Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინი შიშობს, რომ ევროკავშირი მალე დაიშლება, და წუხს ამაზე

პუტინი შიშობს, რომ ევროკავშირი მალე დაიშლება, და წუხს ამაზე

944

რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინათ იწინასწარმეტყველა ევროკავშირის დაშლა და ვადაც კი დაასახელა _ “2028 წლამდე”. მისი აზრით, ბრიტანეთის გზას შეიძლება დაადგეს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან რეალურია.

როდესაც ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირის დაშლა შეიძლება არ დასრულდეს, ეს სულაც არ არის ნიშნის მოგებით ნათქვამი, პირიქით: რუსეთს არ სურს, ევროკავშირს ასეთი ბედი ხვდეს წილად, მას სურს, ის პარტნიორად იხილოს. ამისთვის არსებობს რამდენიმე მიზეზი.

“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ყველაფერი შენარჩუნდეს და ეფექტიანად ფუნქციობდეს, _ აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა, _ ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით იმას, რაც იქ ხდება”.

პუტინის აზრით, ევროკავშირის დეზინტეგრაციის მიზეზი შეიძლება იყოს ეკონომიკა, თანაც არა ეკონომიკური კრიზისი, არამედ ეკონომიკის მატება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებთან. ლოგიკა აქ გამჭვირვალეა: სანამ ბრიუსელი აფინანსებს განვითარების სხვადასხვაგვარ პროგრამებს და დოტაციებს მიმართავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლითაც სურს ჩამორჩენის შემცირება ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებსა და “ბებერ ევროპას” შორის, პოლონეთისთვის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნებისთვის ხელსაყრელია ევროკავშირის შემადგენლობაში ყოფნა. მაგრამ, როგორც კი ეს ქვეყნები რეციპიენტიდან დონორებად გადაიქცევიან და იძულებულნი იქნებიან, შეკვეცონ თავიანთი სახსრები ჩამორჩენილთა მხარდასაჭერად, მათ შეიძლება გაუქრეთ ევროკავშირში ყოფნის სურვილი. მოვლენების ასეთი განვითარება კი გამორიცხული არ არის, ეს მხოლოდ დროის ამბავია და ცხადია, რომ ბრექსიტი დააჩქარებს ევროკავშირის დაშლის თარიღის მოახლოებას, ბრიტანეთი ხომ ერთ-ერთი დონორი იყო?

ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დასავლეთის, გამონაკლისია ჯუჯა სახელმწიფოები და ოფშორული ირლანდია, რომელიც დღეს ლიდერთა შორისაა. ყოფილ საბჭოთა ბლოკში ეკონომიკის ყოველწლიური მატება 3-დან 5 პროცენტამდეა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში _ საუკეთესო შემთხვევაში 2%, ხოლო დიდ ეკონომიკებში _ 1%.

თუ არ ჩავთვლით შედარებით წარმატებულ ესტონეთს, ყველაზე კარგად საქმე აქვს უნგრეთს (იქ ეკონომიკის მატება 5%-ია), პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს _ ამ ქვეყნების მოსახლეობა უკვე ავიდა, მაღალ თუ არა, სულ ცოტა, დამაკმაყოფილებელ დონეზე შემოსავლების მიხედვით. საოცარი დამთხვევა: სახელდობრ, ეს სახელმწიფოები არიან იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელიც ოფიციალური ბრიუსელის ხისტი ოპონენტია. ლაპარაკია ვიშეგრადის ჯგუფზე, რომელიც 1991 წელს შეიქმნა.

ბედის ირონიით, იმხანად ეს ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა ერთმანეთისთვის მხარი დაეჭირათ და ერთად შესულიყვნენ ევროკავშირში, მაგრამ დროება შეიცვალა: ახლა ეს კვარტეტი მწვავედ აკრიტიკებს ბრიუსელს მიგრაციული პოლიტიკის გამო, ევრომაღალჩინოსნებს კი _ “სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში დაუსაბუთებლად ჩარევის გამო”. ვიშეგრადის ჯგუფის 4-დან 3 ქვეყანაში ხელისუფლება ევროსკეპტიკოსთა ხელშია. პოლონეთში ეს არის პარტია “სამართალი და სამართლიანობა”, რომელმაც დიდი უპირატესობით მოიგო ბოლო არჩევნები კონსერვატიული ლოზუნგებით, პოლონური ნაციონალიზმითა და ბერლინ-ბრიუსელის კრიტიკით.

უნგრეთში პოზიციებს არ თმობს ვიქტორ ორბანი თავის პარტია “ფიდესთან” ერთად. ორბანს “ევროკავშირის პუტინსა” და “გლობალისტ სოროსის მთავარ მტერს” ეძახიან.

ჩეხეთში კი წარმატებით ავსებენ ერთმანეთს ექსცენტრიკული და რუსეთისადმი აშკარა სიმპათიით განწყობილი პრეზიდენტი ზემანი და პრემიერი ბაბიში.

ამ განსხვავებულ ქვეყნებს აერთიანებთ ის, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ და მივიდნენ დღევანდელ მდგომარეობამდე, სახელდობრ, როგორც ნაციონალური სახელმწიფოები, რომლებიც აფასებენ ისეთ ცნებებს, როგორიც არის სუვერენიტეტი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლიბერალი ჩეხები უკვე მეორედ ირჩევენ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც დემონსტრაციულად არ იყენებს ევროკავშირის დროშას, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს.

ბევრი პოლონელის, ჩეხის, უნგრელის თვალში ბრიუსელის ბიუროკრატია არის უსაქმურების ჯგუფი, რომელიც თავს ესხმის დამოუკიდებელი ერების ტრადიციებს.

თუ რამდენადმე შელახულ თავმოყვარეობასა და საეჭვოდ ეფექტიან ევრობიუროკრატებს დაემატება ევროკავშირის წევრობით გამოწვეული ეკონომიკური მიზანშეუწონლობა, მაშინ ვლადიმერ პუტინის პროგნოზი, დიდი ალბათობით, ახდება.

იმაზე, რომ ევროკავშირში სტრუქტურული კრიზისია, ევროკავშირის შიგნითაც არავინ დავობს. ბევრი ქვეყნის მოსახლეობა ამოწმებს ამ კონსტრუქციას სიმტკიცეზე და ევროსკეპტიკოსების გამარჯვება არჩევნებში შიგნიდან უფრო ეფექტიანი ჩანს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის წასვლა თავისუფალ ცურვაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here