Home რუბრიკები პოლიტიკა პრემიერმა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს თვალში ნაცარი შეაყარა

პრემიერმა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს თვალში ნაცარი შეაყარა

“ყარაჩაი-ჩერქეზეთში გამართულ კონფერენციაზე ოსებმა განმიცხადეს: სად არის დაპირება ერგნეთის ბაზრობის აღდგენაზეო”

2286
დიმიტრი ლორთქიფანიძე

27 სექტემბერს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73- სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს ყოველი წარმატება მათი წარმატებაა. ბახტაძის განცხადებით, აფხაზებმა და ოსებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომლებიც საქართველომ შექმნა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე განათლებისა და სხვა მიმართულებებით: “თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა, მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებითა და შესაძლებლობებით მივაღწევთ წარმატებასა და კეთილდღეობას”… იმავე გამოსვლაში ბახტაძემ ხაზი ვალდებულებებსაც გაუსვა და დასძინა, რომ საქართველო ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას თანაბრად უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიადამიანის უფლებების დაცვისკუთხით გადადგმულ ნაბიჯებს მოსახლეობის უმრავლესობის პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა (გაიხსენეთანტიდისკრიმინაციული კანონისმიღება). მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი აღებულ კურსს არ ცვლის და მოსახლეობისთვის მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას განაგრძობს.

არის კი დღეს კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისთვის ეს ცვლილებები სასიკეთო და აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ამ რეგიონების მოსახლეობას აღნიშნულისიკეთეებითსარგებლობის სურვილი? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, პრემიერმა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ აფხაზებმა და ოსებმა უნდა ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომლებიც საქართველომ შექმნა ადამიანის უფლებების, განათლებისა და სხვა მიმართულებებით. მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ: რა სიკეთეები შექმნა ხელისუფლებამ და რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი აფხაზების ან ოსებისთვის?

_ ამას წინათ ყარაჩაი-ჩერქეზეთში დავესწარი კონფერენციას “კავკასიური დიალოგი 2018” და იქ შესაძლებლობა მქონდა, პირისპირ შევხვედროდი, როგორც აფხაზებს, ისე ოსებს. მათ ძირითადი ყურადღება მათთვის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილეს და ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო. როდესაც ისმის შეკითხვა, რა სიკეთეები შექმნა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობისთვის, მათ შორის, აფხაზებისა თუ ოსებისთვის, მე შემიძლია მათი პირით გიპასუხოთ: ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დემოკრატიის სახელით გადაიდგა, აქ განსაკუთრებით იგულისხმება ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათთვის არის პირდაპირ სიგნალი, რომ არაფერი კარგი და სასიკეთო ამ ადამიანებს საქართველოში არ ელოდებათ. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსგავსი ქმედებებით ეს ქვეყანა უფრო მიმზიდველი და სასურველი ხდება ან აფხაზებისთვის, ან ოსებისთვის, ძალიან ცდება. თითოეული ასეთი ნაბიჯი ამ რეგიონის მოსახლეობისთვის აღქმულია, როგორც მკვეთრად უარყოფითი და ერისთვის დიდი ზიანის მომტანი მოვლენა. ასე რომ, რას გულისხმობდა პრემიერი სიკეთეებში, არ ვიცი, მაგრამ ის, რასაც დღეს ლიბერალები ადამიანის უფლებებს ეძახიან, სიკეთედ ნამდვილად არ აღიქმება არც აფხაზეთში და არც ოსეთში, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში. სხვათა შორის, ნარკომანია დღეს აფხაზებისთვის უპირველესი პრობლემა და თავსატეხია, იმიტომ, რომ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება მათ რეგიონში, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა. ახლა ამას ლეგალიზაცია რომ დაემატოს, რა თქმა უნდა, არ დაუშვებენ და მართალიც იქნებიან. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ქოლგის ქვეშ ისინი არ ისურვებენ არავისთან თანაცხოვრებას.

_ სხვასიკეთეებზერას იტყვით?

_ პრემიერმა თავის გამოსვლაში ჯანდაცვა და განათლება ახსენა, რაც შემთხვევითი არ ყოფილა. ვთქვათ სიმართლე პირდაპირ: ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა დაახლოებით 2600-მა ეთნიკურმა აფხაზმა ისარგებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უფასო ჯანდაცვის სერვისით. სხვათა შორის, ამ სტატისტიკას არც აფხაზები გაურბიან და ისინი, ისევე როგორც ოსები, აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები ნამდვილად არის მათთვის შეღავათი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძნელია, ამ საკითხში პრემიერს არ დაეთანხმო, მაგრამ არის სხვა საკითხები, რომლებიც არათუ მოგვარებულია, მათი მოგვარების პერსპექტივაც არ ჩანს.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ყარაჩაი-ჩერქეზეთში ოსებმა განმიცხადეს: სად არის დაპირება ერგნეთის ბაზრობის აღდგენაზეო? შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე “ქართული ოცნება” გამოდიოდა დაპირებით, რომ ასეთი ტიპის სავაჭრო ზონები აუცილებლად აღდგებოდა, როგორც ხალხთა დაახლოების ერთ-ერთი ბუნებრივი ინსტრუმენტი და სახალხო დიპლომატიის პირდაპირი განხორციელება. აი, ეს არის ზუსტად ის გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევს და, ბუნებრივია, ხელისუფლების სანდოობა, როცა ის სიკეთეზე თუ სიკეთეებზე საუბრობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ერთი მხრივ, როცა ხდება იმის დეკლარირება, რომ მათი მიზანი არის მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელსაყრელი და სასურველი გარემოს შექმნა; ხოლო, მეორე მხრივ, აშკარაა სრული უმოქმედობა, სიცრუე და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა ყველასთვის დასანახი ხდება.

რაც შეეხება ეკონომიკას, ამ თვალსაზრისით საქართველო კატასტროფის ზღვარზე რომ არის, აფხაზებიც კარგად ხედავენ, ოსებიც და მსოფლიოც. ხალხი საზღვარგარეთ მიდის ლუკმაპურის საშოვნელად. დღეს აფხაზებისთვის, რომლებსაც დემოგრაფიული პრობლემა მიაჩნიათ უმთავრესად, შეიძლება მათთვის რამე თვალსაზრისით მიმზიდველი იყოს დემოგრაფიულად მომაკვდავი ქვეყანა?! შეიძლება ეკონომიკურ სიკეთესა და პერსპექტივაზე ესაუბრო ამ ხალხს მაღალი ტრიბუნიდან, როცა ის, ვინც რეალურად დღეს შენი მოქალაქეა და შენს კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, შიმშილით კვდება?! ხელისუფლებას თუ მართლა უნდა, საქართველო სასურველი და სამაგალითო ქვეყანა გახდეს ჩვენი კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისთვის, იმაზე კი არ უნდა იფიქროს, როგორ აამოს და ასიამოვნოს დასავლეთს უმცირესობების უფლებებზე აქცენტირებით, არამედ სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, წარმოება განავითაროს, სოფელს მიხედოს… აი ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მომავალზე და პერსპექტივებზე, თორემ, ქვეყანა რომ თავზე გემხობა და განსაკუთრებით ამ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ხალხი გაქცევაზეა, რომელ სიკეთეზე ვსაუბრობთ?! საერთოდ, ეს ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის, უკვე დიდი ხანია, ერთგვარი თავსატეხი გახდა იმ კუთხით, რომ მოსახლეობის გადინების ასეთი მაღალი ტემპი, როგორიც დღესაა, არასოდეს ყოფილა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხის დასაბრუნებლად დღეს აქ იქმნებოდეს ეკონომიკური ბერკეტი, პირიქით _ ვხედავთ მცდელობას, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან შეთანხმებით მოხდეს ჩვენი მოსახლეობის ნაწილის დასაქმება ევროპის კონტინენტზე, რაც, რა თქმა უნდა, ასიმილაციას უწყობს ხელს და რეალურად აქედან კიდევ უფრო მეტი ადამიანის გასვლის ხელშემწყობი ფაქტორია. ამ დროს უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებს პარალელურ რეჟიმში ანაცვლებენ აზიელი მიგრანტები, რომელთათვისაც საკანონმდებლო დონეზე სრულიად ნოყიერი ნიადაგია შექმნილი. რა თქმა უნდა, ეს აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც მკაფიო სიგნალია, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ვითარდება და სიღარიბის დონე იზრდება.

_ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია.

_ ერთია, რას ამტკიცებს ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ხომ ამ ქვეყნაში ვცხოვრობთ. ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ ქუჩაში და ჰკითხეთ: აქვს დღეს იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე შარშან ან იმის წინათ ჰქონდა? გაუმჯობესდა მისი ცხოვრება? მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ ჩვენი პენსიები დღეს ნახევარიც კი არ არის საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული თანხისა და 840 ათასი ბენეფიციარი გვყავს პენსიონერი, რომელიც, ფაქტობრივად, ბედის ანაბარაა მიტოვებული. სხვა მხრივ კიდევ რა სიდუხჭირეა ქვეყანაში, აღარაფერს ვამბობ, რომელ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზეა საუბარი?

_ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ბახტაძემ რუსეთსაც მიმართა, ხელი არ შეუშალოს აფხაზებისა და ოსების საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესს. რუსეთის ფაქტორი მართლა რომ გამოირიცხოს, ჩვენი ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკის პირობებში რეალურად შესაძლებელია ამ რეგიონების მოსახლეობის ინტეგრაცია?

_ მოდი, ვიყოთ რეალისტები: აფხაზებისა და ოსების პრობლემა დღეს არის მათი ეთნოსის შენარჩუნება. ოსები ამბობენ, რომ ისინი სულ 400 ათასი დარჩნენ და ეს საგანგაშოა. ამასთანავე, ისინი საკმაოდ აგრესიულ გარემოცვაში ცხოვრობენ _ დიდი ხანია, დაპირისპირებულები არიან კავკასიაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან, მაგალითად, ინგუშებთან. ამ ყველაფრის ფონზე არ მალავენ, რომ ქართველები ბუნებრივად უნდა იყვნენ მათი მოკავშირეები, მაგრამ, ვინაიდან საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ მუდმივად აქვთ პრობლემები, გადარჩენის გზებს ეძებენ რუსეთის ფედერაციაში. აი, ეს საკითხი, ვფიქრობ, ღრმა და ყოვლისმომცველი შესწავლის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს რამდენად გაკეთდება, არ ვიცი. კიდევ ვიმეორებ: ამ ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, როცა საქართველო დაქცეულია, დაპირება მაღალი ტრიბუნიდან, რომ ინტეგრირების შემთხვევაში საამური იქნება მათთვის ცხოვრება, უბრალოდ, თვალში ნაცრის შეყრაა და სხვა არაფერი, რასაც აფხაზებიც და ოსებიც, ბუნებრივია, კარგად ხვდებიან; ასე რომ, დაპირებას უნდა ამყარებდეს, ერთი მხრივ, იდეოლოგია და, მეორე მხრივ, კონკრეტული ციფრები, რომლებიც უტყუარი მაჩვენებელია რეალური მდგომარეობისა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც წლიდან წლამდე იზრდება საგარეო ვალი და ის დღეს უკვე 15 მილიარდს გადასცდა, საუბარი წინსვლასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ზედმეტია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ, მიუხედავად “ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებისა წარმოების განვითარების შესახებ, დღემდე ეს მიმართულება ერთ-ერთი სუსტი რგოლია ეკონომიკაში. ასევე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყანას არ აქვს მცირე და საშუალო მეწარმეობის შესახებ კანონი, არ გააჩნია საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მუნიციპალური ობლიგაციების თანამედროვე სისტემა და აშ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here