საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მართლმსაჯულება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა. შეგახსენებთ, რომ მგალობლიშვილი წარსულში სამჯერაა ნასამართლევი. ბოლოს მან საპყრობილე სამწლიანი პატიმრობის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა. აღნიშნულ ფაქტს თავის დროზე გარკვეულ წრეებში ხმაური და მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი სკანდალი, რომელშიც პირველი პირი თავისი ოჯახის კრიმინალური გარემოცვის გამო გაეხვა.
2013 წლის მიწურულს სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძე (მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას ქმარი) მინდია გოგოჭური დააკავეს. მას ბრალად მოქალაქის დაჭრა ედებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული მოქალაქე ბაჩო სირაძე პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო და ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობა დაეძაბათ. გოგოჭური კი ვითარების გარკვევას შეეცადა, რა დროსაც სირაძე შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.
პრეზიდენტის ოჯახის გარშემო ატეხილ სკანდალს უკავშირდება კიდევ ერთი ხმაურიანი დაკავება, რომელიც თავის დროზე გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზიც გახდა. დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცველებმა ანა მარგველაშვილის უახლოესი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, საუბარი იყო 18 აბ სუბოტექსზე, რომელიც აღნიშნულ მოქალაქეს ჩხრეკის შედეგად ამოუღეს. მაშინ პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი მეგობარი ნარკოტიკებს არ მოიხმარს და სუბოტექსი მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მოგვიანებით გარკვეული მინიშნებები თავად პირველმა პირმაც გააკეთა და ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მსგავსი დაკავებებით მასზე და მის ოჯახზე პოლიტიკურ ზეწოლას ცდილობენ. პრეზიდენტს მაშინ არ დაუკონკრეტებია, ვინ და რა ძალები ცდილობს ან შეიძლება ცდილობდეს მასზე ზეწოლას, მაგრამ ფაქტი ერთია, კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება მან ერთხელ უკვე გამოიყენა საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და ცოლისძმა, რომელსაც მართლმსაჯულებამ თავის დროზე, კანონის სრული დაცვით, 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სულ რაღაც სამ წელიწადში თავისუფლებას აზიარა.
რეალურად რა გარემოცვა ჰყავს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რატომ ეხვევა მისი ოჯახი მუდმივად სკანდალში და უნდა ჰქონდეს თუ არა მას ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეწყალების უფლება, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პუბლიცისტსა და მეცნიერს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს დაუკავშირდა.
ელიზბარ ჯაველიძე: პრეზიდენტის ცოლისძმა, რომელსაც ახლა 4 წელი მიუსაჯეს, ჯერ კიდევ მარგველაშვილის გაპრეზიდენტებამდე იჯდა ციხეში გაცილებით მძიმე სასჯელით, ლაპარაკია 17 თუ 18 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, მაგრამ გახდა თუ არა მარგველაშვილი პრეზიდენტი, მაშინათვე შეიწყალა. რატომ, რის საფუძველზე, გაუგებარია.
რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ მას ებრძვიან და პოლიტიკურ ზემოქმედებას ცდილობენ, ეს აბსურდია, მარგველაშვილზე არავინ არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს. პირიქით, ის თვითონ ებრძვის საქართველოს კონსტიტუციას, როცა პარლამენტი ამა თუ იმ საჭირო კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც სახელმწიფოს წაადგება და ის იმ წუთში ვეტოს ადებს. აი, ამ ვეტოს უფლების შეზღუდვაზე რომ იყო ლაპარაკი, ეს აღიზიანებს მას და ამიტომ გამოიგონა ეს ზეწოლის ამბავიც… ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა, რომელიც მას არ ესწავლება. სხვა დანარჩენი, უნდა შეეზღუდოს თუ არა მას შეწყალების უფლება, ამაზე კონსტიტუციონალისტებმა უნდა იმსჯელონ. ერთი კი ცხადია, პრეზიდენტი ამა თუ იმ კონსტიტუციურ უფლებას საკუთარი ოჯახის და ნათესავების სასარგებლოდ არ უნდა იყენებდეს. ზოგადად პირველი პირი უნდა იყოს ყველანაირად სამაგალითო და მას წამოსაძახებელი არ უნდა ჰქონდეს არაფერი. პრეზიდენტის ოჯახი რომ კრიმინალებით იქნება გატენილი, ეს მარტო მისი კი არა, მთელი ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა…
ჯაბა ჟვანია
Margvelashvili gadadeqit!