Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნარკობარიგა შეიწყალა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნარკობარიგა შეიწყალა

ამით დანარჩენებს იმედი მისცა და დააჯერა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა, ყველაფერი...

2434
გიორგი მარგველაშვილი

იმის მიუხედავად, რომ ერი და ბერი მარიხუანის ლეგალიზაციით უკმაყოფილოა, პარლამენტი, უბრალოდ, არ აპირებს, რაიმე მოიმოქმედოს და შეზღუდვები დააწესოს. კანონმდებლები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ წასვლა, სასამართლო სისტემაზე ზეწოლად შეფასდება. იმას კი არავინ ფიქრობს, რომ თაობები გვეღუპება და უკვე საუბარი აღარ არის იმაზე, რომელი თაობის ადამიანები ეწევიან მარიხუანას _ ეწევა ყველა და ისიც კი, ვისაც სასჯელის შიშით აქამდე ფიქრადაც არ ჰქონია, კანაფი გაესინჯა.

17 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში დაწყებული ახალი სასწავლო წელი რამდენიმე მუნიციპალიტეტში სავალალოდ დასრულდა. ხმაური მხოლოდ გორში ატყდა, რადგან მარიხუანის მოწევის შემდეგ რამდენიმე მოსწავლე ცუდად შეიქნა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სხვაგან კი მხოლოდ მასწავლებლებმა და მშობლებმა გააპროტესტეს ის ამბავი, რომ მოსწავლეები პლასტმასის ბოთლსკრუგში ატრიალებდნენდა რიგრიგობით სუნთქავდნენ მათრობელა კვამლს.

რამდენიმე დღის წინათ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო გამოიძახეს: 15 წლის მოსწავლე მარიხუანის მოხმარების შემდეგ ცუდად შეიქნა და გონება დაკარგა. ეს ყველაფერი კი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა და მასზე უარის თქმა თურმე ზეწოლად შეფასდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ თითის გაშვერა არ გამოდის, რადგან პატრულის თანამშრომლები უღონოდ შლიან ხელებს, _ აქაოდა, ჩვენ რა ვქნათ, კანონი მათ მხარეს არის და ახალგაზრდები პლანს ცხვირპირში გვაბოლებენო. დადიან შემდეგ ეს ბავშვები დაბოლილები, გაკვეთილი აღარავის ახსოვს, სხედან ბირჟაზე და უაზრო სახეებით იცინიან. ჰო, იცინიან, იმიტომ, რომ არაფერი ანაღვლებთ და ნარკოტიკით გაბრუებულები მწარე რეალობას ვერ აღიქვამენ.

გარდა იმისა, რომ სამართალდამცველებმა გასულ კვირას თავიანთი თანამშრომელიც დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკი უკანონოდ შემოჰქონდა და ყიდდა, კიდევ 7 ნარკორეალიზატორი მოხვდა ძალოვანთა ხელში. ამ შვიდიდან 5 უცხოეთის მოქალაქეა _ ირანელი ან არაბი. მათ მარიხუანასთან ერთად სხვა, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალებებიც ჰქონდათ, ანუ იციან, რომ მარიხუანაზე არაფერი ემუქრებათ და ისიც შემოაპარეს. მხოლოდ მარიხუანაზე რომ დაეკავებინათ, ვერაფერს ეტყოდნენ. რა გამოდის? _ არაბები და ირანელები მარიხუანის ექსპორტით მდიდრდებიან, შემოაქვთ, ყიდიან და ახალგაზრდების გამოთაყვანებასა და გაიმპოტენტებას (ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით) უწყობენ ხელს. შემდეგ, ამ გამოთაყვანებაგაიმპოტენტებაში აღებული ფულით ყიდულობენ საქართველოს და ქართველებს მონებად ამუშავებენ. ეს არის რეალობა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ გავექეცით და მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა, _ ეს რა გვემართებაო, არაფერს შველის. საკანონმდებლო ბაზაა საჭირო, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს და შედარებისთვის გეტყვით, რომ იმავე ირანში ნარკოტიკების გაყიდვისთვის სიკვდილით სჯიან.

სიკვდილით დასჯას ვინ ჩივის, აგერ, პრეზიდენტმა სამუდამო პატიმრობამისჯილიბარიგაშეიწყალა. არ დამიწყოთ ახლა, ცოტა კორექტულადო. რაღა კორექტულად, ვინმე საიათ ისმაილოვი _ მარნეულელი ნარკოდილერი, რომელიც 2007 წელს თავისი წონა ნარკოტიკით დაიჭირეს და სამუდამო მიუსაჯეს, პრეზიდენტმა გასულ კვირას შეიწყალა. მერე კი იყო თავის მართლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, _ აქაოდა, არ შეუწყალებია, უბრალოდ გათავისუფლების ვადა დაუდგინა და ეს კაცი 2025 წელს გათავისუფლდებაო, მაგრამ

ჯერ ერთი, 2025 წელს რომ გათავისუფლდება, გამოვა ისე, რომ 20 წელსაც არ მოიხდის ახალგაზრდების მოწამვლისა და სასიკვდილოდ გამეტების გამო. მეორე _ მას სასჯელის ზომა შეეცვალა, ანუ სამუდამო პატიმრობა შეეცვალა ვადიანი სასჯელით, 18 წლით თავისუფლების აღკვეთით. შესაბამისად, უკვე გაისად, 2019 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ვადის 2/3 მოხდილი ექნება, შეუძლია ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართოს და, თუ ე.წ. უდოს “შეახებენ”, საპყრობილეს დატოვებს. ახლა არ მითხრათ, _ შესაბამისი კომისია უარს იტყვისო. წესით, პრეზიდენტსაც უნდა ეთქვა უარი, მაგრამ ნურას უკაცრავად, მან “ბარიგა” შეიწყალა. ერთი მხრივ, ცუდია, როცა შეწყალებულ ადამიანზე ამბობ, რომ ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ნარკორეალიზატორი, ვინც უნდა იყოს ის (ვიმეორებთ _ ვინც უნდა იყოს), ციხეში უნდა იჯდეს და არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს იქნება ნათელი მაგალითი ყველასთვის, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული, რომ ისინი დაჭერის შემთხვევაში უშანსოდ არიან. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი მოთხოვნა შევა ახლა პრეზიდენტის სახელზე “ბარიგებისგან”?! განცდა იმისა, რომ, თუ შეიწყალეს ერთერთი ყველაზე დიდი ნარკორეალიზატორი, რატომ მეტყვიან უარს მე, ყველას ექნება და მოდი, პირდაპირ ვთქვათ _ სააკაშვილის ზეობის პერიოდშიც, მაშინ, როცა თავისი ვადის ბოლო დღეებს ითვლიდა, რამდენიმე ისეთი შეწყალების აქტი განახორციელა, ყველას გაუკვირდა. მაშინაც გამოუშვეს ციხიდანბარიგები”, ყაჩაღები, მკვლელები და იმის გამო, რომ იმ დროს პრეზიდენტს განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა, შეწყალების აქტებს რიგგარეშედ კვირაში ერთხელ უშვებდა. ამან კი ის მოიტანა, რომ პრეზიდენტობის ბოლო თვეს სააკაშვილმა ხუთასზე მეტი პატიმარი შეიწყალა. მაშინ ამბობდნენ (და არც არავინ მალავდა), რომ სააკაშვილის გარემოცვა პატიმრების ოჯახებიდან სოლიდურ თანხებს იღებდა, პრეზიდენტს ეუბნებოდნენ, _ ეს ადამიანები გარეთ გვჭირდებაო და “შეწყალების კონვეიერიც” მუშაობდა. თუ იმავეს გაკეთებას აპირებს მარგველაშვილი, ჯერ ერთი, არ გამოუვა და მეორეც, ისტორიაშიბარიგამფარველისსახელით ნუ შევა.

ისევ საკანონმდებლო ორგანოს დავუბრუნდეთ. შსს-მ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვით მარიხუანის მოხმარება 21-წლამდე პირებს აეკრძალებათ. ეს პირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ სახელმწიფო უკვე შეეგუა ფაქტს, საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალურია და ლეგალურადვე დარჩება, უბრალოდ ასაკს ზღუდავენ, თორემ 21 წელზე ზემოთ თუ ხარ, შეგიძლია შუა ქუჩაში დადგე და პატრულს ცხვირპირში მიაბოლო. შესაბამისად, უკვე გასაკვირიც აღარ არის, რატომ ცდილობს საკანონმდებლო ორგანო ასე ჯიუტად კანაფის მოყვანის კანონპროექტის გატანას. რას იტყვის იგივე საკონსტიტუციო სასამართლო, როცა კანაფის წარმოების აკრძალვაზე მიდგება საქმე?! _ რა თქმა უნდა, აკრძალვას მხარს არ დაუჭერს და, საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღებენ. 2019 წელი საარჩევნო არ არის, 2020 წლისთვის პენსიას წაუმატებენ ცოტას, იქ საწვავს დააკლდება 5 თეთრი და ბედნიერ ამომრჩეველს აღარ ემახსოვრება ველად მობიბინე კანაფი. ფაქტია, რომ საპატრიარქოგადააგდესდა თანაც ძალიან მწარედ. სწორედ ეკლესიის დაძახილზე გამოსულმა ხალხმა ათქმევინა ხელისუფლებას: როგორც კი პრემიერი ამერიკიდან ჩამოვა, ამ პროექტს უკან გავიწვევთ, რადგან პარლამენტში მთავრობამ წარადგინა და, პრემიერის გარდა, გაწვევის უფლება არავის აქვსო.

მამუკა ბახტაძე, აგერ ორი კვირაა, საქართველოშია, საპარლამენტო სესიებიც გაიმართა, მაგრამ კანონის უკან გაწვევაზე ხმას არავინ იღებს. უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც თქვა: მოსახლეობასთან ინფორმაციული სახის შეხვედრებს გავმართავთ, რათა ყველას ავუხსნათ, რა კარგია კანაფის წარმოება და რამდენი მილიარდი შევა დამატებით ბიუჯეტშიო. სხვა კი არაფერი უქნია, ხალხო, მარგველაშვილს, “ბარიგა” შეიწყალა და ამის გამო ვართ აღშფოთებული და, სახელმწიფოს რომ ოფიციალურ ბარიგად აქცევთ, თანაც რომ გვიმტკიცებთ, კარგიაო, მართლა გჯერათ, რომ ხალხი თავს დაგიქნევთ?

და მთავარი _ რომ ამტკიცებთ, მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ მოყვანილი კანაფი ექსპორტზე გავიდეს და შიგა მოხმარების პროდუქტი არ გახდესო, როგორ აპირებთ, ნეტავ?! როგორ უნდა მიხვდეთ, კონკრეტული ადამიანი პლანტაციებში მოყვანილს ეწევა თუ საკუთარ ეზოში დარგულს?! ან მარიხუანის დარგვადათესვა (მცირე რაოდენობით) უკვე ბეჭედდასმული რომ არის, იმ პლანტაციებიდან წამოღებული ჩითილები (უხდება თურმე კანაფს გადარგვა) ვინმემ საკუთარ ეზოში რომ დარგოს და მერე მოიხმაროს, ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ _ განმასხვავებელი?! _ არავინ და უკვე ფაქტია, რომ მთავრობის გარდა, ნარკოტიკების რეალიზებაზე პრეზიდენტიც თანახმაა, რადგან სხვაგვარად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ “ბარიგას”; კაცს, რომელმაც კონკრეტულად მარნეულში თაობები დაღუპა; კაცს, რომელსაც თბილისელი ნარკომანების “კოჰორტა” პირადად იცნობს, რადგან მისი მუდმივი მუშტრები იყვნენ, არ შეიწყალებდა. კიდევ გავიმეორებთ _ პრეზიდენტმა სამუდამო პატიმრობამისჯილი საიათ სულეიმანოვი შეიწყალა და ამით დანარჩენებს იმედი მისცა და დააჯერა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა, ყველაფერი…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here