ქალბატონ თეა წულუკიანის კომისია სერიოზულად მუშაობს.
პირველი, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობამ სამზეოზე გამოიტანა, უპასუხისმგებლობაა – პასუხისმგებელ პირთა უპასუხისმგებლობა.
საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე გამოუცხადებლობა სახელმწიფო ორგანოში, სადაც შენთან შეკითხვები აქვთ, ერთი მხრივ, დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, მეორე მხრივ კი – უპასუხისმგებლობას.
კომისიამ უკვე დაიწყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განხილვა. სააკაშვილის რეჟიმმა ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ომის თემა მისი უმძიმესი შედეგებით, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. სხდომაზე უკვე მოუსმინეს ზურაბ ნოღაიდელს, პაატა დავითაიას, გრიგოლ ვაშაძეს, მიხეილ ქარელს. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს: „საქართველომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2008 წლამდე, სულ მცირე, ორჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე. 2004 წელს და 2006 წელს საომარი მოქმედებები აიცილა, ანუ აიცილა ,,აგვისტოს ომი’’. ეს დადასტურდა სხვადასხვა პირის ოფიციალური განმარტებებიდან”. მისივე განცხადებით, „სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოს დამატებით დაუკარგეს 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში”.
ტერიტორიული დანაკარგი ერთია, მაგრამ არის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხიც. ესაა მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება. იმდროინდელმა მაღალი თანამდებობის არაერთმა პირმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ცხინვალის რეგიონში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, დაუცველი, შეუიარაღებელი ადამიანებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის არ შეუტყობინებია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. რეალურად, მათ მოსახლეობა ისე ჩატოვეს, რომ ან რუსული ბომბების ქვეშ დაიღუპნენ, ან დახვრიტეს: „ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო განზრახ გაკეთებულიც, რათა შემდეგ სააკაშვილს სალაპარაკოდ ჰქონოდა, რომ დაუხოცეს სამოქალაქო მოსახლეობა“, – ამბობს თეა წულუკიანი.
კომისიის თავმჯდომარის დასკვნები თანდათან მძიმდება:
„ის რეჟიმი, რომლის საქმიანობასაც ჩვენი კომისია სწავლობს, რუსეთის წინააღმდეგ ან არ იბრძოდა, ან იბრძოდა ისე, რომ გაწირავდა ხოლმე საკუთარ ჯარისკაცებს, სამოქალაქო პირებსა და სახელმწიფოს ინტერესს”. უნდა ვიფიქროთ, რომ ქალბატონი წულუკიანი აქ მხოლოდ დაშვებულ შეცდომებზე არ ლაპარაკობს, „სახელმწიფო ინტერესის გაწირვა” სხვა არაფერია თუ არა ღალატი. კომისიის თავმჯდომარე აცხადებს: „ამ შეცდომის გამოსწორება მოუწია „ქართულ ოცნებას“ ჰააგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში, ასევე დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის ქმედითი შველისა და მზრუნველობის აღმოჩენის მიმართულებით”.
ვისი ბრალია ეს ყველაფერი, ვისი შეცდომა და ვისი დანაშაული დგას ყოველივე ამის უკან?
ქალბატონი წულუკიანი ამ შეკითხვას ასე პასუხობს: „დღევანდელი სხდომიდან გამოიკვეთა, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი. ჩაიკეტებოდნენ ბიჭები სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ საქართველოს პრემიერმინისტრსაც კი სათანადოდ არ აყენებდნენ საქმის კურსში. ჩვენ ასევე უნდა დავინტერესდეთ, სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომელთაგან ერთ–ერთი – ირაკლი ოქრუაშვილი დღეს არ გამოცხადდა, ხომ არ მოქმედებდნენ ვიღაცის ან რაღაცის ზეწოლით. ეს, შესაძლოა, ყოფილიყო ერთი სახელმწიფო, ორი სახელმწიფო, შესაძლოა, ყოფილიყო არა ერთი სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ჯგუფი, ან რაღაც ჯგუფები“. „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაბარებაც იგეგმება. წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილი თავად უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მასთან დაკავშირებით კომისიას აქვს.

ეს ყველაფერი ბადებს განცდას, რომ იქნებ მართლა მოეფინოს ნათელი მოვლენას, რომელმაც საქართველო სამ ნაწილად დაშალა. რაც მთავარია, იქნებ შეწყდეს დასავლეთის აგენტურის სპეკულაციები იმაზე, რომ სააკაშვილი თავს იცავდა რუსეთის არმიისგან, რომელიც საქართველოში შემოიჭრა. აქ უკვე ჩამესმის ისტერიკა: რა, რუსეთი არ შემოიჭრა? რა თქმა უნდა, შემოიჭრა, ოღონდ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მისი არმიით ცხინვალის რეგიონში შეიჭრა, სადაც ეუთოს მანდატით აღჭურვილი სამშვიდობოები იდგნენ და სადაც არ უნდა შესულიყვნენ.
ეს ყველაზე რთული მომენტია ამ უმძიმეს ისტორიაში. მმართველი პარტია თითქოს ადასტურებს სააკაშვილის ცხინვალში შეჭრის ფაქტს, მაგრამ, ამასთანავე, სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ მან ქართულ არმიას დააბრალა ომის დაწყება. ე.ი., ამბობენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ ქართულ არმიას არ დაუწყია. მოდი, ყველაზე ლოგიკური შეკითხვები დავსვათ, რომლებზეც პასუხის მიღების გარეშე წინ ვერ წავიწევით:
* რუსული არმია რატომ უნდა შემოჭრილიყო ცხინვალის რეგიონში? რა მიზანი უნდა ჰქონოდა მას – ცხინვალიდან სხვა რეგიონებშიც უნდა გადმოსულიყო და თბილისი აეღო? კი მაგრამ, რუსეთს ეს თუ უნდოდა, ვინ შეუშალა ხელი? შიშისგან მიწაზე მფორთხავი სააკაშვილის შეეშინდა თუ იმ ევროპელი პრეზიდენტების, აქ რომ ჩამოფრინდნენ? პუტინს მათი შიში რომ ჰქონოდა, თითქმის ნახევარი უკრაინა როგორ მიაქვს ახლა, უკრაინაში არ ყრია მთელი კოლექტიური დასავლეთი თავისი ნატოთი, მძიმე შეიარაღებით, კოლოსალური თანხებით, კოსმოსიდან მიღებული სამხედრო ინფორმაციითა და სხვა აუცილებელი კომპონენტებით? არა, რუსეთს თბილისის აღების განზრახვა არ ჰქონია, თორემ ამას მარტივად მოახერხებდა. რუსეთს სააკაშვილი უნდა გამოეძევებინა ცხინვალიდან, რაც ორ დღეში გააკეთა და წავიდა.
* ცხინვალის რეგიონში საქართველო არ შეჭრილა, სააკაშვილი შეიჭრაო, რომ ამტკიცებენ, ეს რა ლოგიკაა? სააკაშვილი საქართველოს არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი არ იყო? კი, იგი თავიდან სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა, მაგრამ შემდეგ (არჩევნებში) უმრავლესობამ ხმა თუ მისცა, ე.ი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია. ასეთ შემთხვევაში, როგორ და რანაირად (რა იურიდიულ საფუძველზე დაყრდნობით) ცდილობთ მის გამიჯვნას საქართველოსგან? სააკაშვილი შეიჭრა ნიშნავს, რომ საქართველო შეიჭრა. საწინააღმდეგოს მტკიცება იგივეა, ვინმემ ამტკიცოს, რომ საქართველოში ხან თემურ ლენგი შემოიჭრა, ხან მურვან ყრუ, ხან ჯალალ ედ დინი, ხან შაჰ–აბასი, მაგრამ მონღოლეთი, არაბეთი, თურქეთი და ირანი არასოდეს შემოჭრილან. ეს ხომ აბსურდია?! ან ის უნდა ვაღიაროთ, რომ ცხინვალში საქართველო შეიჭრა, ან ის უნდა ვამტკიცოთ, რომ ცხინვალში სააკაშვილი არ შეჭრილა, რადგან მტკიცება იმისა, რომ სააკაშვილი შეიჭრა, მაგრამ საქართველო არ შეჭრილა, ნონსენსია, სისულელეა.
მესმის, რომ ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მაგრამ მერწმუნეთ, გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ის, რომ ვიძახოთ და ვამტკიცოთ: სააკაშვილი კი შეიჭრა, მაგრამ საქართველო არ შეჭრილა. სააკაშვილს თვითონ ეჭირა ხელში ავტომატი და ტანკებსაც თავად მართავდა? არმიის შენაერთები იქ არ ჰყავდა? არა, არა, ეს მიდგომა არ ვარგა. არც ის მტკნარი სიცრუე ვარგა, რომ სააკაშვილი კი არ შეჭრილა ცხინვალში, ჯერ რუსეთის არმია შემოიჭრა, სააკაშვილმა კი მხოლოდ თავდაცვითი ომი აწარმოა.
უნდა ითქვას სიმართლე: 2008 წლის 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ქართული არმია შეიჭრა ცხინვალის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც ქართული იურისდიქცია ვერ ვრცელდებოდა და ეუთოს საერთაშორისო მანდატით აღჭურვილი სამშვიდობოები იდგნენ. ეს გამოძიებულიც არის და დადასტურებულიც. აქ სხვა რამეა გამოსაძიებელი; კერძოდ ის, უბიძგა თუ არა ამ დანაშაულისკენ სააკაშვილს დასავლეთმა. ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ეს ისედაც ნათელია. ამას მეც ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ნათელია, მაგრამ ეს დოკუმენტურად (იურიდიულად) ჯერ არ არის დადასტურებული. ისევე, როგორც უკრაინაში ომის მაპროვოცირებელი არის დასავლეთი, აგვისტოს ომის მაპროვოცირებელიც იყო დასავლეთი. ვშიშობ, რომ ქალბატონ თეა წულუკიანის კომისიაც ისევე ვერ მივა ამ დასკვნამდე, როგორც თავის დროზე ჰაიდი ტალიავინის კომისია ვერ მივიდა. ასეთ შემთხვევაში კომისია, რა თქმა უნდა, არა ერთ ახალ საინტერესო მიგნებამდე მივა, მაგრამ საბოლოო დასკვნას ვერ დადებს და საკითხი მაინც ჰაერში გამოკიდებული დარჩება, თუმცა ქალბატონ თეა წულუკიანის ნათქვამში ის ინტონაციებიც გაკრთა, რომ შესაძლოა, კომისია ამ მიმართულებითაც წავიდეს, რადგან დღეს ვითარებაც ამას უწყობს ხელს. დიფ სტეიტი, რომელსაც ტრამპმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, სწორედ ის ძალაა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებებისა და ხელოვნურად პროვოცირებული ომების უკან იდგა, ამიტომ სულაც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ქართული კომისია დიფ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ დასაყრდენ ძალად იქცეს. დააკვირდით ქალბატონ თეა წულუკიანის სიტყვებს, რომლებიც ამ სტატიაში მე უკვე მოვიხმე: „ჩვენ ასევე უნდა დავინტერესდეთ, სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომელთაგან ერთ-ერთი – ირაკლი ოქრუაშვილი დღეს არ გამოცხადდა, ხომ არ მოქმედებდნენ ვიღაცის ან რაღაცის ზეწოლით. ეს, შესაძლოა, ყოფილიყო ერთი სახელმწიფო, ორი სახელმწიფო, შესაძლოა, ყოფილიყო არაერთი სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ჯგუფი, ან რაღაც ჯგუფები“. ზუსტად ჩაჯდა ხომ იმ ლოგიკაში, რომელიც შემოგთავაზეთ? კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ არაა აუცილებელი, მოვლენებს გავუსწროთ. კომისია კომპეტენტური წევრებითაა დაკომპლექტებული, რაც შეეხება ქალბატონ თეა წულუკიანს, იგი უდავოდ მაღალი კლასის იურისტი და პოლიტიკოსია, რომლის კომპეტენციასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა ობიექტურობის, პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის ნაზავი იქნება. უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ამ საქმეს შეაფერხებს, გამოსაკითხი კონტინგენტის დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობა იქნება, რომლის რეციდივებიც უკვე გვაქვს. საერთოდაც, მაგრამ განსაკუთრებით სააკაშვილის დროინდელი საქართველოს უმთავრესი მახასიათებელი სწორედ ეს საშინელი უპასუხისმგებლობა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყო უპასუხისმგებლო არამზადებზე, რომელთა უმთავრეს საზრუნავს ბელადის სიამოვნება წარმოადგენდა. დღეს, ამ ვითარებაში, იმ დროინდელი რომელიმე მაღალჩინოსანი კომისიაში გამოცხადებაზე უარს როდესაც აცხადებს, იგი განსაკუთრებულ უპასუხისმგებლობას იჩენს არა კომისიის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, ვინაიდან თავს ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად არ განიხილავს. ასეთი პირები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. ეს მომავალი თაობისთვის იმის ნიმუშად გამოდგება, რომ პასუხისმგებელ პირთა უპასუხისმგებლობა სახალხო და საქვეყნო რეაგირების გარეშე არასდროს რჩება.
ვალერი კვარაცხელია