Home რუბრიკები პოლიტიკა პოტენციიდან იმპოტენციამდე

პოტენციიდან იმპოტენციამდე

2587
ერთიანი ნაციონალური ოცნება

როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ქუჩაში ავტომატიანი ახალგაზრდები დარბოდნენ, უფროსები ამბობდნენ, _ ვინმე გვინდა, ვინც ამ ყველაფერს დაალაგებს, საქართველოს დიდი პოტენცია აქვსო. ამას უმრავლესობა გაიძახოდა და მერე რა, რომ პოტენცია პოტენციალში ერეოდა. შემდეგ საქართველოში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა და, პოტენციის რა გითხრათ, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად მოკვდა. ავიტუზეთ ნატოსა თუ ევროკავშირის კართან: ჯერ მორიდებით ვაკაკუნებდით, შემდეგ ვაბრახუნებდით, ბოლოს მტვრევაზეც გადავედით, მაგრამ იმ კარის ნამტვრევები 2008 წელს დაგვატყდა თავს ნაფოტებად

ახლა, როცა ისევ იმ კართან ვართ ატუზული და დაბრახუნებაც ლიმიტირებულია, ხელისუფლებამ ნარკოლიბერალიზაცია გამოაცხადა და, თუ მოქმედ პარლამენტარს დავუჯერებთ, მარიხუანის ჭარბი მოხმარება იმპოტენციას იწვევს. ჰოდა, ახლა იმას მოგიყვებით, როგორ მივედით დიდი პოტენციიდან იმპოტენციამდე.

წარსული წლების გახსენებას არ ვაპირებთ, წინა ნომრებში ბევრი ვისაუბრეთ, დღევანდელობაზე უნდა ვიმსჯელოთ, იმაზე, რაც გვაქვს, რაც არ გვაქვს და რაც არასდროს გვექნება. ერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, ჩამოკიდებულმა ხელისუფლებამ აგერ უკვე მეხუთე წლის ათვლა დაიწყო და, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, დაპირებული საოცარი და აღმავალი წლებიდან ჯერჯერობით მხოლოდ მოთხრილი ხეები და ისევ გაუგებარი დაპირებები მივიღეთ. ის, რომ საქართველოს მთავარ კანონს ხელისუფლება ისე ექცევა, როგორც სააკაშვილის მთავრობა ექცეოდა პატიმრებს, მივეჩვიეთ. ისე, მასშტაბებს გააჩნია, თორემ, თუ გახსოვთ, წინა ხელისუფლებას ძეგლების გადატანაგადმოტანის მანია ჰქონდა, ეს ხელისუფლება კი ხეებს დაატარებს და ნამდვილად ვერ გეტყვით, ამით რა სიამოვნებას იღებს. სიამოვნებაზე კი აქცენტს სათაურში მოყვანილი ფრაზის გამო ვაკეთებთ, რაც უნდა იყოს, პოტენცია სიამოვნებასთან კავშირშია ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლებაა ყოფილ პრემიერთან კავშირში და

სამთავრობო კულუარებში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი მთლიანად ხეებზე გადაერთო და ისხეები”, რომლებიც თვითონ მოიყვანა ხელისუფლებაში, კალთიდან ჩაიხსნა. რადგან მოსახლეობას ვიღაცის იმედი უნდა ჰქონდეს საარჩევნოდ? არქიფო სეთური ხომ გახსოვთ, _ იმედის მოფიქრებაა ყველაზე ძნელი, თორემ, ეგ თუ მოიფიქრე, მერე არაფერი გიჭირსო. სეთურის მონების მდგომარეობამდე რამდენი გვიკლია, სიმართლე გითხრათ, ეგეც აღარ ვიცი. აღარ ვიცი იმიტომ, რომ ვერც ისინი ხვდებოდნენ, შავ დღეში რომ იყვნენ მამა-მარჩენალის ხელში და შიშიც კი მაქვს, ვაითუ, ჩვენც მაგ დღეში ვართ და ვერ ვხვდებით-მეთქი.

რადგან სეთური ვახსენეთ, ხლისტებზეც ვთქვათ. ხლისტობის განცდას წინა ხელისუფლება ტოვებდა, ბუდარიხებით რომ იყო სავსე, და იმ ბუდარიხებს ნებისმიერი ხლისტის ლოგინში შეძრომის უფლება ჰქონდათ. ვხედავდით ამძუვნებული დიაცების როკვას და ხმას არ ვიღებდით. ახლა კი ამბობენ, ამძუვნებულმა დიაცებმა კულუარებში გადაინაცვლეს და იქიდან განაგრძობენ მთავრობის უმაღლესი ეშელონების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში უხეშ ჩარევასო. ბედი გვაქვს ისეთი, დათა თუთაშხია რომ გამოგვიჩნდეს, წიწამურის გავლით წავიყვანთ ხიბულაში, ამიტომ ხალხის მხსნელი მესიის მოლოდინი ფუჭია. აი, მთავრობის მხსნელ მესიას რაც შეეხება, გეტყვით, რომ სასწორის პინას ის გადაწონის, ვინც მეტ ფულს დადებს. ფული კიდევ, მოგეხსენებათ, საქართველოში ოდითგანვე ყველას და ყველაფერს წონიდა და…

ხელისუფლებას ფინანსური გაჭირვება რომ აქვს, არახალია. როგორც შავი, ისე თეთრი სალარო, ამ წინასაარჩევნოდ დაცარილებულია და, თუ თეთრი სალაროს, ანუ ბიუჯეტის შევსებას ხელისუფალნი არჩევნების შემდეგ ბუნებრივ აირზე, დენსა და წყალზე ტარიფების მომატებით ფიქრობენ, შავი სალაროს შემვსები არ ჩანს. უფრო კონკრეტულად, ის კაცი არ ჩანს, რომელიც ფულს იმისთვის დახარჯავს, რომ მმართველი პარტია ისევ მმართველად დარჩეს და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რომელიმე მუნიციპალიტეტში ან მუნიციპალიტეტებში სიტუაცია ხელიდან არ გაექცეს.

ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის მოქმედმა დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავიანთ ოლქებში ფულის დახარჯვაზე უარი თქვეს, _ რაც საპარლამენტოზე დავხარჯეთ, ჯერ ის არ ამოგვიღიაო. მართლებიც არიან _ თითოეულმა დეპუტატმა 200-დან 500 ათას ლარამდე გაისროლა და დროის ამ მცირე მონაკვეთში ამ თანხის ამოღება, მართლაც, ვერ მოახერხეს. არადა, ამის პოტენციალი (და არა პოტენცია) არსებობსო, _ ასე დაჰპირდნენ მაშინ დასაბოლოოდ ხელში გაუპატიურებული კონსტიტუცია და ძალიან, ძალიან ბევრი დეპუტატისთვის ბუნდოვანი მომავალი შერჩათ. სანაძლეოს დაგიდებთ, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის კანონპროექტი ხელის ამწევთა (ღილაკზე დამჭერთა) აბსოლუტურ უმრავლესობას წაკითხულიც არ აქვს, მაგრამ არც სჭირდება. მათ არც სკოლაში მოუკლავთ თავის დროზე კითხვით თავი, მაგრამ ახლა დეპუტატები ჰქვიათ, ნდობის მანდატი უჭირავთ ხელში დაკიდევ რა უჭირავთ, თავად უკეთ იციან და იმასაც ხვდებიან, დიდი შანსია, თუ ვერ ივარგეს, ბოლოს სწორედ ეს დაჭერილი შერჩეთხელში.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, წინასაარჩევნოდ მმართველ გუნდს შავი ფული არ აქვს-მეთქი და ნაციონალებთანაც მისულა თურმე ფორთხვით მოენე, _ “ოცნებას” მეზარბაზნეები არ ჰყავსო. გაგიკვირდებათ და, ამ ინფორმაციამ ნაციონალებზე საინტერესოდ იმოქმედა. ბევრმა გადაწყვიტა, პორტირებისთვის სწორედ ახლაა საუკეთესო დროო, და “ოცნების” ნავში გადახტომა მოისურვა, სანაცვლოდ კი შავ სალაროში არცთუ ცოტა შენატანის გაკეთებას დაჰპირდა ხელისუფალთ და… ახლა ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში ნაციონალების კანდიდატებით გაიძეძგებაოცნებისსიებიო და ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს, რაც ადგილობრივ აქტივში უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამერთი მხრივ, არისსად მაქვს ფული მე უბედურსდა, მეორე მხრივ, “ფული, ბაბა, ბევრი ფული”… როგორც წესი, ეს მეორე მხარე იმარჯვებს ხოლმე და, დიდი ალბათობით, ახლაც ასე იქნება.

ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე, ის აქტივი, რომელიც “ოცნებას” 2012 წლიდან მხარში უდგა და დაპირებულ სიკეთეს დღემდე ელის, მარიხუანის გარეშეც მივიდა იქამდე, რომ საარჩევნოდ იმპოტენტი გახდა, ანუ მათ აღარ უნდათ, აღარ სჯერათ და საუკეთესო შემთხვევაში განზე დგომას აპირებენ, ცუდ შემთხვევაში კი სხვა პარტიებში გარბიან და მათ ეხმარებიან, რაც თავისთავად “ოცნების” წისქვილზე წყალს არ და ვერ დაასხამს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მმართველი გუნდის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, საბანი თავისკენ გაქაჩონ, მაგრამ ეს საბანიც, დიდი ხანია, გაიხა და შუაში, ანუ კორჰოტაში დარჩენილებს ამ გახეული საბნიდან ზუსტად ის ნაწილი უჩანთ, რომელიც თბილისის გასასვლელში მდგარ აღმაშენებლის ცხენს, მაგრამ სირცხვილისთვის არ ცხელათ, მათი ბედი ახლა წყდება, თანაც, როგორი ბედი _ მომდევნო სამი წელი მშვიდად იქნებიან თუ ისევ ხმელი პურის ჭამა მოუწევთ?

ამ ყველაფრის ფონზე, დიდი პოტენციის მქონე მომავლიდან იმპოტენციის დონემდე მისული აწმყო შეგვრჩა ხელში და, თუ ასე გაგრძელდება, შორს არ არის ის დრო, როცა მთავარი საკითხი ის კი არ იქნება, რა გველის წინ ან სად და ვის კარზე უნდა ვაბრახუნოთ, არამედ ის, ვინ დაგვიბრახუნებს ჩვენ _ იმ ადამიანებს, რომელთა არსებობაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდებათ და… ფრთხილად იყავით, ბატონებო, ვინმემ ამომრჩეველს უფასოდ ვიაგრა არ დაურიგოს, თორემ გამწარებულ ხალხს ვერც ნატო დაიჭერს და ვერც ევროკავშირი. აქეთ არ დაიჭირონ… ნატო…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here