მოცულობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მცირეა; ვერც კი შეედრება სავაჭრო ურთიერთობას, ვთქვათ, ჩინეთთან ან ევროკავშირის ქვეყნებთან, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან. ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობა ბევრია, მაგრამ, სხვადასხვა გარემოების გამო, მოცულობა მცირეა, თუმცა არის ჩვენი ურთიერთქმედების ძალიან მნიშვნელოვანი სფეროები. ეს არის მასობრივი განადგურების იარაღის შეზღუდვა (აქ ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პირველი ვიოლინოს როლს ვთამაშობთ) და ამ რეჟიმის გამყარება, ტერორიზმთან ბრძოლა. იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა, შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ბოლო ხანს სირიაში დეესკალაციის სამხრეთი ზონის შექმნა კონკრეტული ნაბიჯი, ერთობლივი მუშაობის კონკრეტული შედეგია. ეს არა მხოლოდ სირიის ან რუსეთის, არამედ იორდანიის, ისრაელის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშიც არის, ვგულისხმობ, რომ ამ რეგიონით არის დაინტერესებული აშშ და აშშ-ის ძირითადი მოკავშირე _ ისრაელიც.

ასე რომ, ამ საკმაოდ რთულ ვითარებაშიც კი ჩვენ ვმუშაობთ და ვაღწევთ შედეგს. გვაქვს, აგრეთვე, ისეთი თემა, როგორც არის ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან. ბოლოს და ბოლოს, გვაქვს კიბერუსაფრთხოების საკითხები.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე, ამერიკის მხარეს არაერთხელ შევთავაზეთ, მოგვეგვარებინა ურთიერთქმედების საკითხები ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით _ ჩვენი და ამერიკელების ინტერესების. და, საერთოდ, მსოფლიოში კონტროლი დაგვეწესებინა ისეთ უარყოფით საქმიანობაზე, როგორიც არის კიბერდანაშაული, მაგრამ, კონსტრუქციული მუშაობის ნაცვლად, მხოლოდ გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ.

თუმცა ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სხვა სფეროებშიც, იმავე ეკონომიკაში, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. სხვათა შორის, ჩვენი კომპანიები, დიდი ხანია, თანამშრომლობენ და მათ ურთიერთობის გაღრმავების ძალიან კარგი პერსპექტივა აქვთ. კარგად ვმუშაობთ და საკმაო მოცულობითაც ავიაციის სფეროში, კოსმოსის ათვისების სფეროში. არ ვლაპარაკობ ჩვენი ძრავებით აღჭურვილი ამერიკული რაკეტების კოსმოსში გაშვებაზე, არც საერთაშორისო კოსმოსურ პროგრამაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ კარგი გეგმები გვაქვს შორეულ კოსმოსში მუშაობაზე. მაგალითად, ჩვენი და ამერიკელი მეცნიერები დიდი ინტერესით განიხილავენ პლანეტა ვენერას გამოსაკვლევად ერთობლივი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას.

საქმე ბიზნესშიც კი არ არის _ საქმე არის მრავალმხრივ თანამშრომლობაში ბევრი მიმართულებით. და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შესაძლებლობა, შევზღუდოთ ჩვენი მოღვაწეობის ერთობლივი სფეროები, რომლებიც მტკივნეული იქნება ამერიკული მხარისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ამის გაკეთება საჭირო არ არის. ეს ავნებს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასაც და ავნებს არა მხოლოდ რუსეთაშშის ურთიერთობას, როგორც ასეთს, არამედ გარკვეულ ზარალსაც ვნახავთ.

მხოლოდ თეორიულად შეიძლება წარმოდგენა, რომ, შესაძლოა, ოდესმე დადგეს მომენტი, როცა რუსეთზე ზემოქმედების მცდელობების შედეგად გამოწვეული ზარალი შესაბამისი იქნება იმ ნეგატიური შედეგებისა, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის შეზღუდვასთან. და, თუ ასეთი მომენტი ოდესმე დადგება, პასუხის სხვა ვარიანტების მოძებნასაც შევძლებთ, მაგრამ ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა. დღეს ამის წინააღმდეგი ვარ”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ფონზე გაუგებარია ის ხბოს აღტაცება, რომელიც გამოიწვია ფოთიდან თბილისში (ვაზიანში) ამერიკული სამხედროებისა და ტექნიკის მარშმა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტმა.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში “ღირსეული პარტნიორი _ 2017”, რომელიც ვაზიანისა და ნორიოს ბაზებზე 30 ივლისს დაიწყო, 1600 ამერიკელი, 800 ქართველი, 400 ბრიტანელი, გერმანელი, სლოვენიელი, უკრაინელი, თურქი და სომეხი ჯარისკაცი (სულ 2800 კაცი) მონაწილეობს. ამ წვრთნას დაესწრო აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი.

საქართველოში უცხო ქვეყნების სამხედროებისა და ტექნიკის გამოჩენას ისეთი დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსები და არასამთავროები, თითქოს დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნეთ, არადა, საქართველო ორი ზესახელმწიფოს _ რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად შეიძლება იქცეს, რადგან საქართველოში ნატოს ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შემოსვლას, რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიასა და ცხინვალის რეგიონში ახალი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლით უპასუხა. ამ რეგიონებში ამჟამად მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში რუსეთის არმიის 16 000 ჯარისკაცი და ასეულობით ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, აფხაზეთში კი ბოლო დღეებში რუსეთმა მოდერნიზებული ტანკები (Т-72БЗ) და ჯავშანტრანსპორტიორები გადაისროლა. მანამდე კი რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს ბალტიის ზღვაში _ “საზღვაო ურთიერთქმედება _ 2017”, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსული ატომური წყალქვეშა ნავები და, როგორც გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, მსოფლიოში ყველაზე დიდმა სუბმარინა “დიმიტრი დონელმა”, აგრეთვე, ატომურმა სარაკეტო კრეისერმა “პეტრე დიდმა” სამხედრო ექსპერტებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა.

აი ამ მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც საქართველოს გარშემო შეიქმნა, ზოგიერთი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხბოს აღტაცებას ვერ მალავენ თავიანთი პატრონების სამხედრო ნაწილების საქართველოში შემოსვლის გამო და არ ფიქრობენ (არ უნდათ, იფიქრონ), რომ, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ქართველების ნაცვლად რუსეთთან არავინ იომებს _ არც ამერიკელები, არც ბრიტანელები, არც გერმანელები, არც სლოვენიელები, არც უკრაინელები, არც თურქები და არც სომხები.

სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან პირისპირ დარჩენამ კი რაც მოუტანა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში, ყველამ ვიცით.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

2 COMMENTS

  1. აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ფონზე გაუგებარია ის ხბოს აღტაცება, რომელიც გამოიწვია ფოთიდან თბილისში (ვაზიანში) ამერიკული სამხედროებისა და ტექნიკის მარშმა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტმა.????????

  2. შესანიშნავი ანალიზია, ყოჩაღ ლუკა! არ ვიცოდით და კიდევ კარგი გვითხარი, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების არენად იქცეს!!!….. ნება რომ მომცენ, რომელიმე დიდი ანალიტიკურ ცენტრის ხელმძღვანელად დაგნიშნავდი. აწი ყურადღებით მივადევნებ თვალს თქვენს ანალიტიკურ ლირიკას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here