საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმსა და სახელმწიფოს ფუნქციობაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.
გიორგი მარგველაშვილის აზრით, მიუღებელია, ასევე, ამ კანონების სასწრაფოდ მიღებაც. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებდა ქვეყნის ხელისუფლებას, საარჩევნო წელს არ მომხდარიყო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში კი ორივე კანონი საარჩევნო გარემოს ეხება და არჩევნებამდე 3 თვით ადრეა მიღებული.
“დარწმუნებული ვარ, რომ მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს განსხვავებულ აზრს და ეს განსხვავებული აზრი აქციოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად. რაც შეეხება მეორე კანონს, ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც საწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის გაღრმავებაც. ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართველი საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია. 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა, თვითმმართველობა ის რეალური, ერთადერთი დემოკრატიული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიან სამსახურს მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტიანი მექანიზმი, თუ როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას, არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებსაც შეეხო.
“კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული. ეს აკნინებს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რათა ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ჯანსაღი პოლიტიკური გარემოა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ სასწრაფოდ შეიკრიბნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მმართველ გუნდს ახალი წინადადებით მიმართეს. პარტიები თანახმა არიან, საკონსტიტუციო განხილვებში ისევ მიიღონ მონაწილეობა და ერთადერთი მოთხოვნა აქვთ _ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას მუხლი, რომელიც წინასაარჩევნოდ ბლოკებისა და კოალიციების შექმნას კრძალავს, 2020 წლისთვის კი ბარიერი დარჩეს ისე, როგორც ამჟამად წერია, ანუ სამი პროცენტი.
რა გამოდის? _ პარტიები, რომელთა რეიტინგი, კარგ შემთხვევაში, ერთ პროცენტს არ აღემატება, გაერთიანდებიან და ბლოკს შექმნიან, რაც შესაძლებლობას მისცემს პარტიას, პარლამენტში სამი კაცი, ანუ სამი პარტიის გაერთიანების შემთხვევაში სამი ლიდერი გააძვრინონ და, კარგ ცხოვრებასთან ერთად, პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად აქციონ, რაც მომდევნო რვა წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან დაფინანსებას გულისხმობს. ანუ, რეალურად, ის ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები, რომ კონსტიტუცია ავტორიტარულია, რომ მოსახლეობა დიქტატურას იღებს, ჩვეულებრივი ფარსი ყოფილა. ოპოზიციური პარტიები თანახმა არიან, ამ ფარსში მიიღონ მონაწილეობა და, რაც მთავარია, ავტორიტარიზმი აღიარონ (როგორც თვითონ უწოდებენ ახალი კონსტიტუციის პროექტს), სანაცვლოდ პარლამენტში მოხვდნენ და მოსახლეობა…
სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, აგერ უკვე მერამდენე წელია, პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვენ. არადა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, პროსტიტუცია საქართველოში, კარგა ხანია, ლეგალიზებულია, ოღონდ პოლიტიკური. დიახ, პოლიტიკური მეძავებით არის სავსე ქართული პოლიტიკური სპექტრი, ერთი და იგივე სახეები, სხვადასხვა პარტიის სახელით ცდილობენ, ჩვენს ხარჯზე უზრუნველი ცხოვრება მოიწყონ და პოლიტიკურ ჭაობში (ქართულ რეალობაში ზღვა და ოკეანე ზედმეტი ფუფუნებაა) იტივტივონ.
ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირის” ფრთის ქვეშ დაიზარდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც შემდეგ ამ პარტიის დამფუძნებელსა და თავიანთ გამზრდელ ედუარდ შევარდნაძეს გინება დაუწყეს. ისინი დღესაც აუგად მოიხსენიებენ პრეზიდენტყოფილს. იქნებ ისიც არ ახსოვს ვინმეს, რომ თუნდაც “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” 2003 წელს სწორედ “მოქალაქეთა კავშირთან”, სოციალისტურ პარტიასთან და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო პარტიულ წარმონაქმნთან იყო ბლოკში და ცდილობდა პარლამენტში შესვლას. იქნებ ისიც არ ახსოვს ვინმეს, რომ “თავისუფალი დემოკრატებიც”, კონსერვატორებიც, რესპუბლიკელებიც და კიდევ ბევრი ჩინიანი თუ უჩინო “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად იყვნენ ბლოკში და შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ. მერე ეს პარტიები “ქართულ ოცნებასთან” გაერთიანდნენ კოალიციაში და კვლავ მოხვდნენ პარლამენტში. ახლაც სწორედ ამ ერთადერთი მიზნით _ როგორმე პარლამენტში შევიდნენ და ოთხი წელი “იტივტივონ”, ბლოკების დაშვებას ითხოვენ, რადგან ცალ–ცალკე არასდროს ჰქონიათ ამის შანსი და არც არასდროს ექნებათ. ერთპროცენტიანი პარტიები საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა, ერთ კაცთან ასოცირებული მოვლენა, და საკმარისია, ეს ერთი კაცი პოლიტიკური პლატფორმიდან გაქრეს, პარტიაც იშლება და იკარგება. მაგალითებსაც გეტყვით _ გაქრა კობა დავითაშვილი და დაიშალა მისი “ხალხის პარტიაც”, გარდაცვალებამდე პოლიტიკას ჩამოშორდა ვახტანგ რჩეულიშვილი და დაიშალა სოციალისტური პარტია, პოლიტიკიდან წავიდა დავით გამყრელიძე და “ახალი მემარჯვენეები” პრაქტიკულად არავის ახსოვს, წავიდა ირაკლი ალასანია და “თავისუფალი დემოკრატების” ისედაც არარსებული რეიტინგი განულდა. შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი კაცი კახა კუკავას პარტიიდან თვით ბატონი კახას გარდა? ან დაასახელეთ ერთი კაცი პაატა ბურჭულაძის აწ უკვე ყოფილი პარტიიდან… თქვენ კი არა, ასეთი ადამიანების გახსენება ჩვენც გვიჭირს, ჟურნალისტებს…
სხვათა შორის, რაც პარტიები მიყოლებით დაიშალა, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია თქვას, პოლიტიკური ვენახი გავკრიფეო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ეს ხალხი არსად წასულა, უბრალოდ, ცოტა ხანს ჩრდილში დადგა, რადგან არჩევნებამდე გვარიანი დრო იყო დარჩენილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ “ტივტივისთვის” თავიანთი ფული უნდა დაეხარჯათ, ეს კი არ ისურვეს და ახლა, როცა არჩევნები მოახლოვდა, ისევ გამოჩდნენ. ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაშიც არიან, უბრალოდ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ და ცდილობენ, ალღომ არ უმტყუნოთ, ანუ საჭირო დროს საჭირო კარზე დააკაკუნონ, იქ, სადაც ფული ეგულებათ, თორემ ყველაზე კარგად თვით ივანიშვილმა იცის, როგორც კი მკაფიოდ განაცხადებს დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე, მის კართან ატუზული პოლიტიკოსები სხვა კარს დაუწყებენ ძებნას…
ამით იმის თქმა გვსურს, რომ რეალურად, საქართველოში პოლიტიკოსების უმრავლესობას ამომრჩეველი არასდროს აინტერესებდა და მათში მხოლოდ ხმას ხედავდა, ხმას, რომელიც მათ ბედნიერ ცხოვრებას უზრუნველყოფდა.
წეღან პოლიტიკური პროსტიტუცია ვახსენეთ და ნოდარ დუმბაძის სიტყვებიც გავიხსენოთ _ “შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტს კაცი, მერე იოლია ცხოვრება და ნუ გაიწყვეტ მაგ შუბლის ძარღვს…” არადა, რეალურად, გნებავთ, მარცხნივ გაიხედეთ, გნებავთ _ მარჯვნივ, ყველგან შუბლის ძარღვგაწყვეტილთა აღლუმია და, ჩვენი ნება რომ იყოს, ამ დაანონსებული თუ განხორციელებული მარშების პროცესში ერთ მარშსაც მოვაწყობდი, “პოლიტიკური მეძავებისა და შუბლზე ძარღვგაწყვეტილების”…
ფაქტია: თითქმის ნახევარწლიანი საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე ხელისუფლება გვატყუებს, რომ თურმე ავტორიტარულ და დიქტატურისკენ მიმავალ კონსტიტუციას იღებს და ამიტომ ქუჩაში უნდა გამოვიდეთო, დავიდა მარტივ მოთხოვნამდე _ ურეიტინგო პარტიებს ბლოკად გაერთიანების უფლება უნდა მიეცეთ, რათა როგორმე სამი პროცენტი შეაკოწიწონ და პარლამენტში შევიდნენ. არადა, ოპოზიცია ქუჩის აქციებსაც კი აანონსებდა და, ხომ წარმოგიდგენიათ, მართლა რომ მოეხერხებინათ და ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, ხელისუფლებას კი დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება წამოეწყო მორიგებაზე, რა მარტივად გაწირავდნენ ქუჩაში გამოსულ ხალხს და როგორ გაინაღდებდნენ პარლამენტში მოხვედრას? ასე იყო მუდამ, ასეა ახლაც და ასე იქნება, სანამ არ შეიცვლება იმ წიაღში გაზრდილი ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მაშინ გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, როცა გარდამავალი ეტაპი იყო და ღალატი ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. სანამ ეს ხალხი ბოლო კაცამდე სახლში არ წავა, მანამ ხალხის ინტერესები ბლოკად გაერთიანების იდეას ზვარაკად შეეწირება.
ბესო ბარბაქაძე
ბატონო ბესო! რასაც თქვენ აკეთებთ სწორედ ეს არის პოლიტიკური პროსტიტუციის ნიმუში! და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ისიც იცით, რომ მკითხველების 100% ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს. რა აზრი აქვს ასეთი პასკვილების წერას? 2 კაპიკს გადმოგიგდებენ და მორჩა! ახლა საქმეს რაც შეეხება, თუ გვინდა ხალხი დასაქმდეს, ეკონომიკა გამოცოცხლდეს, აუცილებელია საცალო ბაზრის დემონოპოლიზაცია! კვების, ელექტრონულ, საყოფაცხოვრებო, ჯანდაცვის, სააფთიაქო… სექტორებში საცალო ბიზნესის სრული დემონოპოლიზაცია! ორი ნაბიჯის, ჯიპისის, პსპს, ავერსის … აფთიაქების, სუფთა სახლის, ზუმერის ქსელებს უნდა აეკრძალოთ საცალო რეალიზაციის უფლება!!! ქონდეთ მსხვილი საბითუმო ბაზები, მაგარამ არა ყველა ქუჩაზე და უბანში!
ასპროცენტიან სიმართლეს წერთ. არაფრით არ უნდა მოხდეს დათანხმება პოლიტიკური პარტიებიის საარჩევნოდ ბლოკად გაერთიანების დაშვების. ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური სპექტრი ამ პოლიტიკური მეძავეებისაგან. რამდენიც არ უნდა გაერთიანდნენ, ესენი რა რევოლუციის მომწყობები არიან, სრულად გაშიშვლებულები არიან ყალბი სახელმწიფოებრივი აზროვნების თუ ყალბი პატრიოტიზმის მოტივებით, და მხოლოდ ფულზე და კარიერაზე არიან მოტივირებული — „ბაბა ფულის“ მოლოდინის საოცნებო მდგომარეობით.
ქართულო ოცნებავ!…. არ დაუშვა ბლოკებად შექმნის შესაძლებლობა, თუ უნდათ ჩამოყალიბდნენ ერთ პარტიად. მაგრამ საკუთარი მეეეეეეეეეეე…. არ მისცემთ ამის შესაძლებლობას, რადგან ესენი ხომ მხოლოდ მეეეეეეეეეეეეეეეეეეეე-ბი არიან და მეტი არაფერი, მხოლოდ ცხვრები არიან უცხო ქვეყნის დაგებულ მართულ ხაფანგში გაბმულები, და არა ვაჟკაცები, რომლებიც საკუთარ მეზე წინ სამშობლოს დააყენებენ. სამწუხარო რეალობა გვაქვს. ვწუხვარ. მაგრამ არ არსებობს ჩიხი, საიდანაც გამოსვლის გამოსავალიც რომ არ გამოინახოს. ვნახოთ. ჩვენს სამშობლოს ფარავდეს ღმერთი.