პოლონეთის პრემიერმინისტრმა ბეატა შიდლომ ლიტვისა და ლატვიის პრემიერებთან _ საულიუს სკვერნიალისსა და მარის კუჩინსკისთან, პოლონეთში ესტონეთის ელჩ ჰარი ტიიდოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვარშავა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები უშიშროების, აღმოსავლეთის პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში თანამოაზრეები არიან.
რა ნაბიჯებს დგამენ და რამდენად არიან მზად პოლონეთი და ბალტიისპირეთი ამ თანამოაზრეობის დემონსტრირებისთვის?
2014 წელს ლიტვის პორტმა კლაიპედამ ნორვეგიიდან მიიღო თხევადი აირის პირველი ულუფა. 2015 წელს ნორვეგიული აირი ლიტვის მოთხოვნის უკვე 18 პროცენტს აკმაყოფილებდა. შემდეგ ლიტვიდან ესტონეთში გადაიტუმბა და ამ ქვეყნის მოთხოვნის 15 პროცენტი დააკმაყოფილა (დანარჩენ 85 პროცენტს რუსეთი აკმაყოფილებს).
ლიტვიდან ბუნებრივი აირის გადმოტუმბვა ძვირი სიამოვნებაა (გადასახდელია ბაჟის ფული ნორვეგიული აირის ლიტვაში შესატანად, ლიტვიდან გამოსატანად, ლატვიაში შესატანად, ლატვიიდან გამოსატანად და ესტონეთში შესატანად), მაგრამ ტალინში არ სურთ ასეთ ძვირად ღირებულ პროდუქტზე უარის თქმა. 2020 წლისთვის ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ნორვეგია ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნას გეგმავენ, საბაჟო თუ სხვა ბარიერების გარეშე.
მათ გეგმებში შედის, აგრეთვე, პოლონური ტერმინალიდან ლიტვაში სვინოუსტიემდე გაზგაყვანილობის მოწყობა. 2016 წლის ზაფხულში დიდი ხმაური მოჰყვა სვინოუსტიეში აშშ-დან თხევადი აირით დატვირთული პირველი ტანკერის შესვლას. პოლონეთმა განაცხადა, რომ რეალიზებულია მასშტაბური “სამი ზღვის ინიციატივა, რომლითაც იქმნება ერთიანი ენერგეტიკული სისტემა ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვის სივრცეში”.
პროექტს მხარს უჭერს აშშ იმ მიზნით, რომ ევროპის ბაზრიდან გააძევოს რუსული აირი და გზა გაუხსნას საკუთარს. პოლონეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამერიკული გაზის მთავარი ტრანზიტორის მოვალეობის შესრულება იკისრა. ეს მისთვის მომგებიანია გეოპოლიტიკის კუთხით, მაგრამ მოითხოვს აღმოსავლეთ ევროპაში ძალთა არსებული კონფიგურაციის სერიოზულ რეკონსტრუქციას.
ამიტომ პოლონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა ვარშავაში განიხილეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავლის საკითხები, მათ შორის, ამ ანტირუსული პროექტის ორბიტაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების, კერძოდ, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვის საკითხები. “აღმოსავლეთ პარტნიორობას უნდა მივცეთ მკაფიო პოლიტიკური სახე და კონკრეტული ამოცანები დავუსახოთ სამომავლოდ”, _ ხაზგასმით განაცხადა ბეატა შიდლომ. ვარშავის ხელშეწყობით 2009 წელს შექმნილი ეს გაერთიანება საკმარისად გაფერმკრთალდა და დაკარგა ენერგეტიკა. ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც ამ პროექტში იყო ჩართული, შეასუსტა ანტირუსული რიტორიკა (მოლდოვა, საქართველო) ან მხარს უჭერს პარტნიორულ და სამოკავშირეო ურთიერთობას რუსეთთან (სომხეთი, ბელარუსი).
მაშასადამე, პროგრამას განახლება სჭირდება და პოლონეთი მთელი ძალით ცდილობს, შესძინოს მას მეორე სუნთქვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტის წინ, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიმართება. წლეულს, აპრილში, ვარშავაში გაიმართა ვიშეგრადის ჯგუფის (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც აღინიშნა, რომ საჭირო იქნება, ბრიუსელმა გარკვევით განაცხადოს, როგორი ევროპული პერსპექტივა ექნება “პარტნიორობის” წევრ ქვეყნებს. პროგრამის არსებობის რვა წლის განმავლობაში მსგავსი პერსპექტივა ნაკლებად ხელშესახები გახდა. “აღმოსავლური პარტნიორობის” რეანიმაცია პოლონეთის მმართველ ძალას სჭირდება “სამი ზღვის” პროექტის წარმატებით რეალიზაციისთვის. პოლონელმა ექსპერტებმა უკვე განაცხადეს პროექტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ და “სამი ზღვის” პროექტის გაფართოებაზე კავკასიის მიმართულებით. საქართველო ამ პროექტს სჭირდება, როგორც გზის გამკვლევი კავკასიაში შესასვლელად. პოლონეთს ბუნებრივი აირის ტრანზიტის მონოპოლისტობა სურს და კონკურენტები არ სჭირდება. ბელარუსი, მისი გათვლით, ვარშავის ხელში იარაღად უნდა იქცეს, რაც, თავის მხრივ, შექმნის პოტენციურ დაბრკოლებას კალინინგრადის ოლქისთვის რუსული აირის მიწოდების საქმეში: ამ ოლქში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფნა პოლონელებს ბალტიის აღმოსავლეთ ნაწილის გაკონტროლების საშუალებას არ აძლევს.