Home რუბრიკები საზოგადოება პატიოსანი სახელმწიფო მოსამსახურის დამსახურებაა, რომ დღემდე არ მომხდარა მასშტაბური სოციალური ამბოხი

პატიოსანი სახელმწიფო მოსამსახურის დამსახურებაა, რომ დღემდე არ მომხდარა მასშტაბური სოციალური ამბოხი

835
აქცია

საქართველოში სხვადასხვა მოუგვარებელ საკითხს შორის ერთერთი მნიშვნელოვანია სააღსრულებო წარმოების პრობლემები. აღსრულება სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის ელემენტია, მისი სამართლიანი და ეფექტიანი წარმოების გარეშე აზრს არის მოკლებული, საერთოდ, კანონის არსებობა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთი მხრივ, წინააღმდეგობებია საერთაშორისო შეთანხმებებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ზედმიწევნით ვერ სრულდება ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება ადვოკატი, ბატონი ალექსანდრე ჩანქსელიანი.

_ ბატონო ალექსანდრე, რატომ ვერ სრულდება ზედმიწევნით ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, სად არის ამ პრობლემების სათავე?

_ სამწუხაროდ, ადამიანი, როგორც ყველაზე დიდი ფასეულობა, რომლის დაცვასაც უნდა ესწრაფვოდეს ყოველი ხალხი და სახელმწიფო, საქართველოში ხშირად რჩება ყურადღებისა და დაცვის გარეშე. ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ მოპასუხის (მოვალის) ძირითად საარსებო აქტივებსა და შემოსავალს ყადაღა არ უნდა დაედოს, რათა მას ჰქონდეს საკმარისი საშუალებები, ღირსეულად შეძლოს ცხოვრება და მისი სიცოცხლის უფლება არ ს შეილახოს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”’ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მიზანი, რა თქმა უნდა, კრედიტორის (ფიზიკური თუ იურიდიული პირის) ინტერესების დაცვაა, მაგრამ რეალურად, საბოლოო ჯამში, ეს არის სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსება. მთავარი მიზანია სააღსრულებო მომსახურების საფასურისთვის გადასახდელი თანხების მოზიდვა, ბიუჯეტის შევსების ყველა ხერხის დაკანონება მოქალაქეებზე ზემოქმედების გზით, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული “ჩაგვრის” ელფერს ატარებს.

_ რაში გამოიხატება სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით მოსახლეობაზე ზემოქმედება? კანონიერია თუ არა ეს?

_ სახელმწიფო იძულების აპარატის მეშვეობით იყენებს ყველა ხერხს გადაუხდელობის შემთხვევაში საკუთარი ხალხის თუ კომერციული ორგანიზაციების “გასაწირავად”. საჯარო სექტორის პერსონალი, რომელიც ემსახურება კანონმდებლობის შესრულებას, თვითონ არის “მოჯადოებული წრის” მსხვერპლი, მათ უკანაც არის დიდი ოჯახები, დიდი ვალები, მძიმე სოციალური მდგომარეობა. ჩემი აზრით, ბევრი უაღრესად პატიოსანი სახელმწიფო მოსამსახურის დამსახურებაა, რომ დღემდე არ მომხდარა მასშტაბური სოციალური ამბოხი. სწორედ მათ მორალურ და კანონმორჩილების ადამიანურ ფილტრში ტარდება ყოველდღიურად კანონის სიმახინჯისა და რეალური სოციალური პირობების ერთობლიობა, რათა შეძლონ გარკვეული ბალანსის შენარჩუნება, ტრადიციების, კანონის მოთხოვნების, ეროვნული თუ პიროვნული ღირსებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე.

რეალურად რა ხდება? შესაძლებელია, რომ უდანაშაულო ადამიანებს შეექმნათ პრობლემები? მაგალითად, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერა-დაყადაღების აქტის შედგენის შემდეგ მოვალის ოჯახის წევრებს (და არამხოლოდ ოჯახის წევრებს) ხშირად არ აქვთ საშუალება, მიმართონ სასამართლოს, რათა მათი ქონება განთავისუფლდეს ყადაღისგან და ჩაერთონ გართულებულ სამართლებრივ პროცედურებში. არის შემთხვევები, როდესაც ქონებაზე, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება აღწერა-დაყადაღებას, პრეტენზიას აცხადებს, მაგალითად, მოვალის ხანშიშესული ნათესავი, რომელსაც, გასაგები მიზეზების, მაგალითად, მცირე პენსიის გამო, არ აქვს ფინანსური სახსრები, მონაწილეობა მიიღოს კანონით დადგენილ სასამართლო დავებში და, საბოლოოდ, სხვისი ინტერესები ზარალდება.

_ სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა თუ განაპირობებს ზემოაღნიშნულს?

_ ყველა სახელმწიფო პრობლემა ურთიერთკავშირშია, მაგალითად, უმუშევრობა განაპირობებს მოქალაქეების მიერ ე.წ. ონლაინსესხების (ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრია ასეთ სესხებთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება) აღებას და შემდგომ ვალის გადაუხდელობას. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანმა, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰქონდა სამსახური, ხოლო შემდგომ მძიმე ავადმყოფობის გამო შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან, დაკარგა შემოსავალი და ვეღარ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. შემდგომ, კანონმდებლობით განსაზღვრული სააღსრულებო წარმოების შედეგად, მოქალაქეს უკანასკნელი ფასეული ნივთი, მაგალითად, საწერი მაგიდა, შეიძლება გაუყიდონ ონლაინაუქციონზე. ასეთი შემთხვევა ბევრია.

ზოგ შემთხვევაში ოჯახი, ფაქტობრივად, უკიდურეს გაჭირვებაშია, მაგრამ რატომღაც არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი ან, სოციალურად დაუცველის სტატუსის თვალსაზრისით, არის ზღვარს ოდნავ ზევით, თუმცა აქვს ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა ტელევიზორი და მაცივარი, ხოლო სხვა რაიმე ღირებული არ გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული ტელევიზორი ან მაცივარი გარკვეულ ფასეულობას შეიძლება წარმოადგენდეს, ისინი კანონის შესაბამისად უნდა დაყადაღდეს და, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაიყიდოს. ანუ მოვალის ოჯახი, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ აქვს ან აქვს არსებობისთვის მცირე შემოსავალი, რჩება იმ საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე, რომლებიც ელემენტარულად აუცილებელია ადამიანის მეტნაკლებად ღირსეული არსებობისთვის.

_ არის თუ არა ჩამონათვალი იმ ნივთებისა, რომლებზეც არ უნდა გავრცელდეს იძულებითი ღონისძიებები?

_ დადგენილია ჩამონათვალი, რომლის მიხედვით ყადაღას არ ექვემდებარება გარკვეული ქონება, რომლითაც არ შეიძლება ვალი გადაახდევინო. საქართველოს კანონისააღსრულებო წარმოებათა შესახებადგენს, რომ ყადაღას არ ექვემდებარებაპირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის”. ხაზგასასმელია სიტყვები: “აუცილებელიადაცხოვრებისთვის”.

საინტერესოა, რომ პრაქტიკაში პირიქით ხდება და უმრავლეს შემთხვევაში ყადაღდება სწორედ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები (მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი), რომლებიც გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აუცილებელია საცხოვრებლად. ეროვნულ კანონმდებლობაში, არათუ ევროსაბჭოს რეკომენდაციებია გათვალისწინებული, ჩანაწერის ზუსტი განმარტებაც არ არის. აღმასრულებელი კი იძულებულია, შეასრულოს კანონის მოთხოვნები ისევე, როგორც შესაბამისი მითითებები და აღწერადაყადაღების აქტში შეიტანოს ასეთი ნივთები.

_ საქართველოს კონსტიტუციაში თუ არის დათქმები აღსრულების თაობაზე?

_ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ არავის არ აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელში მის მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ხოლო, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ მოვალე ბინაში არ შეუშვებს აღმასრულებელს, მას შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შესაბამისად, კონსტიტუციის დათქმა ზემოაღნიშნული პუნქტების მიმართ წინააღმდეგობრივია. აღმასრულებელი არ უნდა იყოს უფლებამოსილი ბინაში შესვლაზე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ის არ უნდა დარჩეს ბინაში შესაბამისი დახმარების აღმოჩენამდე (შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში კი უნდა მიუთითოს, რომ გაუწიეს წინააღმდეგობა და არ შეუშვეს ბინაში, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით, მაგ., სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა). ამჟამად კი აღმასრულებლებს ავალდებულებენ, დარჩნენ ბინაში და არ დატოვონ მისამართი შესაბამისი დახმარების აღმოჩენამდე, რაც ხშირად ცუდ შედეგებს იწვევს.

_ აღმასრულებელს თუ იცავს კანონი? უსაფრთხოა მათი საქმიანობა?

_ უშუალოდ სააღსრულებო მოქმედებების განმახორციელებელი პირების მდგომარეობა არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. ჩემ მიერ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პოლიციის მხრიდან აღმასრულებლის დახმარება პრაქტიკულად მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს და აბსურდულია. ქვეყანა, რომელიც, უკვე ათწლეულებია, სახელმწიფოს წნეხის ქვეშ ცხოვრობს, დაღს ასვამს მოქალაქეების განწყობაზე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიმართ. კანონმორჩილება ეჭვითა და აგრესიით არის შეცვლილი და სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მიმართ იძულებით მოქმედებაზე (მაგ., აღწერადაყადაღება) რეაქცია ხშირად არის ხელის შეშლა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალის გამოყენება. სახელმწიფო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ ამ მოქმედებებს სრულიად დაუცველნი არიან. აგრესიულად განწყობილი პირების წინაშე მარტოდმარტო დარჩენილი მოსამსახურე, იყენებს რა .. თმენის ვალდებულებას, საბოლოო ჯამში, სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილა. ხშირად მოსამსახურე რჩება დაუხმარებლად პოლიციის შესაბამისი სამსახურის მხრიდან, ხოლო ზოგჯერ სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან (მათი პირადი ინტერესის შემთხვევაში ყოფილა აგრესიისა და მუქარის შემთხვევებიც) თავის დაცვა და დამატებითი ახსნა-განმარტებები სჭირდება თავისი საქმიანობისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, რომ იგი ნამდვილად კანონის ფარგლებში მოქმედებს.

_ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოაგვაროს?

_ აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების სპექტრი ფართოა და მათი განხილვა ვერ მოხდება მხოლოდ ამ ინტერვიუს ფარგლებში, მაგალითად, საზოგადოებისთვის ისეთი მგრძნობიარე პრობლემის განხილვა, როგორიცაა შპს “სითი პარკის” საქმიანობა. აქ აშკარაა ამ ორგანიზაციისთვის სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული “განუსაზღვრელი” შესაძლებლობები და სახელმწიფოს სურვილი, მიიღოს მაქსიმალური ფინანსური სარგებელი იმ ხალხისგან, რომლის დასაცავადაც არის მოწოდებული. ზემოაღნიშნული პრობლემები იმიტომ არის გადაუწყვეტელი, რომ არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება.

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ პრობლემები მრავლისმომცველია და დიდი მოზაიკის ცალკეულ ფრაგმენტებს წარმოადგენს, მაგრამ საკითხები უნდა გახდეს განხილვის საგანი და სახელმწიფომ კომპლექსურად უნდა იზრუნოს ქვეყანაში სამართლიანი და ადამიანზე ორიენტირებული სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here