Home ახალი ამბები საქართველო პროფესორ რევიშვილს რუსეთის სახელმწიფო პრემია გადაეცა

პროფესორ რევიშვილს რუსეთის სახელმწიფო პრემია გადაეცა

ვლადიმერ პუტინი, ამირან რევიშვილი

12 ივნისს, რუსეთის დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა 2016 წლის სახელმწიფო პრემიები გასცა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის 2016 წლის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორ ამირან რევიშვილს გადასცა. ამირან რევიშვილს პრემია გადაეცა მეცნიერული დასაბუთებისა და კლინიკურ პრაქტიკაში ახალი კონცეფციის დანერგვის გამო, რომელიც გულის რიტმის დარღვევების მქონე პაციენტებში ავადობისა და მოკვდავობის შემცირებას ეხება.

“ჩვენი ლაურეატები: ამირან რევიშვილი, ალექსანდრე კარასკოვი და ევგენი პოკუშალოვი მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები არიან _ თანამედროვე კარდიოლოგიის ლიდერები, მოაზროვნე ექიმები და ქირურგ-პრაქტიკოსები. მათი მოწოდებაა ბრძოლა გავრცელებულ, სიცოცხლისთვის საშიშ მტერთან _ გულის რიტმის დარღვევასთან”, _ განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, რევიშვილმა მადლობა გადაიხადა ჯილდოსთვის, რომლითაც რუსი მეცნიერი მედიკოსების შრომა აღინიშნა.

“სამწუხაროდ, მოკვდავობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. უეცარი სიკვდილისგან ქვეყანა ასიათასობით მოქალაქეს კარგავს. გულის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ახალი ტექნოლოგიების შემუშავება მთავარი მიზანია ჩვენი დიდი, კომპლექსური სამუშაოსი, რომელსაც 20 წელზე მეტი მივუძღვენით. ჩვენ, ანუ ორმა სამედიცინო ქირურგიულმა და არითმოლოგიურმა სკოლამ მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში”, _ განაცხადა რევიშვილმა. მისი თქმით, ამ სამუშაოში მედიკოსებთან ერთად მონაწილეობდნენ ინჟინრები, ბიოფიზიკოსები, მათემატიკოსები და პროგრამისტები, რომლებიც კლინიკურ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here