Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინისა და ტრამპის შეხვედრა _ რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ

პუტინისა და ტრამპის შეხვედრა _ რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ

3728
პუტინისა და ტრამპის შეხვედრა

2016 წლის 1 დეკემბერსდიდი ოცეულისთავმჯდომარე გერმანია გახდა და სწორედ ეს ქვეყანა მასპინძლობდა ორდღიან სამიტს, რომელიც უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. 7 ივლისს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება გერმანიის ქალაქ ჰამბურგისკენ იყო მიპყრობილი, რადგან იქ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა დაიგეგმა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დიდი ოცეულის” სამიტის დაწყებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის, შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი”.

“ღირებულებებს _ თავისუფლებას, რწმენასა და ოჯახს, რომლებიც ამერიკასა და ევროპას აკავშირებს, საფრთხე ემუქრება გარედან _ საერთო მტრების მხრიდან და შიგნიდან _ ბიუროკრატიის მხრიდან. ჩვენი დროის ფუნდამენტური კითხვებია: შეძლებს თუ არა დასავლეთი გადარჩენას? გვაქვს თუ არა რწმენა ჩვენი ღირებულებებისადმი, რათა ისინი დავიცვათ ნებისმიერ ფასად? ვცემთ თუ არა საკმარისად პატივს ჩვენს მოქალაქეებს, რათა დავიცვათ ჩვენი საზღვრები? გვაქვს თუ არა სურვილი და გამბედაობა, შევინარჩუნოთ ჩვენი ცივილიზაცია?” _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტამდე ერთი დღით ადრე ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ იმ ძალებთან დაპირისპირება, რომლებიც ძირს უთხრიან ამ ღირებულებებს და შლიან კულტურის, რწმენისა და ტრადიციის კავშირებს, ერთობლივად უნდა მოხდეს.

ორი ზესახელმწიფოს, რუსეთისა და აშშ-ის, ლიდერების შეხვედრა 30-წუთიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მას ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ პუტინთან ერთად აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს ელის. ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ამგვარი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.

მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ პუტინმა ყველაზე მეტი დრო სირიის კრიზისსა და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე ლაპარაკს დაუთმო. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს დიდ პატივს სცემს, მაგრამ მის მოსაზრებებს ასადის მიმართ ვერ გაიზიარებს. რექს ტილერსონმა რამდენიმე თვის წინათ აღნიშნა, რომ ასადს სირიაში მომავალი არ აქვს და ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარაფერს წარმოადგენს.

“ტილერსონი პატივსაცემი დიპლომატია, მაგრამ ის არ არის სირიის მოქალაქე, მან არ იცის, რა სურს სირიელ ხალხს, ამიტომ სჯობს, ბატონმა ტილერსონმა სირიელ ხალხს მიანდოს თავისი ქვეყნის ბედი”, _ განაცხადა პუტინმა, რომელმაც დონალდ ტრამპი დაახასიათა, როგორც გონებამახვილი პიროვნება. “ტრამპი, რომელსაც ტელეეკრანზე ვხედავთ, მკვეთრად განსხვავდება რეალური ტრამპისგან. ის აბსოლუტურად ადეკვატურად რეაგირებს თანამოსაუბრის განსხვავებულ მოსაზრებებზე, იცის მოსმენა და ძალიან სწრაფად აანალიზებს ყველა დეტალს”, _ განაცხადა პუტინმა.

ჰამბურგში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის მნიშვნელობაზე ქართველი საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

ჩვენი მთავრობა ვალდებულია, პუტინისა და ტრამპის შეხვედრიდან ლოგიკური დასკვნები გამოიტანოს

გიორგი ოთხმეზურიგიორგი ოთხმეზური, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ ნამდვილად დიდი იყო ინტერესი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მიმართ. ორი დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ლიდერების საუბარზე ბევრი ქვეყნის ბედია დამოკიდებული, მათ შორის _ პატარა საქართველოსი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ტრამპი-პუტინის შეხვედრა დადებითი მოვლენა იყო.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათი საუბარი დათქმულ დროზე გაცილებით მეტ ხანს გაგრძელდა, რაც უკვე კარგია. რა მოჰყვება ამ შეხვედრას, დრო გვიჩვენებს.

ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ჩვენი მთავრობა ვალდებულია, პუტინისა და ტრამპის შეხვედრიდან ლოგიკური დასკვნები გამოიტანოს და ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგას.

ჰამბურგში რუსეთის პრეზიდენტისთვის ხელის ჩამოსართმევად რიგი იდგა

ჰამლეტ ჭიპაშვილიჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შეხვედრა წარმატებით წარიმართა, ორივე ქვეყნის პრეზიდენტი კმაყოფილი იყო. ეს კმაყოფილება იმაშიც გამოიხატა, რომ მათი საუბარი, დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად, 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, საუბარი, შესაძლოა, მეტ ხანსაც გაგრძელებულიყო, მაგრამ მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა კონცერტი დაგეგმა, რომელზეც აუცილებელი იყო ყველას დასწრება, ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი იაპონიის პრემიერმინისტრთან. პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შედეგებს მომავალში ვიხილავთ, მაგრამ მთავარია ის, რომ მათ სირიაზე ისაუბრეს, მნიშვნელოვან თემად იქცა ჰაკერებთან დაკავშირებული სკანდალიც. შესაძლოა, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს უმნიშვნელო საკითხებია, მაგრამ ასე არ არის. პუტინთან შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრწყინვალე უწოდა და ეს მნიშვნელოვანია… ვლადიმერ პუტინმაც დადებითად შეაფასა შეხვედრა.

_ ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ არ იცის, შესრულდება თუ არა ის ყველაფერი, რაზეც მოილაპარაკეს

_ შეხვედრაზე რაზე ისაუბრეს, ამას ვერავინ გაიგებს. რაც შეეხება პუტინის სკეპტიციზმს, ეს ნორმალურია, რადგან დიდ პოლიტიკაში იმის თქმა, რომ ყველაფერი შესრულდება და მივაღწიეთ საწადელს, არ არის ნორმალური. სახელმწიფო მოღვაწეები ასე არ საუბრობენ, ეს შეიძლება კვირიკაშვილმა და მარგველაშვილმა თქვან. პუტინი გამოცდილი ლიდერია და ეს მან მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა. მსოფლიოს ლიდერები მას აღიარებენ, როგორც საზრიან და გამოცდილ პრეზიდენტს. მას მხოლოდ ქართველები მოიხსენიებენ აგდებით.

_ როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს იყო უპირატესობა?

_ სიმართლე გითხრათ, ბევრი ქართველი პოლიტიკოსის და არა მხოლოდ მათი, სურვილი იყო, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა არ გაგრძელებულიყო 20 წუთზე დიდხანს. სურდათ, ტრამპს პუტინი გაელანძღა, საერთოდ, ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსის სურვილია, რომ პუტინი გაილანძღოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ობამას, სურვილი იყო და ამას დღესაც ცდილობენ, პუტინი როგორღაც იზოლაციაში მოაქციონ, თუმცა ვნახეთ, რომ ჰამბურგში რუსეთის პრეზიდენტისთვის ხელის ჩამოსართმევად რიგი იდგა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის როლი, როგორც ზესახელმწიფოსი, ძალიან დიდია. ვლადიმერ პუტინი უპოპულარულესი პოლიტიკოსია. არც ერთ მსოფლიო ფორუმს არ ჰქონია ისეთი დიდი გამოხმაურება და ინტერესი, როგორც ამ სამიტს, რადგან აქ პუტინი და ტრამპი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის წინ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, ყველაფერი საათის ისრებმა გააბათილა… ყველა მიხვდა, რომ ისინი ამინდზე არ საუბრობდნენ. მათი საუბრის უამრავი დეტალი ჩვენთვის უცნობია და ასეც შეიძლება დარჩეს.

ორი ზესახელმწიფოს ლიდერების წარმატებული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო პატარა საქართველოსთვისაც, რადგან, თუ ჩვენთან დაინახავდნენ, რომ პუტინი შეურაცხყოფილია, დღევანდელ მთავრობასაც გაუჩნდებოდა ისეთივე “თავდაჯერებულობა”, როგორიც სააკაშვილს, შედეგად მიეცემოდათ საბაბი, ნაბიჯები გადაედგათ რუსეთის წინააღმდეგ. ისეთს არ გადადგამდნენ, რა თქმა უნდა, როგორიც სააკაშვილმა გადადგა, მაგრამ მაინც ჩაიდენდნენ სისულელეს. ჩვენ ამ შეხვედრის დადებითად დამთავრებამ გადაგვარჩინა.

საქართველო სასაცილოდ გამოიყურება. ბრიყვი ქართველები ამერიკის ელჩს უსმენენ

სოსო ცინცაძესოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა დიდი მოვლენა იყო მსოფლიოს პოლიტიკაში. ამ შეხვედრისგან ყველაზე მეტი დივიდენდი პუტინმა მიიღო, რადგან ის, ტრამპისგან განსხვავებით, მომზადებული ჩავიდა ჰამბურგში. ამერიკის პრეზიდენტი წინააღმდეგობებით იყო სავსე. მან ერთი დღით ადრე პოლონეთში განაცხადა, რომ შეეწინააღმდეგება პუტინს, რათა დესტაბილიზაციის ობიექტად არ აქციოს აღმოსავლეთი ევროპა… ტრამპს არ უხსენებია ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახსენა უკრაინა და სიტყვა არ დაუძრავს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე. გარდა ამისა, ტრამპმა შეხვედრა დაიწყო ჰაკერების შესახებ შეკითხვით, რომელზეც პუტინმა უპასუხა ის, რასაც ყოველთვის ამბობდა…

პუტინი ლაპარაკობდა და ტრამპი თავს უქნევდა. რუსეთის პრეზიდენტის ბონუსი ისიც იყო, რომ ის იზოლაციიდან გამოვიდა. ტრამპთან მისასვლელი ბილიკი მოძებნილია, ამიტომ გაცილებით იოლია რუსეთის პრეზიდენტისთვის ევროპასთან ურთიერთობა.

შეხვედრა შედგა, არავინ ელოდა, რომ იქნებოდა “გადატვირთვა”, მაგრამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრეს… პუტინი არ წავიდა დათმობაზე “უსაფრთხო ცის” საკითხში. შემხვედრი დაპირება მისგან არ ყოფილა.

შეხვედრა დაგეგმილზე 4-ჯერ მეტხანს გაგრძელდა, ასეთი რამ დიპლომატიაში არ მახსოვს, თუმცა რაზე იალაპარაკეს, არავისთვის ცნობილი არ არის. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პუტინის ჩარევის თემა ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში, მოისხნა. ეს ტრამპს სჯერა, მაგრამ ამერიკის ოთხ სადაზვერვო ორგანიზაციას ამას ვერ დააჯერებ…

ევროპელებისთვის აღნიშნული შეხვედრა საჩუქარი არ იყო, პუტინი თამამი იქნება ევროპასთან ურთიერთობაში.

_ რა იყო საგულისხმო საქართველოსთვის ამ შეხვედრისას?

_ თქვენ ქართულ დიპლომატიას გულისხმობთ? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პირველ დიპლომატ ჯანელიძეს მოვუსმინე. მან განაცხადა, საქართველოს საკითხი ასეთი აქტუალური არასოდეს ყოფილა ამერიკისა და ევროპისთვისო. ჯანელიძემ არ იცის, რომ საქართველო ასეთი უინტერესო, როგორიც დღეს არის, არასოდეს ყოფილა მსოფლიოს პოლიტიკისთვის.

ნახევარი საუკუნეა, დიპლომატიას ვსწავლობ და ვიცი, რომ ელჩების, უცხოეთიდან ჩამოსული პოლიტიკოსების განცხადებები არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია შედეგი. ჩემმა სტუდენტმა რომ მითხრას ის, რაც განათლების მინისტრმა ჯეჯელავამ თქვა, ინსტიტუტიდან გავრიცხავ. ჯეჯელავა თვლის, რომ მთავარია პროცესი და არა შედეგი… აი, ასეთ ვითარებაში რა გინდა, რომ თქვა? ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, 30 წელი ნატოში მიღებას ველოდოთ. საქართველო ცაიტნოტშია.

ასე რომ, თქვენს შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. დღეს დილეტანტიზმი, ბავშვური გულუბრყვილობაა ჩვენს ქვეყანაში და სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, არ ვიცი.

რუსეთს საქართველოს განადგურება არ სურს, მაგრამ მასთან არავინ საუბრობს. რუსეთს სხვანაირი საქართველო სურს, მაგრამ როგორი? _ ამ საკითხზე მას არავინ ელაპარაკება. ქვეყანა, რომელიც კონსტიტუციაში საგარეო კურსზე ჩანაწერს აკეთებს, არასერიოზულად გამოიყურება. ამას არავინ აკეთებს. არ არსებობს ევროპის სახელმწიფო, რომელსაც კურსი არ შეუცვლია. საქართველო სასაცილოდ გამოიყურება. დებილი ქართველები ამერიკის ელჩს უსმენენ…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

2 COMMENTS

  1. სოსო ცინცაძემ ყველა აქცენტი ზუსტად დასვა, მთელი ჩვენი მთავრობა დაპროგრამებულია და მოტივირებული. დროა ამ ყეყეჩებმა უზნაძის გენიალურ “განწყობის თეორიას” გადახედონ და თვითპროგრამირება შეისწავლონ. გენიოსების ქვეყანას რეგვენები მართავენ. იმიტომ ამოძირკვეს სტალინი რომ, ჩმორების ქვეყანა შექმნან. ეროვნული თვითშეგნების ხარისხი უნდა ამაღლდეს. თანამდებობის მაძებარი და ამერიკის ელჩის მიერ დანიშნული რეგვენების დრო წავიდა. გამოფხიზლდი საქართველოვ! ძირს მაბეზღარა ქართველები და “ასო” არასამთავრობო ტუტუცები, გამოდის რომ უტვინო და უმეცარი ეკა გიაური გვასწავლის ქართველობას ჭკუას, ძირს სისხლიანი “ნაციონალები” და მათი შხამიანი გარემოცვა. მივესალმები “ცენზორის ინსტიტუტს” თქვენს გაზეთში, უცილობელია რომ მას, მკითხველებზე ბევრად აღმატებული ცოდნა და ინტელექტი აქვს, რადგან არ გვაძლევს საშუალებას საკუთარი აზრი გამოვხატოთ. კომენტარი აღნიშნულ საკითხზე არ გამიკეთებია რადგან ინფორმაციას ახლა გავეცანი. თქვენ ჯიუტად მეუბნევით რომ მსგავსი კომენტარი გავაკეთე?? განსაცვიფრებელია თქვენი შეფასება, ასე მგონია მანდ ფარული “ნაციონალი” ჩასაფრებულა. ინფორმაციამ გენიოსო შემფასებელო, რომ მკითხველის თავში ადგილი დაიმკვიდროს 3 დან 7 ამდე უნდა გაიაროს.

  2. მსოფლიოში ახალი ერა იწყება. ცრუზე და უზნეობაზე დაფუძნებული ღირებულებები, ე. წ. ლიბერალური ღირებულებები დიდხანს რომ ვერ გასტანს, ეს უდავოა. მაგრამ ლიბერალური იდეოლოგია საუკეთესო საშუალება და მძლავრი იარაღი აღმოჩნდა ქვეყნების დასაპყრობად, რამეთუ, ყველაფერ ცრუზე წამოგებით, მოტყუებით, გაცურებით ერის უმეცარი, უწიგნური და გაყიდვაზე ორიენტირებული ნაწილის ხელში სადავეების მოქცევით, და მათი ბინძურ იარაღად გამოყენების საუალებით, რომლებიც მიუსიეს ცნობიერ, წიგნიერ, სამშობლოსადმი ერთგულ გაუყიდავ გაცილებით დიდ ნაწილს, ამ გზით ქვეყნის დაპყრობა მარტივი აღმოჩნდა, რომლისგანაც სამწუხაროდ უკვე თავის დაღწევაც მარტივი ნამდვილად აღარ არის, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here