Home რუბრიკები საზოგადოება პრო… ანუ გახლეჩილი ვექტორები

პრო… ანუ გახლეჩილი ვექტორები

1283
პრო... ანუ გახლეჩილი ვექტორები

პროვისიმე ან რისიმე ინტერესებით მოქმედებას ნიშნავს. ეს განმარტება ხომ გავიგეთ, ახლა გავიხსენოთ ცნობილი გამონათქვამები ჩვენი პოლიტიკური ლექსიკონიდან: “პრორუსული”, “პროდასავლური”, “პროამერიკული”, “პროქართული”… ჩამოთვლილი თითოეული სიტყვა იმ ვექტორზე მიუთითებს, რომლებისკენაც მიემართებიან მისი წარმომადგენლები.

რომელი ვექტორია ჩვენთვის ყველაზე მისაღები? _ თითქოს იოლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა: რადგან “პრო” ნიშნავს ვისიმე ინტერესებით მოქმედებას. ჩვენთვის უპრიანი უნდა იყოს პროქართული ორიენტაცია და მიმართულება, რადგან ეს მიანიშნებს, რომ ჩვენ ქართული ინტერესების მიხედვით ვმოქმედებთ.

ეს ერთი შეხედვით ჩანს ლოგიკური და მისაღები, მაგრამ ლიბერალური პოლიტიკის მესვეურთ პროქართული ვექტორი ისეთივე საშიშ მიმართულებად მიაჩნიათ, როგორც პრორუსული. არ გჯერათ? აი, რას ამბობს ამის თაობაზე ცნობილი ლიბერალი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი გიგა ბოკერია: “საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ ვითომ პატრიოტი ძალები, რომლებიც ამბობენ: “ჩვენ არც პრორუსულები ვართ, არც პროდასავლურები, არამედ ვართ პროქართულებიო. ამით ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას, გულისხმობენ ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედებას და ცდილობენ იმ ჭაობში დაბრუნებას, რომელსაც საბჭოთ კავშირი ჰქვია”.

ლიბერალებისთვის პროქართული ორიენტაცია ნიშნავს პრორუსულს(?!). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს ინტერესებისთვის მოქმედება ითვლება რუსული ინტერესების გატარებად. ეს განა არ არის პარადოქსი? ერთხელ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს: რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში პროდასავლური სატელევიზიო არხის არსებობა? ლავროვმა უპასუხა: ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოში პროქართული არხი ყოფილიყოო. ლავროვმა, ფაქტობრივად, უთხრა: მეგონა, თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, საქართველოს ინტერესები გაგეტარებინათო. ასეთი მესიჯი უკუღმა მოაზროვნე ლიბერალებს ანტიქართულ და საფრთხის შემცველ მოწოდებად მიაჩნიათ. სამაგიეროდ, დასავლეთიდან წამოსული ნებისმიერი მოწოდება და მითითება უზენაესია და ღვთის კურთხევის ტოლფასია.

ალბათ, გახსოვთ, 2016 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა საჯაროდ და საზეიმოდ მიულოცა სოროსის ფონდს საქართველოში მოღვაწეობის 20 წლისთავი და უსურვა წარმატებები “ღვაწლმოსილ” საქმიანობაში.

აი, ბატონებო, ეს არის კლასიკური პროდასავლური ვექტორი _ საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება სოროსს და მის ფონდს, რომლებიც ანგრევდნენ, ანგრევენ და კვლავაც განაგრძობენ ქართული ღირებულებების ნგრევას. პროდასავლური პოლიტიკა მიესალმება სოროსის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ანტიეროვნულ, ანტიმართლმადიდებლურ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე და აცხადებს, რომ ეროვნება, რელიგია და ეროვნული კულტურები უნდა გაქრეს და მოისპოს. ისე, სხვათა შორის, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მკვეთრად შეზღუდა სოროსის საქმიანობა თავის ქვეყანაში.

* * *

ორიოდე თვის წინათ გორში დაფუძნდა ორგანიზაცია: “მეგობრობა და სამართლიანობა” (თავმჯდომარე ზურაბ მეზვრიშვილი), რომელიც მიესალმება მეგობრულ ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან. ეს ორგანიზაცია პოზიციის გამოცხადების მომენტისთანავე პრორუსულად მონათლეს და ადგილობრივი მასმედიისა თუ ლიბერალური საზოგადოების წარმომადგენლებმა და სალანძღავი სიტყვებიც არ დაიშურეს.

ჩემთვის დღემდე გაუგებარია, გახლეჩილი და დაპირისპირებული ვექტორებით როგორ უნდა შეძლოს საქართველომ სახელმწიფოს მშენებლობა ისე, რომ არ დაკარგოს ეროვნული ღირსება, ერთობა და დამოუკიდებლობა.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ და გავიგოთ, რომ ნებისმიერი ქართველი და ნებისმიერი ქართული მოძრაობა თუ პარტია უნდა იყოს პროქართული, ანუ მოქმედებდეს საქართველოს ინტერესებით და იმის გაცნობიერებით, რომ ნებისმიერი ვექტორით მოქმედება, რუსული იქნება ეს თუ დასავლური, ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. საქართველოს ინტერესებს კი ის მოქმედებები ემსახურება, რომლებიც კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს და ავითარებს ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, ჩვენს სულიერებას, კულტურასა და ტრადიციებს.

ბესიკ კაიშაური,

საჯარო მმართველობის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here