Home ახალი ამბები საქართველო პროკურატორთან აუდიენცია აუცილებლად შედგება!

პროკურატორთან აუდიენცია აუცილებლად შედგება!

პროკურატორმა მსახურებს ხელით ანიშნა, გაცლოდნენ და სტუმართან მარტო დარჩა სვეტოვანში.

ამ ქალაქის გუნებაგანწყობაზე, რა შეგიძლიათ, რომ მითხრათ? – ჰკითხა პროკურატორმა.

სტუმარს თავისდაუნებურად იქით გაექცა მზერა, სადაც ბაღის ტერასებს გაღმა, ქვევით, უკანასკნელი სხივებით აოქროსფერებული სვეტები და  სახლის ბანები იღველფებოდა.

ვგონებ, პროკურატორო, – დაიწყო სტუმარმა, –  ხალხის განწყობა უკვე დამაკმაყოფილებელია.

იმდენად, რომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, არეულობა აღარ განმეორდება?

დარწმუნებულები, – თქვა სტუმარმა და დაბნეული მზერა შეავლო პროკურატორს, – მხოლოდ ერთ რამეში შეგვიძლია ვიყოთდიდებული კეისრის ძლევამოსილებაში”.

ეს ამონარიდი მიხეილ ბულგაკოვის ლიტერატურული შედევრიდანაა – ”ოსტატი და მარგარიტა”.

მიუხედავად იმისა, რომ არც საქართველოს გენერალური პროკურორი გაბიტაშვილია პროკურატორი და არც საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილია საიდუმლო სამსახურის უფროსი, მაინც ეს ეპიზოდი გამახსენა ქალბატონ სალომეს დაბარებამ პროკურატურაში.

“საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ მოყვანილი ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომლებიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტზე.

შარახვეტია პოლიტიკოსებს ნათქვამის გამო პასუხისმგებლობა რომ არ ეკისრებათ, ეს აქაური (და არამხოლოდ აქაური) წესია, მაგრამ შარახვეტია პოლიტიკოსი პრეზიდენტის სავარძელში თუ არის მოკალათებული, მას აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო. სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი თუკი აცხადებს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად დაირღვა, მას, რა თქმა უნდა,  დამადასტურებელი ფაქტები უნდა ჰქონდეს. ფაქტების გარეშე ხომ არ იტყოდა იმას, რაც თქვა: ”ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. რამდენიმე თვის წინათ  ამ ხელისუფლებამ, რომელსაც დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, მიიღო მთელი რიგი რუსული კანონები, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს. ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი. ძნელი წარმოსადგენია, თუ არაფერი შეიცვალა, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთანავე, ემიგრანტებს წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იქაც იყო დარღვევები სხვადასხვა ხერხითა და სხვადასხვა ფორმით… ეს არჩევნები არ შედგა, იგი არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის მას ლეგიტიმურს”.

ქვეყნის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ასეთ საშინელ განცხადებას როგორ გააკეთებს, თუკი მას ამისი დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები არ აქვს? გამოდის, რომ არჩევნები მართლაც ტოტალურად გაუყალბებიათ! – აუცილებლად ასე იფიქრებს ის, ვინც ამ სიტყვებს მოისმენს. სხვა რა უნდა იფიქროს ადამიანმა: ის ხომ არა, რომ ეს ქალბატონი არამხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკანი, არამედ გაქნილი პროვოკატორიცაა, რომელსაც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს. ძნელია, რომ ასე იფიქროს ადამიანმა, რადგან, თანამდებობრივ მდგომარეობასაც რომ თავი დავანებოთ, პროვოკატორის როლში სამოცდათორმეტი წლის ქალბატონი როგორი წარმოსადგენია?! ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ქალბატონი მაინც გამოცხადდება პროკურატურაში, დაწერს ახსნა-განმარტებას, მისცემს ჩვენებას და ყველანაირად დაეხმარება გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში. ასე მეგონა მე და, ალბათ, ასე გეგონათ თქვენც, მაგრამ მეც შევცდი და თქვენც. აი, რა განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა: “თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ისე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები”.

თავს ვიკავებ, რომ უხეში სიტყვა არ წამომცდეს, ასაკოვანი ქალბატონია და თანაც, რაც უნდა იყოს, საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია მაინც, მაგრამ სრულიად საქართველოს რომ შეურაცხგვყოფს, პასუხი არ გავცეთ? ქალბატონო სალომე, არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ, რომელიც თურმე რუსეთის სპეცსამსახურებს ჩაუდენიათ, თქვენ არ განაცხადეთ? თქვენ, საქართველოს პრეზიდენტმა,  განაცხადეთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ. ხალხი (მათ შორის პროკურატურის წარმომადგენლებიც) ფიქრობს, რომ საჯაროდ ჭორაობას არ დაიწყებდით და მით უფრო ტყუილს არ იკადრებდით. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა ქონდეთ მტკიცებულება იმისა, ომლის  შესახებაც განცხადეთ. აქედან გამომდინარე, ხალხიც და პროკურატურაც სრულიად ლოგიკურად ელდა, რომ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამოძიებას დაეხმარებოდით და ნათელს მოჰფენდით საშინელ დანაშაულს, რომლის შესახებაც მსოფლიოს ამცნეთ. თქვენ კი ისე მოიხსენით ნათქვამის გამო ყოველგვარი პასუხისმგებლობა, რომ წარბიც არ შეიხარეთ. პირიქით, იმ პირველ ნათქვამს მეორე ისე მოაყოლეთ, რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხით: ”სხვათა შორის, მოვუსმინე ბორელს. მგონი, ბორელსაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ; როგორც ჩანს, მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც არის აღნიშნული უცხოური მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე”.

რა გაიკვირვეთ, ქალბატონო სალომე? გამოძიებამ ბატონ ბორელსაც უნდა სთხოვოს დახმარება და დანაშაულთან დაკავშირებით იმ ფაქტების გადმოცემა, რომლებზე დაყრდნობითაც მან ის განცხადება გააკეთა, რომელიც თქვენ გაიხსენეთ. თუკი ბატონი ბორელიც ისევე მოიქცევა, როგორც თქვენ მოიქეცით, ანუ არ დაეხმარება გამოძიებას, საქართველოს პროკურატურასაც და ჩვენ, ქართველ ხალხსაც, სრული უფლება გვექნება, ვიფიქროთ, რომ თქვენც და ბატონი ბორელიც, სხვებთან ერთად, დასავლეთის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირის) მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ დიდ პროვოკაციაში მონაწილეობთ.

ქალბატონო სალომე, ჭირსაც წაუღია ბორელი, ამ უხერხულობიდან იგი როგორმე დაიძვრენს თავს, მაგრამ თქვენ ნუ დაგავიწყდებათ, რომ პრეზიდენტობის ვადა გეწურებათ. ერთი ყოფილი კი იხდის სასჯელს, მაგრამ ორი მეტისმეტი იქნება. მაგრამ, ორი კი არა, სამიც რომ იყოთ, კანონი ყველას ერთნაირად მოგკითხავთ, ამიტომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პროკურორთან თქვენივე ფეხით მოგიწევთ მისვლა ისე, როგორც ბულგაკოვმა აღწერ მის უკვდავ ლიტერატურულ შედევრში  ოსტატი და მარგარიტა”.

”პროკურატორმა მსახურებს ხელით ანიშნა, გაცლოდნენ და სტუმართან მარტო დარჩა სვეტოვანში.

– ამ ქალაქის გუნება-განწყობაზე, რა შეგიძლიათ, რომ მითხრათ? – ჰკითხა პროკურატორმა.

სტუმარს თავისდაუნებურად იქით გაექცა მზერა, სადაც ბაღის ტერასებს გაღმა, ქვევით, უკანასკნელი სხივებით აოქროსფერებული სვეტები და სახლის ბანები იღველფებოდა.

– ვგონებ, პროკურატორო, – დაიწყო სტუმარმა, –  ხალხის განწყობა უკვე დამაკმაყოფილებელია.

– იმდენად, რომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, არეულობა აღარ განმეორდება?

– დარწმუნებულები, – თქვა სტუმარმა და დაბნეული მზერა შეავლო პროკურატორს, – მხოლოდ ერთ რამეში შეგვიძლია ვიყოთ – დიდებული კეისრის ძლევამოსილებაში”.

მთლად ასე სიტყვასიტყვით, ალბათ, არა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით ისეთივე საუბარი, როგორიც საიდუმლო სამსახურის უფროსს პილატესთან ჰქონდა, აუცილებლად გექნებათ პროკურორთან თუ პროკურატორთან.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here