4 თებერვალს დაიწყება და 20-ში დასრულდება ზამთრის X ოლიმპიური თამაშები, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქი პეკინი უმასპინძლებს. თამაშები ჩატარდება სამ სხვადასხვა ადგილას _ პეკინში, ჩჟანძიაკოუსა და იანძინში.
ოლიმპიადაზე 95 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის 15 დისციპლინაში. ეს სახეობებია: ბიატლონი, ბობსლეი, სამთო-სათხილამურო სპორტი, კერლინგი, ციგურებით სრიალი, სათხილამურო ორჭიდი, თხილამურებით სრიალი, ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა, სკელეტონი, სნოუბორდი, ფიგურული სრიალი, ფრისტაილი, ჰოკეი და შორტ-ტრეკი.
იმ ნაგებობების გარდა, რომლებიც 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ააგეს, ჩინელებმა რამდენიმე ახალი კომპლექსი, სტადიონი, ტრამპლინი, პარკი და ცენტრიც ააშენეს. ამ ნაგებობებიდან აღსანიშნავია ეროვნული სტადიონი პეკინში, რომელზეც გაიმართება ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები, სპორტის სახელმწიფო სასახლე, დედაქალაქის სპორტის სასახლე, ტრამპლინი “ბიგ-ეირ-შოგენი”, ეროვნული სათხილამურო ცენტრი, ტრამპლინიდან ხტომის ეროვნული ცენტრი, ბიატლონის ეროვნული ცენტრი ჩჟანძიაკოუში, ეროვნული სამთო-სათხილამურო და ბობსლეის ცენტრები იანძინში.
პეკინის ოლიმპიადის თილისმა
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის თილისმა არის პანდა, სახელად ბინ დუნ დუნი. პანდას აცვია კოსმონავტის სკაფანდრის მსგავსი კოსტიუმი. მარჯვენა თათზე გამოსახული გული მიუთითებს ჩინელების სტუმართმოყვარეობაზე, პანდას სახის გარშემო სხვადასხვა ფერის წრეები _ პეკინის ყინულისა და თოვლის ახალ არენებზე. ოლიმპიადის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ბინ დუნ დუნი წარმოადგენს სიკეთისა და მტკიცე სპორტული სულის მაგალითს.
კორონავირუსი და საკარანტინო ზომები
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა. შეჯიბრებების მიმდინარეობისას ყველა სპორტსმენს ყოველდღიურად ჩაუტარდება ტესტირება კოვიდ-19-ზე. სპორტსმენებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ ოლიმპიური თამაშების ობიექტებზე ქალაქში გაუსვლელად და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის გარეშე. თუ სპორტსმენი სრულად არ არის ვაქცინირებული ან არ აქვს სამედიცინო დასკვნა, მას მოუწევს კარანტინში ყოფნა 21 დღის განმავლობაში პეკინში ჩასვლის დღიდან. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, აგრეთვე, დაადგინა, რომ მხოლოდ ჩინეთის მოსახლეობას ექნება ტურნირებზე დასწრების უფლება მაყურებლის რანგში. რამდენიმე დღის წინათ ცნობილი შეიქნა, რომ “ომიკრონის” გავრცელების გამო შეჯიბრებებზე შეზღუდული რაოდენობის მაყურებელს დაუშვებენ.
დიპლომატიური ბოიკოტი
რამდენიმე ქვეყანამ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა _ ინიციატივა წამოვიდა აშშ-ისგან, მას მხარი აუბეს ავსტრალიამ, ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, კანადამ, კოსოვომ, ლიეტუვამ და იაპონიამ. ამ ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები ჩინეთში არ წავლენ. ეს გადაწყვეტილება სპორტსმენებს არ ეხება.
ბოიკოტის მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევები ჩინეთის პროვინციალ სინძიანში, რომელიც მუსლიმი უიღურებით არის დასახლებული. ჩინეთში ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და მათ გამოგონილს უწოდებენ.
ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები
ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნება 4 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე. ცერემონია გაიმართება პეკინის ეროვნულ სტადიონზე, რომელსაც “ჩიტის ბუდეს” ეძახიან და 90 ათას მაყურებელს იტევს. ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაც იმავე სტადიონზე გაიმართება 20 თებერვალს. გათამაშდება მედლების 109 კომპლექტი 15 დისციპლინაში.
ქართველი სპორტსმენები პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე
ქართველი სპორტსმენებიდან 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს ფიგურულ ციგურაობაში: მორის ყვითელაშვილმა, ერთეულთა თანრიგი (კაცები); ანასტასია გუბანოვამ, ერთეულთა თანრიგი (ქალები); მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები); კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, ფიგურული ციგურაობა (შერეული წყვილები).
სამთო–სათხილამურო სპორტი: ნინო წიკლაური; სოსო ჯაფარიძე.
ციგაობა: საბა ქუმარიტაშვილი.
ოლიმპიადის ფავორიტები და პროგნოზი
ამერიკულმა კომპანია Gracenote-მ, რომელიც რეგულარულად აქვეყნებდა ოლიმპიადა-22-ის პროგნოზებს, რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა პროგნოზი მოპოვებული მედლების მიხედვით ქვეყნების მიერ დაკავებული ადგილების შესახებ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე.
ოლიმპიადის ბიუჯეტი
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის საერთო ბიუჯეტი 3,9 მლრდ დოლარია. ოლიმპიური თამაშებისთვის აშენებულია 3 ოლიმპიური სოფელი თითოეული ადგილისთვის, სადაც გაიმართება შეჯიბრებები: პეკინში, იანძინსა და ჩჟანძიაკოუში. ამ ოლიმპიურ სოფლებში არის ყველა აუცილებელი პირობა სპორტსმენების მოსამზადებლად: ფიტნესცენტრები, დასასვენებელი ზონები, ბანკები, სუვენირების მაღაზიები.
საინტერესო ფაქტები
* სპორტის ზამთრის სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებები, ისეთივე, როგორც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, იმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით.
* ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა 1924 წელს საფრანგეთის ქალაქ შამონიში.
* ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები თავდაპირველად ერთ წელს იმართებოდა, 1994 წლიდან კი თამაშები 2 წლის ინტერვალის სხვაობით იმართება.
* ზამთრის ოლიმპიური თამაშების ყველაზე წარმატებული სპორტსმენია ნორვეგიელი მოთხილამურე ქალი მარიტ ბიორგენი. მის ანგარიშზე 15 მედალია _ 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს.
8 ოლიმპიური ოქრო აქვს, აგრეთვე, სახელგანთქმულ ნორვეგიელ ბიატლონისტს _ ულე-ეინარ ბიორნდალენს.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა