Home რუბრიკები სპორტი პეტრე მშვენიერაძე _ წყალბურთის ლეგენდა

პეტრე მშვენიერაძე _ წყალბურთის ლეგენდა

ქართველი გიგანტისა და მისი შვილიშვილის ფოტოს ფურორი სოციალურ ქსელში

პეტრე მშვენიერაძე _ წყალბურთის ლეგენდა

რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტის ჰიტად იქცა ლეგენდარული ქართველი წყალბურთელის _ პეტრე მშვენიერაძისა და მისი შვილიშვილის ფოტო. სურათმა, რომელიც სოციალურ ქსელტვიტერშიგამოაქვეყნა მომხმარებელმა Only in Russia, ათასობით უცხოელის მოწონება და ორიგინალური კომენტარი დაიმსახურა.

შავ-თეთრ ფოტოზე საცურაო ტრუსსა და ქუდში გამოსახულია ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, სსრკ-ის 10-გზის ჩემპიონი პეტრე მშვენიერაძე. მას მუხლზე უზის შვილიშვილი, რომელიც ცოტა დამფრთხალი ჩანს ფოტორეპორტიორების კამერების წინ.

სოციალური ქსელის მომხმარელები განაცვიფრა სპორტსმენის სხეულის გაბარიტებმა (პეტრე მშვენიერაძის სიმაღლე 198 სმ იყო, წონა _ 92 კგ), ის ბევრმა შეადარა თოვლის კაცს _ იეტს და წერდნენ კიდეც, რომ ეს ფოტო იეტის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ერთმა წყალბურთელის შვილიშვილზე გაამახვილა ყურადღება: ასეთი ბაბუის წინაშე ვერ იცელქებ”.

ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი კი ასეთია: როცა თამაშის შედეგი მის დაწყებამდე ცნობილია”, “საბჭოთა კავშირში დოპინგს არ იღებდნენ”.

აღსანიშნავია, რომ ამ ფოტომ 2017 წელსაც გამოიწვია ფურორი, როცა ინტერნეტგამოცემა Sports.ru-მ გამოაქვეყნა “ფეისბუკში”.

რით არის ცნობილი პეტრე მშვენიერაძე?

პეტრე მშვენიერაძე 1929 წლის 24 მარტს დაიბადა თბილისში. გატაცებული იყო ფრენბურთით, კალათბურთითა და ფეხბურთით. 14 წლისამ ვარჯიში დაიწყო ცურვაში, 1944 წელს კი მოიპოვა სსრკ-ის ჩემპიონობა 100 და 200 მ-ზე ბრასით ცურვაში.

1946 წლიდან დაიწყო წყალბურთის თამაში. თავდაპირველად იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას, 1952-1963 წლებში გამოდიოდა მოსკოვის სამხედრო-საჰაერო ძალების (BBC), მოსკოვის სამხედრო ოლქისა (MBO) და მოსკოვის “დინამოს” მაისურებით. ათჯერ მოიპოვა სსრკ-ის ჩემპიონის ტიტული (1952, 1955-1964).

პეტრე მშვენიერაძემ სსრკ-ის ნაკრებში პირველად 1949 წელს ითამაშა. იყო მთავარი მონაწილე ცნობილი სისხლიანი მატჩისა სსრკ-უნგრეთი, რომელიც 1956 წელს ჩატარდა მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე და რომელსაც ჟურნალისტებმა “სისხლი აუზში” უწოდეს. ეს მატჩი სსრკ-ის მიერ უნგრეთში აჯანყების ჩახშობიდან რამდენიმე დღეში გაიმართა და თამაშის წინ ვითარება ძალიან დაძაბული იყო. შეხვედრა უკომპრომისო ბრძოლაში მიმდინარეობდა _ ორმხრივი ჯარიმებითა და დარტყმებით. უნგრელები იგებდნენ, ამ მომენტში სსრკ-ის ნაკრების წევრმა ვლადიმერ პროკოპოვმა მუშტის დარტყმით წარბი გაუხეთქა უნგრელ ერვინ ზადორს, შედეგად უნგრელმა წყალბურთელმა უამრავი სისხლი დაღვარა. ატყდა ჩხუბი წყალბურთელებს შორის. მატჩი შეწყდა და საბჭოთა კავშირის ნაკრებს დამარცხება ჩაეთვალა.

აი როგორ იხსენებს ამ მატჩს პეტრე მშვენიერაძე, რომელსაც უნგრელებმა ცხვირი გაუტეხეს: თამაშის შემდეგ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ისევე მოგვექცეოდნენ, როგორც 1952 წელს სსრკის ფეხბურთელთა ნაკრებს, როცა იუგოსლაველებთან წაგების შემდეგ ნაკრების საბაზო გუნდი ცდსა მთლიანად დაშალეს, ფეხბურთელებს კი სპორტული წოდებები ჩამოართვეს. თუმცა სსრკის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ წყალბურთელები სასჯელისგან გვიხსნა, უფრო მეტიც _ განაცხადა, რომ საბჭოთა ნაკრების ბიჭებმა უნგრელების გამოხდომას საკადრისი პასუხი გასცეს, “განსაკუთრებით იყოჩაღა ზორბა ქართველმა”. მელბურნის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პეტრე მშვენიერაძეს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიანიჭეს. სწორედ იმხანად შეარქვეს მას მეფე პეტრე.

1960 წლის რომის ოლიმპიადაზე პეტრე მშვენიერაძემ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1962 წელს კი _ ევროპის ჩემპიონატის.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პეტრე მშვენიერაძე გახდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და მუშაობა დაიწყო სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სადაც 2002 წლამდე კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართლის საკითხებზე.

2002 წლის დეკემბერში პეტრე მშვენიერაძეს მწვავე ლეიკოზი დაუდგინეს. ის 2002 წლის 3 ივნისს მოსკოვის ჰემატოლოგიის ინსტიტუტში გარდაიცვალა.

გიორგი და ნუგზარ მშვენიერაძეები
გიორგი და ნუგზარ მშვენიერაძეები

პეტრე მშვენიერაძე დაქორწინებული იყო ნათელა გოგუაზე. მათ ჰყავთ 2 ვაჟი _ ნუგზარი და გიორგი _ ორივე მშვენიერი წყალბურთელი იყო, ორივე _ სსრკის ნაკრების წევრი. ნუგზარი 1973 წლის მსოფლიო და 1974 წლის ევროპის ვერცხლის პრიზიორია და სსრკის 4-გზის ჩემპიონი; გიორგი მშვენიერაძე 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, 1988 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here