საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სტრატეგიული მეგობრის _ აშშ–ის შიშით დამოუკიდებლად ნაბიჯს რომ ვერ დგამს და, საქართველოს კი არა, უცხო ძალების ინტერესების დაცვით არის დაკავებული, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტამბოლში რამდენიმე დღის წინათ გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საიუბილეო სამიტზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ვიცეპრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელსაც ხალხმა “ბღუჯა” შეარქვა, შესაძლებლობა მიეცა, საქართველოს საჭირბოროტო საკითხებზე დალაპარაკებოდა რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს, მაგრამ ქუმსიშვილმა ეს არ გააკეთა, რადგან ამერიკელი პატრონებისგან დატუქსვის შეეშინდა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე წლისთავის გამო 22 მაისს სტამბოლში გაიმართა BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი, რომელშიც საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდნენ საბერძნეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები, აზერბაიჯანის მილიმეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრი, ბულგარეთის ვიცეპრეზიდენტი, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სერბეთისა და უკრაინის ვიცეპრემიერები, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბანეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი მოადგილეები.
საიუბილეო სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც კიდევ ერთხელ ჩაიწერა BშEჩ-ის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს წესდებით, ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და პარიზის ქარტიით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დაცვით მხარდაჭერა…
სამიტის მონაწილეთა ე.წ. პროტოკოლურმა ფოტომ, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის გვერდით დგას, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, _ როგორ გაბედა ქუმსიშვილმა ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ მინისტრის გვერდით დადგომაო. “ბღუჯა–ბღუჯა” მინისტრმა კი, რომელსაც ლარის დანახვაზე “ტანში ჟრუანტელი უვლის”, თავი იმართლა: “არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, რაც შეეხება ფოტოს, ეს იყო პროტოკოლური ფოტო, ჩვენ, ყველანი, შეგვიყვანეს იმ ადგილას და დაგვაყენეს”.
ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე “ქართული ოცნება” ხალხს ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, რაც ხელს შეუწყობდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა რუსეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, პირიქით, ამერიკელი პატრონების შიშით დაზაფრული, ცდილობს, რაც შეიძლება შორს დაიჭიროს თავი რუსეთისგან. ასე მოხდა სტამბოლშიც, როცა “ბღუჯა-ბღუჯა” მინისტრმა ხელიდან გაუშვა ხელსაყრელი შემთხვევა რუსეთის პრემიერს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე დალაპარაკებოდა.
თუმცა რა დალაპარაკება-მოლაპარაკება, როდესაც ქუმსიშვილს ვერ (თუ არ) მოუგვარებია პრობლემები საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთა უმრავლესობა უმუშევარია და ბანკის ვალებში იხრჩობა, თვითონ ფინანსთა მინისტრს კი მევახშე ორგანიზაციაში აქვს წილი და ამ წილის მეშვეობით საკმაო შემოსავალსაც იღებს…
ნათქვამია: “ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო”…
ლუკა მაისურაძე
ცნობისთვის: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ინგლ. Black Sea Economic Cooperation, აკრონიმი BSEC) შეიქმნა 1992 წლის 25 ივნისს თერთმეტი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთა მიერ სტამბოლის სამიტის დეკლარაციისა და ბოსფორის შეთანხმების ხელმოწერით. ორგანიზაციის მიზანი მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა და წევრ ქვეყანათა შორის ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაარსებობის წახალისებაა შავი ზღვის რეგიონში. 1999 წლის 1 მაისს, ბისეკის ქარტიის ძალაში შესვლის დღიდან, ორგანიზაციამ საერთაშორისო იურიდიული პირის ძალაუფლება მიიღო და სრულუფლებიან რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. 2004 წლის აპრილში ორგანიზაციაში სერბეთის შესვლით წევრთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ორგანიზაცია მჭიდრო კავშირშია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან _ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომლის შტაბ–ბინა სალონიკში მდებარეობს.
ქუმსიაშვილი ისეთივე მთხლე და მონამორჩილი არაკაცი გამოდგა, სავალალოა.