Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი _ როგორიც არის

პუტინი _ როგორიც არის

საუბარი კრემლში

დღეს ჩვენს მკითხველებს კვლავ შევთავაზებთ ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, სამგზის ოსკაროსანის _ ოლივერ სტოუნის მიერ რუსეთის პრეზიდენტზე გადაღებული ოთხსერიანი ფილმის ფრაგმენტულ მიმოხილვას. უცხოური პრესის პუბლიკაციებიდან ამოკრეფილი რამდენიმე შტრიხი ახალი, ზოგჯერ მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს ვლადიმერ პუტინს და აფართოებს ჩვენს წარმოდგენას მასზე.

რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობის შესახებ საუბრისას პუტინმა სტოუნს განუცხადა, რომ იგი კარგი თვალით უყურებს დონალდ ტრამპს იმიტომ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, მოაგვაროს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, სიმპათიურად ვიყავით განწყობილი ბატონ ტრამპის მიმართ და ახლაც ამას ვამჟღავნებთ, იმიტომ, რომ მან საჯაროდ განაცხადა თავისი მზადყოფნისა და სურვილის შესახებ, აღადგინოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა. როცა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ცდილობდნენ, ჩემთვის დაესვათ “ჩამჭრელი” შეკითხვები, მათ ყოველთვის ასე ვუპასუხებდი: თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს? იგი (ტრამპი) ლაპარაკობს ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე, ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე, განა ეს ცუდია?”

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა თვალი უნდა მივადევნოთ, რეალურად როგორ განვითარდება ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის.

შეკითხვები იყო მწვავე და პირდაპირი, პასუხებიც გულახდილი _ არაფერი დაფარული, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ყირიმისა და უკრაინის შესახებ.

პუტინს არ დაუმალავს, რომმას შემდეგ, რაც ყირიმი რუსეთის სრულფასოვანი ნაწილი გახდა, ჩვენი დამოკიდებულება ამ ტერიტორიის მიმართ კარდინალურად შეიცვალა. თუ დავინახავთ, რომ ჩვენს ტერიტორიას საფრთხე ემუქრება (ყირიმი კი ჩვენი ტერიტორიაა), როგორც ნებისმიერი სახელმწიფო, დავიცავთ მას ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით”.

შეკითხვას _ ხომ არ ჰგავს ყირიმის გარშემო შექმნილი ვითარება 60-იანი წლების კარიბის კრიზისს იმით, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი “დონალდ კუკი” ყირიმთან ახლოს იმყოფება, პუტინმა უპასუხა, რომ იგი არ შეადარებდა ერთმანეთს ამ ორ სიტუაციას იმიტომ, “რომ იმხანად მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე იდგა, აქ კი, მადლობა ღმერთს, საქმე ამ ზომამდე არ მისულა”. რუსეთის პრეზიდენტმა შეახსენა სტოუნს, რომ მოსკოვმა ყირიმში ახალი თავდაცვითი კომპლექსები _ “ბასტიონი” _ განალაგა და ამ სარაკეტო სისტემების წინაშე ისეთი ხომალდი, როგორიც “კუკია”, უძლურია.

ოლივერ სტოუნი და ვლადიმერ პუტინი

სტოუნის რეპლიკას, რომ იგი ვერ ხედავს რაიმე მუქარას “უკრაინისა და ნატოს დაახლოებაში”, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა: “მე კი ვხედავ”.

“ეს მუქარა გამოიხატება იმაში, რომ, როგორც კი ნატო დამკვიდრდება რომელიმე ქვეყანაში, ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ქვეყნის მოსახლეობა გავლენას ვერ ახდენს ნატოს გადაწყვეტილებებზე, მათ შორის _ სამხედრო ინფრასტრუქტურის, შეიარაღების ძალიან მგრძნობიარე სისტემების განლაგების თაობაზე, როგორიცაა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა”. როგორც ცნობილია, 8 ივნისს უკრაინის რადამ მიიღო კანონი #6470 “უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ნატოში გაერთიანებას აღიარებს.

პუტინი რეგულარულად ეკონტაქტებოდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების თაობაზე. შეკითხვას, ახერხებდნენ თუ არა შეთანხმებას, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა: “არა”, მაგრამ ობამასთან საუბარს ყოველთვის საქმიანი ხასიათი ჰქონდა.

ჩვენ განსხვავებულად ვაფასებდით უკრაინის კრიზისსა და მის მიმდინარეობას. დიალოგს საქმიანი ხასიათი ჰქონდა. იყო დაინტერესებული დიალოგი და არა კონფრონტაციული”.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს “უკრაინასთან ათასობით ძაფი აკავშირებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, უკრაინელები და რუსები ახლო ნათესავები არიან. ეს პრაქტიკულად ერთი და იგივე ხალხია.”

ამასთანავე, მან გაიხსენა, რომ ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირს მეთაურობდნენ უკრაინიდან გამოსული პოლიტიკოსები.

ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ აშშ ეწინააღმდეგება უკრაინისა და რუსეთის დაახლოებას: “მავანს მიაჩნია, რომ ეს (დაახლოება) არის რუსეთის ძლიერების წყარო და საჭიროა, რადაც უნდა დაუჯდეთ, ხელი შეუშალონ რუსეთისა და უკრაინის ნებისმიერ დაახლოებას”.

დასავლეთის პარტნიორები, მათ შორის აშშ, სთხოვდნენ პუტინს, გავლენა მოეხდინა კიევის მაიდნის ამბოხის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე, რათა მას არ გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები 2014 წელს მაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გვითხრეს: ძალიან გთხოვთ, არ დაუშვათ იანუკოვიჩის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება, ჩვენ კი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ოპოზიციამ მოედნები და ადმინისტრაციული შენობები გაათავისუფლოს”.

პუტინმა ეს თხოვნა შეაფასა, როგორცკარგი წინადადება”, პარტნიორებმა კი დაპირება არ შეასრულეს. უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.

ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რეჟისორისა და რუსეთის პრეზიდენტის საუბრების ერთ-ერთი ცენტრალური თემა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი, კოორდინირებული ბრძოლა იყო. პუტინმა დააზუსტა, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს მებრძოლი “ბოევიკების” საერთო რაოდენობა 80 ათასს აღწევს. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. “მათგან 30 ათასი დაქირავებული უცხოელია, რომლებიც 80 ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის, რუსეთიდანაც”. რუსეთის ლიდერს ადრეც აღუნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ტერორისტული დაჯგუფებების მიზანი არის ვითარების დესტაბილიზაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. მაშასადამე, ცხადია, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს ამ ჭირის ამოსაძირკვად.

მსოფლიოში დღეს არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე საუბარში რუსეთის პრეზიდენტის პასუხებში აშკარად გამოიკვეთა დიპლომატიური მიდგომის, მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და კონსესუსის მიღწევის პრიორიტეტი.

დაბოლოს ერთი თემა, რომელიც, ალბათ, ქართველ მკითხველს განსაკუთრებით დააინტერესებს.

სტოუნის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ მას რთული დამოკიდებულება აქვს საბჭოთა ლიდერის _ იოსებ სტალინის მოღვაწეობის მიმართ. ბელადს მან “რთული ფიგურა” უწოდა. აქვე ვთქვათ, რომ სტალინის ფენომენისადმი თავისი დამოკიდებულება ასე დაწვრილებით რუსეთის ლიდერს არასოდეს გაუსაჯაროებია.

სტოუნი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა პუტინი ფაშიზმზე სტალინის გამარჯვებას.

“ვფიქრობ, ძალიან ეშმაკი ადამიანი ხართ”, _ მიუგო რუსეთის ლიდერმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ სტალინი “თავისი ეპოქის პროდუქტი” იყო. მის შესახებ შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს _ დემონიზაციიდან ნაციზმთან ბრძოლის საქმეში მის დამსახურებამდე.

“რაც შეეხება დემონიზაციას, ინგლისის ისტორიაში იყო ისეთი მოღვაწე, როგორიცაა კრომველი. იგი სისხლისმსმელი ადამიანი იყო. მოვიდა რევოლუციური გარდაქმნების ტალღაზე, გადაიქცა დიქტატორად და ტირანად. მისი ძეგლები დიდ ბრიტანეთში დღემდე ყველგან დგას. ნაპოლეონს საერთოდ აღმერთებენ. რა გააკეთა მან? ხელისუფლებაში რევოლუციის ტალღაზე ამხედრებული მივიდა და არა მხოლოდ აღადგინა მონარქია, არამედ თავი იმპერატორად გამოაცხადა და საფრანგეთი ეროვნულ კატასტროფამდე, სრულ დამარცხებამდე მიიყვანა. ასეთი პერსონაჟები, ასეთი სიტუაციები მსოფლიო ისტორიაში საკმარისზე მეტია”, _ აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, სტალინის ზედმეტი დემონიზაცია საბჭოთა კავშირისა და რუსეთის წინააღმდეგ შეტევის ერთერთი გზა და საშუალებაა.

დღევანდელ რუსეთს სტალინიზმის რაღაც ნიშნები რომ შემორჩა, პუტინის აზრით, არაფერს ნიშნავს, რადგან “ჩვენ, ყველას, რაღაც ნიშნები გვეტყობა. რა მოხდა მერე?!” _ თქვან მან და დასძინა, რომ რუსეთი კაპიტალურად არის შეცვლილი.

“რა თქმა უნდა, ზოგიერთების შეგნებაში რაღაც რჩება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის საშინელებანი, რომლებიც კონცენტრაციულ ბანაკებთან არის დაკავშირებული”, _ აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ისეთი პირწავარდნილი ანტისაბჭოელიც კი, როგორიც უინსტონ ჩერჩილი გახლდათ, სტალინის მიმართ “მოქნილ” პოლიტიკას განახორციელებდა, რადგან მოქნილი პოლიტიკოსი იყო, “თუმცა, ვფიქრობ, გულის სიღრმეში სტალინისადმი მისი დამოკიდებულება არასოდეს შეცვლილა”.

“მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, იგი საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის მხურვალე მომხრე იყო, სტალინს კი დიად სარდლად და რევოლუციონერად მოიხსენიებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც ცნობილია, სწორედ ჩერჩილი იყო “ცივი ომის” ინიციატორი. ხოლო, როცა საბჭოთა კავშირმა პირველი ატომური ბომბი გამოსცადა, უინსტონ ჩერჩილმა და არა სხვა ვინმემ განაცხადა ორი სისტემის თანაარსებობის აუცილებლობის შესახებ”, _ დააზუსტა მან.

ინტერვიუს ჩამორთმევის დროს სტოუნმა პუტინს ჰკითხა, იყვნენ თუ არა მისი მშობლები სტალინით აღფრთოვანებულები.

“რა თქმა უნდა, იყვნენ. ვფიქრობ, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეების უმრავლესობა აღფრთოვანებული იყო სტალინით”, _ უპასუხა ვლადიმირ პუტინმა.

არმაზ სანებლიძე

ცნობისთვის: “პუტინთან ინტერვიუსგადაღება ორ წელიწადს გრძელდებოდა. რეჟისორი რუსეთში ოთხჯერ ჩავიდა. პუტინს, საერთო ჯამში, 20-ჯერ შეხვდა. საეთეროდ დამონტაჟებული მასალის ქრონომეტრაჟი 4 საათია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here