“დასავლური ორგანოების ქმედებებს ევროკავშირი დაშლისკენ მიჰყავს”, _ განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა მიხალ დვორჩიკმა “პოლონეთის რადიოს” ეთერში.
უფრო ადრე უნგრეთმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტს, აგრეთვე, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევის ფონდს.
ანალოგიურ განზრახვაზე განაცხადა პოლონეთმაც. უნგრეთის ქმედებამ მხარდაჭერა ჰპოვა სლოვაკეთშიც. ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ჩაიდება მექანიზმი, რომელიც დააკავშირებს ევროკავშირიდან ფინანსების გამოყოფას კანონის უზენაესობასთან ცალკეულ ქვეყნებში.
“ჩვენ სიმართლით ვიბრძვით არა მხოლოდ ტრაქტატების დასაცავად, არამედ წესებისა და პარტნიორული ურთიერთობის დასაცავად; ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირმა მომავალშიც იარსებოს და საფრთხე არ შეექმნას. ისეთი მეთოდით მოქმედება, როგორსაც დღეს გვთავაზობს ჩვენი ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა, ადრე თუ გვიან, ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს”, _ განაცხადა დვორჩიკმა.
ევროკავშირი რამდენიმე ათეული წლის წინათ შეიქმნა, როგორც კავშირი ქვეყნებისა, რომელთა დამოუკიდებლობა ერთმანეთის მიმართ უნდა იყოს პარტნიორული და ეს კავშირი მრავალი წლის განმავლობაში უნდა ფუნქციობდეს პატიოსანი წესებით. დღეს კი ზოგიერთი ქვეყანა ამ წესების შეცვლას ცდილობს, არღვევს ტრაქტატებს და ცდილობს, თავს მოგვახვიოს თავისი ნება”, _ დასძინა მან.
“დღეს საქმე ეხება პოლონეთსა და უნგრეთს, მაგრამ პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქმედება, რომელიც დაემუქრება ევროკავშირს”, _ თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრის კანცელარიის უფროსმა.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ