Home რუბრიკები საზოგადოება პროფესიონალი ჯაშუშები მივიჩნიეთ სახელმწიფოს აღმშენებელ პოლიტიკოსებად და მივიღეთ კატასტროფის ტოლფასი შედეგი

პროფესიონალი ჯაშუშები მივიჩნიეთ სახელმწიფოს აღმშენებელ პოლიტიკოსებად და მივიღეთ კატასტროფის ტოლფასი შედეგი

1129
საქართველოს მთავრობა

გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, მრავალი სახელმწიფოს ინტერესების სფეროში ოდითგანვე შედიოდა ორ ზღვას შორის გადაჭიმული, ლანდშაფტით მდიდარი და უმშვენიერესი, ორგანიზებული მეწარმეობის მქონე, გეორგიანელებად წოდებული კულტურული ერის ძირძველი სამკვიდრო _ საქართველო. თუ დღეს ვარსებობთ, როგორც სახელმწიფო და ერი, და ასე თუ ისე ვინარჩუნებთ მამულს, ენასა და სარწმუნოებას, ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელოვანი წინაპრების დაუღალავი შრომის, წარუმატებლობასთან ერთად, მეტწილად გონივრული პოლიტიკურდიპლომატიური მანევრების, სამშობლოსა და ქრისტიანულმართლმადიდებლური რწმენის დასაცავად თავგანწირული ბრძოლის შედეგია.

რომ არა მტერთაგან ქართველთა სამკვიდროს დაუფლების დაუოკებელი ჟინი დაპყრობისა და აოხრებისა, რომ არა როგორც უწინ, ასევე დღესაც, სულგაყიდული მოღალატეების მიერ ქვეყნის ინტერესების საწინაღმდეგოდ ქვენა მიზნებით ნამოქმედარის შედეგები, დღეს საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონის ნაცვლად, ალბათ, 30-50 მილიონი მაინც იქნებოდა, მაგრამ ამჟამად ეს არის ჩვენი მოცემულობა და აქედან გამომდინარე უნდა დავსახოთ ქართველთა მოდგმის დემოგრაფიული კატასტროფისგან ხსნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, მართალია, მოვიპოვეთ ისტორიული მნიშვნელობის ნანატრი დამოუკიდებლობა, მაგრამ რევოლუციურ- განმათავისუფლებელი ლიდერების ჰეროიკულ-რომანტიკულ სულისკვეთებასა და პრაგმატიზმს მოკლებული, უკიდურესი დისიდენტური რადიკალიზმის წყალობით ვერ განვსაზღვრეთ ის სწორი პოლიტიკურ-იდეოლოგიური და ეკონომიკური ორიენტირები, რომლებიც საერთო ეროვნული თანხმობითა და დამოუკიდებელი ქვეყნის ეფექტიანი მმართველობით გაგვიკვლევდა გზას ქვეყნისა და ხალხის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის აღმავლობისკენ. ამის მთავარი მიზეზი თუ არა, ერთერთი მაინც იყო შეიარაღებული გადატრიალების გზით პირველი ლეგიტიმური ხელისუფლების ყოვლად გაუმართლებელი დამხობა. შედეგად კი მივიღეთ და დღემდე გრძელდება საბჭოური მენტალობის სტერეოტიპული მმართველობა დასავლური დემოკრატიზმის კამუფლაჟით.

ბოლოს და ბოლოს, რომ გავერკვეთ, რას ნიშნავს საბჭოური მენტალობა, საჭიროა, უფრო დავაკონკრეტოთ და დავაზუსტოთ, ისტორიული თვალსაზრისით, რა არის საბჭოთა სინამდვილე, რომლის ისტორია შედგება სამი მკვეთრად განსხვავებული ეპოქისგან:

პირველი. 1917-24 წლები _ რუსეთის იმპერიის უზარმაზარ სივრცეზე არსებული მდიდარი წიაღისეულისა და ნედლეულის ხელში ჩაგდებისა და იმპერიაში შემავალი ხალხების დამონების მიზნით, დასავლეთის იმპერიალისტური წრეების მიერ დაფინანსებული და დაქირავებული ლევ ტროცკისა და მისი თანამზრახველების უშუალო ძალისხმევით მოღალატური და ძირგამომთხრელი, თითქმის ჰიტლერული ფაშიზმის ტოლფასი საფრთხის შემცველი, განუკითხაობისა და ეგრეთ წოდებული წითელი ტერორის ზეობის ეპოქა;

მეორე. 1924-53 წლები _ მარქსიზმის თეორიის საფუძველზე, სოციალისტური სახელმწიფოს მატერიალიზაციის მიზნით, ქალაქად და სოფლად მსხვილი, კერძო მფლობელობაში არსებული საკუთრების სოციალიზაციისა და ამ ურთულეს პროცესებთან დაკავშირებული ერთგვარი გადაცდომების, სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებისა და ტროცკისტების განადგურების, მანამდე არნახული, უპრეცედენტო აღმშენებლობის, ინდუსტრიალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების (რომლის წყალობითაც, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი დღესაც ინარჩუნებს მსოფლიოს ზესახელმწიფოს ფუნქციას), სოციალური სამართლიანობის საფუძვლების დამკვიდრების, დიდ სამამულო ომში საარაკო გამარჯვების, პატრიოტული სულისკვეთებისა და უმაგალითო გმირობის გამოვლენის სტალინური ეპოქა;

მესამე. 1953-91 წლები _ 38-წლიანი პოსტსტალინური, ყოველგვარ სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ლოგიკას მოკლებული, ვითომ პიროვნების კულტის, რეალურად კი ვიწრო პირადულ-ეგოისტური, უგუნური და საბედისწერო იდეოლოგიური სახელმწიფო ღალატის, საბჭოეთის პირველი პირების მიერ უზარმაზარი იმპერიის უსაზღვრო ძალაუფლებით ტკბობისა და სახელმწიფო სახსრების გაუმართლებელი ფლანგვის, უძრაობის, უნიჭო და უნიათო მმართველობის, ქვეყანაში სამართლიანობის განმტკიცების პრინციპების გულარხეინი დამოკიდებულების, აღვირახსნილი კორუფციისა და სტალინური განვითარების ინერციის თანდათანობითი განლევის ეპოქა.

სწორედ ეს მესამე ეპოქაა თავისი ნეგატიური შედეგებით გადმოყოლილი და დალექილი ჩვენს აზროვნებასა და ქვეცნობიერში, რომელსაც დღეს ვუწოდებთ საბჭოურ მენტალობას და რომელიც ერთერთი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყანაში სამართლიანობისა და დემოკრატიზაციის დამკვიდრების გზაზე.

ქვეყნის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში მოაქვს პოზიტიური შედეგები, თუ მასში მცხოვრები თითოეული პიროვნების თავისუფლება სრულფასოვად თანხვდება ეროვნულ თავისუფლებას, რომელიც გულისხმობს:

არჩევნების გზით, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, საკუთარი პოლიტიკური თვალსაზრისის გამოხატვის თავისუფლებას და კონსტიტუციური გზით იმ ბერკეტების რეალური გამოყენების შესაძლებლობას, რომლითაც მოსახლეობის უმრავლესობას ექნება საშუალება, აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურსა და პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტოს;

საგადასახადო შემოსავლების მკაცრად და წინდაწინ განსაზღვრული გონივრული ოდენობის პროცენტული კვოტირებით დაფინანსებულ ადგილობრივ თვითმართველობას;

პიროვნების კვალიფიკაციისა და მისი შრომითი შესაძლებლობების გათვალისწინებით მისთვის შესაბამის და ღირსეულ სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფას;

მოქალაქეთა თანხმობით ნათლად და გარკვევით დადგენილ ნორმას, რომელიც განსაზღვრავს, საჯარო სფეროში დასაქმებული მოქალაქის მინიმალური ხელფასის ან სიბერის მინიმალური პენსიის რამდენჯერადი სახელფასო სარგო უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს და, შესაბამისად, დანარჩენ საჯარო თანამდებობის პირებს;

კანონის უზენაესობის დაცვით პიროვნების სამართლებრივ დაცვას.

მაინც რა არის ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი, რომელმაც განაპირობა ის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონით საკმაოდ მდიდარი რესპუბლიკა თავისუფლების მოპოვებიდან 27-ე წელს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორისაც აღმოჩენილიყო აუტსაიდერთა შორის?

ევროსტატისადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი (234 დოლარი) რუსეთთან (615 დოლარი) შედარებით ორნახევარჯერ, ხოლო შვეიცარიასთან (3755 დოლარი) შედარებით 16-ჯერ(?!) ნაკლებია; რიგითი მოქალაქის პენსია (66 დოლარი) კი _ რუსეთთან (216 დოლარი) შედარებით დაახლოებით 3-ჯერ და იაპონიასთან (2000) შედარებით _ 30-ჯერ(?!) ნაკლები.

მართალია, მსოფლიოს პრაქტიკაში არ არსებობდა ისეთი ისტორიული გამოცდილება ან თეორიული ნაშრომი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, მასზე დაყრდნობით გვემოქმედა, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სოციალისტური, საერთო-სახელმწიფოებრივი საკუთრების ფორმაციიდან კაპიტალისტურზე, ანუ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გონიერი და კეთილსინდისიერი ხელისუფლების მმართველობის პირობებში მოითხოვდა, დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე, მწყობრად ჩამოყალიბებული კონცეფციის მიხედვით მრავალწლიან, ეტაპობრივ და ხავერდოვან გადასვლას საწარმოო ურთიერთობათა იმ სისტემასა და ფორმაციაზე, რომელიც განსაზღვრული წლების (ალბათ, 5-10) მონაკვეთში, მრავალჯერადი, ეტაპობრივი და, ამასთანავე, სამართლიანი ვაუჩერიზაციის (რომლის ნომინალური ღირებულება, თითოეული ზრდასრული მოქალაქისთვის იქნებოდა არა 30, არამედ საშუალოდ 1000 დოლარი) გზით, ქალაქად და სოფლად, ეკონომიკური თვალსაზრისით, გულდასმით შესწავლილ და სანქცირებულ, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საწარმოო ობიექტებისა და სხვა მატერიალური რესურსების კერძო სამეწარმეო საკუთრებაში სამართლიანი სატენდერო შესყიდვების საშუალებით გადაცემას ინტელექტუალური და სამეწარმეო შესაძლებლობების მქონე ინდივიდთა და ინდივიდთა ჯგუფებისთვის; და ასევე, მეტ-ნაკლებად შენარჩუნებას საბჭოური წყობილების იმ სოციალური სიკეთეებისა და მმართველობითი სისტემებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მაკროეკონომიკის ეფექტიან ზრდაზე და ცხოვრების დონის ამაღლებაზე.

ასეთი მიდგომით ეტაპობრივად გამოვლინდებოდა და ჩამოყალიბდებოდა პროგრესულად და შემოქმედებითად მოაზროვნე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესმენთა სოციალური ფენები, რომლებიც მოძლიერდებოდნენ და გამდიდრდებოდნენ არა მონოპოლიური გარემოს შექმნით საკუთარი ხალხის გაღატაკების ხარჯზე, არამედ შემოქმედებითი მიდგომებითა და ნოვაციებით შექმნიდნენ კონკურენტუნარიან მატერიალურ და ინტელექტუალურ პროდუქციას, ისე, რომ მათი პირადი ბიზნესწარმატება პირდაპირპროპორციულად ასახულიყო ქვეყნის წარმატებასა და ხალხის კეთილდღეობაზე. აგრეთვე, გარკვეული სანქციებისა და რეგულაციების ჩარჩოებში, მაგრამ ბიზნესისთვის თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის რეჟიმში საქმიანობის პირობებში, შესაძლებელი გამხდარიყო სატენდერო შესყიდვებში გამარჯვებულ სააქციო საზოგადოებების მიერ შექმნილ საწარმოებში აქციონერს ჩაედო ვაუჩერი ან თუნდაც მცირე კაპიტალი და, დივიდენდის მიღებასთან ერთად, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით მიეღო მონაწილეობა მის შრომით საქმიანობაშიც.

ჩვენ კი ამისთვის არ გვეყო არც ცოდნა, არც მოთმინება და, სამწუხაროდ, არც ზნეობა _ მომხვდური მტრებივით და ავაზაკებივით შევესიეთ, დავიტაცეთ და გავანიავეთ საერთო სახელმწიფოებრივ საკუთრებად წოდებული მატერიალური დოვლათი და, სიღრმისეული ანალიზის გარეშე, სრულიად გაუაზრებლად და ნაჩქარევად დავანგრიეთ და მოვშალეთ ქალაქად და სოფლად სოციალისტური წყობის ეკონომიკური სისტემები.

ამ რევოლუციურ დამანგრეველ აურზაურში, ურთიერთდაპირისპირებასა და სამოქალაქო ომის ქაოსში პოლიტიკურად ისეთი მოუმწიფებელი და გულუბყვრილო აღმოვჩნდით, რომ გამდიდრებისა და თანამდებობრივი კარიერის სხვადასხვა ჯურის მაძიებელი, ენაგაკრეფილი შარლატანები, პოლიტიკური კლოუნები და შოუმენები, მსოფლიოს მასშტაბის მწვერვალებზე ასული, მაგრამ აშკარად დესტრუქციული შედეგების მომტანი პოლიტიკური მანიპულაციების დიდოსტატები და კიდევ უარესი _ მაღალი სტანდარტების დონეზე ლამაზად შეფუთული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და თავისი ქვეყნის წინაშე “ნამოღვაწარის” შეფასებით პროფესიონალი ჯაშუშები მივიჩნიეთ სახელმწიფოს აღმშენებელ პოლიტიკოსებად. და მივიღეთ კატასტროფის ტოლფასი შედეგი _ სახელისუფლო წრეებთან გარიგების საშუალებით საბჭოურინამსხვრევების პრიხვატიზაციითგამდიდრებული ჩარჩებისა და მევახშეების კლანები, მატერიალურად და ფინანსურად გაძარცვული მოსახლეობა, ეკონომიკურად გაპარტახებული, ტერიტორიების მეხუთედით და მოსახლეობის მესამედით შემცირებული, ვითომ დამოუკიდებელი და ფაქტობრივად კი შეუმდგარი და უზნეო მმართველობით დამცრობილი სახელმწიფო.

თუ სიმართლეს თვალი არ გავუსწორეთ, არ გავაანალიზეთ და არ დავსახეთ კრიზისიდან გამოსვლის გზები, ნუ გვექნება იმედი, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს. ბოლოს და ბოლოს, რეალურად თუ არა, ფორმალურად ხომ მაინც ვართ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ხომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით ვიცხოვროთ და ვმართოთ ჩვენი სახელმწიფო?

ერთი რამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ და გავითავისოთ, რომ სოციალისტური ან კაპიტალისტური სისტემის აკვიატებული და თვითმიზნური მშენებლობა კი არ უნდა იყოს ჩვენი იდეაფიქსი, არამედ მთავარი და უპირველესი მიზანი და საზრუნავი უნდა იყოს, თუნდაც სოციალისტურსა და კაპიტალისტურს შორის რაღაც “ჰიბრიდული”, იმ ადმინისტრაციულ-მმართველობითი და, მათ შორის, განსაკუთრებით, იმ სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც მოგვიტანს მაქსიმალურ ეფექტს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის ეკონომიკური და თავდაცვითუნარიანობის განმტკიცების კუთხით.

ხშირად გვესმის და ვკითხულობთ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან აზრს, რომ მამა-მარჩენალს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ისეთი პროტექციონისტული პოლიტიკა, რომლითაც მოსახლეობას მიეცემა საკუთარი ინიციატივების რეალიზაციის საშუალება და მოზღვავებულ იმპორტს უპასუხებს ღირსეული კონკურენციით.

მაგრამ საკითხავია: ვინ უნდა შეასრულოს ეს უაღრესად საპასუხისმგებლო მისია, როდესაც სახელისუფლო შტოები სავსეა ფსევდოდემოკრატიის წიაღში შობილი ორსახოვანი და ორპირი იანუსებით, რომლებსაც ერთი სახე იმისთვის აქვთ, რომ ოპოზიციურ ვითარებაში ყოფნისას როგორმე წარმოგვიდგნენ ქვეყნის გადამრჩენ უანგარო მებრძოლებად, მეორე სახე _ ხელისუფლებაში მოხვედრის შემდგომ იმის უარსაყოფად, რასაც ოპოზიციაში ყოფნისასთავდადებულიბრძოლის პერიოდში გვიმტკიცებდნენ და ამას, ციკლურ რეჟიმში მონაცვლეობით ისე უტიფრად სჩადიან, რომ არც სახის მიმიკა ეცვლებათ და არც შუბლის ძარღვი უტოკდებათ?

ამის პარალელურად, მედიასაშუალებებიდან ისიც ნათლად ჩანს, რომ პიროვნებები, რომელთა ანალიტიკური აზროვნება ქვეყნის მმართველობითი, ფინანსურეკონომიკური, აგრარული თუ ინდუსტრიულტექნოლოგიური მრეწველობის, სამართალწარმოებისა თუ სამხედროსტრატეგიული მშენებლობის ხედვების თვალსაზრისით ისე სიღრმისეული და პროფესიონალურია, რომ გული სიამაყით აგევსება, მაგრამ დაგზაფრავს ეჭვები, როდესაც გააცნობიერებ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასეთ პიროვნებებს სათოფედაც არ იკარებენ.

დღევანდელი კრიზისული საშინაო და საგარეო ვითარების ფონზე, როდესაც მთელი 25 წლის განმავლობაში ვერ ჩამოვაყალიბეთ ვერც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური და ვერც იდეოლოგიური განვითარების კონცეფცია, ვერ შევძელით ქმედუნარიანი სახელისუფლო მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა სახელმწიფოს მართვის რესურსების გამოყენებით ეკონომიკის შექმნაზე და არა მხოლოდ ქონების გადანაწილებაზე, ვერ დავამკვიდრეთ სოციალური და სამართლებრივი მმართველობის ევროპული სტანდარტები; როდესაც მასშტაბური უმუშევრობის ფონზე მკვიდრი მოსახლეობის მასშტაბური ემიგრაციაა საზღვარგარეთის ქვეყნებში და მათი შევსება, მართალია, ჯერჯერობით შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ, ძირითადად, ხდება უცხოტომელი მიგრანტებით; როდესაც პოლიტიკურ-დიპლომატიური უგუნურებით ან შესაძლოა, გაცილებით უარესი მიზეზების გამო დავკარგეთ საქართველოს განუყოფელი მხარეები აფხაზეთისა და შიდა ქართლის სახით; როდესაც მთელი 25 წლის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ორგანიზება, რათა სახელმწიფო-ადმინისტრაციულ სისტემებში და, საზოგადოდ, ქართულ კულტურულ ცხოვრებაში მათი ინტეგრაციისთვის მოგვეხსნა ბარიერი; როდესაც მავანთა მიერ დაუფარავი ბრძოლაა გაჩაღებული ჩვენი ზნეობრიობის დედაბურჯის, მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი საჭეთმყრობლის წინააღმდეგ; როდესაც ფულად-საკრედიტო სისტემა ისეა აწყობილი, რომ მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები უფრო ღარიბდებიან; როდესაც უმუშევრობისა და მოსახლეობის უმრავლესობის გაუსაძლისი ყოფის ფონზე მომრავლებულია სამევახშეო დაწესებულებები კაბალური საპროცენტო განაკვეთებით; როდესაც აშკარად წახალისებულია არაშრომითი, აზარტული თამაშებით მიღებული შემოსავლებით პარაზიტული ცხოვრებისკენ მისწრაფება სოკოებივით მომრალებული კაზინოებით, ტოტალიზატორებით, კომპიუტერული თამაშებითა და ლატარიებით; როდესაც პარლამენტის მიერ, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აქვს ანთებული ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკებით ახალგაზრდობის ფიზიკურ და მორალურ გადაგვარებას; როდესაც ფსევდოლიბერალურ-გლობალისტური გარე ძალები, იმ მიზნით, რომ მათი დირექტივების უსიტყვო შემსრულებელ ინფანტილურ პიროვნებებად და მათთვის სასურველ მუტანტებად ვიქცეთ, კარგად შენიღბული ფორმებითა და უზარმაზარი ზეწოლით, მათ მიერვე დაფინანსებული და დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოსყიდული ვაიქართველების ხელით ცდილობენ ჩვენი ეროვნული და სულიერი ცნობიერებისა და ყოფითი ტრადიციების გაუკუღმართებას და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მორალური და ფიზიკური ენერგიისგან დაცლას, ამ ისტორიულ ეტაპზე, არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ბოლომდე დაკარგვის, არამედ, ეთნიკური გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მდგომ ერს, ალბათ, ისე, როგორც არასდროს, გვესაჭიროება ტოლფასი თუ არა, მიახლოებული მაინც ილია ჭაჭავაძისა და იოსებ სტალინის მასშტაბური აზროვნებისა და სახელმწიფოებრივი მართვის უნარისა და სიმბიოზური გონის მქონე ხელისუფლება და ხელისუფალი.

დიახ, გვესაჭიროება გონი, ტოლფასი თუ არა, მიახლოებული მაინც ერის მამად წოდებული ილია ჭაჭავაძისა, რომლის პორტრეტიც, როგორც წესი, საქართველოს ხელისუფლების ყველა დიდმოხელის სამუშაო კაბინეტს ამშვენებს და, რომელიც, დღეს ცოცხალი რომ იყოს, ე.წ. მეხუთე კოლონის “ბერბიჭაშვილები”, ალბათ, ისევე განგმირავდნენ, როგორც 1907-ში განგმირეს იმდროინდელმა, ქართველებად წოდებულმა, უგუნურმა ავაზაკებმა.

დიახ, გვესაჭიროება გონი, ტოლფასი თუ არა, მიახლოებული მაინც ჩვენი თანამემულის, მსოფლიო ისტორიის უთვალსაჩინოესი ფიგურის, სოციალური სამართლიანობის პატრიარქის _ იოსებ სტალინისა, რომლის ხსენებაც, ვითომ ჰუმანური იდეალების დამცველ, სინამდვილეში კი კოსმოპოლიტურ პრინციპებში შეფუთულ, უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდული ვაიქართველების ძალისხმევით, ლამის მკრეხელობად ითვლება.

თუ საღი გონებითა და ილიასეული უშუალობით, ყოველგვარი მიკერძოებისა და ემოციების გარეშე, სიღრმისეულად გავაანალიზებთ ჩვენს ისტორიულ წარსულსა და აწყმოს, თუ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით თვალს გავუსწორებთ სიმართლეს და მოვუხმობთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომ ხე ნაყოფით შეიცნობა, ნამდვილად დავინახავთ: მიუხედავად იმისა, საქართველო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ სუბიექტს, იოსებ სტალინის ოცდაათწლიანი სწორუპოვარი სახელმწიფოებრივი მმართველობის შედეგად, ჩამორჩენილი აგრარული რუსეთის ატომური ტექნოლოგიების მფლობელ ზემძლავრ საბჭოთა იმპერიად ჩამოყალიბების ფონზე, თამარ მეფის ოქროს ხანად წოდებული ეპოქის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში უამრავ ჭირ-ვარამ გამოვლილმა საქართველომ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასასრულამდე, ნამდვილი სამეცნიერო-კულტურული და ეკონომიკური რენესანსი განიცადა: გვქონდა განვითარებული ინდუსტრიული მრეწველობა და სოფლის მეურნეობა განვითარებული ადგილობრივი მრეწველობით; პრაქტიკულად არ არსებობდა უმუშევრობის პრობლემა; სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგში მუშაობდა ორმოცდაათამდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მათ შორის, ბევრი _ საყოველთაოდ აღიარებული კორიფეების ხელმძღვანელობით; უფასო იყო საბავშვო ბაღებში ბავშვების აღზრდა და საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება; უფასო იყო სამედიცინო მომსახურება; ფარმაცევტული პროდუქციის სიმბოლურ ფასად შეძენის შესაძლებლობა; სახელგანთქმული რეჟისორები ქმნიდნენ თეატრისა და კინოს შედევრებს; საკმაოდ განვითარებული იყო საკურორტო-ტურისტული ინფრასტრუქტურა; 5,5-მილიონიანი რესპუბლიკა სპორტში აღწევდა გასაოცარ შედეგებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ექსპერტები, აღმოსავლეთ გერმანიასთან ერთად, გვიწინასწარმეტყველებდნენ წარმატებულ და სწრაფ ეკონომიკურ აღმასვლას.

ახლა კი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ, გაეროს ექსპერტები გვიწინასწარმეტყველებენ, რომ, თუ ასე გაგრძელდა ჩვენი ყოფა, 2050 წლისთვის ჩვენ, ქართველები, ჩვენს მიწა-წყალზე ეთნიკური უმრავლესობა აღარ ვიქნებით.

აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა უგუნურმა და უზნეო, მხოლოდ ეგოისტურ, საკუთარ კეთილდღეობაზე ორიეტირებულმა სახელისუფლო მმართველობამ.

ჩვენ, ქართველები, ისტორიულად ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს ეროვნული ღირსების მქონე და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებების კონსოლიდაციითა და ძალისხმევით. ქვეყნის განვითარების შესაძლებლობების სწორად დანახვის საფუძველზე, ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების გათვალისწინებითა და სამეწარმეო, სამეცნიერო და საფინანსო რესურსების ერთი პრობლემის გარშემო კონცენტრირებით შევძლებთ ამ კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაღწევას და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების, ასევე მსოფლიო ისტორიის სრულფასოვანი სუბიექტი.

ანზორ დავითაშვილი,

არქიტექტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here