Home ახალი ამბები საქართველო პოლიტიკის კომედიანტები

პოლიტიკის კომედიანტები

საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა თავისი უფლებამოსილება ცნო. პარლამენტმა ცნო შემავალი ხუთი პარტიის 150 წარმომადგენლის (დეპუტატის) უფლებამოსილება. 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი მრავალპარტიულია.

ახლა ნებისმიერ პარტიას (დეპუტატს) სრული უფლება აქვს, თვითონ გადაწყვიტოს პარლამენტში დარჩენა-არდარჩენის საკითხი. მთავარია, პარლამენტში შენარჩუნდეს შემადგენლობის უმრავლესობა, ყველა სხვა შემთხვევაში (თუნდაც ერთი პარტია დარჩეს) პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, ვინაიდან იგი მრავალპარტიულად აირჩა. ამის შემდეგ ვინ გავა და ვინ დარჩება, ეს პარლამენტის მრავალპარტიულობის სტატუსზე გავლენას ვერ მოახდენს. სტატუსს არჩევნების მრავალპარტიულობა განსაზღვრავს და არა ის, მერე ვინ წავა და ვინ დარჩება. ხალხმა აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი და პარლამენტმა ცნო მრავალპარტიული პარლამენტის უფლებამოსილება. წერტილი. ამის შემდეგ პარლამენტის მრავალპარტიული სტატუსის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა პოლიტიკური შულერობა და ვითარების ხელოვნურად შეცვლის სურვილით განპირობებული საპარლამენტო ხულიგნობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დაუშვებელია.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი სავსეა ხულიგნებით, უცხო ქვეყნების ”მეხუთე კოლონის” წარმომადგენლებით, ფულზე გაყიდული უსამშობლო მანქურთებით, მოღალატეებით. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ჯერ კიდევ მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა: ”პირველი სხდომა არაკონსტიტუციური იქნება სამი მიზეზის გამო: 1. არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ შეარყია მისი ლეგიტიმაცია; 2. უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს შემცვლელად; 3. ჩემი (პრეზიდენტის) სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პროცესშია”. დააკვირდით: ამ სამი არგუმენტიდან პირველი დაუსაბუთებელი და, მაშასადამე, უპასუხისმგებლო განცხადებაა. ქალბატონი პრეზიდენტი ”არჩევნების მასობრივი გაყალბების” შესახებ ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს აქსიომას წარმოადგენდეს და მას დასაბუთება არ სჭირდებოდეს. ვინ დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბდა? სად არის ფქტები, სად არის მტკიცებულება? ოპოზიციის როყიო განცხადებები, თუნდაც ამ განცხადებებს პრეზიდენტი იზიარებდეს, არაფერს ნიშნავს, თუკი  დასაბუთება არ ახლავ. პრეზიდენტის მიერ მოხმობილი დანარჩენი ორი მიზეზი თვითონ პრეზიდენტის სუბიექტურ პოზიციას გამოხატავს და მეტს არაფერს. მან უარი თქვა პარლამენტის სხდომის მოწვევაზე,  მიზეზად  დაუსაბუთებელი ფალსიფიკაცია დაასახელა. მესამე მიზეზად კი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერვე შეტანილი სარჩელი დაასახელა. გამოდის, პრეზიდენტის ამა თუ იმ პოზიციას დასაბუთება არ სჭირდება. ამგვარი უფლება-მოსილებით, არათუ პრეზიდენტები, მონარქებიც კი არ არიან აღჭურვილნი. ქალბატონ სალომეს კი რატომღაც ჰგონია, რომ მის სიტყვას არგუმენტის ძალა გააჩნია, რაც დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეფერებლობის ნიშანია და სხვა არაფერი. არა უშავს, ეს შეუსაბამობაც მალე გამოსწორდება.

* ასეთი წყალწაღებული ოპოზიცია მართლაც ძნელი წარმოსადგენია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ პოლიტიკური საყრდენი არ გააჩნია:

* სამშობლოს მთლიანად მოსწყდნენ და თავიანთი არსებობის ერთადერთ გამართლებად დასავლეთის ინტერესები გამოაცხადეს;

* ხელისუფლებასთან დაპირისპირებით საკუთარ ხალხს დაუპირისპირდნენ;

* რუსეთთნ ომის სურვილში საქართველოსთან ომამდე მივიდნენ და, საბოლოოდ, მთელი მათი საქმიანობა სამშობლოს ღალატად ჩამოყალიბდა.

ოპოზიციის ამ მარცხით დასავლეთის ის ბინძური პოლიტიკა დამარცხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში სულს ღაფავს. დასავლეთის მიერ დიდი ხნის წინათ აპრობირებული ფერადი რევოლუცია ვერ შედგა. დასავლეთმა პირველი მარცხი ვენესუელაში განიცადა, სადაც პრეზიდენტ მადუროს თავიდან მოცილებისა და თვითმარქვია გუაიდოს გაპრეზიდენტების ვერაგი გეგმა ჩაუვარდათ. მეორე მარცხი ბელარუსში განიცადეს, როდესაც ლუკაშენკო მტკიცედ აღუდგა არჩევნების გაყალბების საბაბით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და დასავლეთს ბინძური ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მისცა. მესამე საქართველოა, სადაც დასავლეთიც და მათი აგენტურაც ისე გაბითურდნენ, რომ თავიც დაკარგეს, სახეც წაეშალათ და იმ მოხეტიალე კომედიანტებს დაემსგავსნენ, იაფფასიანი წარმოდგენებით მაყურებლებს რომ ვეღარ იზიდავენ და საკუთარი სპექტაკლები, ღიმილის ნაცვლად, თავადვე რომ ჰგვრით ცრემლს.

კარგი იყო, რომ პირველ სხდომაზე ელჩები არ მოიწვიეს. დასავლეთის ელჩებმა თავიანთი უტაქტო განცხადებებითა და თავხედური ქცევით ბოლომდე გაშიფრეს საკუთარი თავი. მათ დაიმსახურეს და მიიღეს კიდეც იგნორირება.

ამ საქმეს მეორე მხარეც აქვს. არჩევნების შედეგად თითქმის უცვლელი მდგომარეობა მივიღეთ: პარლამენტი, როგორც იყო, რეალურად ორპარტიულია; პარლამენტის თავმჯდომარე იგივეა, პრემიერმინისტრი იგივეა, ოპოზიციაც უცვლელია. დანარჩენი გადაადგილებები არაფრისმთქმელი და უმნიშვნელოა. მოკლედ, მოქმედი პირნი და შემსრულებელნი არ იცვლებიან, ურთიერთსიძულვილის რიტორიკაც უცვლელია, ვაითუ კოაბიტაციური სულისკვეთებაც ძველებური დარჩეს?!

ეს საფრთხე რეალობას მოკლებული არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ მოგვისმენია დასავლეთთან ურთიერთობის ”გადატვირთვის” სურვილი. ასეთი რამ თუ მოხდება, რაც სულაც არ არის გამორიცხული, ე.წ. ოპოზიციასთანაც ”გადატვირთვის” პოლიტიკა ამუშავდება და ძველებურად დაიწყებენ სიმღერას პირველ-მეორე ხმებზე, ბანს დასავლეთი მიაშველებთ და, ასეთ შემთხვევაში, ქართველ ხალხს სამ ხმაში ტირილი მოგვიწევს.

ეს ისე, განსჯისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენები მაინცდამაინც ამ ბინძური სცენარით არ განვითარდება. რუსული ”ორეშნიკით” თავგზააბნეული და თავზარდაცემული დასავლეთი, რომელმაც ახლა უკვე საქართველოშიც მწარე მარცხი იწვნია, საკუთარ სცენარებს ვერავის მოახვევს თავს. თანდათანობით ყველაფერი მრავალპოლუსიანობის რეჟიმში ჩადგება და დასავლური ჰეგემონია ისტორიის ბურუსში გაუჩინარდება.

დასავლეთის მზის ჩასვენება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველა გერმანელმა ფილოსოფოსმა ოსვალდ შპენგლერმა, მაგრამ ოცდამეერთეს დასაწყისში საქართველოში ნანახმა სურათმა ყველაფერს გადააჭარბა. გვარამიას, სააკაშვილის, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გახარიასა და მათ მსგავსთა ანაბარა დარჩენილი დასავლეთის მზის ჩასვენება რომ გარდაუვალია, ამას ფილოსოფოსთა დასტური აღარ სჭირდება, უკვე საყოველთაოდ ნათელია.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here