საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კარნახით მკითხველს განსასჯელად პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ.
* * *
მე, ლამის 92 წლის ბერიკაცი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი და გეოპოლიტიკოსი, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისციპლინების სწავლების 60-წლიანი გამოცდილებით, დებატებში ვიწვევ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ დავით ზალკალიანს მხოლოდ ერთ თემაზე _ მან უნდა დაგვისაბუთოს, მისთვის სათაყვანებელ ნატოს ორგანიზაციაში გაერთიანება საქართველოს რა სარგებლობას მოუტანს, ხოლო მე დავუმტკიცებ ბატონ დავითს, რა უბედურების მომტანია ნატოში საქართველოს გაწევრება. საბედნიეროდ, ნატოს დე იურე წევრად საქართველოს არასოდეს მიიღებენ. ნატოს დე ფაქტო წევრად კი… აშშ-დასავლეთი საქართველოს გეოგრაფიულ სივრცეს, სამწუხაროდ, დიდი ხანია, იყენებს, რამაც თავზე ბევრი უბედურება დაგვატეხა. რას ნიშნავს საქართველოს დე ფაქტო წევრობა ნატოში _ ამის შესახებ მკითხველს “საქართველო და მსოფლიოს” ა.წ. 14 ივლისის ნომერში ვესაუბრე. იმედი უნდა ვიქონიო, რომ ბატონი დავითი დებატებზე დამეთანხმება. ვთხოვ “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კოლეგიას, დაგვითმოს გაზეთის გვერდი დებატების მასალის გასაშუქებლად.
* * *
1 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა “მოამბის” 21 საათის გადაცემაში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების სია წარმოადგინა. საოცარი იყო ის, რომ პროკურატურას ერთი სიტყვითაც არ უხსენებია სააკაშვილის ყველაზე მასშტაბური დანაშაული, როგორიცაა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში შეჭრა და საომარი მოქმედების გაჩაღება. სააკაშვილისა და მისი ნაცების ამ ავანტიურამ ზვარაკად შეიწირა ჩვენი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩახოცეს იქ გაეროსა და ეუთოს ეგიდით ჩაყენებული რუსი მშვიდობისმყოფელები, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის აგრესია; ათი ათასობით ქართველი ლტოლვილად იქცა, დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, როგორ შეიძლება პროკურატურა ყოველივე ამაზე დუმდეს?! დუმს პროკურატურა, დუმს “ოცნების” ხელისუფლებაც _ ესენი ძია სემმა აიძულა, სააკაშვილის უმძიმეს დანაშაულზე პირი აეკრათ, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს სააკაშვილი და მისი ნაცები უკიდურესად თავხედობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორია არ გვაპატიებს ფაქტების მიჩქმალვას _ გააცნობიერეთ ეს ჭეშმარიტება, ხელისუფალნო!
გივი გურეშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან