Home რუბრიკები საზოგადოება პედოფილია: რომის პაპი ჩილეში ჩაფლავებული ვიზიტის შემდეგ ზომებს იღებს

პედოფილია: რომის პაპი ჩილეში ჩაფლავებული ვიზიტის შემდეგ ზომებს იღებს

1378
რომის პაპი

30 იანვარს ვატიკანის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა, გაგზავნოს თავისი წარმომადგენელი ჩილეში, რათამოუსმინოს მათ, ვინც მზად არის, გაასაჯაროოს მათ ხელთ არსებული ცნობები”. ეს ევფემიზმი (შერბილებული ფორმულირება) ეხება ჩილელ მღვდელს _ ფერნანდო კარადიმას, რომელიც 2011 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ აგრესიაში დაადანაშაულა.

დაზარალებულები უკმაყოფილო არიან იმით, რომ პაპმა კარადიმას პროტეჟე ხუან ბაროსი ოსორნოს ეპისკოპოსად გაამწესა 2015 წლის იანვარში. ზოგი იმასაც ადასტურებს, რომ ბაროსი ესწრებოდა იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, შემდეგ კი ცდილობდა დამრიგებლის გამართლებას.

პაპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია ბაროსის უდანაშაულობაში, და მ წაყენებულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. პაპმა ორჯერ თქვა უარი, ბაროსას გადაყენების გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ იგი მაინც გახდა ვატიკანის მიერ დაწყებული გამოძიების ფიგურანტი.

ფრანცისკეს პოზიციითა და განცხადებებით გამოწვეული უკმაყოფილება ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვიზიტის ყველა სხვა ასპექტი დაჩრდილა. ბოსტონის არქიეპისკოპოს შონ ო’მელის თქმით, მისთვის გასაგებია, “ამ განცხადებებმა რატომაც ატკინა გული მათ, ვინაც სამღვდელოების მხრიდან სექსუალური აგრესია განიცადა”.

კარდინალი ო’მელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ამერიკის სამღვდელოებაში პედოფილიის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის. იგი არის ფრანცისკეს მიერ ჩამოყალიბებული ათი კარდინალის საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს ექსპერტთა კომისიას, რომელსაც პონტიფიკმა დაავალა პედოფილიისგან ბავშვების უკეთ დაცვის რეფორმების პროექტის შემუშავება. ამ ღონისძიების დამუხრუჭებას უმთავრესად რომის კურიის წინააღმდეგობას აბრალებდნენ.

სწორედ ამით ახსნა მერი კოლინსმა გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა დაცვის კომისიის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. ეს ირლანდიელი ქალი 13 წლის იყო როცა თვითონ გახდა მღვდლის ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 2017 წლის მარტში გამოიჯახუნა კარი და განაცხადა კომისიის “რეგულარული წარუმატებლობის” შესახებ, რაც გამოწვეული იყო ვატიკანის კურიის წარმომადგენლების წინააღმდეგობითა და თანამშრომლობაზე უარის თქმით.

ავის მომასწავებელი ნიშნები

კერძოდ, მან ბრალი დასდო (დაკონკრეტების გარეშე) რწმენის დოქტრინის კონგრეგაციას, რომელიც მოწოდებულია გაასამართლოს სექსუალურ აგრესიაში დადანაშაულებული სასულიერო მოღვაწეები, მაგრამ უარი თქვა იმ ეპისკოპოსების სტრუქტურის შექმნაზე, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ სექსუალური აგრესიის შემთხვევებს (ფრანცისკის დაპირების მიუხედავად).

პონტიფიკის განცხადებებმა ჩილეში, მისმა უარმა, _ შეხვედროდა კარადიმას მსხვერპლთ, რომლებიც ბაროსას დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და იმან, რომ ეპისკოპოსი ყველა მსახურებისას პაპის გვერდით იდგა, გააჩინა ეჭვი, რომ პონტიფიკს არ სურდა, დაესაჯა ასეთი შემთხვევების დამმალავი მღვდლები.

ამ ყველაფერს დაემატა ძველი ამბებიც, რომლებსაც დაზარალებული და შეურაცხყოფილი ადამიანები იმთავითვე ავის მომასწავებლად აღიქვამდნენ. კერძოდ, ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ პაპმა მხარი დაუჭირა კარდინალ ჯორჯ პელს, რომელსაც ავსტრალიაში სექსუალურ აგრესიაში ადანაშაულებდნენ. 2017 წელს მან დათმო თანამდებობა, რომელიც რომში ეკავა, რათა სრულად გადართულიყო სასამართლოში თავის დაცვაზე. ფრანცისკი ყველა შემთხვევას იყენებს, “კლერიკალიზმის” გასაკრიტიკებლად, მაგრამ მავანნი ეჭვობენ, რომ იგი ბოლომდე მიიყვანს იმ საქმეებს, რომლებიც ეპისკოპოსებს ეხება.

გულგასატეხი ამბები

არასრულწლოვანთა დაცვის კომისიის წევრები, რომლებსაც ო’მელი ხელმძღვანელობს, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ _ არ იციან, განაგრძობს თუ არა კომისია მუშაობას და შეინარჩუნებენ თუ არა ისინი თავიანთ ადგილებს. ამასთანავე, არ უწყიან, რა ბედი ეწიათ წინადადებებს, რომლებიც მათ პაპს შარშან, სექტემბერში, გადასცეს.

ეს წინადადებები შეეხებოდა პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლას სამწყსოებში, სექსუალური აგრესიის გასაიდუმლოების პრაქტიკას (დაზარალებულებმა უნდა იცოდნენ, როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები), დაზარალებულთა საერთაშორისო საბჭოს ჩამოყალიბებასა და დანაშაულის ჩადენის 20-წლიან ხანდაზმულობას. ჩილეში პონტიფიკის ვიზიტმა მათი ეჭვები ვერ გაფანტა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაუგებრობა გასცდა მსხვერპლთა და მათ მხარდამჭერთა წრეს. პროტესტს მხოლოდ პაპის მოწინააღმდეგეები როდი გამოთქვამენ, მღელვარებამ გაცილებით ფართო ფენები მოიცვა. “ფრანცისკეს მიერ ბაროსის მხარდაჭერა უადგილო იყო”, _ აღნიშნა მკაცრი ტონით დაწერილ სტატიაში იეზუიტმა თომას რიზმა.

პაპმა კონტრშეტევა დაიწყო ჩილედან და პერუდან ვატიკანში დაბრუნების მეორე დღესვე. ვატიკანი იუწყება, რომ მზადდება სემინარი ბავშვების დაცვის თემაზე. ამ ღონისძიებას გაუძღვება კარდინალი ო’მელი ოჯახის დაცვის საერთაშორისო დღეების პროგრამის ჩარჩოებში, რომელიც 21-26 აგვისტოს გაიმართება ირლანდიაში. 2000-იან წლებში ამ ქვეყანაში იფეთქა უამრავმა სკანდალმა, რომლებიც გამოძიების მიერ გამოვლენილ ფაქტებს მოჰყვა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პაპი ფრანცისკე.

ვატიკანის პრესსამსახურმა ისიც განაცხადა, რომ, “ამას წინათ მიღებული ცნობების თანახმად”, პაპმა ჩილეში გაგზავნა თავისი წარმომადგენელი _ მალტის არქიეპისკოპოსი ჩარლზ შიკლუნა, რომელიც შემთხვევით არ აურჩევიათ _ ის ამჟამად ვატიკანში ხელმძღვანელობს სექსუალურ აგრესიასთან დაკავშირებული შემთხვევების განმხილველ სააპელაციო სასამართლოს.

სესილ შამბრო

ლემონდი”, საფრანგეთი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here