Home სხვადასხვა დაიჯესტი პლახოტნიუკის საქმე ცუდად არის

პლახოტნიუკის საქმე ცუდად არის

ოლიგარქი შეეცადა, უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, მაგრამ დამარცხდა

580
პლახოტნიუკის საქმე ცუდად არის

რუსეთმა და ევროკავშირმა არჩეულ ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი

ყველაფერი ასე დაიწყო: თებერვლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მოლდოვის ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა, მაგრამ 8 ივნისს სოციალისტების პარტიამ, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი იგორ დოდონი, და პროევროპულმა ბლოკმა ACUM-მა (შექმნილია მემარჯვენე პარტიაპლატფორმის”, “ღირსება და სამართლისადამოქმედება და სოლიდარობისმიერ) შექმნეს მმართველი საპარლამენტო კოალიცია.

მათ პარლამენტში 61 ხმით (სულ პარლამენტში 101 დეპუტატია) ჩამოაყალიბეს უმრავლესობა, ერთი დღის განმავლობაში დაამტკიცეს ქვეყნის ახალი მთავრობა “მოქმედება და სოლიდარობის” ლიდერ მაია სანდუს ხელმძღვანელობით, პარლამენტის სპიკერად აირჩიეს სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ზინაიდა გრეჩანი და მიიღეს დეკლარაცია, რომ მოლდოვა არის დაპყრობილი სახელმწიფო და ის დაიპყრო პლახოტნიუკმა.

ვლადიმერ პლახოტნიუკმა _ ოლიგარქმა, რომელზეც რუს სამართალდამცველებს გამოცხადებული აქვთ ძებნა შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის საქმეზე, აგრეთვე, არის ბრალდებული 37 მლრდ რუბლის მითვისებაში და მოლდოვის პარლამენტში აკონტროლებს 40 მანდატს, ხელთ არსებული ყველა იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეებს.

8 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ოლიგარქთან დაახლოებული ადამიანებისგან შედგება, კოალიცია და მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად მიიჩნია. მეორე დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი დოდონი სახელმწიფოს მეთაურის პოსტს ჩამოაცილა და მის ადგილას დანიშნა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე პავლე ფილიპი, რომელიც 2016-დან 2019 წლამდე ქვეყნის პრემიერმინისტრად მუშაობდა. მან, თავის მხრივ, დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასე დამყარდა მოლდოვაში ორხელისუფლებიანობა.

პრეზიდენტი იგორ დოდონი
პრეზიდენტი იგორ დოდონი

კონსტიტუციის მიხედვით, მართლები ჩვენ ვართ, _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცეპრემიერად დანიშნულმა ანდრია ნესტასემ, _ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ჯიბის სასამართლომ კი არ უნდა განსაჯოს, ვინ არის მტყუანი და ვინ _ მართალი, არამედ კონსტიტუციამ. ამ ქვეყანაში ვერავინ დადგება კონსტიტუციაზე მაღლა, თვით პარლამენტიც კი, ამიტომ პარლამენტმა გადაწყვიტა, დაემორჩილოს ხალხის ნებას, კონსტიტუციასა და უფლის ნებას”.

ნესტასეს თანამებრძოლი, პარლამენტის ვიცესპიკერი ალექსანდრე სლუსარი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ გამარჯვებას თითიქმის მიაღწია. “ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან. მათ (პლახოტნიუკსა და კომპანიას) სხვა გეგმები ჰქონდათ, მაგრამ ჩაეფუშათ, როდესაც დავნიშნეთ მთავრობა. ამ პირობებში ვერ შეძლეს მასობრივი მიტინგის მოწყობა, _ თქვა სლუსარმა, _ როგორც კი ახალ მთავრობასა და პარლამენტს აღიარებენ საერთაშორისო პარტნიორები, პლახოტნიუკის თამაში დასრულდება”.

სლუსარის ნათქვამი რამდენიმე საათში ახდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში _ ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა გაფართოებისა და კეთილმეზობლური პოლიტიკის საკითხებში _ იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს:

ევროკავშირი მზად არის ასოცირების შეთანხმების (მოლდოვასა და ევროკავშირს შორის) საფუძველზე კანონიერ დემოკრატიულ მთავრობასთან სათანამშრომლოდ”, _ ნათქვამია ფედერიკა მოგერინისა და იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში. “ეს არის ის, რასაც ელოდება და იმსახურებს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების უმრავლესობა”, _ აღნიშნავენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები.

უფრო ადრე მოლდოვის პარლამენტში შექმნილ ანტიოლიგარქულ კოალიციას საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთმა. ამ ქვეყნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლდოვასთან სავაჭრო-ეკონომიკური ერთიერთობის განვითარების საკითხებში, ვიცეპრემიერმა დიმიტრი კოზაკმა ჯერ კიდევ 3 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვი სოციალისტებისა და ACUM-ის ალიანსს კრიზისის დაძლევის ოპტიმალურ გამოსავლად მიიჩნევს. 4 ივნისს კი მკაცრად შეაფასა მოლდოვაში შექმნილი ვითარება და ქვეყანაში მოქმედ რეჟიმს (რომელმაც 8 ივნისამდე გაძლო) კრიმინალური უწოდა.

ხელისუფლებაში მყოფი ძალის აშკარა კრიმინალური ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ ადრე გაცხადებულ პოზიციას რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების რადიკალურად გაჯანსაღების შესახებ. კიდევ უფრო გასაგებია მოთხოვნები ადამიანებისა, რომლებიც მოითხოვენ მოლდოვის დეოკუპაციას კრიმინალური რეჟიმისგან. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საშინაო პოლიტიკური პროცესი, თუმცა რუსეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ძალები, რომლებიც განსაზღვრავენ მოლდოვის განვითარების საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, გამოხატავდნენ მოქალაქეების ნებას”, _ განაცხადა კოზაკმა.

მოლდოვის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ისტორიის დოქტორი მარკ ტკაჩუკი მიიჩნევს, რომ დიმიტრი კოზაკის, ფედერიკა მოგერინისა და იოჰანეს ჰანის განცხადებები “სრულად გამჭირვალეა”. მოლდოვაში არის ახალი ხელისუფლება, ის წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობასა და კანონიერად არჩეულ მთავრობას. სახელდობრ, ამ ხელისუფლებასთან აპირებენ თანამშრომლობას რუსეთი და ევროკავშირი”, _ განაცხადა ტკაჩუკმა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. კიიიი, აბა რააა, საქართველო ხომ “გაევროპელდა”, ახლა “მოლდავეთს გააევროპელებენ”!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here