Home რუბრიკები პოლიტიკა პატარა სათამაშო დიდი მოთამაშეების ხელში

პატარა სათამაშო დიდი მოთამაშეების ხელში

მონტაჟი

საქართველო, როგორც ამერიკულ ჩიზბურგერში ყველი, ისე აღმოჩნდება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩაფენილი

თუ ბოლო ხანს ჩვენ თვალწინ განვითარებულ მოვლენებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ, რაც კი რამ ჭირი სჭირს პლანეტა დედამიწას, მნიშვნელოვანწილად, დასავლეთის ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დამკვიდრებული და განხორციელებულისუვერენული დემოკრატიისუგულებელყოფის ბრალია.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები _ ლიბერალური დემოკრატიის მატრიცული მოდელის ცეცხლითა და მახვილით დანერგვის შედეგად წარმოქმნილი ქაოსი და სისხლისღვრა, მოწმობს, რომ, თუ ერებს, სახელმწიფოებს დავაჯგუფებთ მენტალობის, ცხოვრების წესის მიხედვით, რამდენი ჯგუფიც გამოვა, იმდენივე “სუვერენული დემოკრატია” იქნება საჭირო. ყველა ერს უნდა ჰქონდეს უფლება, იმ დოზის დემოკრატიით იცხოვროს, რამდენის “მონელებასაც” შეძლებს.

ანუ, დაუშვებელია, ადამიანის უფლებების დაცვის ნიღბით, დასავლეთ ევროპისა და აშშის დემოკრატიის წესებით ცხოვრება დავაძალოთ არათუ ისლამური კულტურის ერებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ან სხვა ტრადიციული პატრიარქალური კულტურის, მენტალიტეტისა და ზნეობრივი ფასეულობების მქონე ქრისტიანულ (ძირითადად, მართლმადიდებლურ) ქვეყნებს, მით უმეტეს _ საქართველოს.

სწორედ “სუვერენულ დემოკრატიაზე” ძალადობის გამო წარმოიშვა ერაყის ნანგრევებზე ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”, რომელმაც სისასტიკითა და სადიზმით გადააჭარბა შუა საუკუნეების არაბული სახალიფოების მბრძანებლებს _ მურვან ყრუს, ბუღა თურქსა და აბულ კასიმს; იგივე მოხდა ეგვიპტეში, ლიბიაში, ტუნისში, სირიაში, ალჟირში… სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოში არნახული მასშტაბის მიგრაცია, რომელიც წალეკვას უქადის “ბებერ ევროპას”, როგორც ქრისტიანობაზე აღმოცენებულ კულტურულ ფენომენს. ევროკავშირის ყველა წევრისთვის დაწესდა მიგრანტთა მიღების ინდივიდუალური კვოტა და, თუ ამ კვოტის გამო საფრანგეთმა და განსაკუთრებით _ გერმანიამ, ფართოდ გაუღეს კარიარაბული გაზაფხულებიდანლტოლვილებს, იმავეს გაკეთებაზე უარს ამბობენ ევროპულისაერთო ოჯახისსხვა წევრები.

მაგალითად, კლასიკური დემოკრატიის მამამ, დიდმა ბრიტანეთმა, ე.წ. ბრექსიტით (ევროკავშირიდან გასვლით) ვირეშმაკულად აარიდა თავი ლტოლვილების მიღებას.

რაც შეეხება ევროკავშირის კიდევ ორ გაურჩებულ წევრს, 2004 წელს, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები _ უნგრეთი და პოლონეთი _ ევროკავშირში მიიღეს, ბრიუსელი დარწმუნებული იყო, რომ ახალი წევრები .. ლიბერალური ღირებულებების გათავისების გზაზე შეუქცევადად იდგნენ, მაგრამუნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიგრანტთა მოძალებას ევროპაში მუსლიმანთა შემოსევა უწოდა, რაც, ნეოლიბერალური დოქტრინის მიხედვით, აშკარა ქსენოფობიაა, გნებავთ _ ფაშიზმი.

მიუხედავად ამისა, უნგრეთის პრემიერის პრესმდივანმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა: ანგელა მერკელისგან განსხვავებით, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი და მილიონობით ისლამისტი მიგრანტი დაასახლა გერმანიაში, სწორედ ვიქტორ ორბანის მსგავსი ლიდერები დგანან ევროპული მემკვიდრეობის, კულტურის შენარჩუნების სადარაჯოზე, ევროპული კულტურის, რომელიც (ვინმეს მოსწონს თუ არა) ქრისტიანობაზეა დაფუძნებული!”

რაც შეეხება პოლონეთს, ისიც წინააღმდეგია ქვეყანაში ისლამისტი მიგრანტების “უპრაგონო” შესვლის. ბრიუსელის აზრით კი, ეს ქვეყანა სულ უფრო სცილდება ლიბერალურ ღირებულებებს და მეტიც, პოლონეთის ხელისუფლება ულტრაკონსერვატიულ თვალსაზრისსაც იზიარებს.

თუნდაც მხოლოდ ამ ულტრაკონსერვატიზმიდან გამომდინარე, ისლამისტი მიგრანტების მიღებაზე უარის თქმით შეიძლება იმ ფაქტის ახსნა, რომ პოლონეთისა და უნგრეთის ხელისუფლებები მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერით სარგებლობენ. თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ პოლიტიკური ურჩობის პარალელურად ორივე ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა, ასახსნელიც აღარაფერი იქნება.

ეკონომიკის აღმავლობა კი, მნიშვნელოვანწილად, ევროკავშირის სტრუქტურული ფონდების დამსახურებაა და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორ უყურებს ბრიუსელი ურჩი ქვეყნების მიერ ევროკავშირის სიკეთეებით სარგებლობას, როდესაც ეს ქვეყნები უარს ამბობენ ევროპული ლიბერალური ფასეულობების აღიარებაზე?

ბრიუსელი დილემის წინაშეა: თუ, ერთი მხრივ, აამუშავებს კანონმდებლობის მე-7 მუხლს, უნგრეთსა და პოლონეთს ევროკავშირში ხმის უფლებას ჩამოართმევს და სხვა სანქციებსაც დაუწესებს; არსებობს საფრთხე, რომ მოიმატებს ე.წ. ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა და შეიძლება ამ ქვეყნებმა ევროკავშირის დატოვებაზეც კი იფიქრონ, ხოლო, მეორე მხრივ, თუ დაუსჯელად დატოვებს პოლონეთსა და უნგრეთს, ამან შეიძლება პრეცედენტი შექმნას და ევროკავშირის შიგნით ურჩთა რაოდენობამ იმატოს, რაც უახლოეს მომავალში ამ გაერთიანების დაშლას გამოიწვევს.

ანუ, ორივე შემთხვევაში ევროკავშირის დასასრულის დასაწყისის ვარაუდი არცთუ უსაფუძვლოა. მოკლედ, ვნახოთ, რას იზამს ბრიუსელი. მანამდე კი, როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თვალი დაუდგეს ევროპას” _ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ…

აგერ თითქმის წელიწადი გავიდა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან და ამდენივე ხანია, კაცობრიობის ნორმალურად მოაზროვნე ნაწილი იმედით ელოდებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოახერხებდა სენატ-კონგრესის წინააღმდეგობის დაძლევას და, ბოლოს და ბოლოს, შეუდგებოდა წინასაარჩევნო მთავარი დაპირების შესრულებას _ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, მაგრამ ამაოდ…

ურთიერთობა არათუ დათბა ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის, არამედ ასეთი გაყინული და სახიფათო, როგორიც დღეს არის, გასული საუკუნის ცივი ომისა და კარიბის კრიზისის დროსაც არ ყოფილა, ამიტომ დონალდ ტრამპის პოზიციების გაძლიერების ამაოდ მომლოდინე რუსეთის პრეზიდენტმა მალევე განაცხადა, რომ რუსეთის მოთმინება უსაზღვრო არ არის და მომავალში აშშ-ის გამოხდომებზე რუსეთის ქმედებები ადეკვატური იქნება.

აშშ-ის წინდაუხედავმა პოლიტიკამ სირიისა თუ ირანის მიმართ (არა მხოლოდ მათ მიმართ) შეუძლებელი რამ შესძლო _ რუსეთი და თურქეთი, საუკუნეების განმავლობაში დაუძინებელი მტრები, დღეს მოკავშირეები არიან. მეტიც, ეს მოკავშირეობა თურქეთის აშშ-ნატოსთან დისტანცირების ფონზე მოხდა.

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ ამას წინათ ნორვეგიაში მიმდინარე ნატოს წვრთნებიდან თურქეთის პრეზიდენტის მიერ თავისი სამხედროების დემონსტრაციულად გამოწვევას, რადგან იქ თურქების საფიცარი ქემალ ათათურქი და თვით რეჯეფ ერდოღანი ფოტოსტენდზე გამოსახეს, როგორც ნატოს მოწინააღმდეგენი, აგრეთვე, იმას, რომ ანკარამ საჯაროდ დაადანაშაულა ვაშინგტონი “ისლამური სახელმწიფოს” ფინანსურ (და არა მხოლოდ) დახმარებაში, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ის უარზე თურქეთში შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მხილებული ფეთჰულა გიულენის (რომელიც, წლებია, აშშ-ში ცხოვრობს) თურქეთისთვის გადაცემაზე, დიდია ალბათობა, რომ ბრიტანული “ბრექსიტის” მსგავსად, ნატოური “თურქსიტი” მივიღოთ და თანაც რუსეთის სასარგებლოდ. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ “სუვერენული დემოკრატიის” უარყოფაა. ამ კონტექსშია განსახილველი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მორიგი დემარში ევროსაბჭოს მიმართ…

დიახ, მორიგი, რადგან ამ ორი თუ სამი წლის წინათ, როდესაც ალიევმა აზერბაიჯანში “მოღვაწე”, საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები აღკვეთა, ევროსაბჭომ მაშინაც დაუწუნა აზერბაიჯანის პრეზიდენტს დემოკრატიის ხარისხი, რის გამოც ის ევროსაბჭოს დატოვებით დაიმუქრა…

და ახლაც მსგავსი სურათის მომსწრენი ვართ, ოღონდ ამჯერად ილჰამ ალიევს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ილგარ მამედოვის, განთავისუფლება მოსთხოვეს, რომელიც, სამ წელიწადზე მეტია, ბაქოს ციხეში ხეხავს ნარებს…

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილების შესრულების ვადა 29 ნოემბერს იწურება, რომლის შემდეგაც ევროსაბჭო, თავისი არსებობის 68 წლის განმავლობაში პირველად, აპირებს 46-ე მუხლის ამოქმედებას, რომელიც ევროსაბჭოს დადგენილების იძულებითი წესით აღსრულებას გულისხმობს.

სწორედ ამიტომ იმუქრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროსაბჭოს დატოვებით და, როგორც იტყვიან, ილჰამ ალიევსძალაც შესწევს ქადილისა”… მან სარკაზმით აღნიშნა, რომ, ევროსაბჭოს დატოვების შემთხვევაში, აზერბაიჯანი არც იმაზე უკეთ იცხოვრებს და არც იმაზე ცუდად, ვიდრე ევროსაბჭოს წევრობისას ცხოვრობდა. აქაც, აზერბეაიჯანის შემთხვევაში, “სუვერენული დემოკრატიისუგულებელყოფაშია პრობლემა.

დასავლეთმა ერაყისა თუ “არაბული გაზაფხულების” მაგალითებზეც ვერ ისწავლა ჭკუა და თურქეთსა თუ აზერბაიჯანშიც დასავლური დემოკრატიის დამკვიდრებას ცდილობს, რაც უტოპიაა და დიდ საფრთხეს შეიცავს.

ისლამური სახელმწიფოები მანამდე არ არიან რადიკალურები, სანამ დასავლეთი მათ “სუვერენულ დემოკრატიას” სჯერდება, ხოლო, როგორც კი დაასავლეთი დააპირებს ისლამურ სახელმწიფოებში მისაღები დოზის დემოკრატიის ჩანაცვლებას ლიბერალური დემოკრატიით, მაშინვე დაიწყება რადიკალური ისლამიზაცია.

თუ ასე განაგრძო ევროპა-ამერიკამ, ერდოღანი შეუმდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ თურქეთს ხომ ისედაც დიქტატურისკენ (ისლამიზაციისკენაც) მიაქანებს და მსგავსი პროცესი შეიძლება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც დაიწყოს. და, როგორც ჩვენში იტყვიან, “ე, მაშინ მოგეცა ლხენა” _ საქართველო, როგორც ამერიკულ ჩიზბურგერში ყველი, ისე აღმოჩნდება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩაფენილი.

ჰოდა, ამ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? რას და, ღნავილი “ნატო-ნატო” “ხარისხობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა”.

ამას წინათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჰერბერტ მაკმასტერის, შეხვედრისას, მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მასშტაბები გაიზრდება. მოკლედ, მიუხედავად მხურვალე დაპირებებისა, ახლო მომავალში საქართველოს ნატოში შესვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. ლაპარაკი, კი ბატონო, ენას ძვალი არ აქვს და ქართველ საზოგადოებას კიდევ ბევრჯერ “დაგვაბოლებენ” ამ თემით… ეს უკვე მერამდენე დასტურია იმისა, რომ საქართველო ამ ხნის განმავლობაში ვერაფრით ჩამოყალიბდა გეოპოლიტიკის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოთამაშედ. არადა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბუნებრივი რესურსები (ნავთობი და ა.შ.) არ გვაქვს, სწორი საგარეო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ღვთისგან ბოძებული გეოგრაფიული ფაქტორის გამო, სრულიად რეალური იყო საქართველოს, თუნდაც რეგიონში, ანგარიშგასაწევ მოთამაშედ ქცევა.

დღეს კი ჩვენი სამშობლო, მოთამაშე კი არა, სამწუხაროდ, გეოპოლიტიკის დიდი მოთამაშეების ხელში პატარა სათამაშოა.

თუ რედიარდ კიპლინგის ბრწყინვალე მოთხრობა “მაუგლის” სიუჟეტის მიხედვით განვიხილავთ წინამდებარე წერილის ფინალს, აშშ-ნატოს შევადარებდი ყველაფრის მკადრებელ ვეფხვ შერხანს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას _ შერხანს ატორღიალებულ მყრალ ტურა ტაბაკის, რომელიც მზად არის, მბრძანებლის ნასუფრალის მოლოდინში მანამდე “უჩხიკინოს” რუსეთს, სანამ…

რაც დაემართათ შერხანსა და ტაბაკის, ვფიქრობ, ამის შეხსენება მკითხველ საზოგადოებას არ სჭირდება…

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here